უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება: მსჯავრედებული ჯამბულ მ. 16 წელი დარჩება ციხეში.
საუბარია 2021 წლის 3 იანვარს „ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე – ჩხუბის დროს 44 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 27 წლის კაცი დაჭრეს. გარდაცვლილი და დაჭრილი ბრალდებულის მეზობლები იყვნენ.
მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი – ჯამბულ მ. კი, 27 წლისაა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის [108-ე] და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში [19-109-ე] მუხლებით წარუდგინეს.
გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 3 იანვარს „ოცნების ქალაქში“ მდებარე ერთ-ერთ სახლში 4 კაცი „წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა“. ჩხუბის დროს გ.ა.-ს მუცლისა და ზურგის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო სამი ჭრილობა დანით მიაყენეს, თუმცა იგი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, გ.ბ.-ს კი, გულმკერდის არეში მიაყენეს ორი ჭრილობა დანით – ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ამ საქმის განხილვის დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი ამბობდა, რომ საქმე გვქონდა აუცილებელ მოგერიებასთან ფარგლებს გადაცილებით. ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, კონფლიქტი მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ბრალდებულ ჯამბულ მ.-ს რძალმა სასიყვარულო სმს-ები მიიღო – უცნობი კაცი მას შეხვედრას სთხოვდა.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობამდე ბრლადებულს და მის დედა მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „რა დროსაც ჯ. მ-ემ ოთახში მდებარე სამზარეულოს მაგიდაზე არსებული დანის გამოყენებით გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა გ. ბ-ს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება – განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში [სსკ-ის 19-109 მუხლი], გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ამ ნაწილში ჯამბულ მ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, განზრახ მკვლელობის [სსკ-ის 108-ე მუხლი] მუხლით კი, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საბოლოოდ, მსჯავრდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც ორივე მხარემ მიმართა, პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და განაჩენი შეიცვალა – ჯამბულ მ. დამნაშავედ მიიჩნიეს, როგორც განზრახ მკვლელობის, ისე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში მუხლებით.
მსჯავრდებულს ამჯერად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
„საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ჯ. მ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია] და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ეს განჩინება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: მერაბ გაბინაშვილმა [თავმჯდომარე], შალვა თადუმაძემ და ნინო სანდოძემ მიიღეს.






