მთავარი,სიახლეები

რა ვჭამოთ ბათუმში? – 6 რჩევა ტურისტებს

15.08.2022 • 2647
რა ვჭამოთ ბათუმში? – 6 რჩევა ტურისტებს

რა ვჭამოთ ბათუმში? – ამ კითხვას ბათუმელები ყოველ წელს ისმენენ ქალაქში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტებისგან. ჩვენ 6 რჩევას მოგცემთ, რისი გასინჯვა ღირს ბათუმში, რომ თქვენი დასვენება გასტრონომიულადაც საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.

1. აჭარული ხაჭაპური 

ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური მზადდება ბათუმში, ქალაქში, სადაც იგი შეიქმნა და ეს გაზვიადებული სულაც არ არის. ბათუმში აჭარულ ხაჭაპურს ბევრ ადგილას ამზადებენ ძალიან კარგად. თუ გინდათ ყველაზე კარგი ადგილები, სადაც აჭარულს ძალიან კარგად ამზადებენ, რჩევა ჰკითხეთ ბათუმელებს, ადგილობრივებმა ეს ყველაზე კარგად იციან.

2. თევზი და ზღვის პროდუქტები 

ბათუმიდან თევზის გასინჯვის გარეშე არ უნდა წახვიდეთ. ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი ბათუმის შემოსასვლელშია, ბარცხანაში, ზღვის სანაპიროზე მდებარე თევზის ბაზარში.

აქაა მეთევზეთა ფარდულები და თევზის მთავარი ბაზრობა ბათუმში, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობის ახალდაჭერილი თევზის შეძენაა შესაძლებელი. ბაზრობაზე შეგიძლიათ გაასუფთავებინოთ და შეაწვევინოთ ნაყიდი თევზი, თუ შინ წაღება გსურთ.

იქვეა გამწკრივებული თევზის რესტორნებიც, სადაც თქვენსავე ნაყიდ თევზს შეგიწვავენ. ასეთ რესტორნებს თავისი ხიბლი აქვს – ახალი, უგემრიელესი თევზეულის დიდი ულუფები, ზღვიდან მობერილი ნიავი და ცივი ლუდი ან ღვინო, თქვენი გემოვნებით.

3. ბორანო

აბა, როგორ არ უნდა გასინჯოთ აჭარული ტრადიციული კერძი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს?! ოღონდ კალორიების თვლა დაივიწყეთ, რადგან ბორანო იაღისგან [შინდამზადებული კარაქი] და ყველისგან მზადდება, ეს ცხელ კარაქში გამდნარი ყველია, ტრადიციული კერძი აჭარის მთებში.

აქვე გირჩევთ, გასინჯოთ კიდევ რამდენიმე აჭარული კერძი: სინორი [ფირფიტები ნადუღით, ნივრითა და კარაქით], ჩირბული [კვერცხი ნიგვზითა და მწვანილებით] და დოშორვა, მაწვნის წვნიანი, რომელიც განსაკუთრებით კარგია ნაბახუსევზე.

4. ბაქლავა და სხვა ტკბილეული 

ბაქლავა დღეს საქართველოში ეგზოტიკა ნამდვილად არ არის და ბევრგან შეგიძლიათ გასინჯოთ, თუმცა აჭარაში ამბობენ, რომ აჭარული ბაქლავა ყველაზე ტკბილი და გემრიელია და იქნებ შეამოწმოთ, ასეა თუ არა?!

ბაქლავა შაქრის, ნიგვზის, კარაქისა და ხრაშუნა ფენების კომბინაციაა. იდეალურია ბათუმურ ყავასთან. აჭარაში ამბობენ, რომ კარგი ბაქლავა ენაზე უნდა დნებოდეს.

აქვე გირჩევთ გასინჯოთ აჭარული ჰალვა და შაქარლამა, შაქრის, ფხვილისა და კარაქის კვერები, რომელთა მომზადების ტექნოლოგიაც ერთმანეთისგან განსხვავდება და გემოც, შესაბამისად, სხვადასხვაა.

ბაქლავა

5. სოიოს ნაყინი 

ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ვეგანებს გამოადგებათ. სოიოს ვეგანური ნაყინი ბათუმში მხოლოდ ერთ ადგილას იყიდება, ძველ ბათუმში, მეჩეთთან ახლოს მდებარე სკვერში, ქუთაისის ქუჩაზე.

ბათუმში ამბობენ, რომ კონკრეტულად ეს ნაყინი უნიკალური რეცეპტით მზადდება და ასეთ ნაყინს ვერსად გასინჯავთ ბათუმის გარდა.

ტოფუ და სოიოს ნაყინი

6. დაწნული ყველი და კაიმაღი

აჭარული დაწნული ყველი ე.წ. მოხდილი რძისგან მზადდება და შედარებით დაბალკალორიულია, თუმცა ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ მიირთვათ მჭადთან ან პურთან ერთად, თუმცა ჩვენ ერთ კომბინაციას გირჩევთ – გასინჯეთ დაწნული ყველი კაიმაღთან ერთად. კაიმაღი არაჟნის მსგავსი ნაღებია, ძალიან ნოყიერი და გემრიელი. დაწნულ ყველთან კაიმაღს შეგიძლიათ მჭადი მიატანოთ.

დაწნული ყველი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: