მთავარი,სიახლეები

განხეთქილება რუსულ ძალებში, ლუგანსკელი სამხედროები დონეცკში ბრძოლაზე უარს ამბობენ – ISW

16.08.2022 • 8101
განხეთქილება რუსულ ძალებში, ლუგანსკელი სამხედროები დონეცკში ბრძოლაზე უარს ამბობენ – ISW

აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებში განხეთქილებაზე საუბრობს.

ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის სახალხო არმიის წევრები დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობენ.

ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობიან. კადრში ჩანს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი. მათი მეთაური კითხულობს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი დონეცკის ოლქის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ მათ „ლუგანსკის ოლქის დაცვაში“ თავიანთი წვლილი უკვე შეიტანეს და „2022 წლის 3 ივლისს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ“.

ჯარისკაცები ამბობენ იმასაც, რომ დონეცკში ბრძოლაზე უარის თქმის გამო, მათ ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

„ISW-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს ამ ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა მისი გზავნილი ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას და ლუგანსკის მებრძოლების დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას ასახავს. ეს ტენდენცია ძალიან საშიშია რუსეთის არმიისთვის, რომელიც კვლავაც ცდილობს, საკუთარი დანაკარგის შესავსებად რაც შეიძლება მეტი ლუგანსკელი ჯარისკაცი ჩართოს ომში,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ი აღნიშნავს, რომ ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში მყოფმა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის დანაყოფებმაც გამოთქვეს მსგავსი უკმაყოფილება, რაც შესაძლოა, მართლაც ადასტურებდეს იმას, რომ პროქსი-ჯარები სრულად არ უჭერენ მხარს კრემლის მასშტაბურ გეგმებს.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი მანამდე წერდა, რომ ჯერ კიდევ მაისში დონეცკის 105-ე ქვეითი პოლკის მე-3 ბატალიონის სამხედროებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მარიუპოლიდან ლუგანსკის ოლქში გადაყვანისას. ივნისის დასაწყისში ხერსონის ფრონტიდან ანალოგიური მიმართვა გამოაქვეყნა დონეცკის 113-ე პოლკმაც.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს სლოვიანსკის ჩრდილო-დასავლეთით, სივერსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ბახმუტის გარშემო. რუსეთის არმიის შეტევები გრძელდებოდა დონეცკსა და ხარკოვის ოლქებშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: