მთავარი,სიახლეები

„აპირებენ ქობულეთი ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში

12.08.2024 •
„აპირებენ ქობულეთი ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში

როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე? – „ბათუმელები“ აქ პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს ესაუბრა.

ქობულეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, სრულად დაკომპლექტდა თუ არა მათი შტაბები, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რა პრინციპით ხვდებიან მოქალაქეებს, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას.

„პირველ რიგში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო უბნების გამაგრება სანდო, პროფესიონალი ჩვენი მხარდამჭერებითა და იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ცესკოს გამოცდები ჩაბარებული. ჩვენ ვეძებთ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან. ვგულისხმობ უბანზე პარტიის წარმომადგენლებს, ასევე დამკვირვებლებს, კოორდინატორებს და კომისიის წევრებს. კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი როლი ამ საქმეში.

იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ იმის თავიდან აცილებას, რასაც „ქართული ოცნება“ გარდაუვალად შეეცდება საარჩევნო უბნებზე, ანუ გაყალბებას. ამის პრევენციის მიზნით საარჩევნო უბნები უნდა იყოს დაცული”, – გვეუბნება ლაშა კომახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ქობულეთის საკრებულოში.

მისი თქმით, პარტიის შტაბის ჩამოყალიბებას მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი კვირის წინ მორჩნენ და ახლა მოსახლეობასთან შეხვედრებს გააქტიურებულად მართავენ, თუმცა შეხვედრების გამართვისთვის წინასაარჩევნო პერიოდს არ დალოდებიან და მათთვის ამ პროცესს სისტემური სახე აქვს.

„როცა საარჩევნო კამპანია იწყება, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ მოსახლეობა, რაც პოლიტიკის მანკიერი მხარე მგონია. ჩვენ თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ გვქონდა გასვლები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ახლა აქტიურ ფაზაში გადავედით.

ჩვენ ვსწავლობთ მოქალაქეების პრობლემებს. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი საკმაოდ ჭრელია სხვადასხვა თვალსაზრისით და მოსახლეობის პრობლემებიც განსხვავებულია. მაგალითად, ახლა, ტურისტულ სეზონზე, არამხოლოდ სოფლებს, არამედ ქალაქის რაღაც ნაწილსაც აწუხებს წყლის პრობლემა. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ამ საკითხს და მომდევნო კვირაში აუცილებლად გვექნება ბრიფინგი, თუ რამდენი დაიხარჯა მუნიციპალიტეტში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მაშინ როცა, დღეს იმ შედეგს ვერ იღებს ხალხი, რასაც უნდა იღებდეს”, – ამბობს ლაშა კომახიძე.

როგორც მისგან ვიგებთ, პარტია ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ პრინციპით მართავს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ასე უფრო მარტივია პრობლემების იდენტიფიკაცია და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ოპოზიციური პარტიების აქტივობებში აქტიურად და ღიად ჩართვას ერიდებიან:

„ამის გამომწვევი მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელსაც ყველა მოქალაქეზე პირადი სახის ინფორმაცია აქვს. ამ ყველაფერში ხელს უწყობთ ე.წ. რუსული კანონიც, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რომლითაც, ფაქტობრივად, ყველა ბერკეტს იტოვებენ, რათა აკონტროლონ ადამიანის პირადი ცხოვრების ნებისმიერი ანარეკლი…

ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს თქვენზე, გამოვიყენებთო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გყავთ ოჯახში პატიმარი. აი, პატიმარს გავუხანგრძლივებთ სამსჯავრო პერიოდს და არა ერთ წელიწადში, არამედ გამოვა სამ წელიწადში. თუ გინდათ, რომ გამოვიდეს ეს ადამიანი გარეთ, მაშინ თქვენი ოჯახიდან უნდა მოგვცეს 10 ადამიანმა ხმა… თქვენი შვილი თუ კომისიაში იქნება ან სხვა სახის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის თუ სხვა ოპოზიციური პარტიის, ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ სამსახურიდან თქვენს რძალს, რომელიც მუშაობს ბაღის პედაგოგად და ა.შ…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუსის ეს მანკიერი სისტემა, რომელიც დანერგილია უკვე წლების განმავლობაში საქართველოში, თითოეული მოქალაქის ოჯახში შედის და თუ შეატყობს, რომ აქვს განსხვავებული შეხედულება და არა რუსული, როგორც „ქართულ ოცნებას“, მაშინვე ამ ხალხის „დამუშავებაზე“ გადადიან.

ვინც სოციალურად დასაქმებულები ჰყავთ, სოციალური დახმარება აქვთ, მათთვის სოციალური დახმარების მოხსნა – არ მოხსნის საკითხს აყენებენ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია – ხელისუფლება, რომელიც სოციალურად დაუცველი ხმებით ვაჭრობს, რა დონეზეა დასული და რისი კადრება შეუძლია“.

ლაშა კომახიძის თქმით, მოსახლეობასთან დიდი შეხვედრების გამართვის შემთხვევაში, სადაც ერთობლივად შეხვდებოდნენ ერთი სოფლისა თუ თემის მოსახლეობას, გამორიცხულია დაიმალოს ვინ ესწრებოდა შეხვედრას:

„ყველა ვარიანტში იგებს ამას სუსი, მივა მოქალაქესთან და გამოუძებნის რაიმე მიზეზს დასამუქრებლად… მოქალაქეები გვეუბნებიან – „კი, მე ვარ თქვენი ამომრჩეველი, იდეოლოგიურად თქვენ გეთანხმებით, ვეთანხმები თქვენს პოლიტიკურ მსოფლმხედველობას და ნამდვილად მინდა „ქართული ოცნების” შეცვლა, მაგრამ ვერ ვიაქტიურებ, ვერ წამოვალ შენთან კოორდინატორად, ვერ დაგიდგები გვერდში შეხვედრებზე, ვერ ვიქნები შენი მძღოლი, ფოტოგრაფი და ა.შ.“. ჩვენთან ურთიერთობას თავს არიდებენ და ასეთი შემთხვევები ხშირად გვაქვს“.

ჩვენთან საუბრისას ლაშა კომახიძე ქობულეთელების ძირითად პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

„წყლის მიწოდების მიმართულებით ქობულეთის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა. საუბარია სასმელი წყლის პრობლემაზე. თუ მოდის წყალი, მოდის გრაფიკით და არ მიეწოდება ხალხს ისე, როგორც უნდა მიეწოდებოდეს. ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მოდის და ხალხს ამ სიცხის ფონზე უწევს წყაროებიდან წყლის მოზიდვა.

ჩვენ გვქონდა მაგალითი, როცა სოფელ ბობოყვათსა და სოფელ მუხაესტატეს ერთ უბანში წყლის ანალიზი გავაკეთეთ სამხარაულის ექსპერტიზის დახმარებით, რამაც აჩვენა, რომ წყალი იმდენად დაბინძურებულია, ფეკალურ მასებსაც შეიცავს და არა თუ დალევა, მისი საყოფაცხოვრებო კუთხით გამოყენებაა შეუძლებელი, არამედ, შეუძლებელია ამ წყალზე სარეცხი მანქანის თუ სხვა ტექნიკის მუშაობა. წყალს რომ შეხედავ, უკვე ხვდები, რომ მისი დალევა კი არა, ხელის დაბანაც შეუძლებელია.

პრობლემურია გაზიფიცირების საკითხიც… ჩვენს მუნიციპალიტეტში 13-მდე სოფელია, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, რაც კორუფციის და [მმართველი გუნდის] უუნარობის შედეგია…

პრობლემაა ინფრასტრუქტურა. აუცილებლად უნდა ვახსენო უკანონო მშენებლობებიც, კორუფცია, გარიგება კონკრეტულ ბიზნესმენებთან, რაც “ქართულ ოცნებას” ახასიათებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში რა მიმართულებითაც არ უნდა გაიხედოთ, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკანონო მშენებლობაა: ეს იქნება პლაჟზე აშენებული რესტორნები, საცხოვრებელ სახლებზე დადგმული რესტორნები და ა.შ. არანაირი კოეფიციენტის დაცვა, არავითარი ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მიყოლა, ქალაქის იერსახის მოფრთხილება. ქობულეთს უპირებენ, რომ ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ…” – გვეუბნება ლაშა კომახიძე.

ინტერვიუს დასასრულს, მან გვითხრა, რომ არ აქვთ ფლაერებზე დაბეჭდილი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებდნენ, თუმცა კარგად ხედავენ, რა უჭირს მოსახლეობას ქობულეთში:

„ჩვენ ვხედავთ თვალნათლივ, რა უჭირს მოქალაქეს. ამ ხალხის დღის წესრიგშია ძალიან, ძალიან სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა. მოქალაქეებს ჩვენს თვალწინ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის.

ჩვენ ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და საქართველოს ექნება გაზრდილი ეკონომიკური ნიშნული. ეს იქნება ჯანდაცვის, განათლების, პენსიების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს გამოყოფილი პროგრამა პენსიონერებისთვის. უნდა ჩამოიწეროს ვალები, რაც ძალიან, ძალიან დიდი პროცენტითაა დაბეგრილი და ახრჩობენ პენსიონერ ხალხს პროცენტებში. ჩვენ ვპირდებით ხალხს, რომ საპენსიო რეფორმა იქნება დაბალანსებული და პენსია იქნება ღირსეული ყველა მოქალაქისათვის“.

ლაშა კომახიძე

ია მესხიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ გვეუბნება, რომ მოსახლეობას სისტემატურად ხვდებიან და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ:

„მივდივართ ოჯახებში, ვხვდებით რამდენიმე ოჯახს ერთად, შეხვედრა შეიძლება შედგეს ქუჩაში… ყველა მეთოდს ვიყენებ, რაც მაძლევს საშუალებას შევხვდე მოსახლეობას და ვესაუბრო, თუნდაც ერთ რომელიმე საკითხზე, თუნდაც ერთი პრობლემა წამოვწიო წინ ან იმ ერთი პრობლემის გადაჭრაში დავეხმარო… ხანდახან თვითონაც გვეპატიჟებიან, რომ ადგილზე გვანახონ პრობლემა, მის გადაჭრაზე დავიწყოთ მუშაობა… მოდუნების საშუალებას თავს არ ვაძლევთ.

ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, რა თქმა უნდა, მისი სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც მე, საკრებულოს წევრს, მაქვს ჩემი გეგმა. მინიმუმ 8-10 შეხვედრა მაინც მინდა გავაკეთო თვის განმავლობაში და ჩემს რაოდენობას არ ჩამოვრჩები ხოლმე.

ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი სამომავლო მიზნები, ხედვები. დავანახოთ ამ მიზნების და გეგმების შესრულების შესაძლებლობები და ის, რომ ტყუილად არ ვიძლევით დაპირებებს…”, – გვეუბნება ია მესხიძე.

მან გვითხრა, რომ მათი პარტიის ოფისი ამ თვის ბოლოს გაიხსნება ქობულეთში და შტაბის წევრებსაც წარადგენენ.

„ჩვენი შტაბის დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია. ძირითადად, უკვე გვყავს შერჩეული კანდიდატები, ვისთანაც საარჩევნო პროცესში აქტიური თანამშრომლობა გვექნება და მათ მალე წარვადგენთ. თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანთან კიდევ გვჭირდება კომუნიკაცია რაღაც საკითხების დასაზუსტებლად.

წინა არჩევნების პერიოდში ჩვენი შტაბი მუშაობდა აბსოლუტურად გუნდურად. რა თქმა უნდა, შეხვედრები გვექნება შტაბის ახალ წევრებთან და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ მათ“.

ია მესხიძე მოსახლეობის მიერ დასახელებულ ძირითად პრობლემებზეც გვესაუბრა. ქობულეთელების უპირველეს პრობლემად ისიც სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს.

„სოფლებში არ გვაქვს სასმელი წყალი, მათ შორის ჩემს სოფელშიც. სოფელი ლეღვა, სოფელი მუხაესტატე შემიძლია დავასახელო, სადაც წყალს სუნი და საშინელი გემო აქვს, სარეცხისთვისაც კი არ გამოიყენება. მოსახლეობა მუდმივად დამოკიდებული იყოს ნაყიდ წყალზე, საკმაოდ დიდი პრობლემაა… ჭაბურღილები კეთდება ფილტრის გარეშე. არის სოფლები, სადაც წყალი მოგვეწოდება, მაგალითად ჩემი სოფელი, მაგრამ აქ წყალი სასმელად უვარგისია. არის სოფლები, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება… ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, განსაკუთრებით ზაფხულში, იმიტომ, რომ რამდენის შენახვა შეიძლება, როცა ოჯახში მოხუცია, ბავშვია…

დიდი პრობლემაა ქობულეთში უხარისხოდ დაგეგმილი და შესრულებული პროექტები. ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად, გამოვყოფ გზის მოპირკეთებას.

ყველას უხარია სოფელში გზის გაკეთება, ყველას მოგვწონს მოასფალტებული გზა, მაგრამ გზები კეთდება სანიაღვრეების გარეშე. ყველა დიდ წვიმის დროს, ქუჩის წყალი, პირდაპირი მნიშვნელობით, რეცხავს მოსახლეობას.

ჩაირეცხება ხოლმე პირველი სართული და საძირკველი. სოფელი წყავროკა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, სადაც რამდენჯერმე ვიყავით მისულები. აქ წვიმის პერიოდში ორი ოჯახის საძირკველი ირეცხება… ეს ოჯახები თანახმა არიან თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთი დათმონ სანიაღვრე არხის გასაკეთებლად, მაგრამ ამაზე მერიას დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია…

ჯერ მოპირკეთდება გზა, შემდეგ ხდება თავიდან მისი ამოყრა, იმიტომ, რომ საკანალიზაციო მილია გასაკეთებელი ან წყლის არხი არ ყოფილა სწორად გაყვანილი… ასეთი არათანმიმდევრული სამუშაოები იწვევს ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯების გაწევას.

ია მესხიძე

ქობულეთში ძალიან ხშირია ფერდობის ჩამოშლის შემთხვევა. ცხადია, ვერც მერია და ვერც ვერავინ ფერდობის ჩამოშლის პროცესს ვერ შეაჩერებს… მაგრამ ტონობით მიწა იყრება ხოლმე ეზოებში და ამ მიზეზით, წლობით დგას მოსახლეობა რიგში, მათი ჯერიც რომ მოვიდეს და მათთანაც ჩატარდეს ფერდის გასამაგრებელი სამუშაოები… მაგალითად, ორი წელია დგას სოფელ კონდითში გიორგაძეების ორი ოჯახი რიგში. ერთს ეშლება გზა და როგორც კი გზა ჩამოვარდება, შემდეგ უკვე სახლი იწყებს დაშლას. მეორესთან ფერდობი პირდაპირ სახლთან ახლოს ვარდება”, – გვითხრა ია მესხიძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი საკითხი ყურადღების მიღმა მერიის მხრიდან იმიტომაც რჩება, რომ ესა თუ ის საკითხი დაყენებულია ოპოზიციური პარტიის მიერ:

„ხანდახან თვითონაც ხედავენ და აღიარებენ, რომ პრობლემა ნამდვილად დგას, მაგრამ რაკი საკითხი დასმულია ოპოზიციის მიერ – არ ხდება ხოლმე რეაგირება.

ბევრი მოქალაქე იკავებს თავს ჩვენთან ღიად შეხვედრისგან. მობილურითაც არ გვეხმიანებიან, შეიძლება ისმინებოდეს ტელეფონიო. სოციალური ქსელებით გვწერენ ხოლმე თავიანთ პრობლემებზე. გვიდასტურებენ მათ მხარდაჭერას და იმასაც გვეუბნებიან – თქვენი წასვლის შემდეგ გვსტუმრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, რომ თქვენს ახლობლებს დავტოვებთ უმუშევარს, შეგექმნებათ საფრთხე სამსახურებში და ა.შ..

ეს პრობლემა წინა არჩევნების დროსაც იდგა, მაგრამ მოსახლეობამ თავისი ნება მაინც გამოხატა.

მე ძალიან მჯერა ქართველი ამომრჩევლის. ეს არის საღად მოაზროვნე ამომრჩეველი, რომელმაც ყველაზე კარგად ნახა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების შემოთავაზებული „სიკეთეები“, დაწყებული რუსული კანონიდან. ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა ია მესხიძემ ინტერვიუს ბოლოს.

„ბათუმელები“ პარტია „ლელოსაც“ დაუკავშირდა. პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად ქობულეთში მიმდინარეობს „ლელოს“ რამდენიმე აქტიურ წევრთან მოლაპარაკება, თუ ვინ უხელმძღვანელებს პარტიის შტაბს.

ამავე თემაზე:

„ოცნების კოორდინატორიც კი იძახის, არ ვუჭერ ამათ მხარსო“ – როგორ ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: