მთავარი,სიახლეები

1 კვირაში რუსებს ხერსონში მძიმე დრო დაუდგებათ – სამხედრო ექსპერტი

15.08.2022 • 8160
1 კვირაში რუსებს ხერსონში მძიმე დრო დაუდგებათ – სამხედრო ექსპერტი

ხერსონის საოლქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის ძალებს მომარაგების ყველა გზა მოუჭრა და რუსები რეგიონის ვერცერთ ხიდს ვეღარ იყენებს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სოლოვესკის თქმით, რუსეთის არმიის მეთაურების დიდმა ნაწილმა ხერსონი უკვე დატოვა, რადგან რუსეთს აღარ დარჩა არცერთი უსაფრთხო გზა, რომელიც ხერსონში მათი ნაწილების მომარაგებისთვის გამოდგება.

რა სირთულეებს აწყდება ხერსონის ოლქში მყოფი რუსეთის არმია და როდის ამოეწურებათ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების არსებული მარაგი –  Настоящее Время ესაუბრა უკრაინელ სამხედრო ექსპერტს კონსტანტინ მაშოვეცს, რომელიც ადასტურებს, რომ კომუნიკაციისა და ლოგისტიკის გზების მხრივ რუსეთისთვის ხერსონში მართლაც საკმაოდ რთული ვითარებაა.

  • შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს საკმაოდ რთული?

ხიდები რუსებს საშუალებას აძლევდა, თავისი სამხედრო ნაწილები დროულად მოემარაგებინათ მატერიალურ-ტექნიკურად. ხერსონში მყოფი დანაყოფებისთვის ყველაფრის მიწოდებას ძალიან სწრაფად ახერხებდნენ. ახლა რუსეთის ძალები იძულებული არიან, ბორნებით, პონტონებით და სხვა საშუალებებით გადალახონ დნეპრი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ის ყველაზე ფართოა. ამას დიდი დრო სჭირდება და ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს იმ დანაყოფების ბრძოლისუნარიანობაზე, რომლებიც დღეს ამ პლაცდარმზე იმყოფებიან.

  • შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რამდენი რუსი სამხედრო იმყოფება ახლა დნეპრის მარჯვეა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში?

პრინციპში, დიახ, შეგვიძლია. ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში გარკვეული გადაჯგუფება მოხდა: ტაქტიკური ჯგუფების ერთი ნაწილი შევიდა და მეორე ნაწილი გამოვიდა ან მეორე ეშელონში გადაიყვანეს. დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნება. ეს არის 20-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი.

იქ ასევე არიან სხვა ცალკეული დანაყოფებიც, თუმცა ყველა ამ ჯგუფმა პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სერიოზული დანაკარგი განიცადა. შეუძლებელია ლაპარაკი რაიმე სტაბილურ რაოდენობაზე, თუმცა დაახლოებითი რიცხვი 20 ათასია.

  • თუ სობოლევსკის დავუჯერებთ, მეთაურობამ უკვე დატოვა ხერსონი. ამაზე ლაპარაკობდა ვიტალი კიმიც. შეგიძლიათ აგვიხსნათ, როგორ უნდა იმოქმედოს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დარჩენილმა 20 ათასმა სამხედრომ მეთაურობის გარეშე?

იცით რა, მანდ ჯერ გასარკვევია, რომელ მეთაურობაზეა ლაპარაკი. სარდლობა „სამხრეთის“ მეთაურობაზე, გარკვეულ სამეთაურო სტრუქტურებზე, საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურობაზე თუ რომელზე.

  • ესე იგი ამის შესახებ ჯერ არ ვიცით?

დიახ, არ ვიცით. შესაძლებელია, ეს ინფორმაცია მოგვიანებით გაჩნდეს, თუმცა ახლა ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელ სამეთაურო სტრუქტურაზეა ლაპარაკი, შეიძლება საერთოდაც იყოს ოკუპანტების ადმინისტრაციაზე.

  • თუ განცხადებებს დავეყრდნობით, ახლა რომელიმე გადასასვლელით მომარაგება შეუძლებელია.

არა, შეუძლებელი არ არის, მაგრამ გართულებულია.

  • თუ სწორად მესმის, ეს საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეტევაზე გადავიდნენ…

კონსტანტინ მაშოვეცი/ფოტო: ფეისბუქიდან

მთლად ეგრეც არ არის. მარაგები ჯერ კიდევ აქვთ. სხვათა შორის, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე გადაზიდვა ასე გართულდებოდა, რუსები ხიდებს ძალიან ააქტიურად იყენებდნენ და მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური მარაგი გადაიტანეს. მაგალითად, ჩვენმა „საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფმა“ საწვავისა და საბრძოლო მასალების 140-160 ავტომანქანითა და სპეციალური ტრანსპორტით გადაზიდვის ფაქტი დააფიქსირა. შესაბამისად, გარკვეული მარაგი აქვთ. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, გადაზიდვა სრულად არ შემწყდარა, ის უბრალოდ გართულებულია და ძალიან დიდი დრო მიაქვს.

რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს იქ მყოფი დაჯგუფებების ბრძოლისუნარიანობაზე, რადგან, აისახება საბრძოლო მასალებზე, რომლებიც მუდმივად იხარჯება, პროდუქტებზე, სათადარიგო მასალებზე. ტექნიკასა და შეიარაღებას რემონტი სჭირდება, რადგან ბრძოლაში ზიანდება. სხვა ნიუანსებიცაა: საწვავიც სწრაფად იხარჯება.

ცხადია, ვერ ვიტყოდი, რომ ვითარება იქ ოდნავ გართულდა, დიახ, საკმაოდ სერიოზულად გართულდა. უბრალოდ, მათ ჯერ კიდევ აქვთ საშუალება, რომ სრული დატვირთვით იმოქმედონ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, რაც მძიმე ვითარება შეიქმნა.

 – როდის დაუდგებათ ძალიან მძიმე დრო, როგორ ფიქრობთ?

ასე ერთ კვირაში, კვირა-ნახევარში.

_________

14 აგვისტოს ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ დაარტყეს ანტონოვსკის ხიდს. 10 აგვისტოს უკრაინელთა თავდასხმამ მწყობრიდან გამოიყვანა ნოვა-კახოვკის ხიდიც, რომელიც ხერსონის ოლქში რუსებისთვის უკანასკნელი სატრანსპორტო არტერია იყო.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხიდების დაზიანების შემდეგ რუსებს დნეპრზე საკმარისი რაოდენობის შეიარაღებისა და ტექნიკის გადატანა აღარ შეუძლიათ.

საავტომობილო ხიდების დაზიანებას 13 აგვისტოს ადასტურებდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ  ორი ძირითადი საავტომობილო ხიდი, რომლებიც დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთის ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება, სავარაუდოდ, გამოუსადეგარია და სამხედრო მარაგების გადასატანად ვეღარ გამოიყენება.

უწყების ცნობით, საავტომობილოების გარდა, დაზიანებულია ხერსონთან მდებარე ძირითადი სარკინიგზო ხიდიც. დაზვერვა წერდა, რომ რუსი სამხედროები დნეპრზე მოწყობილი ბორნებით სარგებლობენ.

___

მთავარი ფოტო: ბორანი დნეპრზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: