ნეტგაზეთი • RU

შავი ზღვის ფლოტის შეზღუდულობა ძირს უთხრის რუსეთის საომარ სტრატეგიას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდები თავდაცვით პოზიციაში არიან და, ძირითადად, მხოლოდ შეზღუდულ აკვატორიაში, ყირიმის სანაპიროს ხედვის არეში პატრულირებენ.

უწყება 16 აგვისტოს თავის რელიზში აღნიშნავს, რომ ამგვარი მოქმედება სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის ჩვეულ აქტივობას წელიწადის ამ დროს და განსხვავებულია იმისგან, როგორც რუსეთის საზღვაო ფლოტი სხვა ზღვებში იქცევა.

„შავი ზღვის ფლოტი კვლავაც იყენებს შორსმოქმედ ფრთოსან რაკეტებს თავისი სახმელეთო სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, თუმცა ამჯერად მას ზღვის ეფექტიანი კონტროლის პრობლემა აქვს. რუსეთმა დაკარგა თავისი ფლაგმანი „მოსკვა“, თავისი საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების დიდი რაოდენობა და კონტროლი კუნძულ ზმეინიზე,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების შეფასებით, შავი ზღვის ფლოტის შეზღუდული ეფექტიანობა ძირის უთხრის რუსეთის საერთო საომარ სტრატეგიას, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ოდესის მიმართულებით საზღვაო საფრთხე ახლა მნიშვნელოვნად განეიტრალებულია.

ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი რესურსები მიმართოს სხვა ტერიტორიებისკენ და უფრო მეტად შეავიწროოს რუსეთის სახმელეთო ძალები.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შემდეგ წერდა, რომ ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო აღარაა. 12 აგვისტოს რელიზში უწყება ყირიმის ავიაბაზაზე რუსეთის 8 სამხედრო თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებდა.

„აეროდრომი, ძირითადად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ავიაბაზად გამოიყენებოდა. საზღვაო ფლოტის ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუს სამხედროებს, გადააფასონ შესაძლო საფრთხეები, რადგან ყირიმი მათთვის უსაფრთხო ზურგად განიხილებოდა,“ – მიუთითებდა დაზვერვა.

ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე, რამდენიმე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა.

რუსეთის ზარალი სამმა უცხოურმა წყარომ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით შეაფასა. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 9-დან 14-მდე თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა.

მთავარი ფოტო: EU Political Report

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.