უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 425 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
ტანკი – 6 747 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 12 901 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 10 522 ერთეული [+23]
MLRS – 1 016 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 713 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 184 ერთეული [+43]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 13 870 ერთეული [+44]
სპეცტექნიკა – 1 691 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
577 თვითმფრინავი
267 ვერტმფრენი
15 226 უპილოტო საფრენი აპარატი
484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 238 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 378 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
19 658 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ხელვაჩაურის მერია სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, პანდუსისა და ხის ბილიკების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 ათას 294 ლარია გამოყოფილი.
ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობაზე“ გამოაცხადა, თუმცა, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ამ ტენდერით მხოლოდ კიბეების, ბილიკისა და პანდუსის მოეწყობა იგეგმება.
„სამუშაოები დავყავით ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოეწყობა ორი კიბე, რომლებსაც, პროექტით, თან მიყვება პანდუსებიც. ასევე მოეწყობა ხის ბილიკები ზღვასთან მისასვლელად, რომლებიც გათვლილი იქნება ეტლით მოსარგებლეებისთვისაც. რაც შეეხება საშხაპეებს და გასახდელებს, მეორე ეტაპზე მოეწყობა, რაზედაც ტენდერს ცალკე გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს სამმართველოში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა დაიწყოს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში – ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით [აქედან გამომდინარე, თუ ტენდერი შედგა, სამუშაოები სანაპიროზე შესაძლოა, სულ ცოტა, ივნისის ბოლომდე გაგრძელდეს].
მიმწოდებელი ვალდებული იქნება სამუშაოები შეასრულოს იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თან ახლავს ტენდერს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია „არსებული ლითონის მოაჯირის დემონტაჟი; რკინა-ბეტონის კიბის, პანდუსისა და ბილიკის მოწყობა; სანაპირო ზოლში არსებული კედლის გასუფთავება და დეკორატიულად მოხატვა [ფერი და დიზაინი შეთანხმდება დამკვეთთან].“
„შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელს. აღნიშნულ პერიოდში რაიმე წუნის [ნაკლოვანებები, დეფექტი] აღმოჩენის შემთხვევაში კი, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
სარფის პლაჟთან შესაძლოა ჭოროხი-სარფის ავტობანიც გავიდეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება.
სკოპინგის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“.
დღეს, 11 მარტს, ადიგენის მერი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეხვედრა მუსლიმების თხოვნით გადაიდო.
„დღეს არ იქნება შეხვედრა. მუსლიმებმა ითხოვეს, რომ კიდევ ერთი დღე მისცემოდათ კონსულტაციებისთვის.
ნურც ხვალ დაგვირეკავთ, თუკი რაიმე საინტერესო იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ და იქ ვუპასუხებთ კითხვებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ ადიგენის მერმა.
გოჩა ქიმაძე, ადიგენის არჩეული მერი
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ მერაბ მიქელაძის კერძო სახლთან, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი და ადამიანების ჯგუფი მიიჭრა. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ შენობაში მყოფ პირებს. სიტყვები შეიცავდა მუქარასაც.
ამ დრომდე, მომხდართან დაკავშირებით, როგორც „ბათუმელებს“ შს-ში განუცხადეს, გამოძიება არ დაწყებულა.
„ბათუმელები“ ესაუბრა მერაბ მიქელაძესაც, რომელსაც 8 მარტს, საკუთარ სახლში მიუვარდნენ აგრესიული ჯგუფები. მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ დაჰკავშირებია ამ დღეებში მერიიდან ან სხვა უწყებებიდან ვინმე შეხვედრის და მოლაპარაკებების თაობაზე და თავად როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას.
„შეხვედრა აუცილებლად იქნება, მაგრამ დღეს არა მგონია.
მე არანაირი კანონი არ დამირღვევია, ჩემ საკუთრებაში ვლოცულობდი, სადაც შემოგვეჭრა წინამძღვრებთან ერთად (ქრისტიანი) მრევლი. კერძო საკუთრებაში თუ არ შეიძლება ლოცვა, მაშინ სახლებშიც უნდა აგვიკრძალონ ლოცვა?
რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.
მისი თქმით, დასახლებაში უფრო მეტია ქრისტიანი მოსახლეობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმებს აქ ლოცვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
„ჩვენ ყველა ადამიანს პატივს ვცემთ და ვაფასებთ. ამ სახლში ხუთი წელია უკვე ლოცვები სრულდება და არავინ შეგვიწუხებია. ვფიქრობ, ეს რიგითი პროვოკაცია იყო ნიკოლოზის [ნიკორწმინდის წინამძღვარი] მხრიდან. აქ არ ცხოვრობენ მუსლიმები და არ არის საჭირო სამლოცველოო – გვეუბნებოდა ის.
მერაბ მიქელაძე და მისი კერძო საკუთრება, სადაც პარასკევის ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს
გასულ წელსაც იყო ანალოგიური ინციდენტი და ამიტომ დაიწყო მერიამ ალტერნატიულ მეჩეთზე საუბარი.
ჩვენც ვიფიქრეთ, თუ ამ ადგილზე ასე აღიზიანებთ ჩვენი ლოცვა, მაშინ გადავალთ სადმე ახლო მანძილზე, თუ იქნება რაიმე შემოთავაზება-მეთქი. ოღონდ ეს უნდა გადმოეცათ კერძო საკუთრებაში მუსლიმებისთვის.
თავიდან დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ თქვეს, არ შეიძლებაო და ვეღარ მოხდა შეთანხმება.
ქრისტიან მეგობრებსაც აქვთ კერძო ეკლესიები, მიდიან და ლოცულობენ, რა პრობლემაა აქ?“- ამბობს მერაბ მიქელაძე.
მაშინ მას ვკითხეთ, თუკი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება მეჩეთი, რა პრობლემას ხედავს ამაში? – მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მას შესაძლოა გარკვეული უფლებები შეეზღუდოს.
„თუნდაც ბავშვებისთვის სწავლება. არ ვიცი, ამის უფლებას მომცემენ თუ არა იმ მეჩეთში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. და ჩემს საკუთრებაში არ შეიძლება რომ ვასწავლო?
თან ფონდი ჩამოვაყალიბეთ და ამ ფონდის სახელზე იქნებოდა მეჩეთიც“, – ამბობს მიქელაძე.
მას ვკითხეთ, თუკი მოლაპარაკებებზე შეხვდება მერიას, როგორია მისი მოლოდინი და რა პირობებზე დათანხმდება სახელმწიფოს?
მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა „ყოველთვის სტაბილურობის და მშვიდობისთვის მოვუწოდებთ ყველას“.
მას ვკითხეთ, ხომ არ მიუმართავს გამოძიებისთვის განცხადებით, პირადი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებზე და ხომ არ ყოფილა სხვა ზეწოლები მასზე, გარდა იმისა, რაც კადრებში ჩანდა.
„არა, სხვა მუქარები არ ყოფილა, მაგრამ ამისთვისაც მივმართავ გამოძიებას აუცილებლად“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.
„ქართველებს შორის დაპირისპირება არ ღირს. ურთიერთობებს დაანგრევს, ძალიან ცუდის მომტანი იქნება ეს. არც შენობა და არც სხვა რამ არ უნდა გახდეს ასეთი კონფლიქტის მიზეზი“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.
მისი თქმით, მომხდარის გამო ორივე მხარე უნდა დაფიქრდეს.
„ის, რაც მოხდა, ამის გამო მუსლიმი თემი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. რადგან სიტყვიერ დაპირისპირებაში ქრისტიანი სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. მე როგორც მუფთი, მივმართავ ადგილობრივ ეპარქიას, რომ დროულად იყოს ასეთი საკითხები განხილული, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, რადგან მუსლიმ თემსაც შეუძლია პასუხის გაცემა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეპარქია თავად მოიკითხავს ამ საკითხს“, – ამბობს მუფთი.
მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან ნამდვილად იყო შეურაცხყოფა და მუქარა მერაბ მიქელაძის მისამართით, ამიტომ ეს პრობლემაა და ამაზე შესაბამის უწყებებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ.
შეატყობინა თუ არა ვინმემ შეხვედრის თაობაზე და რაზე აპირებენ მუსლიმები შეთანხმებას, ვკითხეთ სამცხე-ჯავახეთის მუფთს, მამუკა ვაშაყმაძეს.
მისი თქმით, მერთან შეხვედრის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი ისმის.
„მე, პირადად, არავინ შემხმიანებია და არც ის ვიცი, ჩაინიშნა თუ არა რაიმე შეხვედრა“, – ამბობს მუფთი.
მას ვკითხეთ, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე და მართლა აპირებდა თუ არა სახელმწიფო მუსლიმებისთვის მეჩეთისთვის ადგილი გამოეყო სადმე, მერაბ მიქელაძის საკუთრებაში არსებული ქონების სანაცვლოდ?
„რაც გაჟღერდა, ნამდვილად ასე იყო. მუსლიმთა სამმართველო აპირებდა პასუხისმგებლობის აღებას მეჩეთის მშენებლობაზე, თუმცა მერაბ მიქელაძე ფიქრობს, რომ მეჩეთი კერძო საკუთრებაში უნდა იყოს და არა სახელმწიფო საკუთრებაში. ამიტომ მას სურდა, რომ მეჩეთის მშენებლობის თანხა პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო.
სახელმწიფომ უარი თქვა ამაზე და მიდიოდა დისკუსია, ამიტომ შეჩერდა პროცესი“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.
მამუკა ვაშაყმაძე, სამცხე-ჯავახეთის მუფტი
მისი თქმით, შემოთავაზებული ტერიტორია, ადიგენის ცენტრიდან ფეხით ხუთი წუთის სავალზეა, სოფელ იჯარეთში.
„მე და მერაბი ბავშვობის მეგობრები ვართ. ამიტომ ვთხოვე, რაიმე დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, წამოსულიყო ამ შემოთავაზებაზე. მაგრამ ვერ გაითვალისწინა რაღაც გარემოებები თუ რატომ მოხდა ასე, ვერ გეტყვით“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.
თუ არიან ხელისუფლების შემოთავაზებაზე თანახმა სხვა მუსლიმები? – ვკითხეთ ვაშაყმაძეს.
„სიმართლე გითხრათ, მუსლიმებს სურთ, რომ მეჩეთი ხელმისაწვდომ ადგილზე იყოს, ადვილად რომ შეძლონ მისვლა. მერაბ მიქელაძე გააკეთებს მეჩეთს თუ სახელმწიფო, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ჩვენ ვილოცოთ.
იქ სამლოცველოს გახსნამ იმიტომ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, რომ ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ. აქ ვის გაუხსენით მეჩეთი და რატომო? – ეს კითხვები ჰქონდა იმ ხალხს.
თავიდან უთანხმოება გააჩინა იმან, რომ ბაირამის ლოცვის დროს, ცენტრალური გზის ერთი მხარე ჩაიკეტა და იყო გარკვეული შეფერხება. იყო ისეთი პარასკევებიც, როცა ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა სამლოცველოში და აქედან გამომდინარე გადაიზარდა კონფლიქტში“, – გვეუბნება მუფთი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის მაკო ღავთაძის შეფასებით, ის რაც 8 მარტს ადიგენში მოხდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას უხეშად არღვევს.
„8 მარტის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა არის რთულად, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ეს პრობლემები და ეს სისტემური სირთულე სათანადოდ არ ჩანს.
ამაში დიდ წილად დამსახურება აქვს ხელისუფლებას, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს ან ცდილობს, რომ ჰქონდეს სრული კონტროლი რელიგიურ სფეროზე და სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტროც.
ამიტომ ეს რაღაც „სიჩუმე“ რომელიც აღარ დარჩა სიჩუმედ, ამ შემთხვევამაც გვაჩვენა, რომ არის სწორედ რეპრესიული პოლიტიკის შედეგი“-ამბობს მაკო ღავთაძე.
მისი თქმით, ამ კონკრეტული ადამიანების და მუსლიმების დევნა არ დაწყებულა 8 მარტს, არამედ ერთ წელზე მეტია მიდის სახელმწიფოს და საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორგანიზაბული დევნა ამ ადამიანების.
„და ის, რომ საზოგადოებამ დევნის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო, არის იმ პოლიტიკის შედეგი, როცა სახელმწიფო ცდილობდა ყველანაირად მოეგუდა პრობლემა, რომ ზედაპირზე არ გამოჩენილიყო.
ამას ადასტურებს ადიგენის მერის განცხადებებიც, სადაც ამბობს, რომ რაღაც მოლაპარაკებები იყო ამ საკითხზე მუსლიმებთან და თან მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ დაჩაგრონ ადამიანები და როგორ შეუზღუდონ მათ კონსტიტუციური უფლება.
აი, ამ მოლაპარაკებაში იყო შესული სახელმწიფო და არის სავარაუდოდ დღემდე, თუ როგორ ათქმევინონ ადამიანებს იძულებით უარი საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებზე და თავიანთ საკუთრებაზე“-ამბობს მაკო ღავთაძე.
მისი შეფასებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ცდილობს შეზღუდოს მუსლიმთა უფლებები.
„იყო მოხეს შემთხვევა, ჭელაში როცა მოხერხეს მინარეთი და ცემეს მუსლიმები, ასევე სოფელ ადიგენში იყო მცდელობა რომ მუსლიმებს არ ჰქონოდათ სასაფლაო და მსგავს შემთხვევებს ყოველთვის აორგანიზებდა ის კონკრეტული სასულიერო პირი, რომელიც ფიგურირებს 8 მარტის ინცინდეტში და ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები.
გამოდის, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი რეგიონში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად რა ვითარება უნდა იყოს სკოლებში, მუსლიმებს რა უფლებები უნდა ჰქონდეთ, ისტორიული მეჩეთი დაუნგრიონ თუ წაართვან, მეჩეთი როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ.
სოფელ კიკიბოში და სხვა მუსლიმებით დასახლებულ სოფლებში ყველა გეტყვით, როგორ წაართვეს მიწები მუსლიმ მოსახლეობას, რომელიც ამ ხალხის ერთადერთი შემოსავალი იყო“-ამბობს ღავთაძე.
სახელმწიფოსა და ეკლესიის მიდგომები, რომ იქ ქრისტიანული უბანია და არ შეიძლება მუსლიმური სამლოცველო ფუნქციონირებდეს, მაკო ღავთაძის შეფასებით არის უკანონო და როცა ამას მერიიის წარმომადგენლები აკეთებენ, ჩადიან სამოხელეო დანაშაულს.
„არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს ლოცვა, შეკრება და განუსაზღვროს როგორი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ადამიანები ლოცვისთვის შეიკრიბებიან.
ამიტომ, ის განცხადებები, რასაც მერი და სასულიერო პირები აკეთებენ, არის სრულიად უკანონო.
ლოცვა არის ადამიანის რწმენის და რელიგიის თავისუფლების ნაწილი და ეს უფლება არის ხელშეუხებელი.
ამიტომ ასეთი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არის დანაშაულის შემწყნარებლობა, დანაშაულში თანამონაწილეობა, ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის პირდაპირი წაქეზებაც მსგავსი შემთხვევების“– გვეუბნება მაკო.
მისი თქმით, საკულტო ნაგებობები სწორედ კერძო საკუთრებებში უნდა შენდებოდეს და არა სახელმწიფო ტერიტორიებზე, – „ეს არის კანონიერი“.
„ფაქტობრივად მუსლიმ თემს არაფერი დაუტოვა საკუთრებაში სახელმწიფომ, ყველაფერი სახელმწიფო ბალანსზეა და მუსლიმთა სამმართველოზე არის დროებითი სარგებლობის წესით გადაცემული, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია წაართვას. ეს არის სწორედ რელიგიურ თემზე ზეწოლის ბერკეტი“-ამბობს ღავთაძე.
მას ვკითხეთ, როცა პოლიცია, სახელმწიფო ამბობს, რომ „იქ არაფერი ხდება“ ანუ ადიგენში არ არსებობს დაპირისპირების რაიმე მიზეზი, ამით სახელმწიფო ცდილობს მიაჩუმათოს საარჩევნო წელს კონფლიქტი თუ თავს არიდებს გამოძიებას, რადგან ამ საქმეში მართლმადიდებელი სასულიერო პირები ფიგურირებენ?
„ალბათ ორივე. ერთი მიზანი იქნება, რომ არ წარმოაჩინოს იმ სიმძიმით ეს კონფლიქტი რაც რეალურად არის და მეორე, სახელმწიფოს რომ სურდეს, პრობლემის მიჩუმათემა, მაშინ არ მოხდებოდა მსგავსი კონფლიქტებიც. ამიტომ მგონია, რომ ამ ყველაფერში საპატრიარქოსთან ერთად, სახელმწიფოც მონაწილეობს, რომ აჩვენონ ადამიანებს ვის ხელშია ძალაუფლება.
თუმცა, არ უნდათ ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახოს იმ ფორმით, რაც ნახა, რადგან არ მგონია, რომ ამ ყველაფერს ვინმე გულგრილად შეხედავდა და რწმენასთან დააკავშირებდა იმ ტერმინოლოგიას ან ქცევას, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ.
ეს ადამიანები დაუსჯელები არიან წლებია, მუსლიმების დევნის შემთხვევებშიც და სხვა მასშტაბური ძალადობრივი ქმედების გამოც, რაც ვნახეთ 5 ივლისს მაგალითად.
მე არ ვიცი მუსლიმები საბოლოოდ რას დათანხმდებიან და რას არა, რომც დათანხმდნენ, ეს იქნება იძულება, ამიტომ ეს არის ცალსახად დევნა და ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებზე და კონსტიტუციის აბუჩად აგდება და იმის წამოწყება, რომ ადამიანებმა დათმონ საკუთრება და წავიდნენ იქ, სადაც არ გამოჩნდებიან
ანუ თუ გახდები უხილავი ვიღაცისთვის, მაშინ შეიძლება მისაღები იყო.
თუმცა, არც იმის მჯერა, რომ რაიმე საკუთრების გადაცემას აპირებდა მერია მუსლიმებისთვის, რადგან ჩვენ გვინახავს მსგავსი შემთხვევები და ეს არის კარგად დაცდილი ტაქტიკა დროის გაყვანის.
იგივე სცენარი გაითამაშეს მოხეშიც, როცა რელიგიის სააგენტომ თითქოსდა ძველი მეჩეთის წარმომავლობის დადგენის მიზნით რაღაც კომისია შექმნა და ეს კომისია 4 წელი ამუშავა, ისე რომ შედეგი არ დაიდო.
დიდი ალბათობით იგივე სცენარი იყო აქაც და თუ განიხილავდნენ ამ საკითხს, ესეც არის მიუღებელი და უკანონო“-ამბობს მაკო ღავთაძე.
___
ნახეთ, რა ხდებოდა ადიგენში 8 მარტს მერაბ მიქელაძის სახლთან:
ადიგენში პარასკევის ლოცვის ჩაშლას გუშინ, 10 მარტს ბათუმში მუსლიმი თემი აქციით გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა აღკვეთოს მუსლიმების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ფაქტები.
„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს.
სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად 5 ათას ლარს აღწევს – იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს პაციენტს და რამდენად რთულია მისი მდგომარეობა.
ნინო ალავიძე 57 წლისაა. უმუშევარი. საპენსიო ასაკამდე კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. ნინოს არ აქვს კერძო დაზღვევა. არ აქვს სოცდაუცველის სტატუსი. ნინოს ჯანდაცვის სისტემა „ვერ ხედავს“.
ნინოს მსგავსად ყველა, ვინც არ არის საპენსიო ასაკის (ქალების შემთხვევაში 60 წლამდე, კაცების შემთხვევაში 65 წლამდე), არ აქვს კერძო დაზღვევა ან არ სარგებლობს რაიმე სოციალური შეღავათით, ჯანდაცვის სისტემის მიღმა რჩება.
„ჩემი დიაგნოზი მოულოდნელად გავიგე სკრინინგზე – მკერდის სიმსივნე მაქვს. ექიმმა, პირველ რიგში, სადიაგნოსტიკო კვლევები დამინიშნა – ქორბიოფსია, იმუნოჰისტოლოგიური კვლევა, მრტ, ციტოლოგია. ყველა ხარჯი მე დავფარე, დაახლოებით 4 ათას ლარამდე იყო. ვალები ავიღე და ისე. ჩეკების ნაწილი დღემდე შენახული მაქვს. თბილისში ვცხოვრობ, მთაწმინდაზე. პენსიონერი არ ვარ, შუა ასაკის ვარ. დიაგნოზის შემდეგ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. 2700 ლარი ჯდებოდა ჩემი ოპერაცია, მხოლოდ 790 ლარი ჩამირიცხა ჯანდაცვამ.
გავაპროტესტე. მითხრეს, რეფერალურს მიმართეო. მივმართე, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ტყუილად დამაკარგვინეს დრო.
ძლივს გავიკეთე ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პროტოკოლითაა გაწერილი – სიმსივნური კვანძი ითესება იმუნოჰისტოლოგიაში. 500 ლარი ღირს და აუცილებელია. ამის მიხედვით დგინდება მკურნალობის მეთოდი – ქიმია და სხივები გენიშნება.
ისევ ვისესხე და ისე გადავიხადე ამ კვლევის ფული,“ – იხსენებს ნინო ალავიძე.
ნინო ალავიძე
ნინოს კიბო სამი წლის წინ აღმოაჩნდა. არც მანამდე და არც შემდეგ სახელმწიფოს მიდგომა არ შეუცვლია. კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევებს არ უფინანსებს იმ საშუალო ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არც პენსიონერები არიან და არც სოცდაუცველები.
ერთადერთი, რაც ფინანსდება, არის მკურნალობა.
„მე არ დამიმარცხებია ჯერ სიმსივნე. ჰორმონდამოკიდებული ვარ. ჰორმონს მიფინანსებს ჯანდაცვა. ძალიან იაფი წამალია, წელიწადში 1000 ლარი მჭირდება.
ყოველ 6 თვეში მჭირდება კვლევები. ხომ იცით ონკოლოგია როგორია – გაიპარება, რა ვიცით სად გადავა. ამიტომ 6 თვეში ერთხელ იგივე კვლევას ვიტარებ, რაც დიაგნოსტირებისას გავიკეთე. ესეც არ ფინანსდება. აი, სად უნდა მოვიძიო ამხელა თანხები?
ონკოპაციენტებს ლიმიტი გვაქვს 25 ათასი ლარი წელიწადში. 1000 ლარი ჯდება ჩემი წამალი. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და მოვითხოვე – ხომ რჩება ჩემს ლიმიტს ამხელა თანხა, იქნება ამ თანხით კვლევები დამიფინანსოთ-მეთქი. უარი მითხრეს – პროგრამაში არ არისო.
მესამე წელია, სულ ჩემი ხარჯებით ვიტარებ გამოკვლევებს. აპრილში დიდი კვლევა მჭირდება და ისევ თავიდან უნდა ვეძებო ფული.
ახლა გადასხმა მიწევს, ზოლენტონი, მედიკამენტია, ძვლებზე რომ არ მოხდეს რეციდივი. თბილისში ვცხოვრობ, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დამიფინანსა წამალი. ამაზე მადლობა.
მაგრამ გადასხმაა ფასიანი, ასევე ანალიზები მჭირდება გადასხმამდე. სახლში ვერ გადაისხამ, კლინიკაში უნდა მიხვიდე, პროტოკოლითაა განსაზღვრული. წამალი მიდევს და არ მაქვს ასი ლარი, თოდუაში რომ გადავისხა,“ – ამბობს ნინო ალავიძე.
ნინო ითხოვს, რომ ონკოპაციენტებს უფინანსდებოდეს როგორც სადიაგნოსტიკო, ისე გეგმიური საკონტროლო კვლევები და ყოველ ექვს თვეში სესხის აღება არ უწევდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად.
„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ ფინანსდება სადიაგნოსტიკო კვლევები – როგორც ლაბორატორიული, ისე მაღალ ტექნოლოგიური.
კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში ის მასალაში აისახება ან ცალკე სტატიად გამოქვეყნდება.
ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება მოქალაქეს მძიმე ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს, არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართო. ამ შემთხვევაში სქემა ასეთია: პაციენტს სამედიცინო ფორმა 100 და ანგარიშფაქტურა კლინიკიდან მიაქვს მერიაში, მერია განიხილავს, აძლევს საგარანტიო წერილს, რომ კვლევებისთვის საჭირო თანხის ნახევარს დააფინანსებს, შემდეგ ეს წერილი პაციენტს მიაქვს უკან კლინიკაში და იტარებს სადიაგნოსტიკო კვლევებს.
ეს სქემა დიდ დროს და ლოჯისტიკურ უნარებს მოითხოვს. რაიონულ ცენტრებში მდებარე კლინიკებში მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება შეუძლებელია. პაციენტები, როგორც წესი, დიდ ქალაქებს – თბილისს, ქუთაისს, ბათუმს ან ზუგდიდს ირჩევენ. შესაბამისად, კვლევებისთვის საჭირო თანხის ნახევრის მისაღებად საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება უწევთ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სქემა პრობლემურია და მისი ოპტიმიზაციაა საჭირო. ვახო კალოიანის თქმით, მისი პარტიის ხედვაა მოქალაქეს მიეცეს ვაუჩერი, რომლითაც ის შეძლებს კარგი სადაზღვევო პოლისის ყიდვას, რომელიც შემდგომ მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.
ვახტანგ კალოიანი
ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას ხაზს უსვამს სკრინინგის ფორმალურობას და იმას, რომ სასკრინინგო ცენტრები მცირე ოდენობითაა, ასევე გეოგრაფიულად ვერ ფარავს მთელ ქვეყანას. დაფინანსების სქემაში კი ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს.
„პირველი – არ არის მკვეთრად განსაზღვრული კლინიკური პროტოკოლი, როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის და შემდგომი მეთვალყურეობის. არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ამისი დოკუმენტაცია, რითაც უნდა იხელმძღვანელონ პროფესიონალებმა. ან რაც არის არასრულყოფილია.
როცა ჩვენ გვექნება რეალური კლინიკური პროტოკოლი, რომელიც მოიცავს პრევენციას და დიაგნოსტიკას, უფრო ზუსტად შევძლებთ იმ ფინანსების გათვლას, რას სჭირდება ამ ძალიან მძიმე პაციენტების ჯგუფს.
მეორე – არ ფინანსდება ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა. მაგალითად, არ ფინანსდება, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT). ეს ძალიან დიდი [ფინანსური] ტვირთია მოქალაქისთვის და, შესაბამისად, ხელს უშლის მკურნალობის სტრატეგიის სწორად დაგეგმვას. ხშირად გვიანდება მკურნალობის დაწყება, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ დროულ დიაგნოსტიკას.
იგივე ხდება იმუნოთერაპიაზე. იმუნოთერაპიას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომლის გაკეთებასაც ბევრი ვერ ახერხებს. შესაბამისად, შემდგომ ეჭვქვეშ დგება მკურნალობის ეფექტურობა,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი დაფინანსების სქემის შეცვლაა, სკრინინგის მასშტაბის გაზრდა და მოქალაქისთვის საკუთარი ფულის განკარგვის უფლების მიცემა.
„ასევე კლინიკური მართვის პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება, მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს და უსაფრთხოს გახდის პაციენტისთვის მკურნალობის პროცესს,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
„ჩვენ მთავრობას არც ფულს ვთხოვთ და არც საჭმელს, დაგვეხმაროს მთავრობა იმაში, რომ ცხედარი ჩამოგვასვენებინოს,“ – ამბობს გენადი შაინიძე, რომელსაც დღეს, 11 მარტს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ შევხვდით.
საუბარია 2023 წლის 17 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – 31 წლის მარადი სურმანიძე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მოკლეს. ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ კაცის მკვლელობას თავის ცოლს ედავებიან.
„არ ვიცით, რა მოხდა და როგორ, ვერაფერი გავიგეთ,“ – გვიყვება ნესტან სურმანიძე, რომელიც მოკლული კაცის რძალია. – „ჩემი მეუღლე ჩავიდა საფრანგეთში, მაგრამ ვერ ნახა ცხედარი, ვერც ბავშვები ნახა, მათზე იქაური სოციალური სამსახური ზრუნავს.
მარადი და მისი ოჯახი ერთ-ერთი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა საფრანგეთში, ლტოლვილად ჩაბარებას ითხოვდნენ… 5 მცირეწლოვანი შვილი დარჩა,“ – ამბობს ნესტან სურმანიძე.
„ბათუმში ბოლო რამდენიმე წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, ისე ხულოდან არიან, ბათუმში ვერ იმუშავა მარადიმ, იმასაც ჯანმრთელობა აწუხებდა და წავიდნენ საფრანგეთში.
ვის არ მივმართეთ, ანზორ ბოლქვაძესაც მივმართეთ, რომელიც ჩვენი დეპუტატია პარლამენტში, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან. ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ საელჩოს დაუკავშირდებიან და გვაცნობებენ პასუხს“, – გვითხრა გენადი შაინიძემ.
„ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, 3-წლიანი ხელშეკრულებებით გადასცეს პლაჟი. თუმცა დავიშალეთ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაელაპარაკება,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც პლაჟის მოიჯარეების დახურულ შეხვედრას დაესწრო აჭარის მთავრობაში.
დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის სანაპირო ზოლზე დასაქმებულმა, პლაჟის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა აუქციონი არ ჩატარდეს, ქონება აუდიტმა შეაფასოს და 3 წლის ვადით მათთან პირდაპირ გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულებები. აქციის შემდეგ რამდენიმე მოიჯარეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა:
„მინისტრის თქმით, მხოლოდ პანდემიის დროს დაუშვეს გამონაკლისი, რადგან მაშინ სხვა მოცემულობა იყო. მოიჯარეებმა მას უთხრეს, რატომ გადასცეს მაშინ პირდაპირი ხელშეკრულებებით პლაჟი, მაგალითად, ბიზნესმენ პაპუნაიშვილს? მინისტრმა თქვა, რომ მას კონკრეტული ვალდებულებები ჩაუწერეს. მოიჯარეებმა მინისტრს უთხრეს, რომ მათაც შეუძლიათ ვალდებულებების შესრულება.
რამდენიმე დღე მოიჯარეები დაელოდებიან აჭარის მთავრობის პოზიციას,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.
„მთელი ზაფხულის სეზონი ვწვალობთ, რომ გადავიხადოთ ბიუჯეტის გადასახადი, ეს ჩვენი ლუკმა-პურის ფულია, რომელსაც ვკარგავთ… აუქციონი არ უნდა ჩატარდეს, ბევრი უცხოელია დაინტერესებული ამით. დაინტერესება დიდია: რუსი მოვიდა, ბელარუსი,“ – ამბობს პაატა ბაკურიძე, რომელიც პლაჟის ერთ-ერთი მოიჯარეა და დღეს, 11 მარტს, საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
„გასულ წელს ზღვის დაბინძურება არ იყო რეალური, მაგრამ ბევრი აღარ დადიოდა საბანაოდ. ეს აისახა ჩვენზე. აუქციონზე არარეალურ თანხას ითხოვენ. ჩვენ მონაწილეებს ხომ ვერ ვხედავთ, შესაძლოა, ხელოვნურად იმატებს ფასი. რამდენიმე წელია ვიღებ იჯარით ფართს და ამაზე ვმუშაობ, უფასოდ არაფერს არ ვითხოვთ – შეაფასოს აუდიტმა ქონება და ისე გადმოგვცენ, ისევ დროებით სარგებლობაში,“ – უთხრა პაატა ბაკურიძემ „ბათუმელებს“.
„მთავრობამ კეთილი ინებოს და მცირე, საშუალო ბიზნესის განვითარებაზე იზრუნოს, ეს ხალხი დაიზარდა ამ პლაჟზე, იმდენი წელია მუშაობენ, მათ სჭირდებათ სტაბილური გარემო, აუქციონს არ ეთანხმებიან, რადგან აუქციონში ვინც მეტს გადაიხდის, იმისაა იჯარა. იქ სპეციფიკურობა არ არის გათვალისწინებული, მოვა ვინმე ივან ვასილევიჩ პეტროვიჩი, რომელმაც არ იცის ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის რა არის საჭირო,“ – მიიჩნევს ნოდარ ცინცაძე.
„სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასს, ჩვენ არ ვახდევინებთ ვინმეს 50 ლარს ერთ შეზლონგში, დაახლოებით 30 მოიჯარე ვართ და დასაქმებული გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი,“ – აღნიშნა ჯაბა გოხიძემ.
საკრებულოს ოპოზიცია ქობულეთის მერს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს, მერი კი მათ „დესტრუქციულ ძალას“ და „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს.
ქობულეთის მერიის არაეფექტურ მუშაობაზე ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტმაც გამოაქვეყნა ვრცელი დასკვნა.
ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, სოლომონ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერიის შენობის გარემონტებული ნაწილი მერიამ უკვე ჩაიბარა, „გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შესრულებული სამუშაოები უხარისხოა“.
სოლომონ ბაჯელიძემ შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც გადმოგვიგზავნა, სადაც ხარვეზებია ასახული. მისი თქმით, ფოტოები 4 დღის წინ არის გადაღებული.
საკრებულოს წევრის ინფორმაციით, მერიის შენობის სხვა ნაწილის გასარემონტებლად ახალი ტენდერი გამოაცხადეს.
„300 000 ლარია გამოყოფილი. ორი სხვადასხვა კომპანიაა, უკვე დახარჯულია 200 000 ლარი. გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, უკვე დასრულებულია 200 000 ლარის სამუშაოები, რაც უხარისხოდაა შესრულებული. როდესაც მერია ადმინისტრაციის შენობის ასეთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს იბარებს, წარმოვიდგინოთ ქობულეთის მასშტაბით როგორი დამოკიდებულება ექნებათ. ქობულეთში არ არსებობს ტენდერი, რომელიც უხარისხოდ შესრულებული არ იქნება. ამას მოჰყვება „ატკატი“ „ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის. აქცენტს ვაკეთებ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ახლა რაც კეთდება, ისიც უხარისხოდ კეთდება“, – ამბობს საკრებულოს წევრი.
ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრს „ხალხი შეცდომაში შეჰყავს“.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვამბობ და მოვუწოდებ დესტრუქციულ ძალებს, განულებულ უსაქმურებს, რომ დოკუმენტაცია წაიკითხონ ზუსტად. ზუსტად გააკეთონ დასკვნები და ხალხი ნუ შეჰყავთ შეცდომაში. ჩვენ ვახორციელებთ ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას სამ ეტაპად. სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს მოვრჩით 2023 წელს, გავაგრძელეთ სამუშაოები – გამოყოფილი გვაქვს 100 ათას ლარზე მეტი. წელს შიდა სამუშაოებს მოვრჩებით და, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი გააგრძელებს შენობის რეაბილიტაციას. შემდეგ ეტაპზე დავიწყებთ გარე ფასადის რეაბილიტაციას. ასე რომ, მოვუწოდებ მათ სიმშვიდისკენ, არამხოლოდ ამ შენობის რეაბილიტაციას მივიყვან ბოლომდე, არამედ ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებ“, – განაცხადა ლევან ზოიძემ.
რაც შეეხება დეფექტების გამოვლენას სამუშაოების ჩაბარების შემდეგ, მერი ამბობს, რომ მერია დასრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იბარებს:
„ასეთი დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ ჩვენ წინა წელს დასრულებული სამუშაოები, რომლებშიც დაახლოებით 200 ათას ლარამდე დაიხარჯა… იმ სამუშაოებს, რომლებიც უკვე დასრულდა, არანაირი ხარვეზი არ აქვს“.
მერმა განმარტა ასევე, რომ ნებისმიერ კონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულება გარკვეულ ვადაში, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზის გასწორებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ 2021-2022 წლებში [აუდიტის პერიოდში] ქობულეთის მერიის შპს-ებში გამოვლინდა ხელფასების შეუთანხმებლად ზრდის ფაქტები. გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ − ქობულეთის სანდასუფთავების ბუღალტერი საბიუჯეტო თანხების გადარიცხვისას თანამშრომლების ხელფასებისა და მომსახურე ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების ნაცვლად, მიუთითებდა საკუთარ საბანკო ანგარიშს. შესაბამისად, 28 შემთხვევაში მის ანგარიშზე უკანონოდ ჩაირიცხა ბიუჯეტის კუთვნილი 24 112 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადება.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე პოლიციის ინფორმაციით, თბილისში, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია 12 შეკვრა მარიხუანა.
„გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ერთ-ერთი დაკავებული პირის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.
ამოღებულია ასევე სარეალიზაციოდ დაფასოებული 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება“ – აცხადებს შსს.
რა შემთხვევაში შეიძლება ერგოს არარეგისტრირებულ მეუღლეს ქონება? – „ბათუმელები“ ბათუმში მცხოვრებ 83 წლის „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო.
„წინამდებარე საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ 1985 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელე მამკვიდრებელთან, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. არავის სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი მამკვიდრებელთან 29 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას მასთან ერთად ეწეოდა.
შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მამკვიდრებელთან თანაცხოვრება მას ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს…
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის/კასატორის სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ციალა პერტია 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვდა. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ციალა პერტიას მოდავე გარდაცვლილი ქმრის დისშვილი იყო, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბინა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს ციალა პერტია.
იმის გამო, რომ ქორწინება რეგისტრირებული არ იყო, ციალა პერტიას სარჩელი არ დააკმაყოფილეს ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა. უზენაესმა სასამართლომ კი, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ბინის ნახევარი ციალა პერტიას ეკუთვნის.
ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „არ არსებობს გარდაცვლილი არარეგისტრირებული მეუღლის მემკვიდრედ კასატორის ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.“
გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა – ნინო ბაქაქურმა, ზურაბ ძლიერაშვილმა და ეკატერინე გასიტაშვილმა მიიღეს. „ციალა პერტიას საქმეზე“ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომაც – 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ციალა პერტიას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკონსტიტუციოში ციალა პერტია „სამოქალაქო კოდექსის“ იმ მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სამართლებრივ ჩანაწერს არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, პარლამენტს კანონი უნდა შეეცვალა. ეს ნიშნავს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „ციალა პერტიას საქმეზე“ შეიძლება სხვა შემთხვევებზე ვერ გავრცელდეს.
უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს ევროსასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომაზე: „ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ოჯახური ცხოვრების არსებობა-არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე.
ოჯახური ურთიერთობის ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“.
უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოში მანამდე მიღებულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ქონების განაწილებას ეხებოდა: თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული ქორწინება არ არსებობდა, საქორწინო ურთიერთობის წარმოშობის მომენტად მათი ფაქტობრივი ქორწინების თარიღი მიიჩნია, ფაქტობრივი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება კი, მათ თანასაკუთრებად ჩათვალა.
„ციალა პერტიას საქმეში“ მოპასუხე მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის დისშვილის იყო, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით 2015 წელს სადავო ბინის მესაკუთრე გახდა.
„…მესამე მოპასუხე არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. დადგენილია, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები არიან მამკვიდრებლის და-ძმა, ხოლო მესამე მოპასუხე – მამკვიდრებლის დისშვილი… შესაბამისად, ფაქტი, რომ მესამე მოპასუხე მამკვიდრებლის დისშვილი და პირველი და მეორე მოპასუხეების ახლო ნათესავია, უდავოდ დადგენილად მიიჩნევა.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია შედეგი და მესამე მოპასუხეს, როგორც მყიდველს, წინამდებარე დავის დაწყებამდე არ მოუხდენია მესაკუთრის უფლებების რეალიზება – სადავო უძრავ ქონებას დღემდე ფლობს მოსარჩელე.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როდესაც გარიგება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის იდება, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო ქონების ნაკლის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა ციალა პერტიას იმ ნაწილში, რომ მას დისკრიმინაციულად მოექცნენ:
„აღნიშნული ნორმა არ ახდენს კასატორის/მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას. იგი ნებისმიერ ადამიანს/წყვილს უდგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს. წყვილებს შეუძლიათ თანაცხოვრება ქორწინებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობით ან/და მის გარეშეც. მათზეა დამოკიდებული, რა შედეგს დაუკავშირებენ თანაცხოვრების ფაქტს, დაარეგისტრირებენ ქორწინებას თუ არა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე და მისი გარდაცვლილი მეუღლე ცხოვრობდნენ ოჯახური ცხოვრებით 29 წლის განმავლობაში, მოსარჩელე იყო მისი მეუღლის ოჯახის წევრი და მასთან ერთად ეწეოდა საერთო მეურნეობას, მოსარჩელის მეუღლე გასვენებულ იქნა მოსარჩელის ხარჯებით და სხვა.
ერთადერთი პრობლემა, რაც მოსარჩელეს შეექმნა, იყო ის, რომ ისინი არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა გასათვალისწინებელია ევროსასამართლოს პრაქტიკა, რომელმაც აღიარა ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა, როგორც გარდაცვლილი პირების საკუთრებაში არსებულ ბინებზე, ისე სამსახურებრივ ბინებზე და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ პირებზე.
მოსარჩელეს ასახლებენ ბინიდან, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, მას სხვა საცხოვრებელი ფართობი არ გააჩნია [რის მნიშვნელობასაც ევროსასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი],“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 424 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
ტანკი – 6 739 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 12 874 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 10 499 ერთეული [+33]
MLRS – 1 016 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 711 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 141 ერთეული [+59]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 13 826 ერთეული [+74]
სპეცტექნიკა – 1 686 ერთეული [+14]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
577 თვითმფრინავი
267 ვერტმფრენი
15 080 უპილოტო საფრენი აპარატი
484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 428 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 237 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 369 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
19 608 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ხელვაჩაურში, ერგეში სოციალურ სახლს აშენებენ და მინი-სტადიონს ანგრევენ.
„აუცილებელი იყო ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა იქ დაგეწყოთ, სადაც ცოტა ხნის წინ მინისტადიონი ააშენეთ? 10 მეტრით ვერ გაიწევდა სამშენებლო მოედანი? კორპუსს რომ ააშენებთ და იქ ოჯახებს შეასახლებთ, ამ ხალხს არ დასჭირდება სპორტული სივრცე თუ ახალ სტადიონს ააშენებთ? ბევრი ფული გაქვთ?“ – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მალხაზ ჭკადუამ დასვა, ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორია.
„იქ აშენდება 121-ბინიანი სახლი, სატენდერო პირობებში ჩაიდო სტადიონის დემონტაჟი და მონტაჟი, სტადიონი უახლოეს პერიოდში ისევ აშენდება და არავინ დარჩება სტადიონის გარეშე, სტადიონი გადავა გვერდზე. ვერ აშენდებოდა ისე სოციალური სახლი, მას შესაბამისი სტანდარტები აქვს, მდინარიდან, ხიდის ბურჯებიდან როგორ უნდა იყოს დაცილებული,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ.
არსებობს კონკრეტული დოკუმენტი და შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ სოციალური სახლის სტანდარტის შესაბამისად ვერ აშენდებოდა მინისტადიონის დემონტაჟის გარეშე? – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერს.
„მე მაგ დოკუმენტს ვერ მოგაწოდებთ, შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი კანონმდებლობა, ყველა პროექტს აქვს თავისი სტანდარტი. სოციალური სახლი ადაპტირებული უნდა იყოს სავარგულებთან, ტრანსპორტი, გზა, ყველაფერი ახლოს უნდა იყოს, ამიტომ იქნა შერჩეული ერგე, ეკომიგრანტები არიან სხვადასხვა ლოკაციიდან,“ – ამბობს ზაზა დიასამიძე.
ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის თქმით, სტადიონის რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა და ამისთვის 49 999 ლარი დაიხარჯა.
„ძმამ მითხრა, ქონება მარტო ბიჭს ეკუთვნისო და ჩემზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა, სახლში ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს 75 წლის ლიანა გიორბელიძე. სმენადაქვეითებულ, მარტოხელა ქალს აღარ სურს დაბრუნდეს სახლში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც [50%] თავადაა. სახლი ბაგრატიონის ქუჩაზეა და იგი საზიაროა ძმასთან.
ლიანა გიორბელიძე ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს და ამბობს, რომ მოძალადე ძმასთან ცხოვრება აღარ სურს.
დაპირისპირება და-ძმას შორის მას შემდეგ დაწყებულა, როცა ლიანა გიორბელიძემ სასამართლოს მიმართა და ჩუქების ხელშეკრულება გაბათილდა – სადავო ხელშეკრულებით ლიანა გიორბელიძე თავის უფროს ძმას ჩუქნიდა თავისი ქონების ნაწილს.
„მამამ ანდერძით სახლი ჩვენს უფროს და-ძმას დაუტოვა,“ – გვიყვება ლიანა გიორბელიძე. – „უფროსმა დამ მე დამითმო ქონება, უფროსმა ძმამ – უმცროს ძმას. შემდეგ ძმებმა ჩათვალეს, რომ ქონება მხოლოდ ბიჭებს ერგებათ. გადაწყვიტეს, რომ მუქარით და მოტყუებით ჩაეგდოთ ხელში მთელი სამემკვიდრეო ქონება“, – ამბობს ლიანა გიორბელიძე. მან სასამართლოში დაადასტურა, რომ მისი რეალური ნება არ იყო, ძმისთვის ეჩუქებინა ქონება.
ადვოკატი დავით დიდმანიძე განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად მიჩნევის და ქონების დაბრუნების შემდეგ ექსპერტიზამ დაწერა დასკვნა, რომ უძრავი ქონების გასაყოფად საჭიროა ქონება აუქციონის გზით გაიყიდოს და მესაკუთრეებმა თავისი წილის შესაბამისად მიიღონ თანხა.
„პრობლემა ისაა, რომ საზიარო უფლების გაუქმებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. როდის განიხილავს სასამართლო ამას, როცა ვიცით, ის როგორი გადატვირთულია?
სასამართლოს გასული წლის შემოდგომაზე მივმართეთ, საქმე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს აწერია, მაგრამ სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა, მაისამდე მინიმუმ ვერ დავნიშნავთო, არადა, „სტამბოლის კონვენციის“ მიხედვით, მსგავსი შემთხვევები დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს სასამართლომ. კანონი ამისთვის 2-თვიან ვადას ადგენს, რაც დიდი ხანია გავიდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი დავით დიდმანიძე.
ქონების აუქციონის გზით გასხვისების წინააღმდეგი არც მოპასუხეა. მოპასუხესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა მისი ადვოკატი, თეო ჭუმბურიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების 50/50-ზე გაყოფა აღარ იქნება სამართლიანი, რადგან ლიანა გიორბელიძის ძმამ შესაბამისი ნებართვების საფუძველზე სახლზე ფართობი მიაშენა.
„რამდენჯერმე იძალადეს ჩემზე,“ – გვითხრა ლიანა გიორბელიძემ. საინტერესო მის საქმეში ისაა, რომ ძალადობის შემთხვევებზე გამოცემულია შესაბამისი ორდერები, რასაც მოსამართლე როინ კახიძე დაეყრდნო, როცა ჩუქების ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია. თუმცა ძალადობის მუხლით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის შემდეგ, ბრალდებული გამართლდა.
„ა.-მ ყელზე ხელის მოჭერითა და ხელების გადაგრეხით, ასევე ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას, ლიანა გიორბელიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – ეწერა პროკურატურის ერთ-ერთ დადგენილებაში. ეს ჩანაწერი მოსამართლე როინ კახიძის მიერ 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში ვნახეთ, სადაც ლიანა გიორბელიძის მიერ ხელმოწერილი ჩუქების ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდა.
სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია ლიანა გიორბელიძის უფროს დას, ნაზიკო გიორბელიძეს. მას უთქვამს, დამ დამირეკა და შველა მთხოვა, ძმები სიკვდილით მემუქრებიან, სახლიდან მაგდებენ და შეურაცხყოფას მაყენებენო.
ლიანა გიორბელიძემ ასევე გვითხრა, რომ უსაფრთხოების გარანტიები რომც მიიღოს, სახლის იმ ნაწილში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, არც შუქია და არც გათბობა, აღარც კარი იხურება.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. და ა. გიორბელიძეების მხრიდან დის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტი, ეკონომიკური ძალადობის სახით, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მართლაც დაზიანებულია ლიანა გიორბელიძის საცხოვრებელი ფართობის კარების საკეტი, გაზის და ელექტროენერგიის გაყვანილობა, მაგრამ ეს მათ არ ჩაუდენიათ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ქონების გაჩუქების შემდეგ მოსარჩელე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა,“ – წერს მოსამართლე როინ კახიძე.
სასამართლოს ლიანა გიორბელიძის კიდევ ერთი სარჩელი დაუკმაყოფილებია: მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის ძმებს 4284 ლარის გადახდა დაეკისრათ. სააღსრულებო ფურცელი კი, 2024 წლის 14 თებერვალს გაიცა. ქალმა დავა ზიანის ანაზღაურებაზე მას შემდეგ დაიწყო, როცა სახლიდან საკუთარი ნივთების გამოტანა სცადა და ამბობს, რომ ძმებმა ნივთები დაუზიანეს.
ადვოკატი თეო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ლიანა გიორბელიძეს კი, არავინ უზღუდავს თავის სახლში ცხოვრებას. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ლიანა გიორბელიძე ცალკე აბონენტად არის რეგისტრირებული, შესაბამისად ელექტროენერგიის და გაზის პრობლემაც არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში ადევნებისა და უკანონო თვალთვალის [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს კი – 115.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადევნების მსხვერპლი გახდა, ზუგდიდში მცხოვრები ხატია [სახელი შეცვლილია] იყო.
ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს მასთან დაქორწინებას აიძულებდა.
დაზარალებულად მიჩნეულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია. ხატიას თქმით, მერაბი თავდაპირველად ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში გაიცნო, როცა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. მისთვის მერაბს ავტომანქანა გაუჩერებია და სახლამდე გაყვანა შეუთავაზებია.
„…რამდენიმე წლის შემდეგ მ.-ს სახლის მოპირდაპირე მხარეს კვლავ შეხვდა მას, რომელმაც ხელები მაღლა აღაპყრო, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი შემახვედრაო.
დაზარალებულის განმარტებით, იმ დღიდან დაიწყო მ.-მ მასზე ადევნება. მან იცოდა მისი დღის განრიგი და ყველგან ხვდებოდა. ყოველდღე სახლიდან გასვლისა და შემოსვლის დროს ხვდებოდა ქუჩაში, მაგრამ ამისთვის დაზარალებულს ყურადღება არ მიუქცევია, ცხოვრობდა სოფელ ახალსოფელში, მაგრამ, მ.-ს გამო შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს ზუგდიდში…
მ.-ს მიზანი იყო მისი ცოლი ან საყვარელი გამხდარიყო და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედა. მას შემდეგ, რაც მ-მ უთხრა, ჩემი უნდა გახდეო, შეეშინდა და მეუღლეს უამბო აღნიშნულის თაობაზე…
სამუშაო ადგილზე მიდიოდა მ. და თანამშრომლების მეშვეობით უგზავნიდა ჩირს, ლობიანს, დაბადების დღეზე ტორტიც მიართვა და მის თანამშრომელს უთხრა, თუ არ გამოართმევდა, ყელს გამოიჭრიდა და თავს მოიკლავდა.
…შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლისთანავე კვლავ გამოჩნდა და დაიწყო თვალთვალი. მ. მას ასევე უგზავნიდა მობილურ ტელეფონზე შეტყობინებებს, რაც წარუდგინა გამომძიებელს. ყოველივე ამის ნიადაგზე მას შეელახა ჯანმრთელობა და დღემდე მკურნალობს,“ – აღნიშნულია განჩინებაში დაზარალებული ქალის მონათხრობიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბი დამნაშავედ მიიჩნიეს ადევნებისა და უკანონო თვალთვალის ნაწილში, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მერაბი გამართლდა ქორწინების იძულების ბრალდების ნაწილში.
მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურორ შორენა გვილავას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. მან მ.-სთვის „სამართლიანი სასჯელის შეფარდება“ მოითხოვა და მისი დამნაშავედ ცნობა ქორწინების იძულების ნაწილშიც.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეფასებით კი, ქორწინების იძულება არ დასტურდება.
„დაზარალებულმა ხ-მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მ. მას უთვალთვალებდა და უთხრა, რომ „მისი უნდა გამხდარიყო“, თუმცა დაზარალებულს არ განუმარტავს, რაში გამოიხატებოდა ქორწინების იძულება, რა ფსიქოლოგიური თუ მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას… დაზარალებულ ხ. ხ-ას სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უხსენებია მ. ჯ-ს მიერ ქორწინების იძულების გარემოება, კერძოდ, რომ ეუბნებოდა მისი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა რა დაემართებოდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ. ჯ.-ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
„ხელისუფლებას მინდა მივმართო: ერთი თვის შემდეგ, როცა მარხვა დასრულდება, თქვენ აუცილებლად მოხვალთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვაზე, ამას მუდმივად აკეთებთ,“ – თქვა დღეს, 10 მარტს, ბათუმის მეჩეთთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ჰურიე აბაშიძემ, – „მოხვალთ და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანებს, ეტყვით, რომ ტოლერანტული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას.
თუმცა თქვენ თუ ამ ერთ თვეში ამ საკითხს ვერ მოაგვარებთ, ინდივიდუალურად მე, როგორც მუსლიმ მოქალაქეს, მგონია, რომ თქვენ ამ მეჩეთში არ შეგესვლებათ“, – თქვა მან.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვა მოსთხოვეს, რომელიც რელიგიის თავისუფლებას და თანასწორობას იცავს.
8 მარტს, ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.
ბათუმის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართეს – ამ დრომდე 8 მარტს მომხდარი დაპირისპირებაზე გამოძიება არ დაწყებულა.
ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა შეკრებულებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციას არ აჰყვნენ:
„ჩვენი უფლება და თავისუფლება, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ღირსება.
საუკუნეების განმავლობაში მუსლიმები და ქრისტიანები ვიცავდით ამ ქვეყანას, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, რაც მოგვიტანეს დღემდე. დღეს ვიღაც ამ თავისუფლების წართმევას ცდილობს. მე მოგმართავთ თქვენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ ვართ ერთიანი, ვიღაც ცდილობს, ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებას. გთხოვთ, ნუ აუყვებით პროვოკაციებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
მე, როგორც სასულიერო პირი, ლიდერი, ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ვაკონტროლებ, ყოველ სიტყვას, რაც ამოდის ჩემი პირიდან, რომ არ დავაზიანო ჩემი რელიგია, ხალხი, მე ვერ დავინახე ეს მეორე მხარეს, მაგრამ არ ვაფასებ ქრისტიანებს ერთეული ადამიანით. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ცდილობს პროვოკაციის ჩამოგდებას,“ – განაცხადა თამაზ მგელაძემ აქციაზე.
მიქელაძეები, ვის სახლთანაც ადიგენში ეს დაპირისპირება მოხდა, ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ. ადიგენის მერი ამბობს, რომ რადგან სამეზობლო წინააღმდეგია, სახლის მესაკუთრეს თხოვნით მიმართა და ადგილმონაცვლეობაზე დაითანხმა. შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად შეხვედრა ადიგენში ხვალ, 11 მარტს უნდა გაიმართოს.
ის, რომ მესაკუთრეები, ვისაც ლოცვა დაუშალეს, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ბათუმის ახალი მეჩეთის იმამს, თამაზ მგელაძეს აფიქრებინებს, რომ მათი გაჩუმება სცადეს:
„ჯერ კიდევ ველოდებით, რა გაირკვევა ორშაბათს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – ამბობს თამაზ მგელაძე და ხაზს უსვამს მესაკუთრის კანონით დაცულ უფლებას:
„ჩემს სახლში მინდა ვილოცებ, მინდა – ვალოცებ. თუმცა თუ საჭირო იქნება და ცუდად უნდა წავიდეს ეს პროცესი, შესაძლებელია შეთანხმება, თუნდაც როცა მეზობლები ამას გმობენ, არ უნდათ შენი იქ ყოფნა…“- მიიჩნევს თამაზ მგელაძე.
აქციის მონაწილეები არც იმას გამორიცხავენ, მომავალი კვირის პარასკევს თავად დაესწრონ ლოცვას ადიგენში, თუ სამართლიანი შეთანხმება არ შედგა.
„ჩვენ ვითხოვდით და ახლავ ვითხოვთ მხოლოდ სამართლიან შეთანხმებას. წინა შეთანხმება არ შედგაო, ამბობენ. იმიტომაც არ შედგა, რომ არ იყო სამართლიანი,“ – გვიყვება აქციის კიდევ ერთი მონაწილე, თემურ ბერიძე.
„სახელმწიფო, რელიგიის სააგენტო და ადიგენის მერიაც მხოლოდ ცალმხრივ პოზიციას აფიქსირებს, მათი მოთხოვნა არის უსამართლო. ხელისუფლება ასეთი კონფლიქტების დროს ხშირად დუმს, მისი როლი არის იმაში, რომ კონფლიქტის პრევენცია მოახდინოს და რეაგირება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მასიური ხასიათი მიეცა ასეთ დაპირისპირებებს, გვახსოვს ჭალის მინარეთიც, იმის შემდეგ ათამდე ინციდენტი მოხდა,“ – უთხრა თემურ ბერიძემ „ბათუმელებს“.
კიდევ ერთი აქცენტი ჰურიე აბაშიძის აქციაზე გამოსვლიდან ეს იყო:
„თუ დღეს მუსლიმი მოსახლეობის უფლება ირღვევა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის ყველა იმ ადამიანის პრობლემა, ვინც სახელმწიფოს ღირებულებებით ცხოვრობს,“ – თქვა ჰურიე აბაშიძემ.
2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 6.83 ლარი იყო. ეს 3.3 %-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა წლიურ მაჩვენებელში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 1.5%-ით შემცირდა.
ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.
„თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი [+4,5%], ყველი [+3,9%], ფქვილი [+3,5%], რძე [+3,4%] და კვერცხი [+0,9%]. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა,“ – აღნიშნულია „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემის შესახებ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიო.
ამავე კვლევის მიხედვით, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად კარაქის ფასი გაძვირდა.
„როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და სხვა რძის პროდუქტებით ხდება,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მარტის 21 საათიდან 11 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12, 13 და 14 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 424 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900]
ტანკი – 6 731 ერთეული [+19]
ჯავშანტექნიკა – 12 850 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 10 466 ერთეული [+38]
MLRS – 1 015 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 709 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 082 ერთეული [+41]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 13 752 ერთეული [+69]
სპეცტექნიკა – 1 672 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
577 თვითმფრინავი
267 ვერტმფრენი
14 985 უპილოტო საფრენი აპარატი
484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 235 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 350 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
19 572 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი დღეს, 9 მარტს ავრცელებს.
ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.
„სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
რა ხდება, როცა ქალის დამორჩილებას ფარულად გადაღებული კადრებით ცდილობენ? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე განჩინებას გაეცნო 2023 წლიდან დღემდე: საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების, პირადი საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ასევე ადევნებას, რომელიც 2017 წლიდან გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი.
ამ კატეგორიის საქმეებში მსხვერპლი ძირითადად ქალია – მოძალადის ცოლი, ან ყოფილი ცოლი. „ანას საქმეში“ კი [სტატიაში სახელები შეცვლილია], რომელსაც ვიდეო ფარულად ავტომანქანაში გადაუღეს, ბრალდებული კაცი მოსამართლეებმა გაამართლეს.
„…ანასგან ფარულად, ავტომანქანის სალონში დაამონტაჟა თავისი მობილური ტელეფონი და ჩართო ტელეფონის ვიდეოკამერა… მან უკანონოდ გადაიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილი იყო ანასთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 იანვარს მიღებულ განჩინებაში, ერთ-ერთ ბოლო საქმეში, რომელიც ქალებზე ამ ფორმით ძალადობას ეხება: ინტიმური კადრების უკანონოდ მოპოვება და მისი გავრცელებით შანტაჟი.
ანას თანასოფლელ ზურასთან ჰქონია ურთიერთობა და ერთ დღეს მანქანითაც გაჰყვა. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი ტყეში წაიყვანა და ავტომანქანის სალონში ქალს ფარულად ვიდეო გადაუღო. მას ბრალი სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, კერძოდ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას და შენახვას.
ეს მუხლი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ ბრალდებული ზურა მოსამართლემ გაამართლა – მთავარი არგუმენტი სამივე ინსტანციის სასამართლოში ის იყო, რომ თავდაპირველად, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, ანამ თქვა, რომ მისი ნებით გადაუღეს ვიდეო.
პროკურორ ზაზა ცქვიტარიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მიუწერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები „უტყუარად ადასტურებენ ზ.გ.-ს ბრალეულობას“ და განაჩენის დადგენისას სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ დაზარალებული ქალის გამოძიებასთან დაფიქსირებული პოზიციით.
„…ადამიანის შიშველი სხეულის გამოსახულების და მისი სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, დაფარულია გარეშე პირთათვის და განეკუთვნება ადამიანის განსაკუთრებულად დაცულ პირად საიდუმლოებას. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს რა შემთხვევაში ითვლება პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვება უკანონოდ. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება გულისხმობს პირის წინასწარი ნებართვის გარეშე, მისგან მალულად, ამგვარი ინფორმაციის ასახვას ან აღბეჭდვას ფოტო/ვიდეო ან სხვა მასალაზე. დაზარალებულმა ა. ნ–მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ. გ–ს მიერ სურათების გადაღების ფაქტი,“ – აღნიშნავს უზენაესი სასამართლო.
საინტერესოა, რომ პროკურატურის ვერსიაში, რომელიც დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებას ეყრდნობა, საუბარია ავტომანქანის სალონში ფარულად დამონტაჟებულ მობილურ ტელეფონზე, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კი, ნებაყოფლობით ფოტოების გადაღებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია.
საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.
„დაიწყოს გამოძიება ადიგენში ქართველი მუსლიმი თემის დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები,“ – განცხადება დღეს, 9 მარტს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა:
„იმამ მერაბ [იუსუფ] მიქელაძის კერძო საკუთრებაში შეჭრა და მუქარის ფაქტები, რომელსაც განგრძობადი ბუნება აქვს [ამგვარი შემთხვევები დაფიქსირდა 2023 წლის ზაფხულში, ასევე წინა პარასკევს) და ერთი და იგივე პირებისგან მომდინარეობს [მის ორგანიზატორია მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე], ერთდროულად რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს ატარებს, მათ შორის, დევნის [სსსკ 156-ე მუხლი], რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის [სსსკ 155-ე მუხლი],“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე სთხოვს მთავრობას „დაგმოს რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა გამოვლინება და საკუთარ რიტორიკაში გააძლიეროს დემოკრატიაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური შინაარსი“.
დღეს, 9 მარტს, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა პოლიციის მხრიდან რეგიონული მედიის TOK TV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტს:
„ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს,“ – აღნიშნულია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე უწყებაში მიმართვა არ შესულა. გამოძიების დაწყების ერთ-ერთი პირობაა სავარაუდო დანაშაულის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადება.
„აღარ ილოცებენ ამ სახლში,“ – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე „ბათუმელებთან“. ის ამბობს, რომ მერაბ მიქელაძესთან და ჯამბულ კახიძესთან მიაღწია შეთანხმებას საკულტო ნაგებობისთვის ალტერნატიული ფართობის გამოყოფაზე.
„მივცემთ საშუალებას, მიწით იქნება, თუ ფულადი სახსრებით, რომ ააშენონ ეს იმ სოფელში, სადაც არსებობს მეჩეთის საჭიროება… აფიეთი არის ასეთი სოფელი, სადაც აჭარელი მოსახლეობა ცხოვრობს და მეჩეთი არ არის. იმამები როცა მობრძანდებიან, თვითონ დააყენებენ ამ საკითხს, სად ურჩევნიათ,“ – ამბობს გოჩა ქიმაძე.
რატომ ჩათვალა ადიგენის მერმა, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანია, როცა მუსლიმ თემს კერძო საკუთრებაში ლოცვის საშუალებას არ აძლევენ?
„არ აგვიკრძალია, თხოვნა იყო ჩვენი, რომ განვმუხტოთ ეს დაძაბულობა… იქ საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ეს იყო ჩვენი თხოვნა და მადლობას ვუხდით მათ, რომ გაგებით შეხვდნენ ხალხის ამ მოთხოვნას.
ხალხის მოთხოვნა არის ის, რომ ეს არის სახლი და არ არის საკულტო ნაგებობა: როდესაც ლოცვა მიმდინარეობს, იქ ბევრი ავტომანქანა გროვდება და გზის გამტარობა რთულდება, მეზობლები წუხდებიან. ეს იყო მიზეზი იმის, რომ იქ ხალხი შეიკრიბა,“ – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა.
გოჩა ქიმაძის თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა იმაზე, რომ ახალი მეჩეთის მოსაწყობად 50 ათასი ლარი გამოიყოფოდა.
„თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს კატეგორია, ვინც იქ ლოცულობს, არ არის მუსლიმთა სამმართველოს ნაწილი, როგორც ვიცი, სულეიმანჯები არიან და არ ისურვეს სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხულიყო ეს თანხა, ნდობა არ გვაქვსო. სხვაგვარად მაშინ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რადგან ეს კანონს სცდებოდა. ამ თემას განვაახლებთ ორშაბათს და დავიწყებთ მუშაობას,“- გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ.
იმის მიუხედავად, რომ გუშინ ადიგენში მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოში მუქარა მკაფიოდ ჩანს, ადიგენის მერი ამბობს: „როცა მივედი ადგილზე, დაძაბულობა ვერაფერი ვნახე, რაც საშიშროებას წარმოადგენდა, პოლიციამ შეასრულა პრევენციის როლი, რამე არ მომხდარიყო,“ – აღნიშნავს მერი და „საკითხის გამწვავების“ კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებს:
„სოფელ ლელიანში მოსახლეობამ გადაწყვიტა ტაძრის აშენება, ჩვენ გავუგზავნეთ გაფრთხილების წერილი და მშენებლობა შევაჩერეთ, რადგან არ ჰქონდათ ნებართვა და არც პროექტი ჰქონდათ… სამართლიანია რასაც ხალხი ამბობს, რომ სამართალი შერჩევითი არ უნდა იყოს,“ – გვითხრა გოჩა ქიმაძემ მოცემულობაში, როცა მუსლიმი თემის დისკრიმინაციას საქართველოში სასამართლოც კი ადგენს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მაგალითად, ამ დრომდე არ აძლევს ბათუმის მერია მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას.
„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ უკავშირდება სახლის მესაკუთრეებს, სადაც დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს პირადი ცხოვრების ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ. სწორედ მას შემდეგ ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა – ამ მეთოდით ემუქრებიან უკვე არამხოლოდ ცნობილი ქალებს, არამედ დიასახლისებს და მოზარდ გოგონებსაც კი.
„მე ვერ დავინახე სხვაობა: თუ წინა ხელისუფლების დროს ეს ფარული ბრძოლის საშუალება იყო, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს კიდევ უფრო გამძაფრდა და აგრესიულად გამოჩნდა,“ – საკუთარ ხედვას გვიზიარებს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც ფარული კადრების გავრცელების პრობლემაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: ცნობილი ქალების ინტიმური კადრების გავრცელების შემთხვევები ხომ არ უკავშირდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის გაზრდილ მაჩვენებელს?
ეკა ბესელია ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალია, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წელს გაუვრცელეს და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ის „ოცნებას“ და სასამართლოს გავლენიან ფიგურებს დაუპირისპირდა.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ვიდრე ხელისუფლება თავად არის ეჭვმიტანილი“, მნიშვნელობას კარგავს კანონის ჩანაწერი და ვერც კონკრეტულ შედეგზე გავალთ, რადგან ეს ახალისებს ადამიანებს.
„ყველა ასეთი შემთხვევა ახალისებს ამ კატეგორიის დანაშაულს, რადგან ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში, არათუ არ სჯის დამნაშავეს, პირიქით, ეჭვმიტანილია,“ – კატეგორიულია ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას დაკვირვებით, განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების დასამორჩილებლად ყველაზე ხშირად ამ მეთოდს იყენებენ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საყრდენი საზოგადოებაში „გენდერული სტერეოტიპების“ სახით.
„ეს არის დაახლოებით იგივე, რომ მოკლა ადამიანი, ამის ტოლფასია,“ – გვიყვება ეკა ბესელია. – „წარმოუდგენელი ძალისხმევა სჭირდება ადამიანს, რომ ამ მდგომარეობიდან დაუბრუნდე აქტიურ რეჟიმს.
ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა იმ დღეებში და პირად მიმოწერაში საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდა. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს სისტემური პრობლემა იყო.
რასაც ვაკვირდები პოლიტიკაში, ყველაზე ამაზრზენი მეთოდი, რასაც იყენებენ ქალის გასანეიტრალებლად, არის ქალის გენდერული ნიშნით დამორჩილების მცდელობა, რომ ის ქალია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის პირად ცხოვრებაზე. ჩემი მაგალითი ალბათ ყველაზე მკაფიო მაგალითია ამის, მაგრამ დუმილი გამოსავალი არ არის. ეს არის საშუალება, გაგანეიტრალონ.
როგორც კი ეს გავაცნობიერე შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ვიპოვე ძალა, რომ მეთქვა: მე არანაირ ზეწოლას არ დავემორჩილები,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.
ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი იყო ეკა ბესელია, როცა მისი ინიციატივით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება შევიდა და „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდა.
კადრების გავრცელების შემდეგ ეკა ბესელიაამბობდა, რომ კადრები, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების დროს გავრცელდა, წინა ხელისუფლების დროსაა ჩაწერილი და მაშინ იგივე კადრების გავრცელება ვერავინ გაბედა. ბესელიამ მაშინ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ და „შანტაჟის მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს“.
ვინ აგო პასუხი ამ შემთხვევიდან 5 წლის თავზე?
„ვითხოვდი და დღემდე ვითხოვ, რომ გამოვლინდეს პირველწყარო: ვინ იყო დამგეგმავი, ორგანიზატორი. ეს არ გამოვლინდა – როგორც ჩანს, სასამართლოს კლანი მიდის სახელისუფლებო შტოებთან.
ამ მასშტაბის გავრცელებას და დანაშაულის ჩადენას კერძო პირები ვერ შეძლებენ ხელისუფლების გარეშე, ეს გამორიცხულია. თუ კერძო პირები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩადენას, გამოდის, რომ საერთოდ მოშლილია ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა. მეორეა კონტექსტი: როცა მქონდა კონფლიქტი ჩემსავე პარტიასა და სასამართლოსთან, მაშინ ჩნდება ეს უკანონო ჩანაწერი.
მე ვიცოდი ამ ჩანაწერის შესახებ, რადგან წინა ხელისუფლების რამდენიმე პირი გაასამართლეს ამ ჩანაწერის განხორციელებისთვის და ეს ჩანაწერი იდო სასამართლოში, ხელმისაწვდომი იმ პირთათვის, ვისაც ძალაუფლება აქვთ.
დააპატიმრეს 19 ახალგაზრდა, რომლებსაც აღმოაჩნდათ ეს უკანონო ჩანაწერები. შემდეგ მე თვითონ დამჭირდა ჩარევა, რომ ეს ახალგაზრდები გაეთავისუფლებინათ და ვითხოვე, ყველასთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება – არ შეიძლება, ბავშვები ამის გამო ციხეში გაეშვათ. ორგანიზატორთაგან არავინ დაისაჯა.
ამ მეთოდს იყენებენ ამ დრომდე. ბევრი გააჩუმეს კიდეც, რადგან ვხედავთ ყველა, რომ პირველწყარო არ ისჯება, არ აჩვენებს სახელმწიფო, რომ ამ საკითხში შეუვალია,“ – ამბობს ეკა ბესელია „ბათუმელებთან“.
უფლებადამცველს ვუთხარით სასამართლოს დასაბუთების მთავარ არგუმენტზეც, როცა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანებს არ ეხება: ძალადობის მსხვერპლი ქალები მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ხშირად დუმილს ამჯობინებენ. მოსამართლეები კი წერენ, რომ მათ ხელში მტკიცებულება აღარ რჩებათ.
„სადაც არ გაჩუმდნენ და ხმა ამოიღეს, სადაც ძლიერი იყო მტკიცებულებები, იქ რა გააკეთეს? იქ რატომ მოხდა კომპრომისების დაშვება?“ – შეკითხვები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლეებთან.
პოლიტიკოსს საზოგადოების რეაქცია აფიქრებს, განსაკუთრებით, „სუსის ცნობილი ფაილების სკანდალის“ შემდეგ:
„ამას არ მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო… ეს იყო ცუდი სიმპტომი, თითქოს ყველა შეეჩვია, რომ ეს შეიძლება ნორმად იქცეს, რაც ძალიან სახიფათოა.
მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების და ეკონომიკური გაძლიერების გარდა, საჭიროა, ძლიერი საზოგადოება, რომელიც არ პატიობს, პასუხს სთხოვს ხელისუფლებას ასეთ ფაქტებზე. ეჭვიც კი საკმარისია ასეთ დროს, რომ ხელისუფლება თავად შეიძლება იყოს მონაწილე ადამიანების პირადი ცხოვრების თემებით მანიპულირებაში,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 423 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
ტანკი – 6 712 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 12 823 ერთეული [+25]
საარტილერიო სისტემა – 10 428 ერთეული [+53]
MLRS – 1 012 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 707 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 041 ერთეული [+43]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 13 683 ერთეული [+85]
სპეცტექნიკა – 1 666 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
577 თვითმფრინავი
267 ვერტმფრენი
14 855 უპილოტო საფრენი აპარატი
484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 409 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 235 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 332 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
19 549 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„14 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიპარე. ვსეირნობდით მე და დაქალი, როცა გზაში მისი მეგობრები შეგვხდნენ. სიგარეტი არ ჰქონდათ და სიგარეტი ვიყიდოთ, თან წვენები დავითრიოთო. მე ხმას არ ვიღებდი.
წავიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს რაღაცები და გაიქცნენ. დაქალი მეუბნება, წამო, არ გინდა ჩვენც გავაკეთოთო? მე მეშინია-მეთქი. ძალიან ცუდად მითხრა – „მშიშარა ხარ“. არ ვარ მშიშარა-მეთქი. შევედით მაღაზიაში. დაქალმა [ჯიბეებში] ისე ჩაიდო რაღაცები, რომ ვერავინ შეამჩნია.
მე ხელი მიკანკალებდა, შემეშინდა. ზოგადად, როდესაც რაღაცაზე ვნერვიულობ გული მიჩქარდება და ცალი ხელ-ფეხი მიკანკალებს. ამიტყდა კანკალი, მაგრამ არ შევიმჩნიე დაქალთან, რომ არ დაეცინა ჩემთვის. მისი რეაქციის მეშინოდა. ავდექი და ერთ ჯიბეში წვენი ჩავიდე, მეორეში სხვა რაღაცები. უფრო ფართო შარვლებს ვიცვამდი მაშინ“, – ასე იწყებს თხრობას საკუთარ თავზე 16 წლის ნინო ბათუმიდან [სახელი შეცვლილია].
„როგორ ვგრძნობდი თავს, რომ მოვიპარე? თავიდან მეშინოდა, მერე აღარ… ხელში რაღაც გიჭირავს და გეშინია, რომ ახლა კონსულტანტი პოლიციას გამოიძახებს. ფიქრობ – მაგისთვის მზრდიდა დედა, რომ ასეთი რაღაცები ვაკეთო? დედაჩემი მეცოდებოდა… ჩემი ძმის გამო, ჩემ გამო სამსახურიდან ძალიან ბევრჯერ გაათავისუფლეს. სულ პოლიციაში უწევდა მოსვლა.
სხვები რომ იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე გამეკეთებინა. უბრალოდ, ვიღებდი და გამომქონდა. ბავშვებს ავყევი. ჩემი აზრით, მაგ საკითხში მეგობრებმა გამაფუჭეს. ვიპარავ, იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს გავუსწორო, ასეთი სამეგობრო წრე მყავს.
მაღაზიაში რომ შევდივართ, თუ მეც არ გამოვიტან რაიმეს, მერე დაიწყებენ, არაფერი გამოიყოლა და ასეთები“.
ნინო ჰყვება, რომ პირველი ქურდობიდან ერთი კვირის შემდეგ ისევ „გაბედა“ მოპარვა. „ისე აღარ მეშინოდა, თან დედაზეც გაბრაზებული ვიყავი. ჩემი ძმა თუ იპარავს, მე რა ვარ-მეთქი და შემდეგ ეს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებად გადაიქცა, როგორც ჭამა, ისე. პირველ ჯერზე რომ გამიმართლა, მეგონა სულ გამიმართლებდა.
დიდი ჰუდის შიგნით ვიცვამდი ტოპებს და ვიპარავდი. ძალიან ბევრი ტოპი მაქვს სახლში.
ძაან ბევრჯერ გამოიძახეს პოლიცია. ძალიან შემრცხვა. ანგელოზივით გოგოები ხართ და რას აკეთებთო, გაგვთათხეს, მიწასთან გაგვასწორეს. ვეთანხმებოდი ყველაფერზე. მერე დედას დაურეკეს. ძალიან ბევრ განყოფილებაში ვარ ნამყოფი. დედამ – რატომ აკეთებ, ხომ გატან ფულსო. მერე ფულს აღარ მაძლევდა და უფრო ვიპარავდი.
ტელეფონია ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რაც მომიპარავს“, – გვეუბნება ნინო.
მას 15 წლის ძმა და 13 წლის და ჰყავს. მოზარდი ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს ბათუმში. ნინო ამბობს, ამ ქალაქს ვერ იტანს, რადგან არ არის უბანი, სადაც არ უცხოვრია.
ნინო გვიყვება, რომ დედამისი ერთ-ერთ რესტორანში ორ პოზიციაზე მუშაობს.
„მცხობელი და დამლაგებელია. დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს და თვეში მხოლოდ 2 დღე აქვს დასვენება. სოციალური დახმარებაც გვაქვს და სწვდება დედა ქირას, რა ვიცი…
ხანდახან ძალიან ვერ ვიტან, ნერვებს მიშლის, ხანდახან კი ძალიან მიყვარს. უნდა, რომ სულ სახლში ვიყო. კარგია, რომ მუშაობს, მარტო ვარ, თავისუფალი, რასაც მინდა იმას ვაკეთებ… თან მინდა, რომ ხანდახან ჩემ გვერდით იყოს. ზოგჯერ, როცა მეშინია, დედასთან ვწვები და ეგრევე მეძინება.
ხანდახან დედაჩემის ადგილას წარმოვიდგენ ხოლმე თავს და არ მინდა სამი შვილი, სულ მაგას ვიძახი“, – მეუბნება ნინო და განაგრძობს: „როცა დედამ გაიგო, რომ ვიპარავდი, გაგიჟდა. რატომ მოიპარეო? მე მოპარვისთვის გზრდიო?
ნათესავები დამელაპარაკნენ კარგად, რატომ აკეთებო, არ გინდაო. მერე ყველა ნათესავისგან ფულს ვიღებდი – არ მოიპაროო, ჩაიდე ეს 10 ლარი ჯიბეშიო და რა ვიცი, შემოსავლის წყარო გავხადე მოპარვა.
მამინაცვლამდე არ მისულა ეგ ამბავი. 6 წლის ვიყავი მამინაცვალი რომ გაიცნო დედამ. უფრო გახსნილად მამიკოსთან ვარ. მისი მერიდება, დედიკოსი ეგრე არ მერიდება… თქვენობით ველაპარაკები დღემდე. დედიკოსთან ხანდახან ძალიან უხეში ვარ, მასთან არ შემიძლია ვიყო ასეთი. ჩემგან განსხვავებით, ჩემს დას არ მოსწონს მამინაცვალი.
[მამინაცვალს] ჰყავს შვილი, 19 წლის. ჯარშია და ჩვენთან რჩება. დედამისი იტალიაშია და დედიკოს „ჩაუშვილდასავით“. ძმასავითაა ჩვენთვის.
ისიც იპარავს. ერთხელ მოიპარეს ძალიან ბევრი ფული… ის ყველაფერს გვიყოფს მე და ჩემ დას, ძალიან ვუყვარვართ“.
უბანში ქურდობა რომ იქნება, ეგრევე ჩვენთან მოდის პოლიცია. ან მე ვიყავი ან ჩემი ძმა – ბევრი მოპედი მოიპარა, პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა და მამინაცვალმა ქუთაისში წაიყვანა, ცოტა ხანი ჩემთან იყოსო, მაგრამ მალე ჩამოვა“.
ნინო და მისი და-ძმა ბიოლოგიურ მამას არ იცნობენ. ნინო ამბობს, რომ დედა არ უყვება მის შესახებ.
„ორი წელია ჩემი პატარა და სკოლაში არ დადის. ის ძალიან ჩაკეტილი ბავშვია. გარეთ არ გადის და როცა საღამოს ხალხი არაა, მაშინ მეუბნება გავიდეთო. ხალხთან კონტაქტის ეშინია. მე რომ არ ვყავდე, მოკვდებოდა ალბათ სახლში. ვიპარებით ღამე სახლიდან, ვსეირნობთ და მერე მოვდივართ დილის 6-სკენ, დედას გაღვიძებამდე. თუ გაიღვიძა, მის ყვირილს ვერ გადავურჩებით.
ავტობუსში არ ამოდის, სადმე თუ წავედით, ტაქსით უნდა წავიდეთ, ხალხის რეაქციის ეშინია. არ მოსწონს მისი თავი, არ ვიცი რატომ“.
სკოლაში არც ნინო არ დადის. ის მე-10 კლასის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, გამოცდების მოახლოების ეტაპზე გამოვიდა სკოლიდან.
„პრინციპის ამბავი იყო, რატომაც წამოვედი სკოლიდან. დირექტორს ამოჩემებული ვყავდი. არ შეიძლებოდა ტოპების ჩაცმა, მაგრამ ვერ ვიცვამდი სხვა ტანსაცმელს. მეგონა, რომ არ მიხდებოდა სხვა. არასდროს არ გამიცდენია სკოლა, სულ დავდიოდი. მინდოდა მისვლა. მიხაროდა. მთლად სწავლის გამოც არა, ბავშვები იყვნენ.
გამოცდების დროს კი შემეშინდა, არ ჩავეტოვებინე კლასში. დირექტორს არ მოვწონდი, ან მე მეგონა ასე. რომ ჩავრჩენილიყავი, შემრცხვებოდა – ჩარჩა ჩვენი კლასელი და დასცინეს სხვებმა.
დედასაც ვუთხარი ეს ყველაფერი და გამოდი თუ გინდა, მე არ გაძალებ გაგრძელებასო“.
ნინო სკოლიდან გამოსვლას არ ნანობს. ამბობს, რომ ტყუილია, როცა ამბობენ – სკოლა მოგენატრება.
როცა სკოლაში ვსწავლობდი არც ერთი მასწავლებელი არ იყო, ვისაც ვენდობოდი და შემეძლო რაიმე გამეზიარებინა, ბავშვებს კი ისედაც ვნახულობო – ამბობს.
ნინომ გვითხრა, რომ ცდილობს „უხეში გოგო“ იყოს, თუმცა სინამდვილეში უხეში არ არის. „არ მინდა ხალხს მშვიდი, წყნარი ბავშვი ვეგონო“.
„იცით რა დაბალი ვიყავი? ახლა ავედი სიმაღლეში. პატარა, თავზე ბანტები მეკეთა სულ და ჭრელა-ჭრულა კაბებს ვიცვამდი. მერე, როცა მოპარვა დავიწყე, ჩაცმულობის სტილიც შევიცვალე. ბავშვივით გამოვიყურებოდი და მინდოდა ცოტა დიდის შეხედულება მქონოდა.
თავიდან მომწონდა ეს ყველაფერი. ხელზე კალმით ვიხატავდით ქურდულ ვარსკვლავებს – ვფიქრობდი, მაგარი ვარ-მეთქი…“
ნინოს თქმით, ახლა უკვე ცდილობს, რომ არაფერი დააშავოს და არ მოხვდეს პოლიციის განყოფილებაში.
„მინდა უცხო ენები ვისწავლო, მსახიობი გავხდე. მინდა მქონდეს ფული და არ ვიყო ყოველთვის ნაქირავებში. არ ვიპარავდე, იმიტომ რომ მრცხვენია. არ შემშვენის, მაგრამ რა მექნა. თან ახლა აღარ მაქვს ეგეთ ხალხთან ურთიერთობა. ისეთი ხალხი გავიცანი, ვინც არ იპარავს“.
ნინო ამბობს, რომ არ უნდა მისი ყოფილი კლასელის, 16 წლის გოგოს ბედი გაიზიაროს: „9 თვის შვილი ჰყავს. ნაქირავებში ცხოვრობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან… დედამ დღემდე არ იცის, შეყვარებული რომ მყავს. უკვე სამ წელზე მეტია ერთად ვართ. ისიც იპარავს. მარტო ცხოვრობს ქირით, დედამისი იტალიაშია. არ მუშაობს. ვეხვეწები იმუშავე, ფული გექნება-მეთქი.
დასალევებს იპარავს და კაფეში-ბარში აბარებს ძვირად.
მას ქურდული ვარსკვლავი ახატია მხარზე. [დედას] მსგავსი ბიჭები არ მოსწონს. ჩემი ძმის ძმაკაცები უმეტესად არიან მომპარავები და დედიკოს რომ გააცნო… დედიკოს აქვს, როგორ გითხრათ, ალერგია… ჩემი ძმა რადგან ბევრჯერ იყო განყოფილებაში, ჰგონია, რომ ჩემი ძმის ძმაკაცები აფუჭებენ… ამიტომ კატეგორიულია. მეც წამომცდა, რომ „ზვეზდებიანი“ ბიჭები მომწონს-მეთქი. არ უნდა რომ ჯერ მყავდეს, ჰგონია, რომ მომატყუებს ვინმე, გამომიყენებს. დედასაც მსგავსი რაღაც მოუვიდა…
დედა არსად არ მტოვებს, არავის არ ენდობა, არც მე. ჩემს დაბადების დღეზე გვიან ღამე, ნასვამი მივედი სახლში. ძალიან გაბრაზდა. შენმა დაქალებმა გადაგიხადონ დაბადების დღე, მე არაფრის გადამხდელი არ ვარო. გავიპარე სახლიდან. უკანა ფანჯრიდან გადავედი.
დედამ იტირა და ხმებს მიგზავნიდა, დაბრუნდი შვილო, ვიხუმრეო. ორი დღე გავჩერდი დაქალებთან, მეგონა, რომ ძალიან მეჩხუბებოდა, ისიც მეგონა, რომ დამარტყამდა და არ მინდა შენი ღრიალის მოსმენა-მეთქი. არაო, დაიფიცა, კარგად მოგექცევიო. ჩემთან მოწიეო, რაც გინდა ის გააკეთეო. ეცადა, რომ სახლში მივსულიყავი, მომთაფლა და მივედი მეც.
ჩემი ძმა ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ დედამ დაითანხმა არაფერი უთხრაო. დედას ძალიან გაუხარდა [ჩემი დაბრუნება], რაღაცები იყიდეს, რესტორანში წავედით და ასე აღვნიშნეთ. სანთლებიც ჩავაქრე. მარტო საჩუქრების გამო მიყვარს ეგ დღე“ – ამბობს ნინო.
მან გვითხრა, რომ წელს კოლეჯში დაიწყო სიარული, ახლა ნინო კომპიუტერულ მეცნიერებსა და ინგლისურ ენას სწავლობს.
მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით.
2022 წლის მასშტაბური კვლევისთანახმად, მეტაბოლური სინდრომის გავრცელება გლობალურ მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. კერძოდ, მსოფლიოში მეტაბოლური სინდრომის გავრცელება, დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით, დაახლოებით 13-დან 32 პროცენტამდე მერყეობს. კვლევის ავტორები წერენ, რომ მეტაბოლური სინდრომის ასეთი მაღალი გავრცელება მოითხოვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფრო აგრესიულ ინტერვენციებს.
ბატონო გიზო, რას ნიშნავს მეტაბოლური სინდრომი?
სიტყვა „მეტაბოლური“ მეტაბოლიზმთან ანუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დაკავშირებულს აღნიშნავს, სინდრომი კი ცალკეული, ერთმანეთთან დაკავშირებული სიმპტომების, ანუ ნიშნების ერთობლიობაა. ამრიგად, მეტაბოლური სინდრომი ეს არის მდგომარეობა, რომელიც ზრდის კარდიოვასკულარულ თუ ცერებრო-ვასკულარულ დაავადებების რისკს და მოიაზრებს რამდენიმე დაავადების ერთობლივად არსებობას.
მისი განვითარების გზას წარმოადგენს ჭარბი წონა, განსაკუთრებით აბდომინური სიმსუქნე, ანუ ისეთი სიმსუქნე, როდესაც ცხიმის დაგროვება ხდება უპირატესად მუცელზე და იზრდება მისი გარშემოწერილობა, ანუ ჭარბი წონა.
Cleveland Clinic: სხეულის ცხიმი გამოყოფს ქიმიკატებს (ე.წ. პროანთებითი ციტოკინები), რომლებიც ასუსტებენ ინსულინის ეფექტს. რაც უფრო მეტი ჭარბი ცხიმი გაქვთ ორგანიზმში, მით უფრო ნეგატიურად შეუძლია მას იმოქმედოს ინსულინის მუშაობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ სხეულის ზედმეტი ცხიმი მუცლის გარშემო განსაკუთრებით ზრდის თქვენი ინსულინრეზისტენტობის რისკს. ჭარბი ვისცერული ცხიმი (თქვენი ორგანოების ირგვლივ ცხიმი) იწვევს უფრო მეტ ინსულინის წინააღმდეგობას, ვიდრე ჭარბი კანქვეშა ცხიმი.
სიმსუქნე – ჭარბი წონა, რომელიც განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსით – BMI, საბოლოო ჯამში ხშირად იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას, დისლიპიდემიას [სისხლის ცხიმების თანაფარდობის დარღვევა], გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას და ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებას, რაც საფუძვლად უდევს პრედიაბეტის ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარებას.
მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად; გარდა იმისა, რომ მეტაბოლური სინდრომის განვითარება მჭიდრო კავშირშია ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან, ამ მდგომარეობის მიზეზად ასევე მოიაზრება გენეტიკური წინასწარგანწყობაც.
Cleveland Clinic წერს, რომ მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა: თქვენი კუნთები ფუნქციონირებისთვის იყენებენ ბევრ გლუკოზას და დამარაგებულ/შენახულ გლუკოზას (გლიკოგენს). ფიზიკური აქტივობა თქვენს სხეულს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინსულინის მიმართ და აყალიბებს კუნთებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში მეტი გლუკოზის ათვისება.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
იმისთვის, რომ დაისვას მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი, საჭიროა აბდომინურ სიმსუქნესთან ერთად ვლინდებოდეს შემდეგი მდგომარეობა: ინსულინრეზისტენტობა ან პრედიაბეტი [სისხლში შაქრის მომატება], ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, დისლიპიდემია [კარგი ქოლესტერინის დონის შემცირება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება].
ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და მივმართოთ ექიმს:
როცა მუცლის გარშემოწერილობა მამაკაცებში აღემატება 101 სმ.-ს, ხოლო ქალებში – 89 სმ.-ს; ასევე, არტერიული წნევის მაჩვენებელი თუ არის 130/85 მმ ვწყ. სვ.ზე მეტი ან პაციენტი იღებს ჰიპოტენზიურ (წევის დამწევ) მედიკამენტს. ასევე, თუ ვიცით, რომ ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი გვაქვს 150-მგ-ზე მაღალი; თუ გლიკემიის მაჩვენებელი უზმოდ არის 100 მგ/დლ-ზე მაღალი ან პაციენტი იღებს ჰიპოგლიკემიურ (შაქრის დამწევ) მედიკამენტს; მნიშვნელოვანია ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მაჩვენებელი, კერძოდ, როდესაც ეს არის 40 მგ/დლ-ზე ნაკლები მამაკაცებში, ხოლო ქალებში – 50 მგ/დლ-ზე ნაკლები.
იმისთვის, რომ დიაგნოზი დავსვათ, უნდა გვქონდეს ჩამოთვლილთაგან სამი ან მეტი მდგომარეობა.
მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებულია კიდევ ერთი დაავადება, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ქალებში – პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი.
მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტირება ხდება ენდოკრინოლოგთან, ინიშნება მკურნალობა. თუ არის ჭარბი წონა, მიმდინარეობს წონის კორექცია, თუ არის არტერიული ჰიპერტენზია – ინიშნება შესაბამისი მედიკამენტი, რომ მოხდეს წნევის კორექცია.
ასევე, ტარდება რამდენიმე ანალიზი, დისლიპიდემიის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის წონის კორექცია – ვინაიდან სიმსუქნის დროს ვითარება ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და დისლიპიდემია.
Cleveland Clinic წერს, რომ მეტაბოლური სინდრომის ყველა ასპექტი არ იწვევს სიმპტომებს. სიმპტომები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რომელი გაქვთ ხუთი მდგომარეობიდან. მაგალითად, მაღალი წნევა, ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე და კარგი ქოლესტერინის დაბალი დონე, ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა, სისხლში შაქრის მაღალმა დონემ (ჰიპერგლიკემიამ) შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ადამიანისთვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გამუქებული კანი იღლიის ფოსოში ან კისრის უკანა და გვერდითა მხარეებზე; ბუნდოვანი ხედვა; გახშირებული წყურვილის გრძნობა; გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით და დაღლილობა.
რა მეთოდებით ექვემდებარება ეს მდგომარეობები მკურნალობას ან/და მართვას?
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მეტაბოლური სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს მოეთხოვება ცხოვრების ჯანსაღი წესი – კერძოდ დიეტა, რომელიც მოიცავს რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყლების მოხმარებას და ზომიერ ფიზიკური აქტივობას; ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მედიკამენტური თერაპია.
ძირითადი აქცენტი ამ პროცესში მაინც კეთდება წონის მოწესრიგებაზე – ეს არის გზა რომელიც აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას; თუ ინსულინრეზისტენტობა შემცირდება, შესაბამისად მცირდება მეტაბოლური სინდრომის ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა კარდიოვასკულარული, ცერებროვასკულარული დაავადებები, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ცხიმოვანი ჰეპატოზი. საბოლოოდ უნდა მოხდეს სხეულის მასის 10%-მდე შემცირება.
გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში რეგულარულად უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა ჩავიტაროთ საჭირო პროფილაქტიკური კვლევები და შევასრულოთ ექიმის მითითებები.
მას შემდეგ, რაც საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ – ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა. ამ ტიპის დანაშაულის ჩადენა კი ძირიტადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
რა ხდება, როცა ქალის დამორჩილებას ფარულად გადაღებული კადრებით ცდილობენ? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე განჩინებას გაეცნო 2023 წლიდან დღემდე: საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების, პირადი საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ასევე ადევნებას, რომელიც 2017 წლიდან გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი.
„…ანასგან ფარულად, ავტომანქანის სალონში დაამონტაჟა თავისი მობილური ტელეფონი და ჩართო ტელეფონის ვიდეოკამერა… მან უკანონოდ გადაიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილი იყო ანასთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 იანვარს მიღებულ განჩინებაში, ერთ-ერთ ბოლო საქმეში, რომელიც ქალებზე ამ ფორმით ძალადობას ეხება: ინტიმური კადრების უკანონოდ მოპოვება და მისი გავრცელებით შანტაჟი.
ამ კატეგორიის საქმეებში მსხვერპლი ძირითადად ქალია – მოძალადის ცოლი, ან ყოფილი ცოლი. „ანას საქმეში“ კი [სტატიაში სახელები შეცვლილია], რომელსაც ვიდეო ფარულად ავტომანქანაში გადაუღეს, ბრალდებული კაცი მოსამართლეებმა გაამართლეს.
ანას ამბავი – როგორ გაამართლეს მოსამართლეებმა ფარული კადრების გადამღები კაცი
ანას თანასოფლელ ზურასთან ჰქონია ურთიერთობა და ერთ დღეს მანქანითაც გაჰყვა. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი ტყეში წაიყვანა და ავტომანქანის სალონში ქალს ფარულად ვიდეო გადაუღო. მას ბრალი სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, კერძოდ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას და შენახვას.
ეს მუხლი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ ბრალდებული ზურა მოსამართლემ გაამართლა – მთავარი არგუმენტი სამივე ინსტანციის სასამართლოში ის იყო, რომ თავდაპირველად, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, ანამ თქვა, რომ მისი ნებით გადაუღეს ვიდეო.
პროკურორ ზაზა ცქვიტარიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მიუწერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები „უტყუარად ადასტურებენ ზ.გ.-ს ბრალეულობას“ და განაჩენის დადგენისას სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ დაზარალებული ქალის გამოძიებასთან დაფიქსირებული პოზიციით.
„…ადამიანის შიშველი სხეულის გამოსახულების და მისი სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, დაფარულია გარეშე პირთათვის და განეკუთვნება ადამიანის განსაკუთრებულად დაცულ პირად საიდუმლოებას. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს რა შემთხვევაში ითვლება პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვება უკანონოდ. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება გულისხმობს პირის წინასწარი ნებართვის გარეშე, მისგან მალულად, ამგვარი ინფორმაციის ასახვას ან აღბეჭდვას ფოტო/ვიდეო ან სხვა მასალაზე. დაზარალებულმა ა. ნ–მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ. გ–ს მიერ სურათების გადაღების ფაქტი,“ – აღნიშნავს უზენაესი სასამართლო.
საინტერესოა, რომ პროკურატურის ვერსიაში, რომელიც დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებას ეყრდნობა, საუბარია ავტომანქანის სალონში ფარულად დამონტაჟებულ მობილურ ტელეფონზე, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კი, ნებაყოფლობით ფოტოების გადაღებაზე.
უკანონოდ კადრებს საქართველოში ცოლებსაც უღებენ
უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებული ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, დავითი ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს ცოლს უღებდა, შემდეგ კი, გამოქვეყნების მუქარით ქალს ფულს სძალავდა. პროკურატურის ეს ვერსია ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ამ შემთხვევაშიც დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია.
სასამართლომ დავითი დამნაშავედ მხოლოდ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ნაწილში მიიჩნია. სასჯელის ზომად მსჯავრდებულს მოსამართლემ განუსაზღვრა ჯარიმა – 2500 ლარი. განაჩენის მიღებამდე ბრალდებული სასამართლოს 12 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ჰყოლია გათავისუფლებული.
პროკურატურის ვერსიით, დათოს ნათიასგან საერთო ჯამში დაახლოებით 4000 ლარი მიუღია.
ფარული კადრების საქმე განიხილა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომაც – ქალს თავისი დის პარტნიორმა აბაზანაში ფარულად გადაუღო ვიდეო და გაუვრცელა. ამ შემთხვევაში ბრალდებულ სულხანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა მას სასჯელი სააპელაციო სასამართლომ შეუმსუბუქა 2 წელსა და 6 თვემდე.
ხელვაჩაურის სასამართლომ სულხანი დამნაშავედ მიიჩნია, სსკ-ის 157-ე მუხლის მიხედვით [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა], ასევე 157-ე მუხლის პრიმა ერთი ნაწილის მიხედვით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა].
ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა, თუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა? – ამ საკითხზე უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა.
„პირის ბანაობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შიშველი სხეულის ფოტო წარმოადგენს არა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას,“ – დაასკვნა უზენაესმა სასამართლომ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის 197 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მუხლით [157-ე პრიმა ერთი] გათვალისწინებული დანაშაული 2022 წელთან შედარებით 50 %-ით გაზრდილია.
რაც შეეხება ადევნებას და უკანონო თვალთვალს [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] – 2023 წელს 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს – 115.
ქალი ყოფილ ქმარს შეურიგდა, მას ყოფილი პარტნიორი აედევნა და უთვალთვალებდა
საქმის მასალების მიხედვით, გიორგის, რომელიც თბილისში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში გაცნობილ მაიასთან 3 წელი ჰქონდა ურთიერთობა, შემდეგ კი, ქალი ქმარს შეურიგდა.
„…ტელეფონის საშუალებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და სთხოვდა შეხვედრას, შერიგებასა და სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ემუქრებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში.
ქალს ტელეფონის ნომერი შეუცვლია და მისამართიც, სადაც ოჯახთან ერთად გადასულა, თუმცა გიორგი მასთან დაკავშირებას მაინც ახერხებდა. „უკავშირდებოდა მ.-ს ახლობლებს და ატყობინებდა მისი ყოფილი პარტნიორის ურთიერთობის შესახებ, რის შედეგადაც მ.-ს უწევდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა, განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას,“ – ეს პროკურატურის ვერსიაა.
გიორგის გამოძიება ადევნების და უკანონო თვალთვალს ედავებოდა [სსკ-ის 151-ე მუხლის პრიმა ერთი], კონკრეტულად კი, ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და სხვა განზრახ ქმედებებს, რომლებიც სისტემატურად ხორციელდებოდა, იწვევდა დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას და მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დამნაშავედ მიიჩნია და ის 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს მუხლის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გიორგის უზენაესისთვის მიუმართავს – ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
გიორგის ვერსიით, მაია ამბობდა, რომ სიმსივნით იყო დაავადებული, მისგან ფული ისესხა და „ყველანაირი ხერხით ცდილობდა“ ეს თანხა – 1500 ლარი უკან არ დაებრუნებინა.
უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს პროკურორს ბაქარ შიოშვილსაც: „გ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი,“ – იწერებოდა პროკურორი.
„საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – ჩაუწერიათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს განჩინებაში.
კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს აედევნა – მას 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზუგდიდში მცხოვრებ ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს მასთან დაქორწინებას აიძულებდა.
ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია დაზარალებულად მიჩნეულ ქალს. ხატიას თქმით, მერაბი თავდაპირველად ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში გაიცნო, როცა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. მისთვის მერაბს ავტომანქანა გაუჩერებია და სახლამდე გაყვანა შეუთავაზებია.
„…რამდენიმე წლის შემდეგ მ.-ს სახლის მოპირდაპირე მხარეს კვლავ შეხვდა მას, რომელმაც ხელები მაღლა აღაპყრო, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი შემახვედრაო.
დაზარალებულის განმარტებით, იმ დღიდან დაიწყო მ.-მ მასზე ადევნება. მან იცოდა მისი დღის განრიგი და ყველგან ხვდებოდა. ყოველდღე სახლიდან გასვლისა და შემოსვლის დროს ხვდებოდა ქუჩაში, მაგრამ ამისთვის დაზარალებულს ყურადღება არ მიუქცევია, ცხოვრობდა სოფელ ახალსოფელში, მაგრამ, მ.-ს გამო, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს ზუგდიდში… მ.-ს მიზანი იყო მისი ცოლი ან საყვარელი გამხდარიყო და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედა. მას შემდეგ, რაც მ-მ უთხრა, ჩემი უნდა გახდეო, შეეშინდა და მეუღლეს უამბო აღნიშნულის თაობაზე…
სამუშაო ადგილზე მიდიოდა მ. და თანამშრომლების მეშვეობით უგზავნიდა ჩირს, ლობიანს, დაბადების დღეზე ტორტიც მიართვა და მის თანამშრომელს უთხრა, თუ არ გამოართმევდა, ყელს გამოიჭრიდა და თავს მოიკლავდა.
…შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლისთანავე, კვლავ გამოჩნდა და დაიწყო თვალთვალი. მ. მას ასევე უგზავნიდა მობილურ ტელეფონზე შეტყობინებებს, რაც წარუდგინა გამომძიებელს. ყოველივე ამის ნიადაგზე მას შეელახა ჯანმრთელობა და დღემდე მკურნალობს,“ – აღნიშნულია განჩინებაში დაზარალებული ქალის მონათხრობი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბი დამნაშავედ მიიჩნიეს ადევნების და უკანონო თვალთვალის ნაწილში, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მერაბი გამართლდა ქორწინების იძულების ბრალდების ნაწილში.
მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურორ შორენა გვილავას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. მან მ.-სთვის „სამართლიანი სასჯელის შეფარდება“ მოითხოვა და მისი დამნაშავედ ცნობა ქორწინების იძულების ნაწილშიც.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეფასებით კი, ქორწინების იძულება არ დასტურდება.
„დაზარალებულმა ხ-მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მ. მას უთვალთვალებდა და უთხრა, რომ „მისი უნდა გამხდარიყო“, თუმცა დაზარალებულს არ განუმარტავს, რაში გამოიხატებოდა ქორწინების იძულება, რა ფსიქოლოგიური თუ მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას… დაზარალებულ ხ. ხ-ას სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უხსენებია მ. ჯ-ს მიერ ქორწინების იძულების გარემოება, კერძოდ, რომ ეუბნებოდა მისი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა რა დაემართებოდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ. ჯ.-ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ეკა ბესელია: „ხელისუფლება არათუ სჯის დამნაშავეს, თავად არის ეჭვმიტანილი“
„მე ვერ დავინახე სხვაობა: თუ წინა ხელისუფლების დროს ეს ფარული ბრძოლის საშუალება იყო, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს კიდევ უფრო გამძაფრდა და აგრესიულად გამოჩნდა,“ – საკუთარ ხედვას გვიზიარებს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც ფარული კადრების გავრცელების პრობლემაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: ცნობილი ქალების ინტიმური კადრების გავრცელების შემთხვევები ხომ არ უკავშირდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის გაზრდილ მაჩვენებელს?
ეკა ბესელია ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალია, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წელს გაუვრცელეს და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ის „ოცნებას“ და სასამართლოს გავლენიან ფიგურებს დაუპირისპირდა. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ვიდრე ხელისუფლება თავად არის ეჭვმიტანილი“, მნიშვნელობას კარგავს კანონის ჩანაწერი და ვერც კონკრეტულ შედეგზე გავალთ, რადგან ეს ახალისებს ადამიანებს.
„ყველა ასეთი შემთხვევა ახალისებს ამ კატეგორიის დანაშაულს, რადგან ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში, არათუ არ სჯის დამნაშავეს, პირიქით, ეჭვმიტანილია,“ – კატეგორიულია ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას დაკვირვებით, განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების დასამორჩილებლად ყველაზე ხშირად ამ მეთოდს იყენებენ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საყრდენი საზოგადოებაში „გენდერული სტერეოტიპების“ სახით.
„ეს არის დაახლოებით იგივე, რომ მოკლა ადამიანი, ამის ტოლფასია,“ – გვიყვება ეკა ბესელია. – „წარმოუდგენელი ძალისხმევა სჭირდება ადამიანს, რომ ამ მდგომარეობიდან დაუბრუნდე აქტიურ რეჟიმს.
ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა იმ დღეებში და პირად მიმოწერაში საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდა. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს სისტემური პრობლემა იყო.
რასაც ვაკვირდები პოლიტიკაში, ყველაზე ამაზრზენი მეთოდი, რასაც იყენებენ ქალის გასანეიტრალებლად, არის ქალის გენდერული ნიშნით დამორჩილების მცდელობა, რომ ის ქალია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის პირად ცხოვრებაზე. ჩემი მაგალითი ალბათ ყველაზე მკაფიო მაგალითია ამის, მაგრამ დუმილი გამოსავალი არ არის. ეს არის საშუალება, გაგანეიტრალონ.
როგორც კი ეს გავაცნობიერე შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ვიპოვე ძალა, რომ მეთქვა: მე არანაირ ზეწოლას არ დავემორჩილები,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია
ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი იყო ეკა ბესელია, როცა მისი ინიციატივით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება შევიდა და „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდა.
კადრების გავრცელების შემდეგ ეკა ბესელიაამბობდა, რომ კადრები, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების დროს გავრცელდა, წინა ხელისუფლების დროსაა ჩაწერილი და მაშინ იგივე კადრების გავრცელება ვერავინ გაბედა. ბესელიამ მაშინ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ და „შანტაჟის მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს“.
ვინ აგო პასუხი ამ შემთხვევიდან 5 წლის თავზე?
„ვითხოვდი და დღემდე ვითხოვ, რომ გამოვლინდეს პირველწყარო: ვინ იყო დამგეგმავი, ორგანიზატორი. ეს არ გამოვლინდა – როგორც ჩანს, სასამართლოს კლანი მიდის სახელისუფლებო შტოებთან.
ამ მასშტაბის გავრცელებას და დანაშაულის ჩადენას კერძო პირები ვერ შეძლებენ ხელისუფლების გარეშე, ეს გამორიცხულია. თუ კერძო პირები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩადენას, გამოდის, რომ საერთოდ მოშლილია ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა. მეორეა კონტექსტი: როცა მქონდა კონფლიქტი ჩემსავე პარტიასა და სასამართლოსთან, მაშინ ჩნდება ეს უკანონო ჩანაწერი.
მე ვიცოდი ამ ჩანაწერის შესახებ, რადგან წინა ხელისუფლების რამდენიმე პირი გაასამართლეს ამ ჩანაწერის განხორციელებისთვის და ეს ჩანაწერი იდო სასამართლოში, ხელმისაწვდომი იმ პირთათვის, ვისაც ძალაუფლება აქვთ.
დააპატიმრეს 19 ახალგაზრდა, რომლებსაც აღმოაჩნდათ ეს უკანონო ჩანაწერები. შემდეგ მე თვითონ დამჭირდა ჩარევა, რომ ეს ახალგაზრდები გაეთავისუფლებინათ და ვითხოვე, ყველასთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება – არ შეიძლება, ბავშვები ამის გამო ციხეში გაეშვათ. ორგანიზატორთაგან არავინ დაისაჯა.
ამ მეთოდს იყენებენ ამ დრომდე. ბევრი გააჩუმეს კიდეც, რადგან ვხედავთ ყველა, რომ პირველწყარო არ ისჯება, არ აჩვენებს სახელმწიფო, რომ ამ საკითხში შეუვალია,“ – ამბობს ეკა ბესელია „ბათუმელებთან“.
უფლებადამცველს ვუთხარით სასამართლოს დასაბუთების მთავარ არგუმენტზეც, როცა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანებს არ ეხება: ძალადობის მსხვერპლი ქალები მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ხშირად დუმილს ამჯობინებენ. მოსამართლეები კი წერენ, რომ მათ ხელში მტკიცებულება აღარ რჩებათ.
„სადაც არ გაჩუმდნენ და ხმა ამოიღეს, სადაც ძლიერი იყო მტკიცებულებები, იქ რა გააკეთეს? იქ რატომ მოხდა კომპრომისების დაშვება?“ – შეკითხვები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლეებთან.
პოლიტიკოსს საზოგადოების რეაქცია აფიქრებს, განსაკუთრებით, „სუსის ცნობილი ფაილების სკანდალის“ შემდეგ:
„ამას არ მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო… ეს იყო ცუდი სიმპტომი, თითქოს ყველა შეეჩვია, რომ ეს შეიძლება ნორმად იქცეს, რაც ძალიან სახიფათოა.
მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების და ეკონომიკური გაძლიერების გარდა, საჭიროა, ძლიერი საზოგადოება, რომელიც არ პატიობს, პასუხს სთხოვს ხელისუფლებას ასეთ ფაქტებზე. ეჭვიც კი საკმარისია ასეთ დროს, რომ ხელისუფლება თავად შეიძლება იყოს მონაწილე ადამიანების პირადი ცხოვრების თემებით მანიპულირებაში,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.
____
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა.
სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს.
დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი ძეგლის დაცვის ზონაში შენდება, პროექტი ისტორიული სახლის დემონტაჟსაც ითვალისწინებს.
ბათუმი, რუსთაველის #37რუსთაველის #37
სამშენებლო კოდექსი არ უშვებს 381 კვ.მეტრზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. შესაბამისად, კომპანიას არ შეეძლო სამშენებლო ნებართვის მიიღებდა, რომ არა ავარიული სახლების პროგრამა.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განაშენიანების ფართობი 2636.4 კვ.მეტრია, საერთო ფართობი 2229.5 კვ მეტრი, საცხოვრებელი ფართობი 1241 კვ.მეტრი.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიწისქვეშა სართულზე განთავსდება სატუმბი სადგური და წყლის ავზი, ასევე შენობის დამხმარე სათავსოები. მიწისპირა სართულზე ერთი კომერციული სივრცე და საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო.
ნებართვა 2024 წლის 26 თებერვლით თარიღდება.
რენდერი
როგორ გადაწყდა პარკინგის საკითხი?
სამშენებლო მიწის ნაკვეთი 381 კვ. მეტრია. ნაკვეთი ვიწრო და მოგრძო ფორმისაა, ამიტომაც პროექტის ავტორს პარკინგის განსათავსებლად ადგილი არ ეყო.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
„საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობისა და კონფიგურაციიდან გამომდინარე მიწისქვეშა სართულზე და უკანა ეზოში პარკინგის განთავსება შეუძლებელია. საპროექტო მიწის ნაკვეთს ორივე, სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები, რომლის სერვიტუტით დატვირთვაც შეუძლებელია, რათა გამოვიყენოთ სამანქანე გზად უკანა ეზოში მოსახვედრად.
იმ შემთხვევაში თუ საპროექტო მიწის ნაკვეთზე განვათავსებთ უკანა ეზოში მოსახვედრ გზას პარკინგისთვის, ნაკვეთის სიგანე არ იძლევა მანქანის მოტრიალების საშუალებას, რომ უკუსვლით არ მოუწიოს გამოსვლა მანქანას. იმ შემთხვევაში თუ პარკინგს განვათავსებთ მიწისქვეშა სართულზე, ვაწყდებით იგივე პრობლემას, რადგან ნაკვეთის სიგანე არ იძლევა საშუალებას სრული ნორმების დაცვით მოვახერხოთ ერთი პარკინგის ადგილის განთავსებაც კი.
იმ შემთხვევაში კი თუ პარკინგის ლიფტს გამოვიყენებთ, – პირველ სართულზე მანქანის მოსახვედრად ეს შექმნის რუსთაველის ქუჩაზე მანქანების დაყოვნების საშიშროებას. ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ხერხდება კანონის შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილების განთავსება მიწის ნაკვეთზე, ვერც უკანა ეზოში და ვერც მიწისქვეშა სართულზე.“
კომპანიამ მერიას წარუდგინა სქემა, რომელსაც თან დაურთო განმარტება:
„დატანილია მიწისქვეშა სართულზე პარკინგის განთავსებისთვის აუცილებელი პანდუსის გზის სიგანე და მოხვევის რადიუსები, რისი გაბარიტიც ცდება საპროექტო მიწის ნაკვეთის საზღვრებს.“
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის სამშენებლო მიწის ნაკვეთი 3 მესაკუთრეს – ბაჩანა ადამიას, ლუკა დალაქიშვილს და მანუჩარ კონცელიძეს ეკუთვნით.
რეესტრის მონაცემებით, მანუჩარ კონცელიძე სამშენებლო კომპანიების, შპს „ბადა გრუპის“, „ბადა კონსტრაქშენის“, შპს „გლასკოს“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის დირექტორია. ამ კომპანიებს კი ბაჩანა ადამია ფლობს. ლუკა დალაქიშვილი კი შპს „შპს რუფერსს“ ფლობს.
მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი 514 კვ მეტრი ეთერ შამილიშვილს ეკუთვნის. აქ მესაკუთრეს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აქვს. მას სახლის რეკონსტრუქციისა და 2 სართულის დაშენების ნებართვა ჰქონდა მოთხოვნილი. მას უარი უთხრეს.
მერიამ ეთერ შამილიშვილს განუმარტა, რომ პროექტი ისტორიული განაშენიანების რღვევას გამოიწვევდა:
„სამშენებლო მიზნებისათვის წარმოდგენილ კვარტალში, განაშენიანება დახურული და ისტორიულად ჩამოყალიბებული სახეობისაა. შესაბამისად, მისი წარმოდგენილი სახით განვითარება იწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების დარღვევას [ჩნდება წყვეტა ჩამოყალიბებულ დახურულ განაშენიანებაში]. სამშენებლო ტერიტორიის ქალაქგეგმარებისა და სამომავლოდ სამშენებლო განვითარების მიზნებისათვის, საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება, არსებული [დახურული] განაშენიანების შესაბამის დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.“
სახელმწიფო აუდიტმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ეფექტურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს.
რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგი. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, რესურსცენტრებს არ აქვთ განსაზღვრული მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე.
„აღნიშნული კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესების საფუძველია“, – წერს აუდიტი.
მათივე შეფასებით, რესურსცენტრების მიერ სამინისტროსთან წარდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანია, ხოლო მისაღწევი შედეგები არ არის მკაფიოდ გაზომვადი.
„გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტული აქტივობების ამსახველ დოკუმენტს.
კერძოდ, 14 რესურსცენტრიდან 8 რესურსცენტრს ყოველწლიურად შემუშავებული აქვს იდენტური ან თითქმის იდენტური სამოქმედო გეგმა. გაწერილი აქტივობები არის ზოგადი, საპროგნოზო რაოდენობრივი მაჩვენებლისა და მოსალოდნელი შედეგის მითითების გარეშე, თუმცა იკვეთება შემთხვევები, როცა საპირისპირო სურათი გვაქვს“.
აუდიტის შეფასებით, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლებისა და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობისა, „რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს“-წერს აუდიტი.
ანგარიშის მიხედვით, იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას.
მაგალითად, ლენტეხის, ახალქალაქის და მარნეულის რესურსცენტრებში 5-5 თანამშრომელია დასაქმებული, მაშინ როცა ლენტეხის რესურსცენტრზე 11 საჯარო სკოლა და 482 მოსწავლე მოდის, ახალქალაქის რესურსცენტრზე 65 სკოლა და 7 156 მოსწავლე, ხოლო მარნეულის რესურსცენტრზე 74 სკოლა და 19 491 მოსწავლე მოდის.
განსხვავებულია რესურსცენტრების დაფინანსებაც.
ლენტეხი – 10 816 ლარი
ახალქალაქი – 84 510 ლარი
მარნეული – 107 339 ლარი.
აუდიტის შეფასებით, აღნიშნული რესურსცენტრების თანამშრომლების დატვირთვა განსხვავებულია, მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლების და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობის გამო. „დიდი დატვირთვის პირობებში კი, არსებობს რესურსცენტრების ფუნქციების არასათანადოდ და არაეფექტიანად განხორციელების რისკი“.
შესაბამისად, აუდიტი მიიჩნევს, რომ „საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის შეზღუდული ადამიანური რესურსისა და შედარებით მაღალი დატვირთვის პირობებში, კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმის არსებობა განსაკუთრებით აქტუალურია“.
ამავე ანალიზის მიხედვით, აუდიტი აღნიშნავს, რომ სამინისტროს არ აქვს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, რისი არსებობაც ხელს შეუწყობდა რესურსცენტრების მიერ პროცესების ეფექტიან დაგეგმვას და შესაბამისი რესურსის ოპტიმალურ გადანაწილებას.
დღეს, 8 მარტს, ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა.
„გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.
სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.
„ბათუმელებმა“ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, სახლის მეპატრონესთან იუსუფ მიქელაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ დროისთვის მისი ტელეფონი გამორთულია. ინფორმირებული პირების თქმით, ის ამ დროისთვის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე.
ხულოს მუფთის ასლან აბაშიძის თქმით, იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ. თუმცა გარკვეული პირები, მათ შორის ადგილობრივი მღვდელი ცდილობს, რომ „კონფლიქტი გააჩინოს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის“.
„ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს.
რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მოჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები.
დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე.
ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ“, – ამბობს ასლან აბაშიძე.
შეკრებილებმა დღეს მუსლიმების ლოცვის უფლება არ მისცეს
„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ხდება ადიგენში. თუმცა უწყებაში დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ. „არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი.
„ვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის 8 მარტს ჩემს თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევას დღემდე არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ – აცხადებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე.
ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.
კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ პროტესტის გამოხატვა რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.
ბათუმის მერის და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის წინააღმდეგ მოქალაქემ დღესაც გამოაკრა სიმბოლურად საშაურმეზე განცხადებები: „უღირსი მოსამართლე მარიონეტი გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“, და „ბათუმის ზონდერი კორუმპირებული მერი, ხალხის მტერი“.
გასულ წელს ბათუმის მერის წინააღმდეგ განცხადების საშაურმის ვიტრინაზე გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს მერიაში უარი უთხრეს, საშაურმისთვის ტროტუარის ნაწილი გამოეყენებინა.
„შესაბამისი ნებართვის ვადის გასვლამდე მოვარდა მერიის 15 თანამშრომელი და აგვაწიოკეს, მოგვაყენეს მატერიალური და ფინანსური ზარალი, თანამშრომელი ქალი – ლამზირა ხუნდაძე ამ პროცესის ვიდეოს გადაღებას ცდილობდა. მასზე ინსპექციის უფროსმა ინსპექტორმა, ტარიელ გოგიტიძემ იძალადა, ის მობილურის წართმევას ცდილობდა,“ – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.
მას იმავე დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიუმართავს, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების, ან ბოროტად გამოყენების შემთხვევებს იძიებს, თუმცა მოქალაქის თქმით, გამოძიება არ დასრულებულა.
„მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ტარიელ გოგიტიძეს სამსახურში საყვედური გამოუცხადეს… ქალი, ვისზეც იძალადეს, მთელი დღე გამოკითხვაზე იყო. მერე თქვეს, ექსპერტიზა აღარ ღირს, დაგვიანდაო, არადა, ჩალურჯებები ჰქონდა ხელზე. ეს ქალი მე კი არა, თავის სამუშაოს იცავდა. 16 ადამიანი მუშაობდა აქ პირდაპირ და ირიბად, ახლა შეზღუდულად ვმუშაობთ, ის ქალბატონი ვეღარ მუშაობს ჩვენთან.
ეს ადამიანები დადიან ბაზარში, მინდა, ეს ვუთხრა დეპუტატ ზარქუას, რომელსაც უზარმაზარი ხელფასი აქვს და რესტორნებში დადის. სირცხვილი ბაზარში სიარული კი არაა, არამედ ის, რომ ბაზრიდან ცარიელი გამოვდივართ.
ქალთა მოძრაობა 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია კანონში.
ქალთა მოძრაობის განცხადებით, საქართველოში, სადაც სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე ფარული ფორმაა, საქართველოს კანონმდებლობა აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.
„წლებია, ქალთა მოძრაობა ვითხოვთ, შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.
დღემდე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გაუპატიურებად ითვლება ისეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიიღწევა ძალის გამოყენებით, იძულებით ან მუქარით.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული განმარტება დაუსჯელს ტოვებს სექსუალური ძალადობის ბევრ შემთხვევას. ქალთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს, გაატაროს სქესობრივი დანაშაულების რეფორმა, მაგრამ პარლამენტი ჯიუტად თავს არიდებს ამ რეკომენდაციის შესრულებას“- წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.
მოძრაობის განცხადებით, გაუპატიურების მუხლის ცვლილება არის უფლებრივი საკითხი და არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ სურს საქართველოს პარლამენტს კანონით დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და სპეციალიზაცია, პარლამენტი აჯანჯლებს სქესობრივი დანაშაულების რეფორმის გატარებას და ამით აბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას. დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი მმართველი პარტიისაგან, თუ რატომ არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ამ მძიმე დანაშაულისაგან“.
ქალთა მოძრაობა მოითხოვს:
„დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა; შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე. თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობა უნდა დადასტურდეს კონტექსტისა და გარემოებების გამოძიებით“.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდის“ დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თბილისში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულ 3 პირს – 8 წლით, ხოლო 5 პირს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა“, – წერს პროკურატურა.
მათივე ინფორმაციით, დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
„გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო ათწლეულების პროგრესის მიუხედავად, სრული თანასწორობის მიღწევა კვლავაც შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას შეიძლება, 300 წელი დასჭირდეს“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განაცხადების მიხედვით, საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.
„ეს ნაკლებ დროს უტოვებს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის.
ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახები არჩინონ, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა ხშირად არ ისმის პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ გადაწყვეტილების მიღების დროს“ – ნათქვამია განცხადებაში.
ქალთა ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების დანერგვის მიუხედავად, ქალებმა საპარლამენტო მანდატების მხოლოდ ერთი მეხუთედისა და საკრებულოს მანდატების ერთი მეოთხედის მოპოვება შეძლეს.
„საქართველოში ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა თუ შევიწროება საკუთარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.
ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო.
ყველა ქალისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფით, რაშიც დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაც მოიაზრება, ასევე, სამართლიანი ანაზღაურებითა და ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ დასაქმებაში გადმოყვანით, შესაძლებელი გახდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე ქალებისა და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოყვანა.
ამავდროულად, მეტი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებული ქალების მიმართ, რომლებმაც დიდი გამძლეობა გამოიჩინეს და ლიდერების როლები შეითავსეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“ – ნათქვამის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ასევე, „ბრძოლის გააქტიურება ქალი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო პროცესებში მომუშავე ქალების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის წინააღმდეგ.
ჩვენ, ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც სტერეოტიპებს ებრძვიან და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ქალებისა და გოგოების ხმა უფრო მეტად ისმოდეს“.
აღნიშნულ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და
საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის საელჩოები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; დღისით – ზოგან წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10 და 11 მარტს ზოგან შესაძლებელია წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 422 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
ტანკი – 6 706 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 12 798 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 10 375 ერთეული [+25]
MLRS – 1 011 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 704 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 998 ერთეული [+35]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 13 598 ერთეული [+66]
სპეცტექნიკა – 1 656 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
576 თვითმფრინავი
267 ვერტმფრენი
14 658 უპილოტო საფრენი აპარატი
482 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 400 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 234 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 322 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
19 498 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.