მთავარი,სიახლეები

WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე

16.08.2022 •
WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე

ვლადიმერ პუტინი უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, კიევის სამ დღეში აღებას, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და „თუ საჭირო გახდებოდა“ მის მკვლელობასაც გეგმავდა – წერს The Washington Post-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში აშშ-ის, უკრაინის, ევროპისა და NATO-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ვრცელი სტატია 2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში შეკრებით იწყება. აშშ-ის უმაღლესი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდებიან და დაზვერვის საიდუმლო ცნობებს გადასცემენ. დაზვერვის ცნობები სატელიტურ ფოტოებს, სატელეფონო საუბრებსა და სხვა წყაროებს ეყრდნობა – ყველაფერი მიუთითებს, რომ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გეგმავს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკულმა დაზვერვამ ინფორმაციის მიღება შეძლო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ჯაშუშური აპარატისა და სამხედროების რიგებიდან.

The Washington Post-ის ცნობით, პუტინის გეგმები ამჯერად ბევრად უფრო რადიკალური იყო, ვიდრე 2014 წელს და ის უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას ითვალისწინებდა.

გამოცემა წერს, რომ კრემლის გეგმები პირდაპირ საფრთხეს შეუქმნიდა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს და მთლიანად დაანგრევდა ევროპის უსაფრთხოების სისტემას, რომელიც  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.

„ჩვენი შეფასებით, ისინი უკრაინაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიულ თავდასხმას გეგმავენ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით,“ – უთხრა ბაიდენს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ 2021 წლის ოქტომბერში.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებს ჩრდილოეთიდან, ორი მხრიდან უნდა შეეტიათ კიევისთვის. ძალების ერთი ნაწილი დედაქალაქისკენ ჩერნიგოვის გავლით უნდა დაძრულიყო, მაშინ როდესაც დანარჩენ ჯარებს დასავლეთიდან უნდა მოექციათ კიევი ალყაში.

რუსები თავდასხმის დაწყებას ზამთარში გეგმავდნენ, რათა ტანკებისთვის გადაადგილება უფრო იოლი ყოფილიყო. კრემლი კიევის აღებას სამ-ოთხ დღეში აპირებდა. რუსეთის სპეცრაზმი უნდა შესულიყო დედაქალაქში და თუკი „საჭირო გახდებოდა“, მოეკლა პრეზიდენტი ზელენსკი. ამის შემდეგ მოსკოვი უკრაინაში მარიონეტულ ხელისუფლებას დანიშნავდა.

გამოცემა წერს, რომ კიევის აღების პარალელურად, აღმოსავლეთიდან წამოსული არმიის დანაყოფები უკრაინის ცენტრის გავლით მდინარე დნეპრამდე უნდა მისულიყვნენ, მაშინ, როდესაც ყირიმიდან წამოსულ ჯარებს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო უნდა დაეპყროთ. გეგმის მიხედვით, ამ ყველაფერს რამდენიმე კვირა უნდა დასჭირვებოდა.

ამის შემდეგ, რუსეთის ძალები უნდა გადაჯგუფებულიყვნენ, გადაიარაღებულიყვნენ და დაძრულიყვნენ დასავლეთისკენ  – მოლდოვიდან დასავლეთ ბელარუსამდე და გავლილ გზაზე უნდა დაეტოვებინათ უკრაინის სახელმწიფოს ნარჩენები – ტერიტორია, რომელიც, პუტინის აზრით, დასახლებული იყო „გამოუსწორებელი ნაცისტი რუსოფობებით“.

„გვეჩვენებოდა, რომ ეს არ იყო ის, რაზეც შეიძლებოდა გონიერი სახელმწიფო წასულიყო,“ – ამბობს თეთრ სახლში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

The Washington Post-ი წერს, რომ ანალიტიკოსების აზრით, პუტინი თავდასხმისთვის შერჩეულ დროს ხელსაყრელად მიიჩნევდა, რადგან, მისი ვარაუდით, ბაიდენის ადმინისტრაცია ისედაც დასჯილი იყო აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან დამამცირებელი გაყვანით და ახალ ომებში არ ჩაერთვებოდა; აშშ და ევროპა ჯერ კიდევ პანდემიას ებრძოდნენ; გერმანიაში ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო; ემანუელ მაკრონს საფრანგეთში წინ ახალი არჩევნები ელოდა; დიდი ბრიტანეთი კი „ბრექსიტის“ ეკონომიკურ შედეგებს ებრძოდა.

„კონტინენტის დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე, რის გამოყენებითაც პუტინი დასავლურ ალიანსში განხეთქილების შეტანას გეგმავდა. მან ასობით მილიარდი დოლარის რეზერვი შექმნა და დარწმუნებული იყო, რომ რუსული ეკონომიკა გაუძლებდა გარდაუვალ სანქციებს, როგორც ეს წარსულში მოხდა,“ – წერს გამოცემა.

სტატიაში დეტალურადაა მოთხრობილი, რა ხდებოდა ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა თუ კიევში 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, რა საუბრები და ვიზიტები შედგა ქვეყნების პრეზიდენტებსა და უმაღლეს პირებს შორის და ისიც, თუ რატომ თქვა უარი უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლო ომისა და მოსკოვის გეგმების შესახებ საჯაროდ რამდენიმე თვით ადრე გამოეცხადებინა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს გაუჭირდა პარტნიორებისა და უკრაინის ხელისუფლების დარწმუნება, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალური იყო.

„ჩვენს ადგილას წარმოიდგინეთ თავი“ – ამბობს კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. –  „ერთი მხრივ, აშშ-ის დაზვერვა გიყვება სრულიად წარმოუდგენელ რამეს და მეორე მხრივ, ყველა თვალს გიკრავს და გეუბნება, რომ ეს ის არ არის, რაც, მათი აზრით, მოხდება“.

„ჩვენ მივიღეთ ყველა ის ინფორმაცია დასავლელი პარტნიორებისგან, რაც მოგვცეს,“ – გაიხსენა მოგვიანებით ერმაკმა, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა. – „მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ: წარმოიდგინეთ პანიკა, რომელიც დაიწყებოდა. პანიკის შექმნა რუსების მეთოდია – წარმოიდგინეთ პანიკა, რომელიც დაიწყებოდა სამი ან ოთხი თვით ადრე. რა დაემართებოდა ეკონომიკას? გავძლებდით ასე ხუთ თვეს, როგორც ახლა შევძელით?“

„იმ მომენტისთვის, როცა რუსეთი შემოიჭრებოდა, მართლა სამ დღეში აგვიღებდნენ. ჩვენი შინაგანი ინსტინქტი მართალი აღმოჩნდა: თუ ჩვენ ქაოსს დავთესავდით ხალხში თავდასხმამდე, რუსები გადაგვყლაპავდნენ,“ – ამბობს ზელენსკი. – „მოდი, მომავალში განსაჯოს ხალხმა, სწორი იყო თუ არა ეს. მე მქონდა შეგრძნება, რომ რუსებს სურდათ მოვემზადებინეთ იმისთვის, რომ იოლად დაგვეთმო ქვეყანა.“

WP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2022 წლის 19 იანვარს კიევში ჩავიდა და ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას შეხვდა.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო უკრაინის ხელისუფლების უსაფრთხოება. – „ჩვენ უკრაინელებს ორი რამ ვუთხარით,“ – თქვა ბლინკენმა მოგვიანებით. – „ჩვენ მხარს დაგიჭერთ იმაში, რასაც თქვენ გადაწყვეტთ და ჩვენი რეკომენდაციაა… როგორ შეიძლება ხელისუფლებამ გააგრძელო მუშაობა იმ პირობებში, რაც მოხდება“.

ზელენსკიმ ბლინკენს უთხრა, რომ ის კიევში დარჩებოდა.

გამოცემის ცნობით, 18 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლება უკვე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, საფრანგეთი კი ჯერ კიდევ ცდილობდა კრიზისიდან გამოსავლის პოვნას. 20 თებერვალს მაკრონმა პუტინს დაურეკა და ჟენევაში ბაიდენთან შეხვედრაზე მის დათანხმებას ცდილობდა.

მეორე დღეს პუტინმა ოფიციალურად აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

The Washington Post-ის სტატია ისევ თეთრ სახლში საგანგებო შეკრებით სრულდება.

23 თებერვლის საღამოს თეთრმა სახლმა დაზვერვის სასწრაფო ცნობა მიიღო: „დიდი ალბათობით“ სამხედრო აგრესია უკვე დაიწყო. ჯარები დაიძრნენ, რუსებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს.

ჯეიკ სალივანმა (თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა) კიევში ერმაკს დაურეკა. ერმაკმა დალოდება სთხოვა – მას ტელეფონთან ზელენსკის მოყვანა სურდა, რათა ბაიდენს პირადად დალაპარაკებოდა.

ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ლიდერსა და დიპლომატს დაჰკავშირებოდა, რათა საჯაროდ მიემართათ პუტინისთვის და მოეწოდებინათ, „შეჩერებულიყო“.

„ზელენსკი შეშფოთებული იყო“ – ეუბნება გამოცემას წყარო. მან ბაიდენს უთხრა – „მოგვაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც კი გაქვთ. ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ თავს დავიცავთ, ჩვენ ვიდგებით, მაგრამ თქვენი დახმარება დაგვჭირდება.“

მთავარი ფოტო: The Washington Post-ის სტატიის ილუსტრაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: