მთავარი,სიახლეები

რუსეთი ეძებს მხარდაჭერას, მაგრამ ჩინეთი პრაქტიკულ დონეზე ნეიტრალურია – კულება

16.08.2022 • 889
რუსეთი ეძებს მხარდაჭერას, მაგრამ ჩინეთი პრაქტიკულ დონეზე ნეიტრალურია – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთი გარკვეულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და რუსეთს პრაქტიკულად არ ეხმარება, „რასაც რუსეთი ასე ეძებს“.

კულებას განცხადებით, პოლიტიკური ნარატივების დონეზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის განმარტება ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. თავად უკრაინა კი ჩინეთისგან არავითარ დახმარებას არ იღებს.

„ჩინეთი ამ დროისთვის ნეიტრალური რჩება. პოლიტიკურად, ნარატივების დონეზე, ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ მათი ინტერპრეტაცია ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ პრაქტიკული მხარდაჭერის დონეზე, რომელსაც რუსეთი ასე ეძებს, ჩინეთი ნეიტრალურია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობის მოსალოდნელ განვითარებასა და უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას, ტაივანის სრუტის კრიზისის ფონზე ვარაუდობენ. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ჩინეთმა აშშ-ის დასჯის მიზნით გააძლიეროს რუსეთის მხარდაჭერა.

ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა წლებია არსებობს. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პეკინში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის „ულიმიტო თანამშრომლობის“ პაქტს, რითაც ისტორიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამყარეს.

ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას და აცხადებს, რომ ეს რუსეთის უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს საფრთხის წინაშე აყენებს, რითაც პრაქტიკულად ამართლებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ამავდროულად, ამ დრომდე ჩინეთი ღიად არ დახმარებია რუსეთს სამხედრო ან/და ფინანსური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობები აგვისტოს დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა, როცა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ეწვია ტაივანს, თვითმმართველ კუნძულს, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად მიიჩნევს, ხოლო თავად ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად – ჩინეთის რესპუბლიკად აცხადებს.

უკრაინასა და ტაივანს შორის პარალელებზე დისკუსიები ომის დაწყებიდან მალევე გაჩნდა, რაც ჩინეთისთვის განსაკუთრებით სახიფათო და მიუღებელია. ნატალია ბუტირსკაია, უკრაინელი ექსპერტი აღმოსავლეთ აზიის საკითხებში, ივნისში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში წერდა, რომ სწორედ აღნიშნული პარალელების გამო არ სურს ჩინეთს უკრაინის გამარჯვება. თუ რუსეთი ისტორიული საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით მოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩინეთი ტაივანის ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებას ისახავს მიზნად.

თუმცა ტაივანის სუვერენიტეტს, უკრაინისგან განსხვავებით, მხოლოდ 13 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებენ, მათ შორის არ არიან ევროპის ქვეყნები და არც აშშ. მიუხედავად ამისა, აშშ-ისა და ტაივანს შორის არსებობს თავდაცვისა და სხვა საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმება.

პელოსის ვიზიტს ჩინეთმა კუნძულის გარშემო მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნებით უპასუხა, რომელიც ნაწილობრივ დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესის სპიკერის ვიზიტს ტაივანში 2 კვირაში მოჰყვა კიდევ ერთი მაღალი რანგის კონგრესმენის ვიზიტი. ჩინეთი ამას საკუთარი სუვერენიტეტის ხელყოფად და ერთი ჩინეთის პოლიტიკის დარღვევად მიიჩნევს და აშშ-ს მკაცრი რეაგირების შესახებ აფრთხილებს.

__________

მთავარი ფოტო: უკრაინისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და ვან ი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: