მთავარი,სიახლეები

რამდენად უსაფრთხოა ბათუმში საჰაერო ბურთით გასეირნება – ახალი სერვისი ბულვარში 

14.08.2024
რამდენად უსაფრთხოა ბათუმში საჰაერო ბურთით გასეირნება – ახალი სერვისი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე ახალი ტურისტული გასართობი სერვისი გამოჩნდა. ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს საჰაერო ბურთით გასეირნებას სთავაზობენ.

საჰაერო ბურთი ბათუმში თურქულ-ქართულმა კომპანია „ბათუმი ბალონმა“ შემოიტანა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი თურქი პარტნიორები კაბადოკიაში მუშაობენ, ბათუმში კი სატესტოდ ჩამოიტანეს საჰაერო ბურთი.

„თუ გაამართლებს, უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნუგზარ მსახურაძემ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად უსაფრთხოა ახალი სერვისი, რომელსაც „ბათუმი ბალონ“ მოქალაქეებს სთავაზობს.

„სერტიფიცირებული პილოტი გვყავს ჩამოყვანილი კაბადოკიიდან. გვინდოდა უსაფრთხოება გვქონოდა დაცული. ორი თვე დაგვჭირდა ნებართვების მისაღებად. გაწერილია უსაფრთხოების წესები, რომელსაც მკაცრად დავიცავთ.

შეგვიძლია პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გაჩვენოთ,“ – გვითხრა ნუგზარ მსახურაძემ.

მოგვიანებით მან პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გვაჩვენა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საჰაერო ბურთის ოპერირებისათვის რვა ადამიანია საჭირო. ბურთი მიწიდან 100 მეტრზე ადის და ჰაერში 20 წუთის განმავლობაში ჩერდება.

საჰაერო ბურთში ერთდროულად 12 ადამიანი შეიძლება მოთავსდეს. ერთი ადამიანს ამ სერვისით სარგებლობისთვის 100 ლარის გადახდა მოუწევს.

საჰაერო ბურთი ბათუმში ჭაჭის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ამ ტერიტორიის გამოყენებას კომპანია სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესი გაამართლებს, აეროპორტის დასახლებაში აპირებენ საჰაერო ბურთის გადატანას.

საჰაერო ბურთი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: