მთავარი,სიახლეები

ერდოღანი უკრაინაში ჩადის ომის „დიპლომატიური გზებით“ დამთავრებაზე სალაპარაკოდ 

17.08.2022
ერდოღანი უკრაინაში ჩადის ომის „დიპლომატიური გზებით“ დამთავრებაზე სალაპარაკოდ 

ლვოვის სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასრულების შესაძლებლობები განიხილება.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი, 18 აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა უკრაინის ქალაქ ლვოვს.

„მოლაპარაკების ფარგლებში, ლიდერები ისაუბრებენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე. ასევე, სამმხრივ სამიტზე განიხილავენ იმ პოტენციურ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული ექსპორტის მხარდასაჭერად და რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

18 აგვისტოს ლვოვში ჩავა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეშიც, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და სამმხრივ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 19 აგვისტოს გუტიერეში ოდესის პორტს მოინახულებს, შემდეგ კი გაემგზავრება თურქეთში, იმ საკოორდინაციო ცენტრის სანახავად, რომელიც უკრაინის ექსპორტის საკითხებზე მუშაობს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მეორე დღეს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი თანახმაა, რუსული გაზის საფასური ნაწილობრივ რუბლებში გადაიხადოს.

მთავარი ფოტო: Anadolu agency

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: