მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ

16.08.2022
ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ

ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს.

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე ითხოვენ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [k2] გაზრდას 16.0-მდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბულვართან ახლოს „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებარე სასტუმროს გვერდით როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, ორი ახალი მრავალსართულიანი შენობა გაჩნდება.

ამონარიდი დოკუმენტიდან: აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=16,0- მდე, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროებს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას. საპროექტო ნაკვეთები ქალაქ ბათუმის გენერალური გეგმის მიხედვით მდებარეობს შერეული ზონაში (შზ), ხოლო განაშენიანების გეგმის მიხედვით კი საქმიან ზონაში (შზ-3), სადაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2=4,6-მდე.

მერიის განმარტებით, დასაგეგმარებელი ტერიტორია მოიცავს რუსთაველის და ნინოშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალს, ორი ახალი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შემდეგ ამ კვარტალში მაღლივი სასტუმროების მწკრივი გაჩნდება: სასტუმრო „ჰილტონი“, „ბრიტიშ დეველოპმენტის“ დაგეგმილი თაუერი,  მშენებარე „ალიანსი ფრივილიჯი“, შემდეგ უკვე „ვესტინვესტის“ თაუერი.

ფოტო გდგ დოკუმენტიდან

მერია განკარგულების პროექტში წერს ასევე, რომ განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციო ღონისძიების სახე და მასთან დაკავშირებული პირობები დაზუსტდება განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ეტაპზე.

კომპანია „ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 525 001 ლარად 2016 წელს მიჰყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს, ეს კომპანია, ნაყიდ მიწის ნაკვეთთან ერთად, 4 მილიონ 300 000 აშშ დოლარად [ლარის ეკვივალენტით] მიჰყიდეს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს“. ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.

ფოტო გდგ დოკუმენტიდან

„ორბი ლოჯისტიკ ჯგუფთან“ კავშირშია შპს „ბრიტიშ დეველოპმენტიც“ – ის 2017 წელს, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა. დირექტორად ჯორჯი რურუა ფიქსირდებოდა. 2018 წლიდან კი, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ბიზნესმენი ზვიად ზოიძე გახდა. ახლა უკვე კომპანიის მფლობელი ზაზა ზოიძეა.

შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში მშენებლობის უფლებას  შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს.

შპს „ვესტინვესტი“ რუსთაველის #44-ში 3508 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ნაკვეთები აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიებს 2016 წელს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით მიჰყიდა. კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ქონების შეძენიდან მალევე წილები სრულად გაასხვისეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: