მთავარი,სიახლეები

რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ყირიმში უსაფრთხოების დარღვევით – ბრიტანეთის დაზვერვა

17.08.2022
რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ყირიმში უსაფრთხოების დარღვევით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სარდლობა სერიოზულად უნდა იყოს შეშფოთებული ყირიმში მომხდარი ინციდენტებით, რადგან ოკუპირებული ნახევარკუნძული მათი საომარი მიზნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია და დღემდე ის უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა.

16 აგვისტოს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილოეთში, ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე სარკინიგზო ხაზი და ელექტროსადგურიც.

რუსულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვამლი გაჩნდა გვარდეისკოეს საავიაციო ბაზაზე, ყირიმის ცენტრში.

„ჯანკოიში და გვარდეისკოეში რუსეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომია. ჯანკოი ასევე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სარკინიგზო მონაკვეთია, რომელიც სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს,“ – წერს უწყება 17 აგვისტოს რელიზში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ინციდენტების მიზეზი და ზარალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუსეთის სარდლობა შეშფოთების სერიოზული საფუძველი აქვს, რადგან ყირიმში მისი ბაზების უსაფრთხოება დაირღვა.

16 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს, სამხედრო საწყობი აფეთქდა. რუსეთმა მომხდარს ამჯერად დივერსია უწოდა.

The New York Times-ის ცნობით, როგორც მათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა უთხრა ანონიმურად, ჯანკოიში მომხდარი აფეთქებები „მტრის ზურგში უკრაინის ელიტარული დანაყოფის მუშაობის შედეგია“, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანმა  ოკუპირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებებს „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგი“ უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ „დემილიტარიზაცია დაწყებულია.“

ჯანკოის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აგვისტოს, რამდენიმე აფეთქება მოხდა ასევე ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე.  რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდებოდა და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი თავის უახლეს ანგარიშში განმარტავს, რომ უკრაინელთა დარტყმები ყირიმის ლოგისტიკურ სამიზნეებზე არ დაარღვევს უკრაინის შეთანხმებას დასავლეთ პარტნიორებთან, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და წართმეულ რეგიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რადგან ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: