მთავარი,სიახლეები

ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი

17.08.2022 • 2211
ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Guardian-თან ინტერვიუში ყირიმის ხიდს „უკანონო მშენებლობას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს.

„ეს უკანონო მშენებლობა და მთავარი გზაა ყირიმში რუსეთის არმიის მოსამარაგებლად. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს,“ – ეუბნება ბრიტანულ გამოცემას პოდოლიაკი.

პრეზიდენტის მრჩეველი The Guardian-თან კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენიმე დღის წინ, „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების კომენტირებისას ნათქვამს, რომ ყირიმში ასეთი „პატარა დეტონაციები“ „მომდევნო ორ-სამ თვეში კიდევ უფრო გახშირდება“.

პოდოლიაკის თქმით, ჯანკოიში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი ხანძარი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ „რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი ნიშნავს საწყობების აფეთქებას და სიკვდილის საფრთხეს დამპყრობლებისა და ქურდებისთვის“.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ყირიმის ინციდენტებზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა „შესაძლებელია, ამგვარი განცხადებების გაგება იმის აღიარებად, რომ უკრაინა ქვეყნის სამხრეთში სრულმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის ემზადება“.

16 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს, სამხედრო საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე ელექტროსადგური და სარკინიგზო კვანძიც. იმავე დღეს, აფეთქება მოხდა სიმფეროპოლის რაიონში, გვარდეისკოეს სამხედრო ბაზაზე.

რუსეთმა მომხდარს ამჯერად დივერსია უწოდა.

The New York Times-ის ცნობით, როგორც მათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა უთხრა ანონიმურად, რომ ჯანკოიში მომხდარი აფეთქებები „მტრის ზურგში უკრაინის ელიტარული დანაყოფის მუშაობის შედეგია“.

ჯანკოის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აგვისტოს, რამდენიმე აფეთქება მოხდა ასევე ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე.  რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდებოდა და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.

პირველი განცხადება, რომ ყირიმის ხიდი შესაძლოა უკრაინელთა სამიზნე გახდეს, ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილი მეთაურმა, გენერალი ფილიპ ბრიდლავმა ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გააკეთა.

„ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – თქვა გენერალმა და დასძინა, რომ გაუგებარია მსჯელობა იმაზე, მართებული იქნება თუ არა უკრაინის მხრიდან ასეთი ქმედება და დაუჭერს თუ არა მას მხარს დასავლეთი. – „ეს მსჯელობა არ მესმის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აწყობს თავდასხმებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და შავი ზღვიდან და უკვე მოკლა ათობით ათასი ადამიანი“

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის უახლეს ანგარიშში განმარტა, რომ უკრაინელთა დარტყმები ყირიმის ლოგისტიკურ სამიზნეებზე არ დაარღვევს უკრაინელთა შეთანხმებას დასავლეთ პარტნიორებთან, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და წართმეულ რეგიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რადგან ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: