მთავარი,სიახლეები

ჩინეთი და აშშ – რამდენად დაძაბულია ვითარება ტაივანში

10.08.2022 • 4661
ჩინეთი და აშშ – რამდენად დაძაბულია ვითარება ტაივანში

„ჩინეთი ეცდება, რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობების გაუმჯობესებით დასაჯოს აშშ“, – ამბობს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ (PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი.

რა საფრთხეებს შეიცავს ტაივანის კრიზისი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, როგორ ეხმიანება იქაური მოვლენები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდეთ, – „ბათუმელები“ მარჩინ პჩიხოდნიაკს ამ საკითხებზე ესაუბრა.

  • დავიწყოთ ვიზიტით. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტია აშშ-იდან ტაივანში. მოვისმინეთ ყველა არგუმენტი და მიზეზი. თუმცა როდესაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და მსოფლიო ამხელა კრიზისების წინაშეა, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ იყო ეს ვიზიტი ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ უნდა შემდგარიყო მაინცადამაინც ახლა?

ეს შეკითხვა ალბათ უფრო ნენსი პელოსის უნდა დავუსვათ და არც ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებდა პასუხის გაცემას. რასაკვირველია, მან განმარტა ვიზიტის მიზნები და მიზეზები, თუმცა ნამდვილად არ განუმარტავს, რატომ ახლა და რატომ ასე გადაუდებლად.

რაც შეეხება ჩემს პასუხს, მისი პირველი ნაწილი არის ის, რომ პელოსის ვიზიტში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, მესმის ყველა არსებული ნარატივი, მდგომარეობა და კონტექსტი, თუმცა ვფიქრობ, ცოტა წინ უნდა წავიდეთ – დავინახოთ, თუ რამდენად ჩვეულებრივია პარლამენტის სპიკერი ესტუმროს სხვა ქვეყანას, თუნდაც ეს ტაივანი იყოს.

პასუხის მეორე ნაწილი ისაა, რომ ნენსი პელოსი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის ნაწილი სავარაუდოდ ემთხვევა კიდევაც პრეზიდენტ ბაიდენის დღის წესრიგს. აქვე უნდა გვესმოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ორპარტიული დაყოფა – რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განსხვავება, მოახლოებული შუალედური არჩევნები და ის, რომ პრეზიდენტისა და პელოსის დღის წესრიგები სულაც არ არის სავალდებულო ზუსტად იგივე იყოს. შესაძლოა ტაივანში ვიზიტის გადაწყვეტილება სწორედ ამ ყველაფრით ყოფილიყო მოტივირებული, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი.

მესამე ნაწილი, ან შეიძლება მას ფაქტორიც ვუწოდოთ, სწორედ რუსეთის ომია უკრაინაში. გლობალური სურათი, რომელსაც დღეს ვხედავთ, გვაძლევს ძალთა გადანაწილებას და ერთგვარ დაპირისპირებას – დასავლეთი VS ჩინეთი-რუსეთი.

ამ მდგომარეობაში შეიძლება უკრაინა-ტაივანის შედარებაც – ამან შესაძლოა გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ პელოსი სწორედ ახლა ჩასულიყო ტაივანში და ხაზი გაესვა აშშ-ის სურვილისთვის, გაამყაროს ტაივანთან ურთიერთობები.

  • თქვენ თქვით, რომ სპიკერის ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენაა; ამაზე აპელირებს აშშ და დასავლეთიც – ამბობენ, რომ ჩინეთი „აზვიადებს“ და მისი რეაქცია გადაჭარბებულია. თავიდანვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩინეთის რეაქცია ასეთი – „გაზვიადებული“ იქნებოდა და მაინც არ შეიცვალა გეგმები. რა იყო ამის მიზანი, აშშ-ის ჩინეთის გამოცდა სურდა? მისი ძალები მოსინჯა?

დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ში კოორდინირებული და შეთანხმებული პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. რასაკვირველია, აშშ-ში არის კოორდინაცია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო გარკვეული დამოუკიდებლობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, კონგრესი და თეთრი სახლი ძალაუფლების სხვადასხვა შტოა.

ნენსი პელოსის ვიზიტის შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო გაცხადებული, პენტაგონი და თეთრი სახლი არ იყვნენ დადებითად განწყობილები, მაგრამ ნათელია, უარს ვერ ეტყოდნენ სპიკერს, ამიტომ მოუწიათ კოორდინირება. შესაბამისად, ეს არ არის ერთიანი და კოორდინირებული პოლიტიკით დაგეგმილი ვიზიტი, კოორდინაცია მხოლოდ აუცილებელ დონეზე მოხდა.

ვფიქრობ, საერთო ჯამში, არსებობდა ორი მთავარი მიზანი.

პირველი – თავად ტაივანელებში პესიმიზმის გაქარწყლება და მათთვის მტკიცე მესიჯის მიტანა, რომ აშშ მხარს დაუჭერს მათ, თუ ტაივანის სრუტეში ჩინეთი გადაწყვეტს იმოქმედოს სამხედრო გზით. ეს აუცილებელი იყო, რადგან გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ტაივანელები პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი, არ სჯეროდათ, რომ თუ ჩინეთი, მაგალითად, თავს დაესხმოდა ტაივანს, აშშ თავდაცვაში დაეხმარებოდა.

ძალიან მაღალი დონის ვიზიტია აშშ-დან და გზავნილები, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და რეჟიმების წინააღმდეგ ერთად დგომაზე. პელოსიმ ვიზიტის დროს მსგავსი გზავნილები გააჟღერა და ვიზიტამდეც გამოაქვეყნა ედიტორიალი „ვაშინგტონ პოსტში“, რომელიც ამაზე იყო კონცენტრირებული.

მეორე მიზეზი ემყარება ჩემს თეორიას – აშშ რაღაცნაირად დარწმუნებულია, რომ ტაივანის სრუტეში სტატუსკვოს შენარჩუნება შეუძლებელია. შეიძლება ის არ შეიცვალოს უახლოეს მომავალში, მაგრამ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში დანამდვილებით მოსალოდნელია.

რა თქმა უნდა, აშშ-ს ამ წამში არ ენდომება აღნიშნული სტატუსკვოს შეცვლა, მაგრამ [აშშ-ის] ადმინისტრაცია ცდილობს გლობალურად შეამზადოს მდგომარეობა ამისთვის. ის ცდილობს შექმნას მოცემულობა – ასეთი ვიზიტები შეიძლება გახდეს ნორმალური, როდესაც ჩინეთის ნარატივი ტაივანის შესახებ იქნება გაბათილებული გლობალურად.

„საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი

ვფიქრობ, ეს არის ტრენდი და უამრავი მაგალითი გვაქვს, რომლებიც ადასტურებენ, რომ აშშ-ის რწმენით არ არსებობს გზა, რომლითაც ამ სტატუსკვოს შენარჩუნებაა შესაძლებელი და ამიტომაც უნდა იმოქმედონ, ინიციატივა უნდა აიღონ.

ნენსი პელოსის ვიზიტსა და ჩინეთის რეაგირებაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიდგომა გარკვეულწილად მუშაობს. უკვე დაიწყო დებატები იმაზე, რა უნდა მოხდეს მომავალში ტაივანთან დაკავშირებით. თუ საერთაშორისო განცხადებებს გადავხედავთ, განსაკუთრებით რეგიონში, ქვეყნები იმეორებენ, რომ ისინი მიჰყვებიან „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რომ სტატუსკვოს შენარჩუნება სურთ. ეს გასაგებია და ძალიან ცხადიცაა, რომ ეს [სტატუსკვოს შეცვლა] ძალიან სერიოზული საკითხია გამოსაწვევად. მჯერა, ეს შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი გრძელვადიან პროცესში, რომელიც არაა აუცილებელი ომით დასრულდეს, თუმცა შეიძლება ასეც მოხდეს.

ასე, რომ ვფიქრობ, ეს იყო გეგმის ნაწილი – მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან პატარა ნაბიჯის გადადგმა ტაივანის სრუტეში მდგომარეობის გარდაქმნასა და იქაური სტატუსკვოს შეცვლაში.

პეკინს არ სჭირდება რაიმე დამატებითი მიზეზები, რომ მიჰყვეს თავის პოლიტიკას ტაივანის მიმართ. „კვლავ გაერთიანების“ მიზნით ჩინეთის რადიკალიზებისა და აგრესიული პოლიტიკის გამოსაწვევად, სულ არ იყო საჭირო ნენსი პელოსის ვიზიტი, ჩინეთი ისედაც ამ პოლიტიკას აწარმოებს, რა თქმა უნდა, განსხვავებებით – ადრე სამხედრო წვრთნების ეს დონე არ იყო. სხვა მხრივ, ეს არსებული პოლიტიკაა.

  • ჩვენ დავინახეთ ჩინეთის მოქალაქეების რეაქცია სოციალურ ქსელებში და მედიაში – ეს იყო ცალსახად ნაციონალისტური და შეიძლება ითქვას, „პროსაომარიც“, რამდენად აწყობდა მსგავსი გამწვავება თავად ჩინეთს?

ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური მახეა, რაც ჩინეთის მმართველმა ძალამ დაუგო საკუთარ თავს. ერთი მხრივ, მათ უნდა მოახდინონ საზოგადოების მობილიზება, მიჰყვნენ მთელ ამ ნაციონალისტურ იდეებსა და პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება მინიმუმ 10 და უფრო მეტი წელია.

„კვლავ გაერთიანება“, „ჩინეთის ყველა ყოფილი მიწის სამშობლოსთვის დაბრუნება“ – ამ ნარატივმა აღარ დაუტოვა [ჩინეთის ლიდერებს] არჩევანი, მათ უნდა ემოქმედათ სახის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით, როცა საკმაოდ დაძაბული შიდა მდგომარეობა აქვთ და პარტიის კონგრესიც მოახლოებულია. ამიტომ მათ უნდა ჰქონოდათ ძლიერი რეაქცია, მობილიზება სოციალურ ქსელებში თუ საერთაშორისო დიპლომატიაში. ვნახეთ მთელი ეს რეაქცია და გამოხმაურება, როგორიცაა მინისტრი ვან ი, რომელიც სხვადასხვა რამეს აცხადებს [ტაივანის] პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის შესახებ, ჩინეთის ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მედიაში აქვეყნებენ წერილებს, სტატიებს და განმარტავენ, თუ „როგორ ახდენს აშშ სიტუაციის დესტაბილიზებას“.

მეორე მხრივ, ისინი საკუთარ მახეში გაებნენ – ეს იგივე არაა, მაგრამ ცოტათი მაინც ჰგავს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. თავიდან ეს იყო ძირითადად ნარატივები, აზრთა სხვადასხვაობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის, ახლა კი გვაქვს მტკიცებულება, როგორ იქცევა ჩინეთი და რა არის მისი რეალური მიზნები: სამხედრო წვრთნები ისეა დაგეგმილი, რომ ბლოკადას ჰგავდეს და ეს წვრთნები, როგორც გამოაცხადეს, განგრძობითი იქნება.

  • ჩინეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი მიზანი იყო „კვლავ გაერთიანება“. რასაკვირველია არ უთქვამთ, რომ ცალსახად სამხედრო გზით, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არც ძალისმიერ მეთოდს გამორიცხავდნენ.

დიახ, იყო ეს საუბრები. როგორც ვთქვი, ეს არ არის იგივე, ამ საუბრებს გარდა ახლა უკვე გვაქვს მაღალი აქტივობის სამხედრო ოპერაცია – არა პირდაპირი, ეს არ არის შეჭრა, არ ყოფილა ორმხრივი ცეცხლი, მაგრამ ეს ნამდვილად მეტია, ვიდრე განცხადებები. ეს ჩვენებაა, როგორ მოიქცევა ჩინეთი, თუ ეს დასჭირდება.

  • პელოსიმ ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ „შესაძლოა ჩინეთმა ეს ვიზიტი საბაბად გამოიყენა“ მდგომარეობის სამხედრო დონეზე ასაყვანად, ღია საცეცხლე წვრთნების ჩასატარებლად. ამ მსჯელობიდან შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ჩინეთს ეს ისედაც უნდოდა და პელოსის ვიზიტი ერთგვარი საჩუქარი იყო, რომელიც საბაბად გამოიყენა, ეჩვენებინა თავისი ძალები?

ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო პელოსის ვიზიტი, იქნებოდა სხვა რამე. ეს ვიზიტი მოსახერხებელი მიზეზი იყო ჩინეთისთვის, მაგრამ არა მგონია ემსახურებოდეს ჩინეთის ინტერესებს.

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩინეთი საჭირო შემთხვევაში ასე მოიქცეოდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ჩინეთი თავს მაინც მშვიდობის მაძიებელ ქვეყნად წარმოაჩენს, რომელიც ერიდება საომარ მდგომარეობებში ჩართვას. რა თქმა უნდა, ტაივანი განსაკუთრებული შემთხვევაა, რასაც თავად ჩინეთიც უსვამდა ხაზს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტაივანის სრუტეში ჩინეთის ეს აგრესიული რეაქცია შესაძლოა არ იწვევდეს რევოლუციურ განსხვავებებს საერთაშორისო ხედვებში – გზავნის გარკვეულ სიგნალს იმაზე, თუ რაზეა წამსვლელი ჩინეთი.

  • ჩვენ ვახსენეთ უკრაინა და შედარებები ტაივანთან, მაგრამ ჩინეთი ამბობს, რომ არ შეიძლება შედარება, რადგან უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, ტაივანი – არა. მკითხველისთვის რომ უფრო ნათელი გავხადოთ, გვითხრათ, რა მსგავსებები და განსხვავებებია ამ კონტექსტში?

მთავარი განსხვავება, როგორც ვთქვით, ისაა, რომ უკრაინაში გვაქვს რუსეთის სამხედრო შეჭრა და მიმდინარე ომი. მეორე მხრივ, ეს არ მომხდარა ტაივანსა და ჩინეთს შორის.

მე არ გავამახვილებდი ამდენ ყურადღებას ჩინეთის ნარატივზე [ტაივანი არაა სუვერენული ქვეყანა]. რა თქმა უნდა, მათ სურთ წარმოაჩინონ ეს ორი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობად, რადგან სურთ თავიდან აირიდონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ზეწოლა სუვერენიტეტის საკითხზე. როგორც უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, სუვერენიტეტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთი ცდილობს დაეხმაროს უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში სწორედ სუვერენიტეტის არგუმენტით.

ჩინეთს სურს თავიდან აიცილოს ტაივანის სუვერენიტეტზე დებატები: ჩინეთი რამდენადაც არ უნდა უარყოფდეს ტაივანის სუვერენიტეტს და ამბობდეს, რომ ის ჩინეთის ნაწილია, თუ შევხედავთ ლეგალური პერსპექტივიდან, ტაივანს ყველა გარემოება აქვს, სახელმწიფო რომ ერქვას.

მას აქვს ტერიტორია, ჰყავს მოსახლეობა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არმია, აქვს ვალუტა და რა თქმა უნდა, ცოტა, მაგრამ მაინც, დიპლომატიურად აღიარებულია დაახლოებით 14 ქვეყნის მიერ [13 ქვეყანა და ვატიკანი].

ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ტაივანს აქვს უფლება, საკუთარი თავი ჩვეულებრივ ქვეყნად ჩათვალოს ყველა პრივილეგიით. ეს კი, ვფიქრობ, სუვერენიტეტის საკითხს უკრაინასთან შესადარებელს ხდის და თუ უგულებელვყოფთ ჩინურ ნარატივებს, მაშინ ამ მოცემულობაში ჩინეთის მოქმედებები და ასევე, გეგმებიც, როცა ჩინეთი ამბობს, რომ მისი მიზანია „კვლავ გაერთიანება“, ემუქრება ტაივანის სუვერენიტეტს.

„კვლავ გაერთიანების“ ნარატივი თავისთავად არასწორია, რადგან ტაივანი არასდროს ყოფილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი. ჩინეთის ნაწილად ყოფნა სახალხო რესპუბლიკამდეც სადებატოა, ასე, რომ აქ არაფერია „კვლავ გასაერთიანებელი“. მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთის ეს პოლიტიკა არის ტაივანის დაპყრობის მიზანი, რომელიც, როგორც ვთქვი, სუვერენული ქვეყანაა, მართალია, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მიერ არაღიარებული, მაგრამ მაინც.

მეორე შედარება არის რუსეთ-ჩინეთის ურთიერთთანამშრომლობა – ჩინეთი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს ევროპაში და რუსეთი, რომელიც მხარს უჭერს ჩინეთის გეგმებს ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს თანამშრომლობა შემაშფოთებელია არა მხოლოდ უკრაინისა და ტაივანისთვის, არამედ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლისკენაა მიმართული. ეს ქვეყნებს აძლევს უფლებას „გამოიყენონ ძალა, თუ მათი უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები საფრთხეშია“. ეს დაშვება თავად სი ძინპინის საერთაშორისო უსაფრთხოების ინიციატივის გამოხატულებაა.

ეს შეიძლება ახლა არ არის აქტუალური, თუმცა შესაძლოა ძალიან მარტივად გახდეს ერთი მონეტის ორი მხარე: ჩინეთი ავითარებს და აღწევს თავის გეგმებს ინდოეთი-წყნარი ოკეანეების რეგიონში და უკვე მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში. ჩინეთსა და რუსეთს შორის შესაძლოა ლიმიტირებული, ფრთხილი, ჩახლართული, მაგრამ მაინც თანამშრომლობაა. ეს შეიძლება სერიოზული გამოწვევა გახდეს.

სწორედ ამიტომ არის ტაივანის სრუტეში მიმდინარე მოვლენები ასე სერიოზული გლობალურ აღქმაში და მნიშვნელოვანი კითხვებია: თუ ამ რეგიონში ვითარება გამწვავდება, როგორ მოიქცევა აშშ. ეს შეკითხვები აკავშირებს უკრაინისა და ტაივანის საკითხებს ერთმანეთთან.

  • აშშ-მ, დასავლეთმა და თავად ტაივანის პრეზიდენტმაც თქვეს, რომ არ არიან დაინტერესებული არსებული სტატუსკვოს შეცვლით. თქვენ თქვით, რომ ეს იყო პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი შორეულ პერსპექტივაში სტატუსკვოს შეცვლისკენ. უფრო ნათელი რომ გავხადოთ, როგორია თავად ტაივანის პერსპექტივა და მიზნები, ტაივანი როგორ ხედავს თავს მომავალში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩინეთის რესპუბლიკა?

თუ მოუსმენთ ტაივანელ ექსპერტებს, პოლიტიკის ავტორებს, მედიას, გამოკითხვებს, ნახავთ, რომ დამოუკიდებელ ქვეყნად გახდომის საკითხი არ დგას, რადგან ისინი უკვე გრძნობენ თავს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მომენტში ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არ არსებობს მსგავსი დისკუსია, უნდა გამოაცხადოს თუ არა ტაივანმა დამოუკიდებლობა, რადგან სინამდვილეში, ის ყველასთვის არის დამოუკიდებელი ქვეყანა.

  • ეს ხომ ძალიან დიდი რამაა, ვგულისხმობ გაეროს, საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებს და ასე შემდეგ.

დიახ, ეს ალბათ ტაივანური დიპლომატიის მთავარი გამოწვევაა, რომ გაფართოვდეს ურთიერთობებში, მაგრამ არ არსებობს დებატები ტაივანის დამოუკიდებლობაზე, ისინი თავიანთი აღქმით უკვე არიან დამოუკიდებლები.

რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ტაივანი არც ეძებს ქვეყნებს დიპლომატიური კავშირების დასამყარებლად. მას ესმის თავისი შეზღუდვები, სწორედ ამიტომ საუბრობს პრეზიდენტი ცაი სტატუსკვოს შენარჩუნებაზე. ამავდროულად, ისიც და მისი პარტიაც ეფუძნებიან ამ პოლიტიკურ განაცხადს, რომ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩინეთის რესპუბლიკაა, მაგრამ ეს არის ტაივანი ჩინეთის რესპუბლიკა.

საზოგადოება შეიცვალა ტაივანის კუნძულებზე: უკვე არსებობს განცდა, რომ ისინი არიან არა ჩინელები, არამედ ტაივანელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მდგომარეობა შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ინტეგრაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩინეთი ბევრს საუბრობს „კვლავ გაერთიანებაზე“, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუ ტაივანი გადაწყვეტს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. იყო და სავარაუდოდ იქნება იდეები, როგორ მოხდეს მშვიდობიანი ინტეგრაცია, მაგრამ მსგავსი რამ არ არის აღიარებული ტაივანის საზოგადოებაში. ის დამოუკიდებელი ქვეყანაა და სურთ ეს ასე დარჩეს.

რა თქმა უნდა, ტაივანელებმა იციან თავიანთი ლიმიტები და სიტუაცია, იციან, რომ მდგომარეობა არ არის სტაბილური, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ სერიოზული შესაძლებლობა, სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიონ და თავი დაიცვან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. ამიტომ ტაივანი შეეცდება თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია, სერიოზული მოვლენები, რასაც სტატუსკვოს შერყევა შეუძლია.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შედარებით,  ტაივანმა მოახერხა პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის შექმნა კოვიდთან ბრძოლის დროს, როგორც ქვეყანამ, რომელმაც ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გარეშე მოახერხა პანდემიის მართვა. ამაზე დაყრდნობით გააგრძელეს ევროპაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებით შეხედულებების შეცვლა, გააძლიერეს ურთიერთობები ბევრ ევროპულ ქვეყანასთან, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში. ტაივანი აგრძელებს ამ მიდგომას, საკუთარი ლიმიტების გათვალისწინებით.

რაც მოხდა ჰონკონგში, იყო ძალიან დრამატული ცვლილება – ამან დიდი გავლენა მოახდინა ტაივანში. უამრავი რამ შეიცვალა ბოლო 4-5 და მეტი წლის განმავლობაში. ნაციონალურმა პარტიამაც კი, რომელიც ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობაზე, შეცვალა პოლიტიკა, რადგან ხედავენ, რომ ტაივანის საზოგადოება ნებისმიერი სახის ინტეგრაციის წინააღმდეგია.

  • მოდი, ვისაუბროთ სამხედრო წვრთნებსა და იმ ყველაფერზე, რაც პელოსის ვიზიტის შემდეგ მოხდა:  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრაქტიკულად ყველა ოფიციალური პირი ღიად იმუქრებოდა პელოსის ვიზიტის წინააღმდეგ. როგორი იყო საბოლოო რეაგირება?

განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ძალიან აგრესიული და შემტევი იყო, მოველოდი, რომ ყველაფერი ძალიან სერიოზულად იქნებოდა. ასეც მოხდა. სინამდვილეში, სერიოზულად დაიძაბა რიტორიკის, მიმართვების ნაწილი, თუმცა ნაკლებად სერიოზულად – სამხედრო მოქმედებები. ეს არის, რასაც ვხედავთ ახლა.

ვიზიტი, თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მას სინამდვილეში დიდად არ შეუცვლია სიტუაცია, იგივე ინსტრუმენტებია, რასაც ჩინეთი იყენებდა.

ჩინელებს სჯერათ, რომ აშშ-ს სურს შეცვალოს მდგომარეობა ტაივანის სრუტეში. მართალია, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო, მაგრამ ბაიდენმა რამდენჯერმე თქვა, რომ აშშ დაიცავდა ტაივანს. ჩინელებმა ეს დაინახეს ისე, რომ შესაძლოა აშშ-ს პოლიტიკაში ცვლილებები იყოს სტატუსკვოს რეკონსტრუირების მიმართულებით.

ჩინელებს თავიანთი რეაქციით სურთ შეამოწმონ, რა არის აშშ-ს გეგმები. ასევე სურთ, როგორღაც გამოხატონ ამაზე თავიანთი უკმაყოფილება.

ეს რეაქცია დიდწილად შიდა საკითხებითაც იყო მოტივირებული – გამოიყურებოდეს ძლიერად, აჩვენოს მისი თავდადება ჩინეთის ინტერესების დაცვაში. ნათელია, ისინი იმაზე უფრო მკაცრ რეაგირებას მოახდენდნენ, ვიდრე საჭირო იყო და ასეც მოხდა.

ვნახეთ ძალიან აგრესიული და შემტევი მიმართვები, თუმცა არა იმდენად დინამიკური სამხედრო მოქმედებები. დიახ, სამხედრო წვრთნები ბევრად უფრო გაძლიერებულია, ვიდრე 90-იანებში და ამჯერად ეს იყო უფრო დიდ ტერიტორიაზე, გამოიყენებოდა როგორც ბლოკადა [თუმცა სინამდვილეში ეს არ იყო ბლოკადა]. რასაკვირველია, წვრთნების ნაწილი ტარდებოდა ტაივანის ექსკლუზიურ ზონებში და არა მხოლოდ ტაივანის, არამედ იაპონიის ექსკლუზიურ ზონებშიც, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, სადამდეც ჩინეთს შეუძლია წავიდეს.

მე არ მექნებოდა მეტი ესკალაციის მოლოდინი. ვფიქრობ, საკმაო ხანს შეინარჩუნებენ ესკალაციის ამ დონეს; პელოსის ვიზიტზე რეაგირება გრძელი პროცესი იქნება და ერთ თვეში არ დასრულდება, ეს ამ მხრივ ცვლის ტაივანის სრუტეში არსებულ მდგომარეობას.

  •  წავიკითხე ანალიზი, რომ წვრთნებმა თითქოს აჩვენა ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ზრდა. თქვენი აზრით, დასავლეთმა რა უნდა დაინახოს ამ რეაქციით, ის არც ისეთი ძლიერი გამოჩნდა, როგორც თავად ისურვებდა, ასეა?

ჩვენ დეტალები ჯერ კიდევ არ ვიცით. განსაკუთრებით არ ვიცით სამხედრო დეტალები. ვიცით, რომ იყო ეს წვრთნები, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე დეტალურ ანალიზს, იყვნენ თუ არა ისინი წარმატებულები და რა დონეზე შეასრულეს დასახული მიზნები წვრთნების დროს.

დანამდვილებით რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს აუცილებლად მოხდებოდა რაიმე სხვა მიზეზით და ძირითადად ეს განპირობებულია შიდა მდგომარეობით. სი ძინპინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყურებოდეს ძლიერად. ასე, რომ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, შეექმნათ წარმოდგენები ამაზე.

პრინციპში, ეს იყო კარგი შესაძლებლობაც ჩინეთზე დასაკვირვებლად და მათ გასაზომად – დასავლეთისთვის, ტაივანისთვის, აშშ-სთვის, ავსტრალიისთვის, მათთვის, ვისაც სამხედროები ჰყავთ იქ. იაპონიისთვის, რომელიც ძალიან ფრთხილად და კარგად აკვირდება, თუ რას მოიმოქმედებს ჩინეთი, ეს კარგი შესაძლებლობა იყო. იაპონელებს ჩინეთის ფლოტზე დაკვირვებაც შეეძლოთ, თუნდაც ეს მხოლოდ წვრთნები ყოფილიყო.

  • ჩანს, რომ ჩინეთი აშშ-სთან წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რიგ საკითხებში, რაც უფრო დაძაბულს ხდის მდგომარეობას. ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეს რა ტიპის ურთიერთობა იქნება?

ჩინეთის მხრიდან ეს რეაქცია არაფერია ისეთი, რაც არასდროს მომხდარა. ასეთი რამ მანამდეც ყოფილა – დიალოგის უდიდესი ნაწილი, რაც შეწყდა, არც ყოფილა არსებითი, შედეგების მომტანი. მაგალითად, კლიმატის ცვლილების თემაზე ჩინეთთან თანამშრომლობას და მის როლს დიდი სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება. საერთო ჯამში, ეს ჩინეთის სტანდარტული რეაგირებაა, რაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობას დიდად არ ცვლის. სავარაუდოდ, კონგრესის შემდეგ ეცდებიან დაალაგონ [ურთიერთობა].

  • როგორ აღიქვეს ჩინეთის რეაგირება თავად ჩინეთში. რა გავლენას მოახდენს ეს განსაკუთრებით სი ძინპინზე, ამ შემოდგომაზე პარტიის კონგრესია და მას უნდა, რომ ხელახლა აირჩიონ. სი ძინპინს ეს მოვლენები პოზიტიურ შედეგებს მოუტანს, თუ ნეგატიურს?

დაველოდოთ და დავაკვირდეთ. ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ვიცით, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია, ჩვენ შორს ვართ რეაგირების პროცესის დასასრულისგან.

ამ მომენტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის ლიდერების და სი ძინპინის რეაგირება იყო ისეთი, როგორიც შეიძლებოდა და სჩვევიათ ხოლმე ასეთ სადავო სიტუაციებში. სი ძინპინისთვის ეს იყო „აუცილებელი“.

რა თქმა უნდა, რთულია იმის შეფასება, რა ხდება პარტიის შიგნით, მაგრამ ვფიქრობ, მან ამ დრომდე გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. კონგრესი ნოემბრის დასაწყისშია, ჯერ კიდევ არის ორი თვე.

პირადად არ მექნებოდა სიტუაციის ძალიან სერიოზული რადიკალიზების მოლოდინი, მათ შორის, კონფლიქტი ჩემთვის გამორიცხულია, მაგრამ მე ვსაუბრობ როგორც ჩინეთის საკითხების ექსპერტი ევროპაში, ჩემი რაციონალურობიდან გამომდინარე და არ ვარ დარწმუნებული,  თუ აქვს სი ძინპინს იგივე რაციონალურობა, მისი ლოგიკაც თუ იგივენაირად ხედავს ჩინეთის ინტერესს…

არ ვფიქრობ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ჩინეთის ინტერესებშია, მაგრამ, სამწუხროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სი ძინპინი ამ აზრს იზიარებს. მან შესაძლოა სცადოს კიდევაც ესკალაცია რაღაც დონეზე. თუმცა ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენთვის, სინამდვილეში, უცნობიცაა. რთულია პროგნოზირება.

  • ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ სი ძინპინს კიდევ ერთხელ აირჩევენ, სწორად გავიგე?

დიახ, ამაზე ფსონსაც დავდებდი. თუმცა კოვიდის და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ისეთივე დარწმუნებით ვერ გეტყვით, როგორც, მაგალითად, ერთი წლის წინ შემეძლო ამის თქმა. მიუხედავად ამისა, მაინც მას აირჩევენ.

  • ბოლო ინტერვიუს დროს ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტის გათვალისწინებით. მას შემდეგ თითქმის 5 თვე გავიდა. რა შეიცვალა ამ მიმართულებით? გახდა ის უფრო მკაფიო და თამამი, თუ პირიქით, შესუსტდა?

ვფიქრობ, იგივე დონეზე ვართ: ეს გულისხმობს ძალიან ახლო პოლიტიკურ კოორდინაციასა და თანამშრომლობას – ჩინეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის შეჭრას, საერთო ინიციატივებს, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასე, რომ პოლიტიკურად კარგ ურთიერთობაში არიან.

ჩინეთმა ახლახან გამოაქვეყნა ეკონომიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა უბრუნდება იმ დონეს, რაც ომამდე იყო. ეს აჩვენებს, რომ ჩინეთის რუსეთისადმი ფრთხილი ქცევის პერიოდის შემდეგ, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ გამონახონ ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების გზები, რადგან რუსეთს სჭირდება ჩინეთის პროდუქციაც და ფულიც.

ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთის შესაძლებლობებში არ შედის, ჩაანაცვლოს ის ეკონომიკური დანაკარგები, რაც რუსეთმა დასავლეთის სანქციების გამო განიცადა: შეიძლება იყიდოს მისი ნავთობი და ენერგოპროდუქტები, მაგრამ ეს არაა საკმარისი ზარალის დასაბალანსებლად.

  • უნდა ველოდეთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თამამი და მკაფიო გახდება, ვთქვათ, კონგრესის შემდეგ?

არ ვიცი. უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში – მოახერხებს თუ ვერა უკრაინა რუსეთის შეჩერებას და კონტრშეტევაზე გადასვლას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა პოლიტიკას განახორციელებს დასავლეთი ჩინეთის მიმართ.

ასევე, შესაძლოა ვიხილოთ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების გაძლიერება ტაივანის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო – ჩინეთი ეცდება, რუსეთთან გარკვეულ სექტორებში ურთიერთობების გაუმჯობესებით დასაჯოს აშშ. თუმცა ეს არ იქნება პოლიტიკის ცვლილების ნიშანი.

  • რომ შევაჯამოთ, რა მდგომარეობაა ახლა ტაივანში – ეკონომიკურადაც და ზოგადად. ჩინეთი წვრთნებს გააგრძელებს და იქნება გრძელვადიანი პროცესი. როგორ აისახა ეს ყველაფერი ტაივანელების ცხოვრებაზე?

გამოკითხვებს თუ გაეცნობით, ნახავთ – მათ კარგად იციან, რომ რთული სიტუაციაა. იციან, რომ უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება თავდაცვის საკითხებზე. ტაივანის მთავრობა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ უნდა მოემზადონ… აქედან გამომდინარე, ტაივანმა გამოაცხადა საზოგადოებისთვის სამხედრო წვრთნების ორგანიზება, მათ შეცვალეს ხედვა, თუ როგორ უნდა ოპერირებდეს ტაივანის არმია და რა ტიპის სამხედრო აღჭურვილობა სჭირდება, ყველაზე ცუდი სცენარის – თავდასხმის შემთხვევაში.

ვფიქრობ, მათ ესმით მდგომარეობა, თუმცა არ მიიჩნევენ, რომ ომი ძალიან ახლოსაა. უკრაინის და იმის შემდეგ, რაც ახლა ხდება, დიახ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა განვიხილოთ [ომის შესაძლებლობა], მაგრამ ყველა იმ შეზღუდვისა და ლიმიტის გათვალისწინებით, რაც არსებობს, ეს არ იქნება ახლო პერიოდის სცენარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: