ნეტგაზეთი • RU

როგორ დავიცვათ თვალები მონიტორთან დიდი ხნით მუშაობის დროს – ექიმის რჩევები

სამუშაო დღის ბოლოს თუ ხშირად გტკივათ თავი, გიწითლდებათ თვალები და დაღლილობა გაწუხებთ, დროა ეკრანთან მუშაობის წესებს გადახედოთ.

კლინიკა „საგიტარიუსის“ დირექტორი, პროფესორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ მხედველობის ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებულად აქტუალურია ახლა, როცა სამსახურებრივი საქმიანობის გარდა, ეკრანები სხვა გაჯეტებითაც შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • ქალბატონო ეკატერინე, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მონიტორთან დიდ ხნით მუშაობა თვალისთვის?

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და სამსახური კომპიუტერის, პლანშეტისა და ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გაჯეტები უნდა მოვიშოროთ, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რათა დავიცვათ თვალები დაღლისა და დაზიანებისგან. თუ ადამიანს ჯანსაღი თვალები აქვს, მონიტორი არ მოგვცემს თვალის ორგანულ დაზიანებებს, ის გამოიწვევს გადაღლილი თვალის სინდრომს, მშრალი თვალის სინდრომს, აკომოდაციურ სპაზმს [აკომოდაცია – თვალის უნარი, ნათლად გაარჩიოს საგნები სხვადასხვა მანძილზე].

აქვე აღვნიშნავ, რომ ეკრანთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ახლომხედველ ადამიანს, რადგან ახლომხედველი ადამიანებისა და მოზარდების შემთხვევაში აკომოდაციის მუდმივი სპაზმი ბიძგს აძლევს ახლომხედველობის გაზრდას.

  • რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მონიტორები ბავშვის თვალისთვის?

მესმის, რომ გაჯეტების საშუალებით ბავშვები საკმაოდ მრავალფეროვან და უხვ ინფორმაციას იღებენ სამყაროზე, სწავლობენ ბევრ რამეს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც ბავშვი გარემოს ეცნობა, მან უნდა ითამაშოს კუბიკთან ან ბურთთან ფიზიკურად, ეკრანზე ორგანზომილებიანი გამოსახულება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ობიექტის აღქმაში ჩართული იყოს ყველა მგრძნობელობითი ორგანო. ბავშვი უნდა შეეხოს ბურთს, მან უნდა იგრძნოს იმ კუბის წახნაგი, თუნდაც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ თვალი აგრძელებს განვითარებას და თვალის ბევრი ფუნქცია სრულად ფორმირდება დაახლოებით 12-14 წლის ასაკისთვის, ამიტომ ეს ყველაზე საყურადღებო პერიოდია ბავშვისთვის, რომ მხედველობის ორგანო ჩამოყალიბდეს ჯანსაღად.

  • რატომ იღლება თვალი ეკრანთან მუშაობისას?

მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერი ეკრანი, იქნება ეს ტელეფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი, ახლო მანძილზე გვიდგას და ეს იწვევს აკომოდაციური აპარატის გადატვირთვას. ზოგადად, რაც უფრო პატარაა ეკრანი, მით უფრო ტვირთავს თვალს, მხედველობას და პირველ რიგში – აკომოდაციურ აპარატს.

მხედველობითი აპარატის გადატვირთვას იწვევს ახლო მანძილი და შეზღუდული ველი. შეზღუდულ ველი გულისხმობს მონიტორის მოცულობას. ეკრანსა და მონიტორს კი არ აქვს რაღაც გამოსხივება და მაგნიტური ველი, რომელიც ახდენს თვალზე უარყოფით გავლენას, არამედ ეკრანის ზომა და დაშორება თამაშობს მთავარ როლს.

თანამედროვე პლანშეტები ა ნებისმიერი სხვა ეკრანები იმ გამოსხივებას არ იძლევა, რომ რაღაც დავაზიანოთ ჩვენს ორგანიზმში, საქმე ის არის, ჩვენი თვალი ანატომიურად არ იყო შექმნილი ახლო მანძილზე მუშაობისთვის.

  • როგორი უნდა იყოს ეკრანის დიამეტრი და დაშორება?

პირველ რიგში, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერი ეკრანი მუშაობის დროს იყოს 60-80 სმ-ის დაშორებით და არა უფრო ახლოს. კომპიუტერის და ნოუთბუქის ეკრანის მინიმალური დიაგონალი უნდა იყოს  40 სმ; პლანშეტისა კი – მინიმუმ 30 სმ.

ყველა ამ გაჯეტებიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეფონი ყველაზე დამტვირთველია. თუ ხანგრძლივი მუშაობა ეკრანთან გარდაუვალია, ის უნდა მოხდეს მხოლოდ ნოუთბუქზე ან სტაციონარულ კომპიუტერთან და არა ტელეფონში ან პლანშეტში. ტელეფონი და პლანშეტი არის ხანმოკლე კომუნიკაციისთვის.

  • ეკრანის და ოთახის განათებასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები არსებობს?

ეკრანის სიმკვეთრეზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია საოფისე გარემოს განათება, კერძოდ, როგორ არის განათებული სამუშაო მაგიდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცეში არ შევქმნათ „კინოთეატრის ეფექტი”, ანუ როდესაც ოთახი ჩაბნელებულია და ანათებს მხოლოდ მონიტორი. ასეთ ვითარებაში მუშაობა ძალიან ცუდია როგორც მოზარდის თვალისთვის, ისე ზრდასრული ორგანიზმისთვის.

ოთახი უნდა იყოს კარგად განათებული და შეძლებისდაგვარად, ეს განათება უნდა იყოს ან ნეიტრალური, ან თბილი, ანუ ყვითელი.

რაც შეეხება უშუალოდ მონიტორის ნათებას და სიკაშკაშეს, ეს ინდივიდუალურად არის დასარეგულირებელი, კონტრასტულობა შედარებით მაღალი უნდა იყოს, სიკაშკაშე ნაკლებად [თუმცა მონიტორის სიკაშკაშე გარემომცველ შუქზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს]. მათი მაჩვენებლები 100%-ზე არ უნდა ავიყვანოთ, ასეთი ნათელი ეკრანი იწვევს აკომოდაციის აპარატის ძალიან მარტივ და სწრაფ სპაზმირებას ანუ გადაღლას.

ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკრანებს აქვთ ლურჯი ნათება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თვალზე, ადვილად ღლის მას, რისთვისაც შეგიძლიათ მონიტორზე მოამატოთ მოყვითალო ფერის ნათება.

  • რა ვარჯიშები არსებობს თვალის დასვენებისთვის?

არსებობს გარკვეული სტანდარტები, თუ რა ასაკის ადამიანმა  შესვენების გარეშე რამდენი დრო შეიძლება გაატაროს მონიტორთან. ზრდასრული ადამიანისთვის შეუწყვეტლივ მონიტორთან მუშაობის დრო, ისე, რომ თვალი არ გადაიღალოს, არის 1 საათი. ერთი საათის შემდეგ თვალს საშუალება უნდა მივცეთ დაისვენოს დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

დასვენებაში იგულისხმება, რომ სრულად შეწყვიტოთ ეკრანთან ყოფნა, დავდგეთ ფანჯარასთან და ამ დროის მანძილზე გავაკეთოთ სპეციალური ვარჯიში – საუკეთესო საშუალებაა 5-7 წუთის განმავლობაში, 30-30-წამიანი მონაცვლეობითი ყურება ახლოდან შორ მანძილზე. ეს აკომოდაციური აპარატისა და აკომოდაციური კუნთის განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ეს 5-7-წუთიანი ვარჯიში აბსოლუტურად ხსნის იმ ერთი საათის მანძილზე მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას.

აქვე ვიტყვი, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან დროის გატარება საერთოდ არ არის რეკომენდებული. 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანთან შეუწყვეტლივ შეიძლება გაჩერდნენ მხოლოდ 20-დან 30 წუთამდე დროით.

  • თვალის სიმშრალე როგორ ამოიცნობა და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ანატომიურად ასე ვართ მოწყობილი, რომ არა მარტო მონიტორთან მუშაობისას, არამედ ნაბეჭდი მასალის კითხვის დროსაც კი თვალის ხამხამის ჯერადობა თითქმის ნახევარჯერ მცირდება, სწორედ ეს იწვევს მშრალი თავლის სინდრომს. საუბარია მშრალი თვალის სინდრომზე, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ დატვირთვის შედეგად და არა დაავადებებით.

ასეთ პაციენტებს სამუშაო დღის შემდეგ აღენიშნებათ თვალების გაწითლება. თუ ამას ყურადღება არ მიექცა, სიწითლე თითქმის სულ რჩება, თვალში ჩნდება  უცხო სხეულის შეგრძნება, ასევე აღენიშნებათ ქუთუთოების თითქოს შეშუპება – ეს ყველაფერი მშრალი თვალის სინდრომს უკავშირდება.

ასეთი თვალის დაცვის მეთოდია თვალის დატენიანება, კერძოდ, მუშაობის დაწყებამდე და მის შემდეგ ჩაიწვეთეთ ე.წ. ნატურალური ცრემლის ფორმულის მქონე წვეთები. პარალელურად ამისა, თავისთავად დადებითად იმოქმედებს, თუ ყველა ერთ საათში დავასვენებთ თვალს კომპიუტერიდან.

  • რამდენად ეფექტურია ე.წ. კომპიუტერის სათვალე?

ე.წ. ანტიკომპიუტერული სათვალე კომპიუტერის სიკაშკაშეს გიქრობთ, რისი გაკეთებაც ჩვენ ამ სათვალის გარეშეც შეგვიძლია მონიტორის ფუნქციებში [ე.წ. სეთინგებში] შესვლით და ეკრანის სიკაშკაშისა და კონტრასტულობის დაბალანსებით, თანაც ისე, როგორც კონკრეტულად ჩვენთვის იქნება კომფორტული.

ეს სათვალეები უფრო მარკეტინგული სვლაა და არა საპრევენციო ზომა, ის შეიძლება არც გვაზიანებს, მაგრამ იმასაც არ გვაძლევს, რისი იმედიც გვაქვს. მართალია, ასეთ სათვალეში მინა არ არის არანაირი ნომრით, არც პლუსით, არც მინუსით, მაგრამ ნებისმიერ გამჭვირვალე სტრუქტურას აქვს თავისი გარდამტეხი ძალა, ეს ფიზიკის კანონია, შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ ვაძალებთ ჯანსაღ თვალს გავიხედოთ მინაში ან ორგმინაში, რომელსაც მაინც აქვს გარდამტეხი ძალა, რითაც კიდევ უფრო ვღლით მას.

არ ვსაუბრობ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს სჭირდება ოპტიკური სათვალე, რომელიც ინიშნება ექიმის მიერ. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც სათვალის კორექცია არ სჭირდებათ და უბრალოდ იკეთებენ კომპიუტერულ სათვალეს. ისინი შესაძლოა ღლიდნენ ჯანსაღ თვალს.

ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავიცვათ თვალი, არის მუშაობის შეწყვეტა, დასვენება და ვარჯიში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან