მთავარი,სიახლეები

თუ უკრაინა ყირიმის ხიდს „ჰარპუნებით“ დაარტყამს, ეს გამართლებული იქნება – გენერალი ბრიდლავი

08.07.2022
თუ უკრაინა ყირიმის ხიდს „ჰარპუნებით“ დაარტყამს, ეს გამართლებული იქნება – გენერალი ბრიდლავი

„ჰარპუნის“ რაკეტებით ყირიმის ხიდზე თავდასხმით უკრაინას კრემლისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია – მიიჩნევს ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი.

„ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – ამბობს გენერალი და დასძენს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის ამგვარი ნაბიჯი სრულიად გამართლებულია. – „მე სამოქალაქო ინჟინერი ვარ და კარგად ვიცი ხიდების კონსტრუქცია. ყველა ხიდს აქვს სუსტი წერტილი და თუ სწორ ადგილას დაარტყამ, შეგიძლია, ის გარკვეული დროით მწყობრიდან გამოიყვანო.“

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

ბრიტანული The Times-ის ცნობით, თავდასხმის შესაძლებლობას, სავარაუდოდ, განიხილავს რუსეთიც, რადგან ბოლო დღეებში, ხიდზე შეიმჩნევა მზადება სარაკეტო დარტყმისგან თავის დასაცავად.

„სულ არ მიკვირს, რომ რუსები შეშფოთებულები არიან. ეს ხიდი მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“ – ამბობს ბრიდლავი. – „ახლა, როდესაც დასავლეთმა უკრაინას „ჰარპუნის“ რაკეტები გადასცა, ვფიქრობ, რუსებს სრული საფუძველი აქვთ შეშფოთებისთვის.“

ფილიპ ბრიდლავის აზრით, გაუგებარია მსჯელობა იმაზე, მართებული იქნება თუ არა უკრაინის მხრიდან ასეთი ქმედება და დაუჭერს თუ არა მას მხარს დასავლეთი:

„ეს მსჯელობა არ მესმის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აწყობს თავდასხმებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და შავი ზღვიდან და უკვე მოკლა ათობით ათასი ადამიანი. ასე, რომ ნამდვილად არ უნდა შეგვაწუხოს იმან, თუკი უკრაინა თამამ ამოცანას დაისახავს  და სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზეც განსაზღვრავს. ეს იგივე იქნება, როჯერ ფედერერს ვთხოვოთ, ითამაშოს ჩოგბურთი ზურგს უკან შეკრული ხელით და მხოლოდ ჩაწოდება მიიღოს.“

„ჰარპუნის“ რაკეტები უკრაინამ პირველად გასულ თვეში გამოიყენა და დაარტყა რუსულ საბუქსირე გემს, რომელსაც კუნძულ ზმეინიზე შეიარაღება გადაჰქონდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: