რკინის თაღში მერიამ 128 ათასი ლარი დახარჯა – რატომ მიბაძა ბათუმს ქობულეთმა

ლითონის კონსტრუქცია ქობულეთშიც გამოჩნდა. წლის დასაწყისში რკინის  მსგავსი კონსტრუქციები ჩადგეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერშიც.

ლითონის კონსტრუქცია, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში „პერგოლით“ არის მოხსენიებული, ქობულეთის ბიუჯეტს 61 012 ლარი დაუჯდა. ჩაქვში მდებარე სკვერში, ქობულეთის მერიის დაკვეთით, სულ 10 პერგოლა ჩადგეს. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სკვერის შემთხვევაში კი, 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაიდგა – 128 008 ლარად.

ბათუმის და ქობულეთის მერიებში ვერ ამბობენ: ვინ გადაწყვიტა, რომ ლითონის კონსტრუქციები იყო საჭირო ბაგრატიონის ქუჩაზე, ან ქობულეთში, ჩაქვში რეაბილიტირებულ სკვერში, რომელიც გუშინ, 13 მარტს მოინახულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მერთან ერთად?

ლითონის კონსტრუქცია ქობულეთში მდებარე სკვერში
ლითონის კონსტრუქცია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სკვერში

ქობულეთის მერიისგან ასევე გვაინტერესებდა იმის გაგება, თუ რატომ დასჭირდათ ბათუმში ჩადგმული ლითონის კონსტრუქციის კოპირება? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა დღის ბოლომდე ეს პირობა ვერ შესრულდა.

2024 წლის თებერვალში, როცა „ბათუმელებმა“ მოამზადა ინფორმაცია ბაგრატიონის ქუჩის სკვერის რეაბილიტაციის შესახებ, ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ ლითონის კონსტრუქცია მხოლოდ დეკორაციული თაღია, ღამით ნათდება და მას აღარაფერი დაემატება. ადგილზე შემხვედრმა მოქალაქეებმა კი თქვეს, რომ სკვერის რეაბილიტაცია ახარებთ, მაგრამ ვერ გაუგიათ, რა დანიშნულება აქვს, ან რატომ ჩადგეს მწვანე ზოლში ამდენი რკინის კონსტრუქცია ერთად.

„კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოქალაქეთა ნაწილის ვერსიით, ლითონის კონსტრუქციაზე ყვავილებს გაუშვებენ, თუმცა მსგავსი პირობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. პერგოლა ლითონის მილებია და გადახურული არ არის. მას საჩრდილობლის ფუნქცია არ აქვს და ვერც წვიმის დროს შეაფარებთ თავს.

სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით, ბათუმის და ქობულეთისთვისაც საპროექტო დოკუმენტაცია ერთი და იგივე კომპანია „არტ იდეას“ მოუმზადებია. ამ კომპანიას ჩაუსვამს პროექტში „პერგოლა“. მერიებში არ სურთ განმარტონ: როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა ფორმით არიან ამაში ჩართულები სპეციალისტები, მოქალაქეები?

ქობულეთის სკვერზე კომპანია „ჯორჯიან სტოუნ“ მუშაობდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 198 559 ლარია. ბათუმის შემთხვევაში კი, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია კომპანიამ „მონოლოთი 2005“ იმუშავა. სამუშაოები ჯამური ღირებულება 1 940 285 ლარია.

ამ თემაზე:

„კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად 

ნარკოტიკი კლავს – დედების აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე დედების აქცია გაიმართა.

“ნარკოტიკი კლავს”, “გადაგვირჩინეთ შვილები,” “ნუ გაჩუმდები” – მსგავსი შინაარსის პლაკატები ჰქონდათ დედებს გამოტანილი აქციაზე.

“ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების მშვიდობიან, ჯანმრთელ, ჯანსაღ გარემოში ყოფას. დღეს ყველა მედია საშუალებით, ყოველდღე ვისმენთ ძალიან ბევრი ახალგაზრდის, ბავშვების მოწამლვლას ამ საშინელი ნივთიერებებით. ჩვენი აქცია სწორედ ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს ეხება. დედების აქციაა დღეს.

ხელისუფლებას ვთხოვთ, მოვითხოვთ გამოავლინოს, ნუ მფარველობს ადამიანებს ვისაც შემოაქვს ეს. იყოს გაცხადებული შემომტანიც და მფარველიც.  ჩვეულებრივი ადამიანი, რომ ამას [ნარკოტიკს] ვერ შემოიტანს ხომ ვიცით?

ვითხოვთ ხელი შეუწყონ ჩვენი შვილების ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჩვენ არ გვეშინოდეს ჩვენი შვილების გარეთ გამოშვება,” – უთხრა “ბათუმელებს” ენმ-ის წევრმა ასმათ დიასამიძემ.

აქცია ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო დაორგანიზებული.

დედების აქცია ბათუმში

სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ

„უნდა ევაჭრონ მსესხებლები ბანკს და საუკეთესო პირობა წამოიღონ“ – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა?

„მსესხებელმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში,“ – განმარტავს გიორგი კეპულაძე და იმ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2 მილიონამდე ადამიანს ბანკის სესხი ჰქონია. მათ უმრავლესობას კი, ე.წ. ფიქსირებული სესხი აქვს.

„ბათუმელებმა“ გიორგი კეპულაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, ვის ეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება? რა შეიძლება მოითხოვონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ე.წ. ფიქსირებული სესხი აქვთ? 

უკვე მესამე სხდომაა, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. შეიძლება ითქვას, არბილებს მონეტარულ პოლიტიკას. იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ცვლად, ანუ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი, მათ ავტომატურად, მეორე დღიდანვე შეუმცირდებოდათ სესხზე საპროცენტო განაკვეთი. ისინი ყოველთვიურად უფრო ნაკლებს გადაიხდიან.

ეს ინფორმაცია მსესხებლებმა შეიძლება ნახონ საკუთარი ხელშეკრულების პირველივე გვერდზე. სესხი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში ლარში გაცემული და მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ეს სიახლე არ მოქმედებს.

თუ მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ლარის რესურსი უფრო ძვირი ღირს, თუ დაბალია, გამოდის, რომ ლარის რესურსი უფრო იაფია. ჯამში ეს აისახება საბოლოო საპროცენტო განაკვეთზე.

ვისაც აქვს ფიქსირებული განაკვეთი – ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი, იპოთეკური სესხი, მათაც შეუძლია მოითხოვონ საპროცენტო განაკვეთის შემცირება, თუმცა, პირველ რიგში, უნდა შეხედონ ბანკთან გაფორმებულ საკუთარ ხელშეკრულებას: რა პირობებით აქვთ აღებული სესხი, არსებობს თუ არა საპროცენტო განაკვეთის შემცირების რესურსი.

  • ფიქსირებული სესხის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვონ ადამიანებმა საპროცენტო განაკვეთის შემცირება? 

დიახ. ამას აზრი აქვს გრძელვადიან, იპოთეკურ სესხებზე. სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დაწიოს. სამომავლოდ ვინც აიღებს სესხს, მას, ბუნებრივია, მოუწევს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რადგან ლარის რესურსი გაიაფდა. იმ 185 ათას ადამიანს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური გადასახდელი ავტომატურად, ასევე მათ, ვინც აიღებს სესხს ლარში, მას შედარებით ნაკლების გადახდა მოუწევს, ვიდრე 6 თვის წინ, ან ერთი წლის წინ.

თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ფიქსირებული სესხი აქვს.

  • არის დათვლილი, რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში სესხი? 

„კრედიტინფო საქართველოს“ ბოლო მონაცემებით, გასული წლის ბოლოს, 2 მილიონამდე ადამიანს სხვადასხვა ტიპის სესხი ჰქონდა საქართველოში. ძირითადი, რა თქმა უნდა, საბანკო სექტორია, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხი, ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში აღებული სესხი. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია ამდენი სესხი.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს ვადაგადაცილების რაოდენობას – დაახლოებით 367 ათას ადამიანს აქვს 30 დღეზე და მეტი ვადით სესხზე ვადის გადაცილება. გამოდის, რომ დაახლოებით 10 %-ს აქვს 30 დღეზე და მეტი დროით ვადის გადაცილება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში.

გიორგი კეპულაძე
  • თუმცა ბოლო პერიოდში მცირდება რეფინანსირების განაკვეთი და იაფდება სესხი. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უპირატესობა მსესხებელმა აღარ უნდა მიანიჭოს ე.წ. ფიქსირებულ სესხს? 

უნივერსალური რჩევა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც უნდათ იცოდნენ ზუსტად, კონკრეტულად რა გადასახადი ექნება თვეში კონკრეტული წლების მიხედვით.

ტენდენცია კი არის შემცირების, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის ისეთი მყიფე ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. გრძელვადიან სესხებზე რთულია ამის განსაზღვრა, როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი წლების შემდეგ, როგორი იქნება საშუალო საპროცენტო განაკვეთი.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს იმასაც, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის იანვარში 5.8 %. 

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც იწვევს რეფინანსირების შემცირებას, ეს არის დაბალი ინფლაცია. 2021 და 2022 წლებში გვქონდა ორნიშნა, ანუ საკმაოდ მაღალი ინფლაცია. შესაბამისად, ფასებმა ამ დროს მნიშვნელოვნად მოიმატა.

შემდეგ უკვე საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე, 2023 წელს ინფლაცია გვქონდა დაბალი სამიზნე მაჩვენებელზე. წელსაც იგივე ტენდენცია გრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები შემცირდა – ფასები იმდენად გაიზარდა იმ ორ წელიწადში, რომ მეტი ზრდა აღარ მომხდარა. ეს მოცემულობა აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, ანუ გააიაფოს ლარის რესურსი, რაც თავისთავად გამოიწვევს სასესხო პორტფელის ზრდას.

ბანკი, როგორც წესი, თავად სთავაზობს მოქალაქეს ორ პირობას, რომ აი, იქნება ეს სესხი ფიქსირებული, თუ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული. მოქალაქეებს თავისთავად შეუძლიათ ინდივიდუალურად დათვალონ და მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ფინანსური რისკიც თავად უნდა აიღონ საკუთარ თავზე. უნივერსალური რჩევა არ არსებობს.

მოკლევადიან სესხებზე სჯობს, რომ იყოს ფიქსირებული განაკვეთი. გრძელვადიან სესხებს რაც შეეხება, ასეთი სესხები, როგორც წესი, გარკვეული პერიოდი არის ფიქსირებული, შემდეგ – რეფინანსირებაზე მიბმული.

მოკლევადიან სესხებზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთი შეიცვალოს, რადგან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. რაც შეეხება გრძელვადიან სესხებს, აქ მსესხებლებმა უნდა გადახედონ საპროცენტო განაკვეთებს, რა საპროცენტო განაკვეთით ჰქონდათ სესხი აღებული.

გრძელვადიანი სესხი შემთხვევაში 0,5 და 1 %-ით ცვლილებაც კი, მათ მისცემს მნიშვნელოვან შედეგს. ამიტომაც, მომხმარებლებმა უნდა ნახონ ხელშეკრულება, რაც აქვთ ბანკთან გაფორმებული, ნახონ როგორი საპროცენტო განაკვეთია და მოსთხოვონ ბანკს უკეთესი პირობა.

  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 %-მდე შემცირდა. როცა მოქალაქეს ფიქსირებული სესხი აქვს გაცილებით მაღალ პროცენტად აღებული, რა შეიძლება მოითხოვონ? 

საშუალო საპროცენტო განაკვეთი დღეს არის 10.5 – 11% იპოთეკურ სესხებზე. მოსალოდნელია, რომ ეს განაკვეთი დაიკლებს. თუ 11 %-ად აქვს, მაგალითად, ადამიანს სესხი, დიდად ვინმე ამას დაუწევს-თქო, რომ ვთქვა, ამის ნაკლები მოლოდინი მაქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება გაცილებით მაღალ პროცენტად ჰქონდეთ სესხი აღებული. ასეთ დროს ადამიანმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში.

  • ანუ ბანკს მსესხებელმა უნდა აგრძნობინოს კონკურენცია? 

რა თქმა უნდა, უნდა ევაჭრონ ბანკს და თავისთვის საუკეთესო პირობა წამოიღონ. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად არის ეს დასათვლელი. თუ ექნებათ ამის საჭიროება, შეუძლიათ ჩვენს ორგანიზაციასაც მიმართონ – „საზოგადოება და ბანკები“. ჩვენ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შეგვიძლია რჩევა უფასოდ მივცეთ ადამიანებს. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ფეისბუქგვერდზეც.

  • ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. რამდენად რეალურია ეს მაჩვენებლები და ხომ არ უკავშირდება იმას, რომ საარჩევნო წელია და ხელისუფლება ამ გზით შეიძლება ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობდეს, არჩევნების შემდეგ კი, შეიძლება ბანკის სესხი ისევ გაძვირდეს? 

მთავარი განმსაზღვრელი, რაც არის რეფინანსირების განაკვეთის დადგენისას, ესაა ინფლაციის დონე და მოლოდინები. როგორც ჩვენ ეროვნული ბანკის პრესრელიზში ვკითხულობთ, შემცირებულია ინფლაციური მოლოდინები. შესაბამისად, ამან მისცა საშუალება ეროვნულ ბანკს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეემცირებინა.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეროვნული ბანკი იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მით უმეტეს საარჩევნო კამპანიისგან და ხელს არ უწყობდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რადგან ეს დააზიანებს ქვეყანას.

მე იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები იქნება დამოუკიდებელი და ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, ფასების სტაბილურობაზე.

ლარსიდან 18 მილიონი რუსული რუბლი მალულად შემოჰქონდათ, რომელიც საბაჟოზე ჩამოართვეს 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

„გაგვითვალისწინეთ, ნუ ჩაგვიხერგავთ ტროტუარებს“- 5 ქუჩის მონიტორინგი ბათუმში

საინიციატივო ჯგუფი „გამითვალისწინე“ ბათუმის ქუჩების მონიტორინგს იწყებს.

აქტივისტები ამოწმებენ, რამდენად ადაპტირებულია ქუჩები და ტროტუარები ეტლით მოსარგებლე და სხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის.

„ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ნიკო ქარცივაძეს ესაუბრა.

„ბათუმში გადაადგილება შშმ პირებისთვის ძალიან რთულია, რადგან თითქმის ჩახერგილია ტროტუარები ავტომანქანებით და ეტლით მოსარგებლე პირებს აღარ ეძლევათ უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ძალიან ხშირად ავტომანქანები დგას ავტობუსის გაჩერებებზე, რის გამოც ავტობუსის მძღოლი ვეღარ ახერხებს ტროტუართან ახლოს მისვლას და პანდუსის გაშლას, ეტლით მოსარგებლე დაბრკოლებების გარეშე რომ ავიდეს ავტობუსში.

„გამითვალისწინეს“ მონიტორინგი მელიქიშვილის ქუჩაზე/ ბათუმი, 14 მარტი.

ხშირად არც ავტობუსის მძღოლებს აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ გაუწიონ სწორად დახმარება შშმ პირებს, რომ ტროტუართან ახლოს უნდა დააპარკინგონ ავტობუსი და ასე შემდეგ, ამიტომ ასეთ საკითხებზე ავტობუსის მძღოლებს სამდღიანი ტრენინგი ჩავუტარეთ და ვფიქრობ, მოჰყვება შედეგი“, – ამბობს ნიკო ქარცივაძე.

პროექტის კიდევ ერთი აქტივობა მოიცავს ქუჩების მონიტორინგს.

აქტივისტებმა სულ ცოტა ბათუმის ხუთი ცენტრალური ქუჩა უნდა შეისწავლონ და გადაამოწმონ, რამდენად არის დაცული ამ ქუჩებსა და ტროტუარებზე შშმ პირთა გადაადგილების უფლება.

დღეს, 14 მარტს, აქტივისტებმა მელიქიშვილის ქუჩის მონიტორინგი ჩაატარეს.

ავტომანქანებით ჩახერგილი მელიქიშვილის ქუჩა ბათუმში.

„კამპანია წამოვიწყეთ – „არა, ტროტუარების ოკუპაციას“, რომლის ფარგლებშიც გვაქვს ხუთი ქუჩა აღებული – ნინოშვილი, მელიქიშვილი, რუსთაველი, ბარათაშვილი და გორგილაძის ქუჩები.

ამ ქუჩების არჩევა იმანაც განაპირობა, რომ აქ გადაადგილდებიან ძირითადად შშმ ადამიანები საგანმანათლებლო სივრცეებთან მისასვლელად. შესაბამისად, შშმ პირების განათლების უფლება რომ რეალიზდეს, ეს ქუჩებიც თავისუფალი უნდა იყოს ამ არასწორი პარკირებებისგან“, – ამბობს ნიკო.

მისი თქმით, პროექტში ახალგაზრდა მოხალისეები ჰყავთ ჩართული, რომლებიც საინიციატივო ჯგუფს ფლაერების დარიგებაში ეხმარებიან.

„ამ ბროშურებს, სადაც შშმ პირთა გადაადგილების უფლებებზეა საუბარია, ავტომანქანის საქარე მინებზე ვტოვებთ, რომ არასწორი პარკირება საფრთხეს უქმნის და ზღუდავს როგორც შშმ პირთა, ასევე სხვა ადამიანების გადაადგილების უფლებას.

ავტომანქანები ხშირად ხერგავენ ავტობუსის გასაჩერებელ ადგილსაც, რის გამოც შშმ პირებს უჭირთ ტრანსპორტში ასვლა.

მონიტორინგის დროს საკმაოდ ბევრი ავტომობილი შეგვხვდა არასწორად დაპარკინგებული. გვქონდა შემთხვევა, როცა ადგილზე გავესაუბრეთ მძღოლებს და შევეცადეთ, რომ მათი ცნობიერება გაგვეზარდა ამ მხრივ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ღიზიანდებიან ავტომანქანის მფლობელები შენიშვნაზე და უკმაყოფილებას გამოხატავენ.

ჩვენი მიზანია, ადამიანებს გავუჩინოთ პირადი პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ მათი ქმედებების გამო სხვათა უფლებები ილახება. გვინდა, უფრო მეტად დავაფიქროთ ამაზე“, – ამბობს ნიკო ქარცივაძე.

ქუჩების მონიტორინგი ორი თვე გაგრძელდება. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღისით ზოგან მცირე წვიმა – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან მცირე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 16 მარტს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა; 17 და 18 მარტს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 427 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 6 757 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 12 938 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 10 565 ერთეული [+11]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 717 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 220 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 920 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 959 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 1 708 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 269 ვერტმფრენი
  • 15 498 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 485 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 481 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 238 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 406 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 731 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით.

რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად.

შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ უჭირს. მეშინია არ წავიქცე ან რაიმე ამისთანა არ შემემთხვეს, ამიტომ თავის დაზღვევა აჯობებსო.

„წავიქეცი წინა დღეს და შვილიშვილი რომ არ ყოფილიყო, ვერ ავდგებოდი. მეშინია, რომ არ დავმახინჯდე, მოსავლელი არ გავხდე. მარტო იმას ვეხვეწები ღმერთს, რომ ღმერთო ისე მოვკვდე, მოსავლელი და დაგლახებული არ წავიდე ჩემს ქმართან-მეთქი“.

რემზიე ჭაღალიძე

ყველა მოგონება, რომელიც გამოკვეთილად ახსოვს რემზიეს, თავის მეუღლეს უკავშირდება, რომელიც 25 წლის წინ გარდაიცვალა..

„ქალო, გტოვებ და მებრალებიო. მე ვუთხარი გავეთხუები-მეთქი. ჰოდა, კურცხლები წამოუვიდა. მერე ვუთხარი, ასეთ ქმარს როგორ შეგაჭმევ სირცხვილს მიწაში, მაგას როგორ ვიკადრებ-მეთქი. გაუხარდა და დამლოცა. გტოვებ და მებრალებიო. ისევ გაიმეორა. გტოვებ და მებრალებიო და დამტოვა. რა უნდა ქნა?

ქმარი არ მესიზმრება. რატომ არ ვიცი. ნეტა, დამესიზმროს“, – მომიყვა რემზიე.

მას 7 შვილი, 25 შვილიშვილი, 58 შვილთაშვილი და 38 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„ჩვენ იქეთ იყო სკოლა. გავივლიდი-გამოვივლიდი, გაიარდა-გამოიარდა და ვხედავდით ერთმანეთს. კარგი ბიჭი იყო, ამიტომ შემიყვარდა. მოგვწონდა ერთმანეთი და ასე გაკეთდა საქმე. ახლა რომ არის, მაშინ ასე არ იყო. მაშინ სიყვარული სირცხვილი იყო. ვერ წახვიდოდი ერთად და ვერ დაელაპარაკებოდი ერთმანეთს.

ლამაზი ქმარი მყავდა და მეც კარგი ვიყავი. ჩვენს ქორწილში თეთრი კაბა მეცვა. ფატაც მქონდა, ისიც თეთრი იყო“, – მიყვება რემზიე და გულდაწყვეტით იხსენებს, რომ თავის ქორწილში არ უცეკვია, რადგან პატარძლის მხრიდან ეს უკანასკნელიც დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

„სხვების ქორწილში ვცეკვავდი. ცეკვა ვიცოდი მაგრად. უუუჰ, რას ვიცეკვებდი. რომელ ქალს არ უნდა ეცეკვა, მეც რომ არ ავყოლოდი და ცეკვა არ დამეწყო.

ძალიან მიყვარდა ცეკვა. მე და ჩემი ქმარი ორივე კარგად ვცეკვავდით“, – მეუბნება რემზიე და თავიანთი ახალგაზრდობის ფოტოებს მაჩვენებს.

ამ ფოტოზე რემზიე და მისი მეუღლე ახალდაქორწინებულები არიან.

შავ ტანსაცმელს თითქმის არ ვიცვამდიო – იხსენებს რემზიე. მას განსაკუთრებით თეთრი კაბებისა და ფერადი ზედატანის ჩაცმა უყვარდა – „ამ ტანსაცმელს ან ვკერავდით ან ვქსოვდით“.

ხელზე შავი, ყელზე კი მწვანე მძივი უკეთია. მისი აზრით, მსგავსი ნივთები ძალიან უხდებათ ქალებს.

„ჩემი გაკეთებული ყველა კერძი მოსწონდა ჩემს მეუღლეს. მთავარი იყო სუფთად გამეკეთებინა. ვაკეთებდი ლობიოს, კორკოტს. იცით რა არის კორკოტი?“, – კითხვით მომიბრუნდა რემზიე და დაამატა, რომ მისი აზრით, ბევრმა არ იცის რა არის კორკოტი.

ის ჭვანის ხეობის სოფელ ინწკირვეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და ბახმაროს მთაში მემთეურობდა, სადაც ახლა დასასვენებლად მიდის ხოლმე.

„ჩემი ქმარი მშენებელი იყო. ის სახლიც ბახმაროში რომ გვაქვს, ჩემი ქმრის აშენებულია.

კარაქს, ყველს გავაკეთებდით მთაში, ავკიდავდით ცხენებს და ასე მოგვქონდა სოფელში. მანქანა სად იყო მაშინ? მანქანა თუ სადმე გაივლიდა, ყველა გარეთ გამოვეფინებოდით მის დასანახად. იშვიათი იყო მაშინ მანქანა.

ბევრი საქმე გვქონდა. მარტივი არ იყო შვიდი შვილის გაზრდა და თანაც იმ დროს. თუთუნს ვასხამდით, ჩაის ვკრეფდით და ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო“.

რემზიეს არასდროს უფიქრია, რომ შეიძლებოდა მრავალშვილიანი დედა გამხდარიყო. „ქმარი ხელს მიწყობდა და ასე გავზარდეთ ბავშვებიც. მე თუ ჩამეძინებოდა, თვითონ ართობდა ღამე. მე თუ საქმე მქონდა, თვითონ ზრუნავდა ბავშვებზე. არ ჰგავდა სხვა კაცებს“, – ამბობს რემზიე.

ქალს ხშირად ენატრება სოფელი, რომელიც, მისი თქმით, დაიცალა და ამას ამართლებს – „ჭვანიდან აღმა სად წახვალ, თავდაღმა უნდა წამოხვიდე“.

რემზიეს ტელევიზორის ყურება და ოჯახის წევრებისთვის იმ ამბების მოყოლა უყვარს, რომლებიც ახალგაზრდობისას გადახდა თავს. სახლში რამდენიმე კატა და ძაღლი ჰყავთ, თუმცა რემზიეს განსაკუთრებულად ერთ-ერთი კატა უყვარს, რომელზეც „ჩემიაო“ ამბობს და თავგამოდებით ზრუნავს.

 

103 წლის ქალის ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ერთადერთი საფიქრალი აქვს – „ჩემს ფიქრებში ვარ სულ. ნეტა, როდის, როგორ უნდა მოვკვდე“.

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, ჩემ ქმართან დაგლახებული არ წავიდე

როგორ ამოვიცნოთ ინსულტის მომასწავებელი ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები

ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტია) სიმპტომატურად ინსულტის მსგავსი მდგომარეობაა, ტიას განვითარების მიზეზი, ინსულტის მსგავსად, თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებაა, რაც სისხლის მიმოქცევის პროცესს აფერხებს. თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს სიმპტომები გრძელდება მცირე ხნით და არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს.

ტია შეიძლება იყოს გაფრთხილება მომავალი ინსულტის შესახებ და ასევე მისი პრევენციის შანსი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომების ამოცნობისა და შემდეგი რეაგირების შესახებ, „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი მზია ბერიძე საუბრობს.

  • ქალბატონო მზია, რა არის ტრანზიტორული იშემიური შეტევა?

გარდამავალი იშემიური შეტევა ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს გრძელდება. სიმპტომების უმეტესობა ქრება ერთ საათში. იშვიათად სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 24 საათამდე.

ტია სიმპტომებით ინსულტის მსგავსია, ამ დროს სიმპტომები ვითარდება ძალიან სწრაფად და  ხშირად რამდენიმე წუთში ლაგდება. მაგალითად, შეიძლება გაგრძელდეს 7-8 წუთიდან 14-20 წუთამდე; უფრო ნაკლებ შემთხვევაში გრძელდება 1 წუთს; უფრო იშვიათ შემთხვევაში გრძელდება 24 საათის განმავლობაში. 

შესაძლებელია ტია-ს ჰქონდეს პერიოდულად შეტევითი ხასიათი, 24 საათის განმავლობაში შეტევების სახით, რამდენჯერმე გამეორდეს სიმპტომატიკა. 

ტრანზიტორული იშემიური შეტევა ძირითადად ვითარდება ხანდაზმული და საშუალო ასაკის ადამიანებში.

ტიას დროს ვითარდება ხანმოკლე სწრაფად განვითარებადი ნევროლოგიური დეფიციტი, რომელიც მალევე აღწევს პიკს და მალევე ხდება მისი უკუგანვითარება.

ბრიტანეთის ინსულტის ასოციაცია: ბლოკირების გამომწვევი მიზეზი უხშირესად არის სისხლის კოლტი, იშვიათად ის შეიძლება იყოს სისხლის მიმოქცევაში არსებული უცხო სხეული, როგორიც არის, მაგალითად, ცხიმოვანი ნაწილაკები ან ჰაერის ბუშტუკები. 

სისხლის კოლტი შეიძლება ჩამოყალიბდეს, როდესაც არტერიის კედელი შევიწროვდება ცხიმოვანი ჩანართებით. ამ პროცესს ეწოდება ათეროსკლეროზი. თუკი თქვენ გაქვთ გულის პათოლოგია, როგორიც არის, მაგალითად, მოციმციმე არითმია, კოლტი შეიძლება ჩამოყალიბდეს გულში და გადაადგილდეს თავის ტვინისკენ.

ზოგ შემთხვევაში ინსულტი და ტია გამოწვეულია წვრილი სისხლძარღვების დაავადებებით, რაც იწვევს თავის ტვინის წვრილი სისხლძარღვების დაზიანებას. დაზიანებული არტერიის კედელი იწვევს სისხლძარღვის ბლოკირებას, რასაც მივყავართ ინსულტის ან ტიას განვითარებამდე. ტიას სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინში სისხლჩაქცევით (ჰემორაგია), თუმცა ეს იშვიათია. 

  • როგორ ამოვიცნოთ და ტრანზიტორული იშემიური შეტევა?

იგივე სიმპტომებია პრაქტიკულად, რაც გვხდება თავის ტვინის ინსულტის დროს, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროსაც ადგილი აქვს სისხლძარღვის სანათურის დახშობას. თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვები [სადაც ხდება დახშობა] შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ – ეს არის წინა ცირკულაციის და უკანა ცირკულაციის არტერიები. სიმპტომატიკა ვითარდება იმ საირიგაციო უბნის მიხედვით, რა არეშიც ხდება ამ სისხლძარღვის სანათურის დროებითი დახშობა. 

უფრო ხშირ შემთხვევაში გვხდება ტიას განვითარება წინა ცირკულაციურ ბასეინში, რა დროსაც შეიძლება განვითარდეს:

  • გარდამავალი სიბრმავე, იმიტომ, რომ შიგნითა საძილე არტერიის პირველი ტოტი არის თვალბუდის არტერია და ხდება ხშირად მისი დახშობა;
  • სახის გარდამავალი ასიმეტრია; 
  • გაურკვეველი მეტყველება, ან სხვისი მეტყველების გაგების გაძნელება;
  • სისუსტის განვითარება ხელში, ფეხში ან სხეულის ერთ ნახევარში;
  • მგრძნობელობის დარღვევა სხეულის რომელიმე მხარეს, მარჯვენა ან მარცხენა ნახევარში, ან კონკრეტულად ერთ-ერთ უბანში. 

ხოლო თუ გვაქვს [სისხლძარღვების დროებითი დახშობა] უკანა ირიგაციის არეში, მაგალითად, ხერხემლის არტერიებში ან მათი შეერთების შედეგად განვითარებულ საერთო არტერიაში, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება:

  • თავბრუსხვევა;
  • წონასწორობის, მდგრადობის დარღვევა, სიარულის გაძნელება, ბარბაცით სიარული და ა.შ;
  •  მეტყველების გაძნელება, დამარცვლით მეტყველება;
  • აგრეთვე სისუსტე და დაბუჟებები შეიძლება ჰქონდეს როგორც ცალ მხარეს, ისე სიმეტრიულად ორივე მხარეს;
  •  აგრეთვე გაორება ძალიან ხშირი სიმპტომია;
  • ყლაპვის დროებითი გაძნელება.
  • ხშირად ჰგონიათ, რომ ინსულტს აუცილებლად უნდა ახლდეს ტკივილი, რამდენად რეალურია ეს წარმოდგენა?

არც ინფარქტს და არც ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას ტკივილი არ ახლავს. ტკივილი ახლავს სისხლჩაქცევას, ამიტომ არ უნდა უგულებელვყოთ ის სიმპტომები, რაც აღვნიშნე, თუნდაც იყოს ძალიან ხანმოკლე.

ასევე, ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ამ დროს განვითარებული თავად არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ტვინის ინფარქტის თანმხლებია. ანუ თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ ჰიპერტენზია და არა ტვინის ინფარქტი ან ტია.

  • რა უნდა გავაკეთოთ, თუ შევამჩნიეთ ასეთი გარდამავალი სიმპტომატიკა?

როცა განვითარდება მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, ხელ-ფეხში დეფიციტი ან/და დაბუჟება ან გარდამავალი სიბრმავე, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს/გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სანამ სასწრაფო მოვა, შეგვიძლია შევამოწმოთ პაციენტის მეტყველება, გავამეორებინოთ სიტყვები რამდენჯერმე, ან დავაჭერინოთ ორივე ხელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დავაკვირდეთ, თუ აქვს ხელის ვარდნა;

ამ დროს პაციენტის კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია, რათა ჩაუტარდეს შესაბამისი, სრულფასოვანი კვლევები. ხშირ შემთხვევაში ტიას შემდეგ, პირველი ერთი კვირის განმავლობაში, 5-10 %-ია იმის რისკი, რომ განვითარდება ინსულტი, პირველი 3 დღის განმავლობაში კი ეს რისკი 10-20 %-ია.

  • თუ სასწრაფო მოვიდა, პაციენტს აღარ აღენიშნება სიმპტომატიკა და არაფერს უჩივის, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სასწრაფოს ექიმს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს?

მნიშვნელოვანია. რომ ყველა სიმპტომატიკა, რაც აღენიშნებოდა პაციენტს, დეტალურად აღიწეროს სასწრაფოსთან. საქმე ის არის, რომ ხშირად სასწრაფო მისვლას ვერ ასწრებს და ხვდება ალაგებული სიმპტომატიკით პაციენტი, ამიტომ უნდა აღუწეროს ოჯახის წევრმა რა შენიშნა: მეტყველების გაძნელება იყო, სახის ასიმეტრია იყო, წონასწორობის მკვეთრი დარღვევა იყო, ხელ-ფეხში დეფიციტი იყო; რას გრძნობდა პაციენტი, დაბუჟება თუ იყოს სახის არეში, ხელის არეში, რომელიც რეგრესირდა, უკუგანვითარდა… ამ უკუგანვითარებას, ზუსტად იმ რამდენიმე წუთს, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისთვის.

ბრიტანეთის ინსულტის ასოციაცია: თუკი სპეციალისტი ჩათვლის, რომ თქვენ გაქვთ ტია შესაძლოა საჭირო გახდეს ტვინის სკანირება. კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტო რეზონანსული სკანირება. ამ გამოკვლევების შედეგად მიიღება თავის ტვინის სურათი, რაც დაეხმარება ექიმს დიაგნოზის ვერიფიცირებაში. თქვენ შესაძლოა შემოგთავაზონ სხვადასხვა სახის გამოკვლევა: ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) რაც ამოწმებს გულის მუშაობას, დოპლეროგრაფიული კვლევა (რაც აფასებს კისრის არტერიების შევიწროებისა და ბლოკადის ხარისხს), არტერიული წნევის კონტროლი. თქვენი სისხლი შემოწმდება შედედებაზე, სისხლში შაქრის, ქოლესტერინის შემცველობაზე.

  • რა ხდება კვლევების შემდეგ?

პაციენტი რჩება კლინიკაში 48-72 საათი, ამ პერიოდში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. თუ რაიმე დაზიანება ან სტენოზი აღმოჩნდა, სამომავლოდ დაიგეგმება შესაბამისი პროცედურები.

ტრანზიტორუილი იშემიური შეტევის შემდეგ, პაციენტს მაღალი რისკი აქვს ინსულტის განვითარების, ამიტომ აუცილებელია ექიმმა განუმარტოს მას რისკები და აუხსნას პრევენციის მეთოდები. გარდა ამის, უნდა დაინიშნოს საპრევენციო მედიკამენტები, რომ მეორედ არ განვითარდეს ეს დაავადება. საპრევენციო მედიკამენტებში იგულისხმება ჰიპოტენზიური [წნევის დამწევი] საშუალებებიც, ანტიაგრეგანტები [თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება], ანტილიპიდური მედიკამენტებით [აგენტები, რომლებიც ამცირებენ ლიპიდების კონცენტრაციას სისხლში] მკურნალობა და ა.შ. 

რეკომენდაციები ასევე შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების სტილის შეცვლას, მათ შორის მავნე ჩვევების გადაგდებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებას, ასაკის შესაბამისი, ზომიერი ფიზიკური აქტივობით. 

  • ყოველწლიურად ეწვიეთ პირველადი ჯანდაცვის ექიმს (ამას შეუძლია უფრო ადრე გამოავლინოს უსიმპტომო პრობლემები, როგორიცაა მაღალი წნევა და ტიპი 2 დიაბეტი);
  • შეინარჩუნეთ თქვენთვის ჯანსაღი წონა;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • არ დაიწყოთ თამბაქოს ნაწარმის გამოყენება, თუ მოიხმართ – შეწყვიტეთ;
  • გამოიყენეთ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერად და მოერიდეთ წამლების არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას.
  • მიიღეთ რეცეპტით გაცემული მედიკამენტები ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ექიმის დანიშნულებაში.
  • მართეთ ნებისმიერი ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც გაქვთ (როგორიცაა მაღალი წნევა, ტიპი 2 დიაბეტი და მაღალი ქოლესტერინი).

„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით

„საბაგირო გზა უნდა გადიოდეს საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ… დარღვეულია შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ ელექტროგადამცემი მოწყობილობის წესების“ მე-6 გამოცემის 2.5 166-ე მუხლი,“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში, სადაც კომპანია ასაბუთებს, თუ რატომ შეუწყვიტა ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მოწყობილ ზიპლაინს ელექტროენერგია, როგორც კი კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო.

ზიპლაინი კანონდარღვევით ქედაში უკვე მესამე წელი მუშაობდა ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება ამას არ იმჩნევდა. პირიქით, დარღვევით მომუშავე ზიპლაინზე ქედის მერიას ნებართვა აქვს გაცემული.

გასათვალისწინებელია, რომ საუბარია დარღვევაზე, რომელიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

საბაგიროზე დაშვება მახუნცეთის ჩანჩქერის სათავედან შეიძლება და იგი ისტორიულ ხიდთან სრულდება: „გზად თქვენ გადაუვლით ულამაზეს ჩანჩქერს, თვალწარმტაც მთებს, მდინარე აჭარისწყალს, აწჰესს… სრულად უზუნველყოფილია ზიპლაინის ტექნიკური უსაფრთხოებაც,“  – ვკითხულობთ ზიპლაინის აღწერაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები „საბაგირო გზა გატარდეს 35 და 110 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ზემოთ ვერტიკალურად არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, ხოლო 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ზემოთ არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით“.

ეს არის ამონაწერი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილიდან, რომელიც კომპანიამ „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელს, მერაბ ღოღობერიძეს გაუგზავნა 2024 წლის 29 თებერვალს.

ენერგოკომპანია ამავე წერილში განმარტავს, რის გაკეთებაა საჭირო კანონის მოთხოვნების დასაცავად:

„განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზი საბაგირო გზიდან უნდა შემოიფარგლოს ხიდურებით ან დამცავი ბადით. ხაზობრივი ნაგებობების დაცვის აღნიშნული ღონისძიებები კი, შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ არ არის შესრულებული. აქვე დავძენთ, რომ აკრძალულია ხიდურების და ბადის დამაგრება გადამცემი ხაზების ანძებზე,“ – იწერება „ენერგო-პრო ჯორჯია“ და დასძენს, რომ დარღვევით მომუშავე ზიპლაინს 14 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

ზიპლაინი რომ კანონის დარღვევით მუშაობდა, ეს ქედის მერიის მხრიდან ზიპლაინის მესაკუთრისთვის მიწერილი წერილიდანაც ჩანს:

„გთხოვთ, 2024 წლის 20 თებერვლამდე წარმოადგინოთ თქვენსა და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის თაობაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – მიუწერია ქედის მერიას შპს „ჯეტ გრუპისთვის“ 2024 წლის 5 თებერვალს.

შესრულდა თუ არა ქედიის მერიის მოთხოვნა და იყო თუ არა გაცემული ნებართვა ზიპლაინზე, რომელიც წლებია ქედაში, მახუნცეთში ფუნქციონირებს? – ქედიის მერიის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ნებართვა ზიპლაინზე გაცემულია. უწყებიდან ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია: როგორ გაიცა ნებართვა კანონის დარღვევით მომუშავე ზიპლაინზე? ვინ აგებს პასუხს, როცა საჯარო უწყებას ნებართვა გაცემული აქვს, ამ დროს კი, უსაფრთხოების რისკი რისკად რჩება?

„როცა შევთანხმდებით და ყველაფერი მოგვარდება, მოგაწვდით ინფორმაციას,“ – კორუფციის კუთხით გაჩენილ კითხვებზე ეს პასუხი დაგვახვედრეს ქედის მერიის პრესცენტრში მას შემდეგ, რაც ქედის მერიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღეთ და მხოლოდ ეს ინფორმაცია:

„მახუნცეთის ზიპლაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა უწყებასთან გაგზავნილია წერილი და მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაო პროცედურები,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესცენტრიდან. აქვე აღნიშნეს ისიც, რომ ამ ეტაპზე ზიპლაინი გაჩერებულია.

„არანაირი შეჩერებული არაა, საფრთხის შემცველი არაა, ვინ თქვა, რომ შევაჩერეთ? ჩვეულებრივად ვმუშაობთ,“ – გვიპასუხა სულხან მახარაძემ, შპს „ჯეტ გრუპის“ დირექტორმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.

მას შემდეგ, რაც დირექტორს კონკრეტულ დარღვევაზე მივუთითეთ, რაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილშია აღნიშნული, განსხვავებული პასუხი მივიღეთ.

„უბრალოდ, შეჩერებული მაქვს ელექტროენერგიის მიწოდება, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა… გეუბნებით, არანაირი დარღვევა არ არის მანდ, ჩვეულებრივად არის ყველაფერი… არაფერი არ იყო რისკის ქვეშ, 19 მეტრია დაშორებული. თუ გაზომავთ და ნორმალურად დაადგენთ ყველაფერს, არანაირი რისკის შემცველი მაქ არაფერი არ არის. არსებობს გარკვეული ხალხი სავარაუდოდ, რომელსაც არ უნდა ტურიზმის განვითარება, არ უნდათ ხალხის კეთილდღეობა…“ – გვითხრა სულხან მახარაძემ.

კომპანიის დირექტორს ვუთხარით, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მათ ადგილზე კომისიური წესით შეისწავლეს საკითხი და დაადგინეს დარღვევა. ბიზნესმენმა შეკითხვის მოსმენის შემდეგ თითი ქედის მერიისკენ გაიშვირა:

„მიმართეთ ქედის მერიას. მოგცეს საბუთები ექსპლუატაციაში შესვლის? ექსპლუატაციაში ხომ არ მიიღებდნენ მაშინ, ექსპლუატაციის საბუთი მოსთხოვეთ და მიხვდებით ყველაფერს,“ – დაგვემშვიდობა სულხან მახარაძე და გვითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო საუბარი უჭირს. მან უარი გვითხრა დახმარებაზე, კომპანიაში ვინმესთან დავეკავშირებინეთ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯეტ გრუპი“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის მეწილეები არიან: ტრისტან წივილაშვილი, პაატა სვიანაიძე და ზარინა მახარაძე.

ვინ იყო ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს დაკრძალეს

9 მარტს უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. 27 წლის ქართველი იეზიდი, ნოდარ ნასიროვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დარჩა მამა, ძმა, მეუღლე და რამდენიმე თვის შვილი.

ქართული ლეგიონის დაღუპული მებრძოლის მამა და ძმა თბილისში ცხოვრობენ. ნოდარის მეუღლე უკრაინელია, მისი სურვილით ნოდარი კიევის ოლქში, კერძოდ ზელენი ბორში დაკრძალეს გუშინ, 12 მარტს, სოფელ კრუშინკას სასაფლაოზე.

ნოდარის თანამებრძოლების თქმით, ერთ-ერთი ჯგუფისთვის დრონების ჩამხშობი მოწყობილობა შეჰქონდათ, ამ დროს კი დაბომბვა დაიწყო. ნოდარ ნასიროვი ამოტრიალებული მანქანის ქვეშ აღმოჩნდა.

„ერთად აფხაზეთში! ერთად, ბოლომდე, საქართველოსთვის! – ეს იყო სიტყვები, რასაც საერთო დავალებების შესრულების წინ მიმეორებდა ყოველთვის. გამორჩეულად მხიარული, ერთგული და საიმედო მეგობარი იყო“ – იხსენებს ნოდარის თანამებრძოლი გვანცა.

გვანცამ და ნოდარმა ბოლო ფოტო ნოდარის დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღეს.

თანამებრძოლების, გვანცას და ნოდარის ბოლო ერთობლივი ფოტო, ნოდარის დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე

ნოდარის მეგობარი, ევა ლომთაძე გვიყვება, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლი მან 2023 წლის აგვისტოში გაიცნო, უკრაინაში:

„პირველივე დანახვისას გამოარჩევდით. ვაჟა-ფშაველას პერსონაჟებს ჰგავდა კეთილშობილებით და სიტყვამოზომილობით. უზომოდ ენატრებოდა საქართველო. თებერვალში ჰქონდა დაბადების დღე, მანამდე ცოტა ხნით ადრე ჯვრისწერა გადაიხადა. ჰყავს 5 თვის გოგო. სულ იმეორებდა: ქართული უნდა ვასწავლო, წერა-კითხვა და საუბარიო. საქართველოში რომ დავბრუნდი შვილისთვის დედაენა გავუგზავნე. სოციალური ქსელებით ვეხმიანებოდით ერთმანეთს“, – ამბობს ევა.

ეს წარწერა ნოდარმა იმ დროშაზე დატოვა, რომელიც ევამ კიევიდან საქართველოში წამოიღო. ნოდარის წარწერასთან ერთად საქართველოს დროშაზე სხვა ქართველი მეომრების წარწერებიცაა.

„უკრაინაში შარშან ვიყავი. მინდოდა ჩვენი მებრძოლები მომენახულებინა. ვიყავი კიევისა და ზაპოროჟიეს ბაზებზე, თითქმის ფრონტის ხაზთან.

მაშინ გააკეთეს ქართველმა მებრძოლებმა, ბიჭებმა და გოგონებმა წარწერები ამ დროშაზე. ჩამოვიტანე როგორც ძვირფასი სახსოვარი.

ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის მქონე გოგოები და ბიჭები იბრძვიან უკრაინაში საქართველოდან. ბედნიერებაა, რომ ქვეყანას ასეთი მეომრები ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ჯეროვნად არ არის დაფასებული მათი სახელები“, – ამბობს ნოდარ ნასიროვის მეგობარი, ევა ლომთაძე, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

სქრინი ქართული ლეგიონის მებრძოლის, ნოდარ ნასიროვის ფეისბუქგვერდიდან

როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება

დღეს, 13 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე.

სასამართლომ მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

„როინ შავაძის საქმეზე“ პროკურატურას 12 პირის მიმართ აქვს ბრალი წარდგენილი. დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება, მათ შორის, სხვა პირთა მხილების მიზნით.

„ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული  გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ  სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის  და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ – ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და  შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის  ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით  მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში  გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს.  აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო.  მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

————————-

ამ გახმაურებული მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ 8 პირი დააკავა, 2 პირის მიმართ კი, ძებნა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა.

ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.

პროკურატურას აქვს ვერსია, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.

ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] დაიწყო.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.

წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

ბათუმში პარკირების 22 682 დარღვევა დააფიქსირეს – 2 თვის მონაცემები

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 2024 წლის ორ თვეში [იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში] 22 682 სამართალდარღვევა გამოავლინა, საიდანაც 6 017 არასწორი პარკირება იყო, 16 665 შემთხვევა კი –  პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა.

ამავე პერიოდში სამსახურმა 491 ავტომობილი საჯარიმოზე გადაიტანა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით 6 017 არასწორი პარკირებიდან:

  • 2 237 იყო დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა,
  • 1 921 – ტროტუარზე დგომა,
  • 1056 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა,
  • 125 – ველობილიკზე არასწორი პარკირება,
  • 52 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა,
  • 626 – პარკირების წესის სხვა დარღვევა.

ჯარიმების ოდენობამ კი [საჯარიმოზე გადატანილი ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით] მთლიანობაში სულ ცოტა 392 ათას 80 ლარი შეადგინა.

რა დარღვევებისთვის და რამდენით აჯარიმებს მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია:
  • პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – ჯარიმა 10 ლარი
  • ტროტუარზე დგომა – 10 ლარი
  • დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა – 10 ლარი
  • ავტობუსის გაჩერებაზე დგომა – 100 ლარი
  • BUS LANE-ზე დგომა – 100 ლარი
  • ველობილიკზე არასწორი პარკირება – 100 ლარი
  • შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა – 200 ლარი
  • შშმ პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება – 200 ლარი

ბათუმის საკრებულომ კი, ქალაქში ავტოსატრანსპორ­ტო სა­შუა­ლების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ტრანსპორტირების ხარჯი გასული წლის დეკემბრიდან 100 ლარით განსაზღვრა.

პარკირების ადგილების დეფიციტი ბათუმისთვის უკვე ნებისმიერ სეზონზე სერიოზული პრობლემაა.

მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებშიც დაწერეს. ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მხრივ, ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად: „მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

ტროტუარზე დგომა | ფოტოები გადაღებულია დღეს, 13 მარტს, ბათუმში:

პარკირება ბათუმში / 13.03.2024

პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024
პარკირება ბათუმში / 13.03.2024

 

მყინვარულ ხეობებში საფრთხეებს 594 ათას ევროდ შვეიცარიული კომპანია გამოიკვლევს

გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენისა და რისკების შეფასების მიზნით კვლევების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-თან გააფორმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების ღირებულება არის 594 ათასი ევრო, რასაც ხელშეკრულების დადების ეტაპზე დაემატება დღგ-ს თანხაც.

„ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით GEOTEST AG-თან ხელშეკრულების ტენდერის გარეშე დადებაზე თანხმობის მისაღებად გარემოს სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

გარემოს სააგენტო აცხადებს, რომ ის შვეიცარიულ კომპანიასთან მრავალი წელია თანამშრომლობს.

„კომპანიამ 2016 წელს დევდორაკ-ამალის ხეობაში განვითარებული ღვარცოფის შემდგომ, განახორციელა განგაშის სისტემის ინსტალაცია და ამჟამადაც 24 სთ-იან რეჟიმში ახორციელებს მისი უწყვეტ რეჟიმში ოპერირებას. ამავე კომპანიამ განახორციელა 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასება და მოამზადა შესაბამისი ანგარიში“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი მომსახურება, რის საფუძველზეც შემუშავებული მასალები/რუკები საფრთხეების ზონებთან დაკავშირებით გადაეცემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს. კერძოდ, კვლევა ითვალისწინებს:

  • „თანამედროვე ტექნოლოგიების, სატელიტური სურათების, დრონების მეშვეობით შეგროვებული აეროსურათების, გეოლოგიური მასალების და სხვ მონაცემების ანალიზისა და სპეციალიზებული პროგრამული საშუალებების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარულ ხეობებში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საფრთხეების და რისკების შეფასების ანგარიშის და შესაბამისი რუკების მომზადებას;
  • თანამედროვე მოდელების გამოყენებით რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირებას, შესაბამისი რეკომენდაციების და საპრევენციო ღონისძიებების შესახებ დასკვნების შემუშავებას.“

კვლევის განხორციელება ორ ეტაპად იგეგმება, კერძოდ:

„პირველი ეტაპი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მყინვარებზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით დისტანციური ზონდირებისა და გეომორფოლოგიური ანალიზის საფუძველზე გლაციალურ და პერიგლაციალურ არეალებში არსებულ არასტაბილურ ფერდობებზე პოტენციური მოწყვეტის ზონების განსაზღვრას.

მოხდება თითოეული საფრთხის კლასიფიცირება, მაგალითად, კლდეზვავი, მყინვარული ზვავი და ა.შ. აგრეთვე, განისაზღვრება შესაძლო მოწყვეტის ზონების ფართობები და მოცულობები.

მეორე ეტაპზე გამოვლენილი საფრთხის ზონებისათვის შეფასდება პოტენციური რისკები, შესაძლო ზეგავლენა დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის შვეიცარიაში დამკვიდრებული მეთოდოლოგიის საფუძველზე.

თითოეული რისკის შემცველი ხეობისათვის შემუშავდება საპრევენციო ღონისძიებები.

ჯამში, კვლევების ჩასატარებლად საჭიროა 6 თვე. თუმცა, კომპანიის მიერ წინასწარ შერჩეული ყველაზე მეტად მოწყვლადი 5 მყინვარული ხეობისათვის კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პირველ 3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას მოგვცემს ზაფხულის პერიოდისთვის დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობას გამოიკვლევენ.

სააგენტოს განაცხადის მიხედვით:

  • „მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის შემდგომი მატება და თბური ტალღების განმეორებადობის და ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მყინვარებზე მიმდინარე უარყოფითი პროცესების გამწვავებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
  • შესაბამისად, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა გაიზარდოს სტიქიური პროცესების განვითარების რისკები.
  • ძალზედ მნიშვნელოვანია, მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხეების და იდენტიფიცირებული რისკის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტების რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენა.
  • შესაბამისმა უწყებებმა მაქსიმალურად ხანმოკლე ვადებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არახელსაყრელი სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილების მისაღწევად ყველაზე ეფექტური საპრევენციო ღონისძიების შემუშავებისა და განხორციელებისთვის.“

სააგენტოს განცხადებით, „2023 წლის 3 აგვისტოს შოვში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყვნენ შვეიცარიელი სპეციალისტები და სწორედ მათ მიერ განხორციელებულმა კავკასიონის ფერდობების გეომორფოლოგიურმა ანალიზმაც ცხადყო მზარდი რისკები და მათი შესწავლის აუცილებლობა.

ანგარიში სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ იქნა 2024 წლის 16 თებერვალს და დღემდე მიმდინარეობდა ჩასატარებელი კვლევის მეთოდოლოგიის და ტექნიკური დავალების შემუშავება.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება, რათა გაზაფხულისთვის ხელმისაწვდომი იყოს კვლევის პირველადი შედეგები. ეს შესაძლებლობას მოგვცემს კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დროულად დაიგეგმოს შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების შემარბილებელი ღონისძიებები.“

2023 წლის აგვისტოში შოვში სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ თემაზე:

შოვში განგაშის სისტემა ეფექტიანი ვერ იქნებოდა — სააგენტოს საბოლოო დასკვნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლახანს გადაეცა ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი სამაშველო ვერტმფრენი. შსს-ს ცნობით, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ ჰქონდა, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელი საუბრობდა.

ვრცლად: როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს

 

მთავარი ფოტო არქივიდან: სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023

 

პედაგოგები განათლების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ – დირექტორობის კონკურსი

პედაგოგებმა – დათო ფერაძემ, მაია ეკალაძემ და გიორგი ჭაუჭიძემ გაასაჩივრეს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანება, საჯარო სკოლის დირექტორთა შერჩევის წესის შესახებ.

დღეს, 13 მარტს, ისინი იმყოფებოდნენ მთავრობის აპარატში და პრემიერის სახელზე დაწერილი საჩივარი დაარეგისტრირეს.

„პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ და აი ამ ბრძანების არარად გამოცხადებას ვითხოვთ, ადმინისტრაციულ,  ზოგადი განათლების შესახებ კანონთან და სხვა შეუსაბამობების გამო.

აღნიშნული ბრძანება ჩვენ, კონკურსანტებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში გვაყენებს“, – ამბობს დათო ფერაძე.

მისი თქმით, მინისტრის ახალი ბრძანება არ იძლევა შესაძლებლობას, კონკურსანტმა გაასაჩივროს გასაუბრების შედეგები, ასევე ბუნდოვანია სხვა პროცედურებიც.

„ეს გარდაუვლად გამოიწვევს იმას, რომ კომისიის მიერ დირექტორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გახდება დამოკიდებული კომისიის წევრების პირად დამოკიდებულებებზე ან/და შეხედულებებზე. შესაბამისად, ვერ იქნება ობიექტური, ნეიტრალური და მიუკერძოებელი.

ეს კი დირექტორობის კანდიდატების დასაქმების, ანუ შრომის და მის მიერ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლებების დარღვევას, შესაბამისად სისხლისსამართლებრივ ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გამოიწვევს.

სწორედ ამის გამო აღნიშნული ბრძანება უნდა გამოცხადდეს არარად.

მოვითხოვთ, გამოიცეს საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებს:

2011 წლის 25/ნ ბრძანებით წარმატებით ტესტირებაგავლილი კონკურსანტების პირდაპირ წარდგენას სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად, დირექტორობის კანდიდატის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“ შესაბამისობას და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას;

გასაუბრების კომისიის დაკომპლექტებას, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წევრი;

კონკურსის მონიტორინგს სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას და საფუძველს, რასაც უნდა დაეყრდნოს კონკურსანტი ამ ხედვის შემუშავებისას;

კონკრეტული სკოლების გაზომვად, კონკრეტული კვალიფიციურ კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდება კონკურსანტის ე.წ. ხედვა და რომლის გაცნობის შესაძლებლობა კონკურში რეგისტრაციამდე მიეცემა დირექტორობის მსურველს“, – წერია მოთხოვნებში.

დათო ფერაძე, მაია ეკალაძე და გიორგი ჭაუჭიძე, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში 2023 წელს მონაწილეობდნენ და ღიად აპროტესტებდნენ კონკურსის მეორე ეტაპის შედეგებს და იმას, რომ კანდიდატების ნაწილი, სერტიფიკატის აღების მიუხედავად, სამინისტრომ კანდიდატის მიერ მითითებულ არცერთ სკოლაში არ წარადგინა.

რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა, თუმცა შერჩევის წესთან დაკავშირებით, კანდიდატების თქმით, მაინც არსებობს კითხვები და ბუნდოვანება.

რაც შეეხება ახალ კონკურსს, როგორც სამინისტრომ განაცხადა, დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ანუ ტესტირება უკვე ჩატარდა 10 მარტს, მეორე ეტაპის თარიღი კი, ჯერჯერობით უცნობია.

„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე

„მაგალითად, BMC-ის კლინიკაში რომ შეხვიდე, დაახლოებით 3 კილომეტრი უნდა გაიარო მოსაბრუნებლად, თუ გინდა, რომ არ დაჯარიმდე. სკოლასთანაც დამატებით კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარო, რომ მობრუნდე,“ – გვიყვებიან ხელვაჩაურში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ საგზაო მონიშვნებს აპროტესტებენ.

ახალი საგზაო მონიშვნები ხელვაჩაურის გზაზე

საუბარია ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე – 2 თვის წინ აქ უხარისხოდ დაგებული ასფალტი აყარეს და ხელახლა დააგეს. ამ გზის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. ჯერ კიდევ უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები. სამუშაოებს ის კომპანია ასრულებს, რომელიც თბილისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა ეგრეთ წოდებული „გუთენტრაკენის მეთოდით“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა; ხელშეკრულება შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული.

მოქალაქეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კიდევ ბევრი საზოგადოებრივი ობიექტია, სადაც ახალი, საგზაო მონიშვნების მიხედვით, პირდაპირ ავტომანქანით ვერ შეხვალ, მაგალითად, საბავშვო ბაღი, ბენზინგასამართი სადგური, მუზეუმი „ბორჯღალო“, ავტოსახელოსნოები, სუპერმარკეტები, სარიტუალო დარბაზები, სადაც ქორწილები იმართება.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საჯარო სკოლა, სადაც წყვეტილი არ არის

„ყველგან არის სწორად დახაზული, სტანდარტის შესაბამისად,“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში. აქ ყურადღებას ამახვილებენ ამ გზის სტატუსზე, რომ ის ცენტრალურია და წყვეტილი იმ მონაკვეთებში, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ, არც უნდა იყოს.

„შუქნიშნებით აღიჭურვება ეს გზა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, როგორც ავტომანქანის მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის. ამ 3-კილომეტრიანი მონაკვეთზე მოეწყობა ბათუმის მხრიდან 4 შუქნიშანი, ხოლო ხულოს მხრიდან – 3 შუქნიშანი, ასევე იქნება ზებრა გადასასვლელები.

სკოლასთანაც არ უნდა იყოს წყვეტილი, შუქნიშანი უნდა იყოს, რომელიც დაარეგულირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითების გადაადგილებას.

წყვეტილი არც ყოფილა ამ მონაკვეთზე – გზა სიძველის გამო არ იყო დახაზული, გზა მოწესრიგდა და დაიხაზა სტანდარტის შესაბამისად,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

___

ამ თემაზე:

„ფული მიაქვთ ჯიბეში“ , ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში 

სახალხო დამცველის განცხადება თანამშრომელზე, რომელიც მას სასამართლოში უჩივის

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 13 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს.

„ბათუმელებმა“ გუშინ, 12 მარტს, გამოაქვეყნა სტატია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის შესახებ, რომელიც ლევან იოსელიანს სასამართლოში უჩივის.

„სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ.

რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული, როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ.

ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის, ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა.

შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი განიხილა აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა. ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაზე მოელაპარაკნენ ადიგენში მუსლიმებს – რას ჰყვება ტარიელ ნაკაიძე დახურული შეხვედრის შესახებ

8 მარტის ინციდენტის შემდეგ, ადიგენის მერი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი მუსლიმებს შეხვდნენ. ეს დახურული შეხვედრა მუსლიმებთან გუშინ, 12 მარტს, გამართეს.

„ბათუმელები“ ორი დღეა ცდილობს გაარკვიოს, რაზე შეუთანხმდა სახელმწიფო მერაბ მიქელაძეს, ანუ იმ მუსლიმ სასულიერო პირს, ვისაც 8 მარტს დაბა ადიგენში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი და რამდენიმე სასულიერო პირი მიეჭრა კერძო საკუთრებაში ლოცვის დროს და დაემუქრა. მერაბ მიქელაძეს მართლმადიდებელი სასულიერო პირები აიძულებენ არ ჩაატაროს მუსლიმური რელიგიური მსახურება თავის კერძო სახლში და ამისთვის სხვა, ალტერნატიული ადგილი გამოძებნოს.

თუმცა რაზე შეთანხმდნენ მხარეები საბოლოოდ, უცნობია, რადგან არც სამცხე-ჯავახეთის მუფთი და არც მერაბ მიქელაძე მედიასთან ამ თემაზე აღარ საუბრობენ. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე კი აცხადებს, რომ თუ რამე სათქმელი ექნება „ბრიფინგს გამართავს“. ამ საქმეში ჩარეული არიან სახელმწიფო უწყებებიც.

გუშინდელ დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა მუსლიმი თემის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე. ამიტომ მას ვკითხეთ, შედგა თუ არა შეთანხმება მერაბ მიქელაძესა და მერიას შორის და ხომ არ მოხდა ეს შეთანხმება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე.

ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ადიგენის მერია მერაბ მიქელაძეს დაჰპირდა, რომ მეჩეთისთვის საჭირო ადგილს მეზობელ სოფელში გამოყოფენ იმ შემთხვევაში, თუ ის შეწყვეტს რელიგიურ მსახურებებს თავის საცხოვრებელ სახლში.

„რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. ხელისუფლებამ აიღო ერთკვირიანი ტაიმ-აუტი და თქვა, რომ ამ ერთ კვირაში მოაგვარებს მეჩეთისთვის მიწის გამოყოფის საკითხს.

აქ იყო საუბარი გასული წლის შეთავაზებაზე, რომელიც ჰქონდა მერიას და თავად ჩაშალეს, ადგილმონაცვლეობის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხანი არ იყო მერაბ მიქელაძე ამაზე თანახმა, მაინც გადაწყვიტა ამ მოლაპარაკებებზე წასვლა.

ამისთვის აიღეს ეს ერთკვირიანი ვადა, რომ მოაგვარებენ ამ საკითხს. ვნახოთ, ველოდებით“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მიწას გამოყოფს მეჩეთისთვის, ეს ქონება მერაბ მიქელაძეს უნდა გადაეცეს საკუთრებაში.

„ან მიქელაძის საკუთრებაში გადავა, ან [მის მიერ დაფუძნებული] ორგანიზაციის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთ კვირაში უნდა მოაწესრიგონ ტექნიკური საკითხები, როგორ ითქვა შეხვედრაზე. სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაც მოაგვაროს – ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მსგავს სიტუაციებში სახელმწიფო ყოველთვის არის ხოლმე პასიური და ვერ აგვარებს პრობლემებს.

შეკრებილებმა მუსლიმების ლოცვის უფლება არ მისცეს – ადიგენი, 8 მარტი

ჩვენ მაინც დაველოდებით, რადგან ეს ერთი კვირა არაფერს არ წყვეტს“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

თუნდაც მოაგვაროს ეს საკითხი სახელმწიფომ და მერაბ მიქელაძე დათანხმდეს მსგავს წინადადებას, რამდენად კონსტიტუციურია აიძულო საქართველოს მოქალაქის ასეთ შეთანხმებაზე წასვლა და არღვევს თუ არა ეს რწმენის და აღმსარებლობის უფლებას – ვკითხეთ ტარიელ ნაკაიძეს.

„დიახ, მე პირადად ვხედავ ამაში პრობლემას, რადგან სახელმწიფო სათანადო შეფასებას ვერ აძლევს ასეთ მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი ვარ და მაწუხებს ასეთი პრობლემები, მხარე ცდილობს შეუთანხმდეს სახელმწიფოს, ამიტომ მე უფლება არ მაქვს მოვუწოდო არ შეუთანხმდე-მეთქი.

ზოგადად კი, როგორც პოლიტიკოსი მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან არასწორი ნაბიჯი, როცა ერთი მხარე დანაშაულს ჩადის და არანაირი პასუხისგება მის მიმართ არ არსებობს და მეორე მხარეს სთხოვ, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. თუ ჩვენ არ მივიღებთ სამართლებრივ შეფასებებს და არ დავსჯით დამნაშავეებს, ეს პრევენცია ვერ იქნება და ხვალ კიდევ სხვაგან გაჩნდება პრობლემა.

როცა სახელმწიფო ამ ფორმით ხედავს პრობლემის მოგვარება, ესეც პრობლემაა“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, შეხვედრას ადიგენის მერის და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს გარდა, ხულოს მერი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორიც ესწრებოდნენ.

ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით გადაწყდა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 100 ახალი მიკროავტობუსისა და 25 ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს გამოაცხადებენ. მთავრობის ამავე განკარგულებით განისაზღვრა სატენდერო კომისიის შემადგენლობაც.

ბათუმისთვის მიკროავტობუსები და ავტობუსები 2024-2026 წლებში უნდა შეიძინონ, თუმცა მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სატენდერო კომისია უფლებამოსილია აღნიშნულ ვადაში ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე კონსოლიდირებული ტენდერი.“

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის ტენდერში წინადადების წარდგენის საფასური კი მთავრობამ 10 000 ლარით განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 5 000 ლარია განსაზღვრული, თუმცა ამავე კანონით მთავრობას შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული საფასურიც დაადგინოს.

„იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 1 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე [კომისიის თავმჯდომარე];
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე [კომისიის თავმჯდომარის მოადგილე];
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე [კომისიის თავმჯდომარის მოადგილე];
  • იუსტიციის მინისტრის მოადგილე [წევრი]
  • ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე [წევრი];
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე [წევრი];
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე [წევრი];
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე [წევრი];
  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე [წევრი];

„ორგანიზაციული და ტექნიკური ტიპის ან/და ხელშეკრულების შესრულების პერიოდში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ სატენდერო კომისიის სხდომის მოწვევას, კომისიის მიერ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, „მუნიციპალური მიკროავტობუსების და ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია [2024-2026 წლები], რომლის ღირებულება 39 252 624 ლარია“.

ამასთან, 2024 წლის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისათვის“ მუნიციპალური მიკროავტობუსების და ავტობუსების შესაძენად გაწერილია 16 მილიონ 719 ათას 500 ლარი. ავტობუსების საბოლოო [ტენდერში დაფიქსირებული] ღირებულება კი, სრულად 2026 წლის ჩათვლით დაიფარება.

ვრცლად: ახალი 25 ავტობუსი და 100 მიკროავტობუსი – როგორ დახარჯავს ბათუმის მერია 30 მილიონს

„ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ძირითადად ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე იმოძრავებენ, სადაც დღეს არ მოძრაობს ავტობუსი“, – უთხრეს დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები/ფოტო არქივიდან

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  მიწის ოთხი ნაკვეთი ეკლესიას 1 ლარად გადაეცა.

ეს ნაკვეთები მდებარეობს:

  • ოზურგეთის დაბა ნარუჯაში – 849 კვადრატული მეტრი; სოფელ ზემო ნატანებში – 929 კვადრატული მეტრი;
  • ჩოხატაურის სოფელ გუთურში კი 2 ნაკვეთი – 345 და 859 კვადრატული მეტრი.

პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მითითებული უძრავი ქონების [ოთხივე ნაკვეთის] საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის [1 ლარის] გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში“.

აღნიშნული ნაკვეთების ეკლესიისთვის გადასაცემად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მთავრობამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაავალა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 426 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 6 752 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 12 921 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 10 554 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 715 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 205 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 932 ერთეული [+62]
  • სპეცტექნიკა – 1 699 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 269 ვერტმფრენი
  • 15 362 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 485 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 464 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 238 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 397 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 709 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ უკრაინას $300 მლნ ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ომბუდსმენს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის, ის დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და სხდომაც ჩაინიშნა. მას მოქმედი თანამშრომელი უჩივის და „განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას“ ითხოვს.

ლევან პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია და ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა.

„როცა სახალხო დამცველი მსგავს შემთხვევას შესაბამისი რეაგირების გარეშე ტოვებს, ის ინაწილებს პასუხისმგებლობას დისკრიმინაციულ მოპყრობაზე.

სახალხო დამცველს, რომელიც ზედამხედველობის მთავარი ორგანოა ქვეყანაში დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილში რეკომენდაციების შესრულების კუთხით, თავად არ აღმოაჩნდა ანტიდისკრიმინაციული რეაგირების მექანიზმი.

ეს ბევრად უფრო სამწუხაროა, ვიდრე რომელიმე საჯარო სამსახურში მომხდარი შემთხვევა, როცა ამას სახალხო დამცველი განიხილავს,“ – ამბობს ადვოკატი მირზა მამულაძე, რომელიც სასამართლოში სახალხო დამცველის თანამშრომლის ინტერესებს იცავს.

ლევან პაპავა სასამართლოში ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, განსხვავებული შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, დისკრიმინაციის  აღმოფხვრას, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

ლევან პაპავა სახალხო დამცველის აპარატში 2016 წლიდან მუშაობს. იგი გვიყვება, რომ 2018 წლიდან, როცა საჯარო მოხელეების პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა ამოქმედდა, მისი შრომა პერიოდულად ფასდებოდა, როგორც „საუკეთესო“, ან „კარგი“, 2023 წლის წლიური შეფასების დროს კი, „დამაკმაყოფილებელი“ დაუწერეს და ეს მის განსხვავებულ შეხედულებებს უკავშირდება.

„რეგიონული სამმართველოს უფროსის გიორგი ტალახაძის მიერ ჯამურ ქულად განმესაზღვრა – 2. შეფასებამ ასიგნაცია გაიარა ზემდგომი თანამდებობის პირთან, ასიგნატორი იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

ჩემი დაბალი შეფასების ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია სამეგრელოს ოფისში განმცხადებლების დაბალი მომართვიანობა. ბრძანებაში მიკერძოებულად მოყვანილია მხოლოდ ქუთაისისა და ბათუმის ოფისების წლიური მიმართვიანობის მაჩვენებლები. ეს შეფასება წარმოადგენს არამხოლოდ დაუსაბუთებელ, უკანონო და მიკერძოებულ გადაწყვეტილებას, არამედ პირდაპირაა ნაკარნახევი  სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის დისკრიმინაციული მოტივებით და მტრული დამოკიდებულებით,“ – მიიჩნევს ლევან პაპავა.

ლევან პაპავა

რას ნიშნავს „მტრული დამოკიდებულება“? – დაკონკრეტება ვთხოვეთ ლევან პაპავას და იმის ახსნა, რა განსხვავებულ შეხედულებას უკავშირდება მის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაცია?

„პირად კონფლიქტს ვერ დავარქმევ, მასთან [გიორგი ტალახაძე] კონფლიქტი არ მქონია… 2018 წელს თითქოს კოლეგაზე რაღაც ნეგატიური ინფორმაცია გავავრცელე და ეს ჩემს თანამშრომელს უთხრა. მას ასევე ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ მას შემდეგ, რაც გახდა უშუალო ხელმძღვანელი, კერძოდ  ჩემი კითხვების იგნორირება, ზურგშექცევით დგომა შეხვედრებზე და ასე შემდეგ,“ – გვიყვება ლევან პაპავა.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უთანხმოება გიორგი ტალახაძესთან 2022 წელს დაიწყო, როცა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო და ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. მართალია, მაშინ წარმოება შეწყდა, თუმცა კომისიის წევრის, გიორგი ტალახაძის აცილება ლევან პაპავას მოუთხოვია, რაც დაკმაყოფილდა.

„2023 წლის დასაწყისში უშუალო ხელმძღვანელმა სამეგრელოს ოფისის თანამშრომელს ექსკლუზიურად შესთავაზა ტრენინგში მონაწილეობა ისე, რომ მე ამის შესახებ ინფორმაცია არც კი მქონდა. ეს საკითხი გავიარე კურატორ მოადგილესთან, მას ეგონა, რომ მეც ვიყავი ინფორმირებული. დამპირდა, რომ თვითონ გააკონტროლებდა ამ საკითხს.

2023 წლის 7 დეკემბერს შეფასების შედეგების ზეპირი გაცნობისას, გიორგი ტალახაძემ მრავალგზის ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მე თითქოს საჩივრებით მივმართავ მის წინააღმდეგ კურატორ მოადგილეს. საწყის ეტაპზე კი აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით თითქოს პრობლემა არ აქვს, თუმცა, შემდგომ დამატებით დასძენს, რომ ეს არის ძალიან ცუდი,“ – ამბობს ლევან პაპავა.

ლევან პაპავას უშუალო ხელმძღვანელის, გიორგი ტალახაძის შეფასება ადმინისტრაციული საჩივრით გაუსაჩივრებია სახალხო დამცველთან, თუმცა ლევან იოსელიანის მიერ ხელმოწერილი, 2024 წლის 23 იანვრის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

„დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მოტივებსა და ნიშანზე ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილ კომისიას და არც თავად სახალხო დამცველს არ უმსჯელია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო სადავო ბრძანების მიღებისას დაეყრდნო ჩემი უშუალო ხელმძღვანელის ზეპირ განმარტებებს, ხოლო ჩემ მიერ წარდგენილი რიგი წერილობითი მტკიცებულებები თუ ზეპირი ახსნა-განმარტებები მხედველობაში არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შეფასება „დამაკმაყოფილებელი“ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შორის მივიღე მხოლოდ მე,“ – დასძინა ლევან პაპავამ.

მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით, ლევან პაპავა ლევან იოსელიანისთვის 300 ლარის დაკისრებას ითხოვს. „მიუღებელ შემოსავალში“ კი, იგულისხმება ე.წ. პრემია, რაც ლევან პაპავას აღარ მისცეს, დაბალი წლიური შეფასების გამო.

ამას გარდა, ლევან პაპავას წინააღმდეგ ერთ-ერთი თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებულია დისციპლინური წარმოება.

„თითქოს იმ თანამშრომელს შევულახე რეპუტაცია და გავუვრცელე არასწორი ინფორმაცია… არ გამოვრიცხავ, გამათავისუფლონ,“ – აღნიშნა ლევან პაპავამ.

ჰქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია სახალხო დამცველს თანამშრომელთან, რომელიც ამბობს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია?

„პირადი კომუნიკაცია არ მქონია ბატონ ლევანთან, თუმცა წერილობით გაგრძელდა ჩვენ შორის კომუნიკაცია ამ საკითხზე. როგორც მომწერა, შემეძლო მიმემართა სასამართლოსთვის და მივმართე კიდეც სასამართლოს,“ – ამბობს ლევან პაპავა. იგი შენიშნავს, რომ ომბუდსმენმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის წევრები არ ყოფილიყვნენ გიორგი ტალახაძის ახლო მეგობრები.

„მოპასუხემ [სახალხო დამცველი] არა თუ  საფუძვლიანად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასება არ მისცა ჩემ მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ უამრავ წერილობით თუ აუდიო მტკიცებულებას, არამედ რიგ შემთხვევებში დადგენილად მიიჩნია მცდარი ფაქტობრივი გარემოებები,“ – გვითხრა ლევან პაპავამ.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი მოქმედ კანონმდებლობაზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შემუშავებული ჰქონდეს რეაგირების მექანიზმი და დისკრიმინაციული ფაქტი სწრაფად და მიუკერძოებლად შეისწავლოს, მისი დადგენის შემთხვევაში კი, აღმოფხვრას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველი საკუთარ თავთან მიმართებაში მაინცდამაინც ეფექტური ვერ არის, რაც სამწუხაროა. სახალხო დამცველს, პირველ რიგში, თავის სტრუქტურაში უნდა ჰქონდეს ნდობის მაღალი მანდატი.

მართალია, დისკრიმინაციული მოპყრობა განახორციელა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, მაგრამ სახალხო დამცველს არაფერი არ გაუკეთებია, რომ აღნიშნული მოპყრობა აღმოეფხვრა, თუნდაც ემსჯელა ამ საკითხზე, ფაქტობრივად, მას რეაგირების კუთხით არაფერი არ გაუკეთებია,“ – მიიჩნევს ადვოკატი მირზა მამულაძე.

„ბათუმელები“ ამ სარჩელთან დაკავშირებით დაუკავშირდა სახალხო დამცველის პრესცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ საქმის მასალები ახლახან ჩაჰბარდათ და ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მახინჯაურის ცენტრში გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მახინჯაურის ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 595 მეტრია.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

მახინჯაურის ცენტრში გამავალი გზა ქობულეთის მხრიდან ბათუმში შემომავალი ერთადერთი ავტომაგისტრალის ნაწილია. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, წვიმის დროს აღნიშნული ტერიტორია ხშირად იტბორება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზებას იწვევს.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები სანიაღვრე სისტემის [წყალმიმღები ჭების და სხვ.] მოწყობასაც ითვალისწინებს.

მახინჯაურის ცენტრი. წითელი ფერით აღნიშნულია ის ტერიტორია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონი ლარია გამოყოფილი ბათუმის ბიუჯეტიდან / ფოტო ტენდერიდან

„დღეის მდგომარეობით არსებულ გზაზე არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ქვეითების და საავტომობილო მოძრაობა ქაოსურია და საშიშროებას უქმნის როგორც ქვეითებს ასევე ავტოტრანსპორტს.“ – აღნიშნულია პროექტში.

პროექტით, გზის სავალ ნაწილზე კვლავ ასფალტის საფარს დააგებენ, გააკეთებენ ტროტუარებს იმ ადგილებში სადაც არ არის; მოაწყობენ ბორდიურებს, ლითონის მოაჯირებს, ე.წ. კუნძულებს გზის სავალ ნაწილზე, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები ქვეითებისთვის, დაამონტაჟებენ შუქნიშანს, მოაწყობენ გარეგანათებას.

რეაბილიტაციისას ტრანსპორტისთვის გზა სრულად არ ჩაიკეტება. პროექტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას დაწესდება მოძრაობის სპეციალური რეჟიმი და განთავსდება შესაბამისი დროებითი საგზაო ნიშნები.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 12 თვეს; გარე განათებაზე საგარანტიო პერიოდი კი – 48 თვეს.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საავტომობილო გზების, ქუჩების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია ან/და რეაბილიტაცია) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით; აქედან საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის სამუშაოები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

 

 

 

ნინო და მისი ხელნაკეთი გმირები – მინდა, ოდესმე თოჯინების მუზეუმი გავაკეთო

დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე საქორწინო გვირგვინებს ამზადებს დედოფლებისთვის მაღაზიაში, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდება, მიუჯდება ქსოვილების, ძაფების გროვას და თოჯინას კერავს – ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირს, სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, სხვადასხვანაირ პერსონაჟებს.

„ვერ ვისვენებ, როცა შინ დაუმთავრებელი თოჯინა მელოდება. ერთი სული მაქვს მივიდე სახლამდე და მისი ხასიათი გამოვძერწო. ჩემი მიზანი არ არის ლამაზი თოჯინების კეთება. იყვნენ უშნოები, მაგრამ ჰქონდეთ ხასიათი. „რა საყვარელია!“ მინდა ასე აღმოხდეთ ადამიანებს ჩემი გმირების დანახვისას,“ – ამბობს ნინო ტოგონიძე, რომელმაც თოჯინების კეთება ერთი წლის წინ დაიწყო.

ყველაფრით მუშაობს ერთდროულად: ქსოვილებით, სილიკონით, პლასტილინით, თიხით, თექით.

შვილები რომ დაქორწინდნენ და სახლიდან წავიდნენ, ნინო შინ მარტო დარჩა მეუღლესთან ერთად და ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ფიქრობს, რა განწყობებსაც ატარებს, სურს ახლა უკვე თოჯინებში ჩადოს.

40 წლამდე მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ქსოვდა სუფრებს, დივნებისა თუ სავარძლების გადასაფარებლებს.

50 წლისას პირველი შვილიშვილი გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ ჩვილისთვის პირველი თოჯინა საკუთარი ხელით დაემზადებინა. მაშინ ჯერ კიდევ არ კერავდა და თოჯინა „მოქსოვა“.

მერე ნელ-ნელა აღმოაჩინა, რომ ქსოვილით უფრო შეეძლო ეჩვენებინა სახეზე განწყობა და მასალები შეცვალა. ნელ-ნელა მიხვდა, რომ მჯდომარე თოჯინებთან ერთად ისეთი პერსონაჟების კეთებაც მოუნდა, რომლებიც ფეხზე დგომას შეძლებდნენ და მავთულები ჩართო საქმეში.

ახლა ძირითადად სპეციალური თიხისგან ძერწავს სახეებს:

„ვიპოვე თიხა, რომელიც არ სკდება და სრულად გემორჩილება პატარა დეტალების ძერწვის დროსაც. თუმცა, ცხადია, ამას ხელის გაწაფვა სჭირდება და ჯერ კიდევ ტექნიკის დახვეწის პროცესში ვარ. ვერ ვიტყვი დავხელოვნდი. 10 წელი მაინც უნდა აკეთო ერთი და იგივე საქმე, ეს რომ თქვა. მე კი მხოლოდ ექვსი თვეა, რაც თიხაზე ვმუშაობ.

არასდროს შემიხედავს ამ საქმისთვის, როგორც ბიზნესისთვის, მაგრამ ტევა აღარ იყო სახლში თოჯინების და ინსტაგრამგვერდი გავაკეთე. ზოგს მაღაზიაშიც ვაბარებ, რასაც შინ ვერ ვატევ“, – ამბობს მეთოჯინე.

სახელებს არ არქმევს თოჯინებს, მაგრამ თიხის და ნაჭრის კაცუნები, ბებოები, ბაბუები და გოგო-ბიჭები გამომეტყველებით განიშნებენ, ვინ არიან და როგორები არიან.

ნინო ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თოჯინების შექმნისას მასალების შერჩევაა. დადის და საგულდაგულოდ ეძებს უცნაურ ქსოვილს. თავიდან მომცრო, მინიატიურული საკერავი მანქანით მუშაობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა საქმეს. იხსენებს, რომ ბევრი ქსოვილი დაუხარჯავს და გაუფუჭებია, მაგრამ ამაზე არასდროს დარდობდა, ცდილობდა და ცდილობდა ყოველ ჯერზე თავიდან:

„ქირით ვცხოვრობთ, მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი სახლი არ გვაქვს და ესაა ჩემი დიდი პრობლემა, თორემ საკუთარი სახლი რომ მქონდეს, მექნებოდა დიდი, ძველებური ხის კარადა, შევღებავდი შაბიამნისფრად და ჩემს თოჯინებს ჩამოვსვამდი ყველგან. მოვაწყობდი თოჯინების მუზეუმს შინ და არც ერთ თოჯინას არსად არ გავუშვებდი.

მუზეუმს ოდესმე აუცილებლად გავაკეთებ. მაქვს პერსონაჟების ერთი სერია, რომელსაც ვერასდროს გავყიდდი, ვერანაირ ფასად. ისინიც ამ მუზეუმში დაიდებდნენ ბინას.

ბოლო დროს დავიწყე ფიქრი იმაზეც, რომ გავაკეთებდი მასტერკლასებსაც – ბავშვებთან, ზრდასრულებთანაც, ვასწავლიდი მსურველებს რაც ვიცი ყველაფერს, მეც გავიზრდებოდი მათთან ერთად, იქნებ რაიმე იდეები მოეწოდებინათ, შენიშვნები მოეცათ, რაზეც დავფიქრდებოდი. მექნებოდა ერთი დიდი, ლამაზი ოთახი, სადაც დიდებთან და ბავშვებთან ერთად ვიფუსფუსებდი“, – გვიყვება ნინო სამომავლო გეგმებზე.

კვირაში ექვსი დღე მუშაობს და მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე აქვს. ამ დღესაც ქსოვილების შერჩევას ანდომებს. არ მრჩება დრო სოციალურ ქსელებში გვერდები გავაკეთო, ვმართო და ნამუშევრების გაყიდვაზე ვიფიქროო, გვეუბნება:

„მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ქსოვს, კერავს თიხას ძერწავს და მუშაობს. არ ვარ ქსელებში გარკვეული და არც ვიცი ეს საქმე. ვინმე რომ მასწავლიდეს, როგორ ვაქციო ჩემი საქმე მცირე ბიზნესად, ვისწავლიდი, რადგან ბევრი ნამუშევარი მაქვს და ვფიქრობ, სამომავლოდ დამჭირდება ამ უნარის გამომუშავება.

სად ცხადდება საპროექტო დაფინანსებები, როდის და რომელ ორგანიზაციებში, ესეც არასდროს მიძებნია. ტელეფონის უხეირო კამერითაც არ გამომდის ჩემი პერსონაჟების ხარისხიანად გადაღება, რომ სადმე დავდო“.

შეუძლებელია ნინოს თოჯინები დაათვალიერო და რომელიმე მაინც არ მიამსგავსო ნაცნობს, მეგობარს. როცა ვინმეს თოჯინა მიაქვს ნინოსგან, ასეთი რიტუალი აქვს: „ერთი წამით, დავემშვიდობები რა…“ – ეტყვის მყიდველს და თოჯინას იხუტებს რამდენიმე წამით, მერე ლოყაზე კოცნის და უშვებს ახალ პატრონთან.

მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი

რატი თვალაძე 17 წლისაა, გასულ წელს ის კლუბ „სინერგიაში“ დადიოდა თერაპიულ შეხვედრებზე და ცდილობდა ემოციების მართვა ესწავლა. შედეგს ორი სიტყვით ასე აფასებს: „სინერგიაში“ რომ არ მოვსულიყავი, არ ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც ახლა ვარო.

კლუბი „სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს.

„მენტალური ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი პირველი რამ, რაზეც ადამიანმა უნდა იზრუნოს. ლუკასთან, ჩემ ფსიქოლოგთან კონტაქტი ძალიან მსიამოვნებდა. პირველ სეანსზე „ჩაკეტილი“ ვიყავი, თუმცა მეორე-მესამე მოსვლა უკვე ბოლომდე გავიხსენი ჩემს ფსიქოლოგთან და ყველა საკითხი განვიხილე, რათა გადამელახა აგრესიის პრობლემები. რამდენიმე სეანსის შემდეგ გავხდი უფრო სოციალური პიროვნება და გამიადვილდა ადამიანებთან კონტაქტი, ამასთან მივიღე ფსიქოგანათლებაც, ვისწავლე ემოციების მართვაც.

რატი თვალაძე

აქ მოსვლით ჩემი იმედები იმაზე მეტად გამართლდა, ვიდრე ველოდი. მენტალურად უფრო და უფრო უკეთ ვიყავი ყოველი სეანსის შემდეგ. ეს სეანსები რომ არა, ის ადამიანი არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ, რადგანაც საკუთარ თავში ის უნარები აღმოვაჩინე, რაც მანამდე არ ვიცოდი, რომ მქონდა“.

„მთავრობამ, ჩემი აზრით, უნდა დააფინანსოს მსგავსი პროექტები ან თავისი მენტალური მხარდაჭერის კლუბები შექმნაც, როგორც სინერგიაა მაგალითად“, – ამბობს რატი.

ლუკა გაფრინდაშვილი კლუბ “სინერგიას” ფსიქოლოგია. მისი თქმით, „სინერგიაში“ შექმნილი მეგობრული გარემო ნაწილია იმ ჩანაფიქრის, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე მოურიდებლად დაიწყოს.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს და ამ მხრივ მადლიერება შეიძლება გამოვუცხადოთ ევროკავშირს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ 2019 წლიდან აქტიურად გვიჭერენ მხარს – გვაძლევენ საშუალებას ბათუმსა და თბილისში გვქონდეს მსგავსი სახის ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ უფასოდ იზრუნონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ გამოწვევებზე.

ვინაიდან ჩვენი სერვისი 14-25 წლის ასაკის ადამიანებისთვისაა, ჩვენთან მოდიან კლიენტები, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ რაიმე სახის მძიმე სირთულეები და ხშირ შემთხვევაში არის კითხვები, სწორად მოვედი თუ არა. პირიქით, ჩვენი სერვისი ამაზეა გათვლილი, რომ როდესაც ცალკეული სიმპტომები, მცირე სახის პრობლემები არსებობს, გავაცნობიეროთ, რომ არ არის სირცხვილი ასეთ დროს მიმართოს სპეციალისტს.

ლუკა გაფრინდაშვილი

ვიცით, რომ ეს კონკრეტული წლები (14-25) ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. ვიცით, რომ მცირე სახის გამოწვევები იწყება ამ ასაკში და ასევე ვიცით, რომ ამ ასაკში პრევენციული ჩარევები, სწრაფი რეაგირება ძალიან ეფექტურია იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პრობლემა და არ გადაიზარდოს ფსიქიკურ აშლილობაში.

ის, რომ სერვისი არის უფასო, ხელ-ფეხს უხსნის ძალიან ბევრ ადამიანს, რომ მოვიდეს. თუმცა ამჟამად მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მაღალი მოცდის რიგია. სერვისი საკმარისი არ არის და ადამიანებს სერვისის მისაღებად უწევთ მომლოდინეთა რიგში დგომა.

ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფოს უზრუნველყოფს ჩვენ სერვისებს, როგორც წარსულში მოხდა ეს – მაგალითად 2013 წელს, როცა „ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი“ შეიერთა განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურმა სამსახურმა”, – ამბობს ლუკა.

„კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის ბაზაზე – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“. პროექტის მხარს უჭერს ევროკავშირი – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში.

„ჩემი 17 წლის შვილი 1 თვეა სახლში არ მოსულა, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით“

„თებერვლის შემდეგ სახლში არ მოსულა. არ ვიცი სად არის, ვისთან ერთადაა და რა მდგომარეობაშია.  

ერთადერთი კავშირი მასთან მესინჯერია, როცა საიტზე მწვანე აციმციმდება, მაშინ ვმშვიდდები ცოტათი, რადგან ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია“, – ამბობს 17 წლის მოზარდის დედა. 

38 წლის ქალი დღე და ღამ ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დადის და თავის უფროს გოგონას დაეძებს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი 14 წლის ასაკიდან შეიცვალა. სავარაუდოდ, მიზეზი ნარკოტიკის მოხმარებააო. 

„დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით. სამსახურიც კი დავტოვე, რომ მომეძებნა. დღისითაც გავსულიყავი და ღამითაც. ღამის სამ საათამდე შემეძლო ქუჩებში მევლო, იქნებ სადმე შემხვდეს-მეთქი.

ძველ მეგობრებს აღარ ეკონტაქტება, ყველა ჩამოშორდა. როცა ისინი ჰყავდა, მეუბნებოდნენ – აქ ვნახეთ ანა, იქ ვნახეთ და მეც გავრბოდი. ახლა არც კი ვიცი ვისთან მეგობრობს, ვინ არიან ის ადამიანები.

სამ-ოთხჯერ მივაგენი კიდეც ძებნისას. ერთხელ ზღვისნაპირას, ბულვარში. თუმცა შემდეგ, როცა მიხვდა, რომ ვეძებდი, იმ ადგილებში აღარ ჩნდებოდა“, – ამბობს დედა. 

რა მდგომარეობაში იყო, როცა იპოვეთ, ვინ იყო მის გვერდით? – ვკითხეთ ქალს.  

ამბობს, რომ ანა (სახელი შეცვლილია) აგრესიული იყო, თვალები გაფართოებული ჰქონდა. „რატომ მომაკითხე, რა იყო, რას დამდევ? – მეუბნებოდა და ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდა. ის ახალგაზრდებიც რაღაც უცნაურ მდგომარეობაში იყვნენ, ერთმანეთზე ჩამოკიდებული… არ ვიცი, მგონი ნასვამები იყვნენ. 

არ მივსულვარ ახლოს, იქვე, შორიახლოს ვიდექი და ველოდებოდი, როდის წამოვიდოდა ჩემი გოგო სახლში. 

იმ ახალგაზრდებიდან არავის ვიცნობ. არც მათი მშობლების შესახებ ვიცი რაიმე“, – გვეუბნება დედა. 

მისი თქმით, თებერვლის შემდეგ ანა სახლში არ დაბრუნებულა. „მოვალ მალე, – მითხრა და გავიდა. მას შემდეგ არაფერი ვიცი, სად არის და ვისთან. 

როცა ვურეკავ, არ მპასუხობს, არც კამერას მირთავს, რომ ვნახო ვის გარემოცვაშია, ტელეფონს მითიშავს. 

დღე და ღამ ტელეფონს ჩავცქერი, იქნებ გამოჩნდეს. თუ მესინჯერი აციმციმდა, ეს ცოტათი მამშვიდებს, რადგან ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია“, – გვეუბნება დედა. 

მას ვკითხეთ, თუკი არ მუშაობს ანა, არც ოჯახს ეკონტაქტება, რით გააქვს თავი ამ ხნის მანძილზე, სად შოულობს საკვებს, ტანსაცმელს ან სხვა საჭიროებებს როგორ იკმაყოფილებს? დედას ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. 

„არაფერი ვიცი. 

მე მხოლოდ ის ვიცი, რით გავიდა გარეთ. ლასინები, თეთრი როლინგი, ჩექმები და ქურთუკი ეცვა. მალე მოვალ – მომაძახა და წავიდა. ეს „მალე“ გახდა ერთი თვე და ასე გადის დღეები. 

თუ ფული სჭირდება, მაშინ მომწერს – „ერთი 50 ლარი ჩამირიცხე“. თუ არ მაქვს და უარს ვეუბნები, გათიშავს მესინჯერს და აღარ მომწერს არაფერს“.  

  • პირველი ცვლილება

დედა ამბობს, რომ ანას ხასიათის ცვლილება 14 წლის ასაკში დაეწყო. მშვიდი ბუნების გოგონა უცება გახდა კონფლიქტური და მოუსვენარი.

„სულ გარეთ მიიწევდა, სახლში არ უნდოდა ყოფნა. დაეწყო უძილობა, მთელი ღამე არ ეძინა, შფოთავდა, დადიოდა იქეთ-აქეთ, რამეს თუ ეტყოდი, ყვირილს იწყებდა.  

ვფიქრობ, ტაბლეტებს მოიხმარდა. ზუსტად რას, არ ვიცი. 

ძალიან განვიცადე, როცა გავიგე. ჩავრთე ფსიქოლოგიც, თუმცა ვერ იმუშავა ფსიქოლოგმა სათანადოდ, ვერ მიუდგა. „შტერები, მაგათ რა უნდა მასწავლონ“ – ასე ამბობდა, როცა მოდიოდა ფსიქოლოგისგან. 

მივიყვანე ნარკოლოგიურშიც, იქ რაღაც დამამშვიდებელი აბები მისცეს, ერთი-ორჯერ დალია და გადაყარა. ეგ სულელებისთვისაა, მე რად მინდაო – ამბობდა. 

დღითი-დღე უკონტროლო ხდებოდა. სულ ჩხუბი, სულ შანტაჟი, – გამიშვი, თორემ პოლიციას დავურეკავ და ვეტყვი, რომ ძალადობ – მეტყოდა და მეც ვუშვებდი. 

ერთი-ორჯერ ხელიც მომარტყა, როცა უარი ვუთხარი.  

როცა რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეუძლია ყველაფერზე უარი თქვას – დედაზე, მამაზე, ოჯახზე. 

ვცადე ფსიქიატრიულში დაწვენაც, თუმცა ისტერიკები მოაწყო – „დედა აქ მტოვებ? მე გიჟი არ ვარ“- ყვიროდა, ვეღარ გამიძლო გულმა და წამოვიყვანე“, – ამბობს ქალი. 

  • როგორ მოიქცა სკოლა მოსწავლის ცვლილებისას

„კონფლიქტური როცა გახდა, სულ პრობლემები ჰქონდა სკოლაში. ხან ჩხუბი, ხან გარჩევა და თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი ამბების გასარკვევად. 

იყო შემთხვევები, როცა გაკვეთილების დროს, სკოლის გარეთ მხვდებოდა სკამზე მარტოდ ჩამომჯდარი. 

აღარ სწავლობდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეცხრე კლასიდან გამომეყვანა. კოლეჯშიც მოვაწყვე, თუმცა იქაც იგივე სიტუაცია ჰქონდა – სულ ჩხუბი და უსიამოვნება. 

კოლეჯიც მიატოვა. 

როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკი მის ხელში, სად იპოვა და რა გარემოცვაში გასინჯა? – ვკითხეთ დედას. 

ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სუსტი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. 

დედის აზრით, სწორედ სახელმწიფომ გახადა ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომი და სისტემა ვერაფერს ან არაფერს აკეთებს პრევენციისთვის, რომ ნარკოტიკები არ აღმოჩნდეს ბავშვებისა თუ მოზარდების ხელში ადვილად. 

„ძალიან ხელმისაწვდომი გახდა მოსაწევიც და ეს ტაბლეტებიც. ალბათ ამის ბრალია.  

რამდენი დედა გამწარდა ამის გამო, რამდენი ბავშვი დაიღუპა. 

ისიც არ ვიცი, ვის უნდა მივმართო, რა მოვიმოქმედო, რა გზას დავადგე. ტკბილი სიტყვით დაველაპარაკები, შეურაცხყოფას მაყენებს, ხელს მირტყამს – შენ ვინ გეკითხებაო მეუბნება. 

მკაცრად მოვექცევი და მაშანტაჟებს – „პოლიციას გამოვიძახებ“, სულ ტელეფონი უჭირავს ხელში. სოციალური სამსახურიც გამომიძახა, ჩემზე ძალადობენო უთხრა. 

თუმცა, როცა მოვიდნენ, კი ნახეს რა იყო რეალურად და გაგიჟდნენ“, – გვეუბნება დედა. 

როცა არასრულწლოვანი კვირაობით, თვეობით გარეთ არის და მშობელი ეძებს, რას ამბობს პოლიცია, გეხმარებათ მის პოვნაში? – ვკითხეთ დედას. 

მისი თქმით, ის ადრე მიმართავდა პოლიციას, თუმცა მაინც ვერაფერს ცვლიდა მათი ჩარევა. „გარეთ უნდა და გაუშვითო, – ასე მეუბნებოდა პოლიცია. გავუშვებდი და აღარ მოდიოდა. 

მერე მუქარები დაიწყო, – თუ გამოიძახებთ, თავს მოვიკლავ, მამას დავაჭერინებ, შენ თავს დავაჭერინებო და მეც მეშინოდა, მართლა რაიმე არ ევნო თავისთვის. 

კიდევ ერთი შვილი მყავს. პატარაა ჯერ და იმასაც ხომ სჭირდება ყურადღება? არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში ენახა და. რადგან როცა წინააღმდეგობას ვუწევთ, ისეთ ამბებს ატეხს, მთელ უბანს შეგიყრის. 

ვცდილობ, პატარა დამ არ დაინახოს ეს სირთულეები, რომ შემდეგ იგივე ნაბიჯი არ გადადგას.

ძალიან გამწარებული ვარ. რაღაც გზას ხომ უნდა დავადგე, არ ვიცი რას მივმართო, ვის მივმართო. ავდგები, ვეძებ, ვეძებ და ვერსად ვპოულობ. ჯანმრთელობაც შემერყა ღამეების თევაში.  

მინდა დაბრუნდეს სახლში. თუ შია და სწყურია, სახლი აქვს, კარი აქვს, სითბო და სიყვარული აქვს სახლში, აქ მოვიდეს“, – ამბობს დედა. 

თუ ფულს არ აძლევთ და არც სამუშაო აქვს, როგორ შოულობს წამალს? ფიქრობთ, რომ გასაღების ქსელში შეიძლება იყოს ჩათრეული – ვეკითხებით დედას. 

მისი თქმით, თუ ვერ იშოვა, მოიპარავს – „რა პრობლემაა“. 

დედის თქმით, ნარკორეალიზაციის შემთხვევებზე არაფერი სმენია. თუმცა ჩხუბის და მოპარვის გამო, პოლიცია რამდენჯერმე დაუკავშირდა ოჯახს. 

„წინა წელს ორი შემთხვევა ჰქონდა და დამიკავშირდა პოლიცია, წელს, ჯერ არავინ დამკავშირებია მსგავს რამეზე“, – ამბობს დედა. 

  •  რას ვერ აკეთებს სახელმწიფო მოზარდებისთვის და როგორი უნდა იყოს მიდგომა? 

ფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე რაღაც გამოგრჩათ, რაღაც სხვა იყო გასაკეთებელი და რა ვერ გააკეთეთ, როგორც მშობელმა? 

იქნებ ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ ვერ მიიღო ეფექტური ზომები მოზარდის რეაბილიტაციისთვის? – ვკითხეთ დედას. 

„გასაგებია. მეც ხშირად მესმის, „სად იყო დედა, მამა სად იყო? აგერ ვარ დედა და გესაუბრებით. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

როცა შვილი შეურაცხყოფას მოგაყენებს, „დავაი ახლა“ გეუბნება, არ გემორჩილება, არ გისმენს, ხელს გიბრუნებს, ვის მივმართო? არც სიყვარულით მიდგომა ჭრის, არც მუქარა. რა გზას დავადგე. 

სახელმწიფო ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობას ვერ აკონტროლებს, არასრულწლოვნები არ არიან დაცული მავნე ზემოქმედებისგან არც ქუჩაში, არსად. ასეთი ხელმისაწვდომი რომ არ იყოს მოსაწევი, ხომ არ ჩავარდებოდნენ ჩვენი შვილები ამ დღეში?

რაც დღეს საქართველოში ხდება, არა მგონია კიდევ სადმე ხდებოდეს. იღუპებიან ბავშვები, ახალგაზრდები და ეს არის პრობლემა. 

მესმის იმ დედების, რომლებიც ჩემს დღეში არიან და იმათიც, ვინც ამის გამო დაკარგა შვილები. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი და ყველა ზომა მიიღოს სახელმწიფომ ბავშვების ნარკოტიკებისგან დასაცავად“, – ამბობს დედა. 

მისი აზრით, სუსტია პროგრამებიც და მთლიანად შესაცვლელია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით. ისეთი სერვისები უნდა იყოს, სადაც ბავშვები რეაბილიტაციის დროს, მათთვის საინტერესო საქმითაც დაკავდებიან. მაგალითად, ჩემს შვილს ვიზაჟისტობა მოსწონს და იქნებ მკურნალობის პარალელურად ეს პროფესიაც ესწავლებინათ. ცეკვა, ხატვა, მუსიკა, სპორტი – ამ ყველაფერში უნდა ჩართონ მოზარდები, რომ მკურნალობის პარალელურად, რაღაც პროფესიაც შეიძინონ ახალგაზრდებმა. 

ძალიან ბევრი მოზარდია ასეთ მდგომარეობაში, მარტო ჩემი კი არა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე“. 

დედის თქმით, აუცილებელია ბათუმში რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნას ნარკომომხმარებელი ბავშვებისთვის და დროულად დაიწყოს მათზე ზრუნვა სახელმწიფომ. 

„ერთხელ რომ ნახოთ და გაესაუბროთ, იტყვით, – „ეს ვინაა, თაფლი გადმოსდის პირიდანო“, მაგრამ როცა ზემოქმედების ქვეშაა, ისე იცვლება შოკში ჩავარდები.

ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია ვერ დაგვეხმარა ვერც მე და ვერც ჩემს შვილს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდით“, – ამბობს დედა.

მისი თქმით, ბრძოლის უნარი დაკარგა მეუღლემაც, რადგან მისი შვილი, პოლიციით ემუქრება. „თუ არ გამიშვებთ, გიჩივლებთ და დავაჭერინებ თქვენ თავსო, გვეუბნება. მამამისსაც ეშინია… „ახლა ციხის თავი არ მაქვსო“, ერთი შვილი გვყავს კიდევ გასაზრდელი. შრომობს, მოხელე კაცია, თავი ძლივს გაგვაქვს. 

მარტო ვარ ამ ბრძოლაში. ხელჩართული ბრძოლა მაქვს, ოღონდ სულ მარტოდ“, – გვეუბნება დედა. 

მისი აზრით, თუკი ნარკომომხმარებელი ბავშვების მშობლები გაერთიანდებიან, ეს მათ გააძლიერებს. 

„მინდა იმ დედების გვერდით დავდგე, ვინც ჩემსავით გამწარებულია.

დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრ დედას არ სძინავს. თუმცა ბევრი ერიდება სირცხვილის გამო ამაზე ხმამაღლა საუბარს. 

თუ მშობლები ერთად ვიბრძოლებთ, იქნებ გამოგვივიდეს რაიმე. კამპანია წამოვიწყოთ იქნებ, რომ აღარ ვიყოთ გამწარებული მშობლები და ჩვენი შვილებიც გადარჩნენ“, – ამბობს ანას დედა. 

„დამანგრია ამ ყველაფერმა, 38 წლის ვარ და უცებ დავგლახდი დარდისგან. 

„არ შემიძლია ვთქვა, „წავიდეს, მომშორდეს“. სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ, რომ შვილი დამიბრუნდეს“, – გვეუბნება დედა.

შვილის შესახებ სულ მცირე ამბის გაგებაც კი შვებას ჰგვრის: 

„სთორებზეც კი მბლოკავს, რომ არ ვნახო. თუ სხვამ ნახა და მომწერს, სთორი დადოო, ესეც კი მაბედნიერებს. ვფიქრობ – ესე იგი, ცოცხალია. 

ვინ იცის, რამდენი დედა ტირის ჩემსავით, ეს უნდა დამთავრდეს“. 

რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები

ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს.

რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი დაჭიმულობა პმს-ის დროს? არის თუ არა კავშირი დეოდორანტების გამოყენებასა და ძუძუს პათოლოგიებს შორის? – ძუძუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებს, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მოწვეული ექიმი-მამოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჩოლოყაშვილი პასუხობს.

  • ბატონო ლევან, რამდენად უსაფრთხოა, ძლიერად მოჭერილი (მაგალითად, სპორტული) ლიფის სისტემატური ტარება?  

მჭიდრო ლიფების ტარება საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა პაციენტებში. მეტსაც გეტყვით, ზოგი საერთოდ იძინებს ლიფით. განსაკუთრებით ცუდია მეტალის ან პლასტიკის კარკასული ჩანართების მქონე ლიფების ტარება. სპორტული, მაისურის ტიპის ლიფის ტარება, რომელიც უფრო ელასტიკურია, შედარებით უკეთესია, თუმცა ძალიან მოჭერილი არც ის ვარგა.

საერთოდ სხეულის არც ერთი სამოსი მოჭერილი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით საცვლები, რაც უშუალოდ სხეულს ეკვრის, მით უფრო მოსვენების მდგომარეობაში, ძილის დროს.

არ მინდა იმის თქმა, რომ მოჭერილი ტანსაცმლის ტარება, პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია პათოლოგიურ, მათ შორის სიმსივნურ პროცესებთან, მაგრამ მოჭერილი ლიფის ტარება ხელს უწყობს ძუძუს გარკვეულ დისფუნქციას, შეგუბებით პროცესებს და შემდგომ კვანძებსაც, ხელს უშლის ლაქტაციის შემდგომ პერიოდში სადინარებიდან ნარჩენი რძის ალაგებას. ამიტომ უმჯობესია ან საერთოდ არ ატაროთ, ან თუ ატარებთ – შეარჩიოთ, შედარებით უფრო თავისუფალი, მაისურის მსგავსი ფორმის ლიფი.

მჭიდრო ლიფის ტარებისას შეზღუდულია როგორც სისხლძარღვოვანი, ასევე ლიმფური სისტემა, პრემენსტრუალურ პერიოდში ფიზიოლოგიური ჰორმონალური ცვლილებების დროს ასეთი შეზღუდვა განსაკუთრებით საზიანოა. ამიტომ, უმჯობესია ატაროთ უფრო თავისუფალი ლიფი, რომ არ განვითარდეს შეგუბებითი პროცესი, არ ჩამოყალიბდეს ანთებითი, კვანძოვანი ჩანართები და/ან მათი შემდგომი ავთვისებიანი გადაგვარება.

  • პრემენსტრუალური სინდრომის დროს რა ცვლილებები ხდება მკერდში (მაგალითად, რაც იწვევს შეშუპებას, ტკივილს). შესაძლოა საქმე გვქონდეს რაიმე პათოლოგიასთან, თუ ეს სიმპტომატიკა მწვავეა? 

პრემენსტრუალური სინდრომი PMS [პი ემ ეს], რომელიც ასევე ხშირად არასწორად გაიგივებულია და მოიხსენიება, როგორც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა PMDD [პი ემ დი დი], საკმაოდ გავრცელებულია – იმდენად, რომ მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 80%-მდეა.

პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) და პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) არის ორი მსგავსი-დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც იზიარებენ ბევრ საერთო ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომს: ერთ-ერთი მათ შორის არის ძუძუში ტკივილი და გადაბერილობის შეგრძნება. განვიხილოთ PMS და PMDD ცალ-ცალკე:

  • სიმპტომების სიმძიმე

PMS: სიმპტომები, ზოგადად, უფრო მსუბუქია და შეიძლება მოიცავდეს: შებერილობას, მსუბუქ კრუნჩხვებს, განწყობის ცვალებადობას, დაღლილობას და მადის ცვლილებას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე და ქრება მენსტრუაციის დაწყებისთანავე.

PMDD: არის PMS-ის უფრო მძიმე ფორმა. სიმპტომები ინტენსიურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ყოველდღიური საქმიანობის პროცესს, ურთიერთობებს და ა.შ. PMDD სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უკიდურეს სევდას, შფოთვას, განწყობის ცვალებადობას და უიმედობის გრძნობას.

  • ემოციური სიმპტომები:

PMS: ემოციური სიმპტომები ამ დროს შეიძლება მოიცავდეს ზომიერ დეპრესიას, სახსრების, კუნთების, თავის ტკივილს, დაღლილობას შფოთვას და განწყობის ცვალებადობას.

PMDD: სიმპტომების სიძლიერემ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სამუშაოს პროდუქტიულობაზე, ურთიერთობებზე და ცხოვრების მთლიან ხარისხზე. აღნიშნული პირები შეიძლება გრძნობდნენ თავს უკონტროლოდ და მოწყვეტილი იყვნენ ჩვეული რუტინისგან. ფუნქციონალური ცვლილებების ფონზე ხდება სითხის შეკავება, სხეულის შეშუპება უფრო, ვიდრე წონაში მატება, როგორც აღნიშნავენ პაციენტები; განსაკუთრებული მძიმე ფორმების დროს სუიციდის აზრებიც კი აღენიშნებათ ხოლმე.

ქალების 75%-მდე შეიძლება განიცადოს რბილი PMS; PMDD ნაკლებად გავრცელებულია, ის ვლინდება ქალების მხოლოდ 3%-დან 8%-ში.

  • მიზეზები: 

PMS და PMDD-ის ზუსტი მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი. შეიძლება გამოვყოთ PMS და PMDD-ის ხელშემწყობი რამდენიმე მიზეზი, ძირითადი ეს არის ჰორმონალურ-ციკლური დარღვევები, ე.წ. რყევები, რომელიც მთლიანად ქრება ორსულობის ან მენოპაუზის დროს; მეორე მიზეზად შეგვიძლია გამოვყოთ თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებები, რომელიც (5-10 დღით ადრე) წინ უსწრებს ციკლს მოსვლას, შემდეგ ის თანდათანობით ან ხშირად მომენტალურად იკლებს, როგორც კი ციკლი იწყება.

PMS და PMDD-ის განვითარებაზე ზეგავლენა აქვს თავის ტვინში სეროტონინის დეფიციტს, რომელიც ამ პერიოდში იწყება; სიმპტომების გამძაფრების მიზეზი შეიძლება იყოს გაუთავებელი სტრესები, დაძაბული სამუშაო, ოჯახური და პირადი პრობლემები; ხელშემწყობი ფაქტორია ასევე კონსერვანტებით, ემულგატორებითა და პესტიციდებით გაჯერებული საკვები პროდუქტები, მასთან ერთად ე.წ. კვებითი აშლილობები და ამით განპირობებული გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომი;

თუ PMS და PMDD-ის დროს, მათ შორის მკერდის დაჭიმულობა არის გახანგრძლივებული, სარძევე ჯირკვლებში ძლიერია დაბერილობა, ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის იღლიის ფოსოში, აღინიშნება მტკივნეულობა არა ხელის შეხებით, არამედ მოსვენების მდგომარეობაში; არის ჩამოყალიბებული კლინიკური სინდრომი და არა უბრალოდ დისკომფორტი, სისავსისა და დაჭიმულობის შეგრძნებით, მაშინ ეს საყურადღებოა იმის მიხედვით, თუ რა სიძლიერით არის სიმპტომები გამოხატული.

ასეთ დროს ხდება ჰორმონალური ბალანსის სრული სპექტრის გამოკვლევა. მათ შორის ხდება სისხლში სეროტონინის შემცველობის რაოდენობის განსაზღვრა, როგორც მენსტრუაციამდე ისე მის შემდეგ, საჭიროა პროცესში ჩაერთოს ენდოკრინოლოგი.

  • საყურადღებოა თუ არა კაპილარების გამოჩენა/არსებობა მკერდზე?

კაპილარების გამოჩენა კანზე იგივე კუპეროზი, იგივე როზაცეა, იგივე ვარდისფერი აკნე, სახის კანზე უფრო შესამჩნევი და ხშირია, თუმცა შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვა ადგილებზეც, მათ შორის სარძევე ჯირკვლებზე.

კანი შედგება სამი ძირითადი შრისგან: ეპიდერმისი, დერმა და ცხიმოვანი ქსოვილი (კანქვეშა შრე), როდესაც ადამიანს ზედა ფენა – ეპიდერმისი თხელი აქვს და ამავე დროს საკუთრივ დერმაც თხელია, რომლის ქვედა ფენაშია კაპილარები, მაშინ ისინი უფრო თვალსაჩინონი არიან და კანზე გამოხატულია სისხლძარღვოვანი სურათი. ხშირად ეს გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, შეიძლება შეძენილიც იყოს, მაგალითად კვებითი, მედიკამენტოზური, ვირუსული ინტოქსიკაციის შედეგად გაჩნდეს და მერე ბოლომდე აღარ ალაგდეს, ხშირია ზედა ორი შრის ასაკობრივი განლევაც.

რაც შეეხება სარძევე ჯირკვლების კანზე გამოხატულ წვრილ კაპილარებს, ის არ გახლავთ რაიმე წამყვანი სიმპტომი, რომ პათოლოგიად მივიჩნიოთ. ის უფრო არის გენეტიკურ ნიშანი, გამოვლენილი, მეორე და/ან მესამე თაობაში.

საყურადღებო ვიზუალური ნიშნები სარძევე ჯირკვალში არის ლიმონის ქერქივით კანი, რაც მიუთითებს, რომ მის შიგნით სიღრმეში არის კვანძი, რომელიც კანის ზედა ფენებს ქაჩავს და ქმნის ჭიმებს, სწორედ ეს ცვლილება ჩანს ლიმონის ქერქივით; ან ამობურცულობაა, სიწითლეა, შეიძლება იყოს ე.წ. დაფის-სიბრტყის ნიშანი, ეს ნამდვილად უფრო საყურადღებოა, ვიდრე ორივე მხარეს, პროპორციულად განვითარებული ზედაპირული კაპილარები.

რადგან შევეხეთ კვანძის მახასიათებლებს, თუ პაციენტმა შენიშნა კვანძოვანი წარმონაქმნი, მამოლოგთან მისვლამდე, თვითგამოკვლევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოს, კვანძი მოძრავია, „დახტის“ თუ ფიქსირებულია, რბილია თუ მკვრივი (სიმკვრივე პირობითად შეიძლება დავყოთ: ცხიმოვანი კონსისტენციის, კუნთოვანი, ხრტილოვანი და ძვლოვანი), კიდეები-საზღვრები მკაფიოა თუ უსწორმასწორო, ზედაპირი გლუვია თუ ხორკლიანი, პალპაციით მტკივნეულია თუ უმტკივნეულო, აქვს თუ არა ტემპერატურული რეაქცია – ხურს, თუ არა და, რა თქმა უნდა, სავარაუდო ზომები სანტიმეტრებში. 

  • თუ არის რაიმე რეკომენდაციები მკერდზე ლაზერული ან სხვა სახის ეპილაციის გაკეთებასთან დაკავშირებით?

ეპილაციის მეთოდოლოგია და აპარატურა დღეს საკმაოდ დახვეწილია, თანამედროვე ხელსაწყოები მინიმალურად ინვაზიურია.

თუ არ არის წინასწარი გენეტიკური განწყობა, თუ ქალების ხაზით, დედას, ბებიას არ ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნი, თუ მას არ აქვს კვანძოვანი წარმონაქმნი, მკერდზე – შეიძლება ადამიანმა გაიკეთოს ეპილაცია.

სარძევე ჯირკვლის და იღლიის ლიმფური სისტემა ერთ მთლიან ბმულად, არხად მოიაზრება, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, „გარეგანი ჩარევა“ ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს – იწვევს გარკვეულ რეაქციებს, საპირისპირო მახარეს. თუ იღლიაში არ არის პიგმენტური ლაქები, ნევუსები, ხალს რომ ეძახიან, უმჯობესია გაკეთდეს ეპილაცია, თუმცა თუ ასეთები არის, ისინი უნდა დაიფაროს სპეციალური თეთრი ფანქრით, რომელიც ეპილატორის სხივებს არ გაატარებს.

უმჯობესია გაიკეთოთ ეპილაცია, ვიდრე იპარსოთ და კანზე გაჩნდეს მიკროტრავმები. რომლებიც პათოგენური მიკრობების შეჭრის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით ცხელ პერიოდებში, როცა ოფლი ჭარბად გამოიყოფა და საოფლე ჯირკვლები ღიაა, ვითარდება აღმავალი ინფექცია, რაც აღიზიანებს იღლიის ფოსოში ჭარბად განვითარებულ ლიმფურ სისტემას. ამიტომ სასურველია გაიკეთოთ ხარისხიანი ლაზერული ეპილაცია იშვიათად, ვიდრე იპარსოთ სისტემატურად და დააზიანოთ იღლიის ნაზი კანის საფარველი.

დასხივება და ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით არასასურველია მათთვის, ვისაც აქვს ონკოლოგიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, რამდენიმე ან ერთ თაობაში, ის მზეზე გარუჯვასაც უნდა მოერიდოს და სოლარიუმსაც.

მარკეტინგული ხრიკებია, რომ თითქოს ზოგიერთ სოლარიუმის აპარატს განსხვავებული სხივები აქვს, რეალურად ყველა არის ულტრაიისფერი, ყველა აღიზიანებს კანს, იწვევს კანის გამოშრობას, უკარგავს მას ელასტიკურობას. ულტრაიისფერი სხივი აშრობს კანსა და კანქვეშა ქსოვილს და იწვევს ადრე დაბერებას, პიგმენტურ ლაქებს, უარეს შემთხვევაში კი კანის კიბოს, მელანომას. მხოლოდ მცირე დოზებით არის სასარგებლო, როდესაც კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს.

  • მითია თუ რეალურად არსებობს რაიმე კავშირი დეოდორანტებისა და ანტიპერსპერანტის/დეოდორანტის მუდმივ გამოყენებასა და მკერდის პათოლოგიებს შორის? 

როგორც სუნამოს და კანის მოვლის საშუალებებს აქვს უძველესი ისტორია, ისე ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკური ხანიდან მოდის, ადამიანი იყენებდა შაბს, სხვადასხვა მცენარეულ ნაყენს.

ანტიპერსპერანტის მუშაობის პრინციპია 1. საოფლე ჯირკვლებში, გამომუშავებულ ოფლში არსებული პათოგენური მიკრობების განეიტრალება; 2. თავად საოფლე ჯირკვლებზე მოქმედება, რომ შეამციროს ოფლის სეკრეცია და 3. პირველი და მეორე პუნქტები ორივე ერთად;

ამ საშუალებების შემადგენლობაში არ უნდა იყოს მეტალების, მაგალითად ალუმინის ოქსიდის შემცველობა, რომელიც განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს კანზე, საოფლე ჯირკვლებზე და კანცეროგენურია. საქმე ის არის, რომ ასეთი ანტიპერსპერანტის გამოყენებისას კანქვეშ, ხდება მავნე ნივთიერებების კუმულაცია, საიდანაც ადვილად ვეღარ გამოიდევნებიან და იწვევენ უჯრედშიდა გენეტიკურ ტრანსფორმაციას – სიმსივნურ პროლიფერაციას.

ეს არასასურველი მოვლენები ხანგრძლივი და რეგულარული მოქმედების შედეგია, ერთჯერადად, ხანმოკლე გამოყენება არ იძლევა უარყოფით რეზულტატს.

  • ზოგიერთ ადამიანთან იღლიის მიდამო ჩაღრმავებულია, ზოგიერთთან კი უფრო სავსეა, რამდენად საყურადღებოა ეს გარემოება?

იღლიის ფოსოში არის სპეციფიკური კანქვეშა ცხიმოვან, ფაშარი ქსოვილი, რომელიც ზოგ ადამიანთან მეტად არის გამოხატული-შევსებული, ზოგიერთთან ნაკლებად. თუ ეს ორივე მხარეს პროპორციულად არის განვითარებული, მაშინ არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ, თუ ერთ მხარეს მეტად არის ზომაში მომატებული, მტკივნეული, გამაგრებული და ა.შ. და მეორე მხარეს ნაკლებად, მაშინ პაციენტი გამოსაკვლევია და საჭიროა მიზეზის დადგენა, მკურნალობა.

სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ეს არის სიმეტრიულად, პროპორციულად განვითარებული ორივე მხარეს და არ მიანიშნებს არავითარ პათოლოგიაზე.

ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და 8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს.

ორგანიზაცია შემდეგი შინაარსის მიმართვის ტექსტს ავრცელებს:

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 2024 წლის 8 მარტს გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს დაბა ადიგენში რელიგიური მიზნით მოქმედი შენობის მესაკუთრის, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის მიმართ ძალადობრივი მუქარის და სიძულვილის ენის გამოყენების, ასევე რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი (200-მდე ადამიანი) დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე, პოლიციის კორდონის მიუხედავად, ცდილობდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეჭრას და ძალადობით ემუქრებოდა მას.

ვიდეოში ისმის ნიკოლოზ გეწაძის ხმა და იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მერაბ მიქელაძეს: „გაგიხევ სახეს შე [გინება]”, “დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ.“

მღვდელი ასევე უთითებდა: „ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება“ და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: „ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის“, „ქრისტიანების იქნება“.

აღსანიშნავია, რომ წინა პარასკევს, პირველ მარტს ასევე ჰქონდა ადგილი მსგავს ეპიზოდს, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძემ, მუსლიმებს ამ შენობის დატოვება მოსთხოვეს.

მუსლიმი თემის შევიწროების მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2023 წლის ივლისის თვეშიც.

მაშინაც ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მერაბ (იუსუფ) მიქელაძის შენობასთან მივიდნენ და მუქარით მუსლიმი ლიდერებისგან რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც, რომელიც პოლიციამ განმუხტა.

მომხდარის შემდეგ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც კონფლიქტისა და დაპირისპირების თავის აცილების მიზნით, დათმობაზე წასვლა მოუწიათ. კერძოდ, ისინი დათანხმდნენ, რომ დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში დროებით გააგრძელებდნენ ლოცვას ვიდრე, მოშორებით მდებარე სოფელ იჯარეთში ადგილობრივი თვითმმართველობა არ შეუძენდა ახალ ფართობს რელიგიური საქმიანობისთვის.

თუმცა, ამ დრომდე თვითმმართველობას არ გადაუცია მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მუქარის, დევნისა და რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის არც ერთ ეპიზოდს სამართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

მუქარისა და შევიწროების განგრძობადობა, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის აშკარა მოტივი აჩვენებს, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი აქვს დევნას რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით.

აღნიშნული დანაშაულის გამოძიება კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მანდატში ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა.

წინა წლებში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ქმნის და ძალადობის განმეორების რეალურ წინაპირობებს აჩენს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს მძიმე გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებზე, არამედ მთელს თემზე, რომელსაც უფლების დარღვევის მსხვერპლი მიეკუთვნება.

მას ასევე მძიმე გავლენა აქვს სოციალურ მშვიდობაზე და განსხვავებული ჯგუფების დემოკრატიული თანაარსებობის პრინციპზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობა უმცირესობებში აღრმავებს დაუცველობის განცდას და მკვეთრად ამცირებს ნდობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ…

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს მოჰყვეს დროული და სათანადო რეაგირება და ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დაცვისთვის სახელმწიფომ რეალური სამართლებრივი გარანტიები შექმნას“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

აღნიშნული ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად დაიწყოს გამოძიება და „საქმეზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, დევნაში ჩართული სასულიერო პირების დროული გამოკითხვა“.

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია.

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები.

ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ გაიმარჯვა „სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას მსმენელისთვის. კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი არტისტებთან ერთად ჩართულია მუშაობის ყველა ეტაპზე, საიმისოდ რომ შექმნან ახალი და განსხვავებული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება.

„გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ დაჯილდოვდა ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანია „ენთები“, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაარსდა 2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. ენთებმა სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, მარტივი მიდგომის გამოყენებით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით, მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ერთი მხრივ ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას იძლევა, რომ მცირე და საშუალო სეგმენტს მისაღებ ფასად შესთავაზო მომსახურება და მეორე მხრივ ახდენდა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულებას. ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით.

ორგანიზატორების და ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაცია „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას სახელობის იქნება, რომელიც შარშან ტრაგიკულად დაიღუპა. ნანა ჯანაშია წლების განმავლობაში იყო ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრი და ის სწორედ ამ ნომინაციის კონკურსანტებს აფასებდა.

წელს ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კომპანია „ბაბალემ“ გაიმარჯვა, თავისი გამორჩეული საქმიანობისთვის, რაც საქართველოში მცხოვრები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმებას გულისხმობს. კომპანია „ბაბალე“ დაფუძნდა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება. ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.

სპეციალური ჯილდოს მფლობელი მწვანე ინიციატივებისათვის „ტენე“ გახდა, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.

კომპანია ტენემ უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.

ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი ტენე  მეორე სიცოცხლეს ჩუქნით, შეაკეთებს და  მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად ტენეს წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე – მზის პანელებზე გადავიდა.

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.

სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის გადაეცა „ხმას“, რომელიც ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია. სახელი კატო მიქელაძის პატივსაცემად შეირჩა, რომელიც 1917-18 წლებში ქალების გაძლიერებაზე მიმართულ პირველ ქართულ გაზეთს გამოსცემდა სახელწოდებით „ხმა ქართველის ქალისა“. ბრენდი შექმნის პირველივე დღიდან მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის გზავნილებს ავრცელებს, ძირითადი ხაზი კი Love yourself და why not-ია, რაც საზოგადოებაში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება.

ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ გაიმარჯვა KLIPY-მ.   KLIPY არის ხმოვანი გიფების, სტიკერებისა და სხვა პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს ეხმარება მონეტიზაციაში. ეს კი ხდება ზემოხსენებულ ფუნქციებში პროგრამატიკული რეკლამების გაშვებით სხვადასხვა ad network-ებიდან.

KLIPY უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ასობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და სულ მალე ფუნქციონალს ვიხილავთ Viber-სა და სხვა დიდ სამესიჯო აპლიკაციებში.

დღეს აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 300,000 აჭარბებს, რაც ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო pipeline-ში არსებული ინტეგრაციების გაშვებით 20 მილიონამდე გაიზრდება მომავალი წლის ბოლომდე.

გასულ თვეში KLIPY-მ მოიზიდა $1.2mln ზომის seed round (ჯამში $2m commitment -იდან), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Sturgeon Capital (lead), Zaza Pachulia, Isaac Applbaum, Tim Wagner და სხვა მრავალი, ხოლო გასულ წელს პირველი pre-seed $100k ინვესტიცია Presto Ventures-მა ჩადო.

 „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“ დაჯილდოვდა „ჰერბია“, რომელიც Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მქონე კომპანიაა, რომელსაც ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს ყველა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც რეგიონში 5000-ზე მეტია.

და ბოლოს, ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟიურის წლევანდელი რჩეული კომპანია „წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხეილ სვიმონიშვილი გახდარომლის ბიზნეს ისტორია 1997 წელს იწყება, როდესაც გურიის პატარა სოფელში ჩამოსხმული მინერალური წყალი, ნაბეღლავი მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა.  ამას მოყვა მარნეულის სასურსათო ქარხანა, შვეიცარიული აგრარული სკოლა; ათასობით დასაქმებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე.

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

„შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა“ – გელათის კედლის მხატვრობა-მოზაიკის რეაბილიტაცია იწყება

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გელათის მონასტერში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს იწყებს.

კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარი მოკვლევით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა. ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული მოზაიკის და კედლის მხატვრობიდან რისი გადარჩენა მოხერხდება.

ძეგლზე გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ.

„ჩამოსულია მხატვრების ჯგუფი – კონსერვაციის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედესი. მათ გუშინ იმუშავეს გელათის მონასტერში და ღვთისმშობლის ტაძარში. მათ თქვეს, რომ დაიწყებენ გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას ყველა იმ კრიტიკულ კერაზე, რომელიც მონიშნული იყო გელათში და რომლებიც მხატვრობის კუთხით მძიმე მდგომარეობაშია. რაც ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ კედელი იძლევა ამის საშუალებას, რომ ჩვენ მხატვრობასთან მუშაობა შევძლოთ.

ჩამოსულია მოზაიკის კონსერვაციის ხელმძღვანელი ბატონი რობერტო ნარდი, რომელიც გუშინ მთელი დღე მუშაობდა. დღეს კი ჯგუფი დაიწყებს ამ მოზაიკის სრულ დამუშავებას.

ჩვენ გვაქვს მართლაც მსოფლიო დონის უნიკალურ მოზაიკასთან საქმე. აღფრთოვანებულია ის ადამიანი გელათის ღვთისმშობლის მოზაიკით. ამიტომ საქმე არის იმედიანად. პროცესი დაიწყო. აწი მთელი წლის განმავლობაში იქნება საკონსერვაციო პროცესი, როგორც მხატვრობაზე, ასევე მოზაიკაზე,“ – თქვა ჟურნალისტებთან გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივნის, დავით ლორთქიფანიძის თქმით, გელათის რეაბილიტაცია-კონსერვაცია არის გრძელვადიანი პროექტი და „არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ერთ წუთში შეიცვლება ყველაფერი“.

„ეს შემიძლია ყველას ვუთხრა: ყველა ნაბიჯი, რაც აქ ხორციელდება არის ძალიან დეტალური სამეცნიერო კვლევის შემდეგ.

შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა. ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის არ არის. ყველაზე მთავარია ერთიანობა და არის სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრებს.

რაც შეეხება გადახურვას, რომელიც პროცესშია – მიღებულია იუნესკოდან თანხმობა კონკრეტულ პროექტზე. მოლაპარაკებები დამთავრებულია. გერმანული კომპანიაა, რომელმაც დაამზადა. ასევე გერმანელი ინჟინრები მიიღებენ მონაწილეობას კონსტრუქციის [მოწყობაში],“ – თქვა დავით ლორთქიფანიძემ.

გელათის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს. საკონსერვაციო პროცესი კი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მეშვეობით ხორციელდება.

გელათის მონასტრის რეაბილიტაცია საპატრიარქომ 2023 წლის თებერვალში გადაიბარა. მაშინ საპატრიარქომ განმარტა, რომ „გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო.

2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა“.

2023 წლის 25 თებერვალს, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციას საპატრიარქო გადაიბარებდა. ხოლო თანხას, სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, კულტურის სამინისტრო გამოყოფდა.

2022 წელს შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც დაფუძნდა ორი სათათბირო ორგანო – ეროვნული სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.

გელათის სამონასტრო კომპლექსში განსახორციელებელი ყველა საკონსერვაციო პროექტი სათანადო მსჯელობის საგანი ხდება, როგორც ეროვნულ სამეცნიერო საბჭოში, ისე, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში და მსჯელობის შედეგად შეჯერებული საბოლოო დოკუმენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების მხრიდან ფასდება.

მუშაობის ექვსი თვის ანგარიში კომიტეტმა 2023 წლის ნოემბერში წარადგინა.

ამავე თემაზე:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

 

„წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზა“ – მინისტრი

„ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს დასრულდება“ – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობა რომ საარჩევნო, 2024 წელს დასრულდებოდა, მთავრობამ ამის შესახებ გასულ 2023 წელს განაცხადა. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

„ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის.

ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდან 19 – აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში კი, აღნიშნული იყო, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის მთლიანი თანხა 493 მილიონ 120 ათას 100 ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / 12.03.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება.

„ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან აშენებულია 19 ხიდი; შემოვლითი გზის შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ორი კვანძი, რომლითაც ქალაქში შესვლა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ახალი გზით ქალაქი მაქსიმალურად განიტვირთება; ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს“ – აცხადებს დეპარტამენტი.

დღევანდელი მდგომარეობით ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მახინჯაურის გვირაბთან შევიწროებულია ბათუმი-ქობულეთის გზის სავალი ნაწილი, რის გამოც შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება ამ მონაკვეთში, რაც საცობის მიზეზია.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 და 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 425 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 6 747 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 12 901 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 10 522 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 016 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 713 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 184 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 870 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 1 691 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 15 226 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 238 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 378 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 658 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული შეიარაღებული ჯგუფები რუსეთში შეიჭრნენ – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სარფის პლაჟზე ახალი კიბეებისა და პანდუსის მოსაწყობად 137 ათასი ლარია გამოყოფილი

ხელვაჩაურის მერია სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, პანდუსისა და ხის ბილიკების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 ათას 294 ლარია გამოყოფილი.

ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობაზე“ გამოაცხადა, თუმცა, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ამ ტენდერით მხოლოდ კიბეების, ბილიკისა და პანდუსის მოეწყობა იგეგმება.

„სამუშაოები დავყავით ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოეწყობა ორი კიბე, რომლებსაც, პროექტით, თან მიყვება პანდუსებიც. ასევე მოეწყობა ხის ბილიკები ზღვასთან მისასვლელად, რომლებიც გათვლილი იქნება ეტლით მოსარგებლეებისთვისაც. რაც შეეხება საშხაპეებს და გასახდელებს, მეორე ეტაპზე მოეწყობა, რაზედაც ტენდერს ცალკე გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს სამმართველოში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა დაიწყოს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში – ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით [აქედან გამომდინარე, თუ ტენდერი შედგა, სამუშაოები სანაპიროზე შესაძლოა, სულ ცოტა, ივნისის ბოლომდე გაგრძელდეს].

მიმწოდებელი ვალდებული იქნება სამუშაოები შეასრულოს იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თან ახლავს ტენდერს.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია „არსებული ლითონის მოაჯირის დემონტაჟი; რკინა-ბეტონის კიბის, პანდუსისა და ბილიკის მოწყობა; სანაპირო ზოლში არსებული კედლის გასუფთავება და დეკორატიულად მოხატვა [ფერი და დიზაინი შეთანხმდება დამკვეთთან].“

„შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელს. აღნიშნულ პერიოდში რაიმე წუნის [ნაკლოვანებები, დეფექტი] აღმოჩენის შემთხვევაში კი, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

სარფის პლაჟთან შესაძლოა ჭოროხი-სარფის ავტობანიც გავიდეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება.

სკოპინგის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“.

ვრცლად ამ თემაზე: ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

სარფი: არსებული სიტუაცია და ამ ტერიტორიის „მოწესრიგების“ სავარაუდო სქემა [მარჯვნივ] ახალი გზის გაყვანის შემდეგ / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

 

მთავარი ფოტო არქივიდან: სარფი / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

 

რა ხდება ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებთან – დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

დღეს, 11 მარტს, ადიგენის მერი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეხვედრა მუსლიმების თხოვნით გადაიდო.

„დღეს არ იქნება შეხვედრა. მუსლიმებმა ითხოვეს, რომ კიდევ ერთი დღე მისცემოდათ კონსულტაციებისთვის.

ნურც ხვალ დაგვირეკავთ, თუკი რაიმე საინტერესო იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ და იქ ვუპასუხებთ კითხვებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ ადიგენის მერმა.

გოჩა ქიმაძე, ადიგენის არჩეული მერი

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ მერაბ მიქელაძის კერძო სახლთან, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი და ადამიანების ჯგუფი მიიჭრა. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ შენობაში მყოფ პირებს. სიტყვები შეიცავდა მუქარასაც.

ამ დრომდე, მომხდართან დაკავშირებით, როგორც „ბათუმელებს“ შს-ში განუცხადეს, გამოძიება არ დაწყებულა.

„ბათუმელები“ ესაუბრა მერაბ მიქელაძესაც, რომელსაც 8 მარტს, საკუთარ სახლში მიუვარდნენ აგრესიული ჯგუფები. მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ დაჰკავშირებია ამ დღეებში მერიიდან ან სხვა უწყებებიდან ვინმე შეხვედრის და მოლაპარაკებების თაობაზე და თავად როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას.

„შეხვედრა აუცილებლად იქნება, მაგრამ დღეს არა მგონია.

მე არანაირი კანონი არ დამირღვევია, ჩემ საკუთრებაში ვლოცულობდი, სადაც შემოგვეჭრა წინამძღვრებთან ერთად (ქრისტიანი) მრევლი. კერძო საკუთრებაში თუ არ შეიძლება ლოცვა, მაშინ სახლებშიც უნდა აგვიკრძალონ ლოცვა?

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

მისი თქმით, დასახლებაში უფრო მეტია ქრისტიანი მოსახლეობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმებს აქ ლოცვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

„ჩვენ ყველა ადამიანს პატივს ვცემთ და ვაფასებთ. ამ სახლში ხუთი წელია უკვე ლოცვები სრულდება და არავინ შეგვიწუხებია. ვფიქრობ, ეს რიგითი პროვოკაცია იყო ნიკოლოზის [ნიკორწმინდის წინამძღვარი] მხრიდან. აქ არ ცხოვრობენ მუსლიმები და არ არის საჭირო სამლოცველოო – გვეუბნებოდა ის.

მერაბ მიქელაძე და მისი კერძო საკუთრება, სადაც პარასკევის ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს

გასულ წელსაც იყო ანალოგიური ინციდენტი და ამიტომ დაიწყო მერიამ ალტერნატიულ მეჩეთზე საუბარი.

ჩვენც ვიფიქრეთ, თუ ამ ადგილზე ასე აღიზიანებთ ჩვენი ლოცვა, მაშინ გადავალთ სადმე ახლო მანძილზე, თუ იქნება რაიმე შემოთავაზება-მეთქი. ოღონდ ეს უნდა გადმოეცათ კერძო საკუთრებაში მუსლიმებისთვის.

თავიდან დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ თქვეს, არ შეიძლებაო და ვეღარ მოხდა შეთანხმება.

ქრისტიან მეგობრებსაც აქვთ კერძო ეკლესიები, მიდიან და ლოცულობენ, რა პრობლემაა აქ?“- ამბობს მერაბ მიქელაძე.

მაშინ მას ვკითხეთ, თუკი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება მეჩეთი, რა პრობლემას ხედავს ამაში? – მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მას შესაძლოა გარკვეული უფლებები შეეზღუდოს.

„თუნდაც ბავშვებისთვის სწავლება. არ ვიცი, ამის უფლებას მომცემენ თუ არა იმ მეჩეთში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. და ჩემს საკუთრებაში არ შეიძლება რომ ვასწავლო?

თან ფონდი ჩამოვაყალიბეთ და ამ ფონდის სახელზე იქნებოდა მეჩეთიც“, – ამბობს მიქელაძე.

მას ვკითხეთ, თუკი მოლაპარაკებებზე შეხვდება მერიას, როგორია მისი მოლოდინი და რა პირობებზე დათანხმდება სახელმწიფოს?

მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა „ყოველთვის სტაბილურობის და მშვიდობისთვის მოვუწოდებთ ყველას“.

მას ვკითხეთ, ხომ არ მიუმართავს გამოძიებისთვის განცხადებით, პირადი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებზე და ხომ არ ყოფილა სხვა ზეწოლები მასზე, გარდა იმისა, რაც კადრებში ჩანდა.

„არა, სხვა მუქარები არ ყოფილა, მაგრამ ამისთვისაც მივმართავ გამოძიებას აუცილებლად“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

„ქართველებს შორის დაპირისპირება არ ღირს. ურთიერთობებს დაანგრევს, ძალიან ცუდის მომტანი იქნება ეს. არც შენობა და არც სხვა რამ არ უნდა გახდეს ასეთი კონფლიქტის მიზეზი“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, მომხდარის გამო ორივე მხარე უნდა დაფიქრდეს.

„ის, რაც მოხდა, ამის გამო მუსლიმი თემი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. რადგან სიტყვიერ დაპირისპირებაში ქრისტიანი სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. მე როგორც მუფთი, მივმართავ ადგილობრივ ეპარქიას, რომ დროულად იყოს ასეთი საკითხები განხილული, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, რადგან მუსლიმ თემსაც შეუძლია პასუხის გაცემა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეპარქია თავად მოიკითხავს ამ საკითხს“, – ამბობს მუფთი.

მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან ნამდვილად იყო შეურაცხყოფა და მუქარა მერაბ მიქელაძის მისამართით, ამიტომ ეს პრობლემაა და ამაზე შესაბამის უწყებებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

შეატყობინა თუ არა ვინმემ შეხვედრის თაობაზე და რაზე აპირებენ მუსლიმები შეთანხმებას, ვკითხეთ სამცხე-ჯავახეთის მუფთს, მამუკა ვაშაყმაძეს.

მისი თქმით, მერთან შეხვედრის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი ისმის.

„მე, პირადად, არავინ შემხმიანებია და არც ის ვიცი, ჩაინიშნა თუ არა რაიმე შეხვედრა“, – ამბობს მუფთი.

მას ვკითხეთ, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე და მართლა აპირებდა თუ არა სახელმწიფო მუსლიმებისთვის მეჩეთისთვის ადგილი გამოეყო სადმე, მერაბ მიქელაძის საკუთრებაში არსებული ქონების სანაცვლოდ?

„რაც გაჟღერდა, ნამდვილად ასე იყო. მუსლიმთა სამმართველო აპირებდა პასუხისმგებლობის აღებას მეჩეთის მშენებლობაზე, თუმცა მერაბ მიქელაძე ფიქრობს, რომ მეჩეთი კერძო საკუთრებაში უნდა იყოს და არა სახელმწიფო საკუთრებაში. ამიტომ მას სურდა, რომ მეჩეთის მშენებლობის თანხა პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო.

სახელმწიფომ უარი თქვა ამაზე და მიდიოდა დისკუსია, ამიტომ შეჩერდა პროცესი“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

მამუკა ვაშაყმაძე, სამცხე-ჯავახეთის მუფტი

მისი თქმით, შემოთავაზებული ტერიტორია, ადიგენის ცენტრიდან ფეხით ხუთი წუთის სავალზეა, სოფელ იჯარეთში.

„მე და მერაბი ბავშვობის მეგობრები ვართ. ამიტომ ვთხოვე, რაიმე დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, წამოსულიყო ამ შემოთავაზებაზე. მაგრამ ვერ გაითვალისწინა რაღაც გარემოებები თუ რატომ მოხდა ასე, ვერ გეტყვით“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

თუ არიან ხელისუფლების შემოთავაზებაზე თანახმა სხვა მუსლიმები? – ვკითხეთ ვაშაყმაძეს.

„სიმართლე გითხრათ, მუსლიმებს სურთ, რომ მეჩეთი ხელმისაწვდომ ადგილზე იყოს, ადვილად რომ შეძლონ მისვლა. მერაბ მიქელაძე გააკეთებს მეჩეთს თუ სახელმწიფო, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ჩვენ ვილოცოთ.

იქ სამლოცველოს გახსნამ იმიტომ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, რომ ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ. აქ ვის გაუხსენით მეჩეთი და რატომო? – ეს კითხვები ჰქონდა იმ ხალხს.

თავიდან უთანხმოება გააჩინა იმან, რომ ბაირამის ლოცვის დროს, ცენტრალური გზის ერთი მხარე ჩაიკეტა და იყო გარკვეული შეფერხება. იყო ისეთი პარასკევებიც, როცა ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა სამლოცველოში და აქედან გამომდინარე გადაიზარდა კონფლიქტში“, – გვეუბნება მუფთი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის მაკო ღავთაძის შეფასებით, ის რაც 8 მარტს ადიგენში მოხდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას უხეშად არღვევს. 

„8 მარტის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა არის რთულად, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ეს პრობლემები და ეს სისტემური სირთულე სათანადოდ არ ჩანს. 

ამაში დიდ წილად დამსახურება აქვს ხელისუფლებას, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს ან ცდილობს, რომ ჰქონდეს სრული კონტროლი რელიგიურ სფეროზე და სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტროც. 

ამიტომ ეს რაღაც „სიჩუმე“ რომელიც აღარ დარჩა სიჩუმედ, ამ შემთხვევამაც გვაჩვენა, რომ არის სწორედ რეპრესიული პოლიტიკის შედეგი“-ამბობს მაკო ღავთაძე. 

მისი თქმით, ამ კონკრეტული ადამიანების და მუსლიმების დევნა არ დაწყებულა 8 მარტს, არამედ ერთ წელზე მეტია მიდის სახელმწიფოს და საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორგანიზაბული დევნა ამ ადამიანების. 

„და ის, რომ საზოგადოებამ დევნის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო, არის იმ პოლიტიკის შედეგი, როცა სახელმწიფო ცდილობდა ყველანაირად მოეგუდა პრობლემა, რომ ზედაპირზე არ გამოჩენილიყო. 

ამას ადასტურებს ადიგენის მერის განცხადებებიც, სადაც ამბობს, რომ რაღაც მოლაპარაკებები იყო ამ საკითხზე მუსლიმებთან და თან მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ დაჩაგრონ ადამიანები და როგორ შეუზღუდონ მათ კონსტიტუციური უფლება. 

აი, ამ მოლაპარაკებაში იყო შესული სახელმწიფო და არის სავარაუდოდ დღემდე, თუ როგორ ათქმევინონ ადამიანებს იძულებით უარი საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებზე  და თავიანთ საკუთრებაზე“-ამბობს მაკო ღავთაძე. 

მისი შეფასებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ცდილობს შეზღუდოს მუსლიმთა უფლებები. 

„იყო მოხეს შემთხვევა, ჭელაში როცა მოხერხეს მინარეთი და ცემეს მუსლიმები, ასევე სოფელ ადიგენში იყო მცდელობა რომ მუსლიმებს არ ჰქონოდათ სასაფლაო და მსგავს შემთხვევებს ყოველთვის აორგანიზებდა ის კონკრეტული სასულიერო პირი, რომელიც ფიგურირებს 8 მარტის ინცინდეტში და ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები. 

გამოდის, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი რეგიონში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად რა ვითარება უნდა იყოს სკოლებში, მუსლიმებს რა უფლებები უნდა ჰქონდეთ, ისტორიული მეჩეთი დაუნგრიონ თუ წაართვან, მეჩეთი როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ. 

სოფელ კიკიბოში და  სხვა მუსლიმებით დასახლებულ სოფლებში ყველა გეტყვით, როგორ წაართვეს მიწები მუსლიმ მოსახლეობას, რომელიც ამ ხალხის ერთადერთი შემოსავალი იყო“-ამბობს ღავთაძე. 

სახელმწიფოსა და ეკლესიის მიდგომები, რომ იქ ქრისტიანული უბანია და არ შეიძლება მუსლიმური სამლოცველო ფუნქციონირებდეს, მაკო ღავთაძის შეფასებით არის უკანონო და როცა ამას მერიიის წარმომადგენლები აკეთებენ, ჩადიან სამოხელეო დანაშაულს. 

„არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს ლოცვა, შეკრება და განუსაზღვროს როგორი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ადამიანები ლოცვისთვის შეიკრიბებიან. 

ამიტომ, ის განცხადებები, რასაც მერი და სასულიერო პირები აკეთებენ, არის სრულიად უკანონო. 

ლოცვა არის ადამიანის რწმენის და რელიგიის თავისუფლების ნაწილი და ეს უფლება არის ხელშეუხებელი. 

ამიტომ ასეთი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არის დანაშაულის შემწყნარებლობა, დანაშაულში თანამონაწილეობა, ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის პირდაპირი წაქეზებაც მსგავსი შემთხვევების“ – გვეუბნება მაკო. 

მისი თქმით, საკულტო ნაგებობები სწორედ კერძო საკუთრებებში უნდა შენდებოდეს და არა სახელმწიფო ტერიტორიებზე, – „ეს არის კანონიერი“. 

 „ფაქტობრივად მუსლიმ თემს არაფერი დაუტოვა საკუთრებაში სახელმწიფომ, ყველაფერი სახელმწიფო ბალანსზეა და მუსლიმთა სამმართველოზე არის დროებითი სარგებლობის წესით გადაცემული, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია წაართვას. ეს არის სწორედ რელიგიურ თემზე ზეწოლის ბერკეტი“-ამბობს ღავთაძე. 

მას ვკითხეთ, როცა პოლიცია, სახელმწიფო ამბობს, რომ „იქ არაფერი ხდება“ ანუ ადიგენში არ არსებობს დაპირისპირების რაიმე მიზეზი, ამით სახელმწიფო ცდილობს მიაჩუმათოს საარჩევნო წელს კონფლიქტი თუ თავს არიდებს გამოძიებას, რადგან ამ საქმეში მართლმადიდებელი სასულიერო პირები ფიგურირებენ?

„ალბათ ორივე. ერთი მიზანი იქნება, რომ არ წარმოაჩინოს იმ სიმძიმით ეს კონფლიქტი რაც რეალურად არის და მეორე, სახელმწიფოს რომ სურდეს, პრობლემის მიჩუმათემა, მაშინ არ მოხდებოდა მსგავსი კონფლიქტებიც.  ამიტომ მგონია, რომ ამ ყველაფერში საპატრიარქოსთან ერთად, სახელმწიფოც მონაწილეობს, რომ აჩვენონ ადამიანებს ვის ხელშია ძალაუფლება. 

თუმცა, არ უნდათ ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახოს იმ ფორმით, რაც ნახა, რადგან არ მგონია, რომ ამ ყველაფერს ვინმე გულგრილად შეხედავდა და რწმენასთან დააკავშირებდა იმ ტერმინოლოგიას ან ქცევას, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. 

ეს ადამიანები დაუსჯელები არიან წლებია, მუსლიმების დევნის შემთხვევებშიც და სხვა მასშტაბური ძალადობრივი ქმედების გამოც, რაც ვნახეთ 5 ივლისს მაგალითად.  

მე არ ვიცი მუსლიმები საბოლოოდ რას დათანხმდებიან და რას არა, რომც დათანხმდნენ, ეს იქნება იძულება, ამიტომ ეს არის ცალსახად დევნა და ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებზე და კონსტიტუციის აბუჩად აგდება და იმის წამოწყება, რომ ადამიანებმა დათმონ საკუთრება და წავიდნენ იქ, სადაც არ გამოჩნდებიან 

ანუ თუ გახდები უხილავი ვიღაცისთვის, მაშინ შეიძლება მისაღები იყო. 

თუმცა, არც იმის მჯერა, რომ რაიმე საკუთრების გადაცემას აპირებდა მერია მუსლიმებისთვის, რადგან ჩვენ გვინახავს მსგავსი შემთხვევები და ეს არის კარგად დაცდილი ტაქტიკა დროის გაყვანის.

იგივე სცენარი გაითამაშეს მოხეშიც, როცა რელიგიის სააგენტომ თითქოსდა ძველი მეჩეთის წარმომავლობის დადგენის მიზნით რაღაც კომისია შექმნა და ეს კომისია 4 წელი ამუშავა, ისე რომ შედეგი არ დაიდო.  

დიდი ალბათობით იგივე სცენარი იყო აქაც და თუ განიხილავდნენ ამ საკითხს, ესეც არის მიუღებელი და უკანონო“-ამბობს მაკო ღავთაძე. 

___

ნახეთ, რა ხდებოდა ადიგენში 8 მარტს მერაბ მიქელაძის სახლთან:

მუსლიმებს ადიგენში პარასკევის ლოცვის საშუალება არ მისცეს - სალოცავთან მღვდლები და მრევლი მივიდა

ადიგენში პარასკევის ლოცვის ჩაშლას გუშინ, 10 მარტს ბათუმში მუსლიმი თემი აქციით გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა აღკვეთოს მუსლიმების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ფაქტები.

აქცია ბათუმის ისტორიულ მეჩეთთან გაიმართა:

მუსლიმი თემის აქცია ბათუმში - გამოხმაურება ადიგენში პარასკევის ლოცვის ჩაშალაზე

მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს.

სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად 5 ათას ლარს აღწევს – იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს პაციენტს და რამდენად რთულია მისი მდგომარეობა.

ნინო ალავიძე 57 წლისაა. უმუშევარი. საპენსიო ასაკამდე კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. ნინოს არ აქვს კერძო დაზღვევა. არ აქვს სოცდაუცველის სტატუსი. ნინოს ჯანდაცვის სისტემა „ვერ ხედავს“.

ნინოს მსგავსად ყველა, ვინც არ არის საპენსიო ასაკის (ქალების შემთხვევაში 60 წლამდე, კაცების შემთხვევაში 65 წლამდე), არ აქვს კერძო დაზღვევა ან არ სარგებლობს რაიმე სოციალური შეღავათით, ჯანდაცვის სისტემის მიღმა რჩება.

„ჩემი დიაგნოზი მოულოდნელად გავიგე სკრინინგზე – მკერდის სიმსივნე მაქვს. ექიმმა, პირველ რიგში, სადიაგნოსტიკო კვლევები დამინიშნა – ქორბიოფსია, იმუნოჰისტოლოგიური კვლევა, მრტ, ციტოლოგია. ყველა ხარჯი მე დავფარე, დაახლოებით 4 ათას ლარამდე იყო. ვალები ავიღე და ისე. ჩეკების ნაწილი დღემდე შენახული მაქვს. თბილისში ვცხოვრობ, მთაწმინდაზე. პენსიონერი არ ვარ, შუა ასაკის ვარ. დიაგნოზის შემდეგ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. 2700 ლარი ჯდებოდა ჩემი ოპერაცია, მხოლოდ 790 ლარი ჩამირიცხა ჯანდაცვამ.

გავაპროტესტე. მითხრეს, რეფერალურს მიმართეო. მივმართე, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ტყუილად დამაკარგვინეს დრო.

ძლივს გავიკეთე ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პროტოკოლითაა გაწერილი – სიმსივნური კვანძი ითესება იმუნოჰისტოლოგიაში. 500 ლარი ღირს და აუცილებელია. ამის მიხედვით დგინდება მკურნალობის მეთოდი – ქიმია და სხივები გენიშნება.

ისევ ვისესხე და ისე გადავიხადე ამ კვლევის ფული,“ – იხსენებს ნინო ალავიძე.

ნინო ალავიძე

ნინოს კიბო სამი წლის წინ აღმოაჩნდა. არც მანამდე და არც შემდეგ სახელმწიფოს მიდგომა არ შეუცვლია. კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევებს არ უფინანსებს იმ საშუალო ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არც პენსიონერები არიან და არც სოცდაუცველები.

ერთადერთი, რაც ფინანსდება, არის მკურნალობა.

„მე არ დამიმარცხებია ჯერ სიმსივნე. ჰორმონდამოკიდებული ვარ. ჰორმონს მიფინანსებს ჯანდაცვა. ძალიან იაფი წამალია, წელიწადში 1000 ლარი მჭირდება.

ყოველ 6 თვეში მჭირდება კვლევები. ხომ იცით ონკოლოგია როგორია – გაიპარება, რა ვიცით სად გადავა. ამიტომ 6 თვეში ერთხელ იგივე კვლევას ვიტარებ, რაც დიაგნოსტირებისას გავიკეთე. ესეც არ ფინანსდება. აი, სად უნდა მოვიძიო ამხელა თანხები?

ონკოპაციენტებს ლიმიტი გვაქვს 25 ათასი ლარი წელიწადში. 1000 ლარი ჯდება ჩემი წამალი. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და მოვითხოვე – ხომ რჩება ჩემს ლიმიტს ამხელა თანხა, იქნება ამ თანხით კვლევები დამიფინანსოთ-მეთქი. უარი მითხრეს – პროგრამაში არ არისო.

მესამე წელია, სულ ჩემი ხარჯებით ვიტარებ გამოკვლევებს. აპრილში დიდი კვლევა მჭირდება და ისევ თავიდან უნდა ვეძებო ფული.

ახლა გადასხმა მიწევს, ზოლენტონი, მედიკამენტია, ძვლებზე რომ არ მოხდეს რეციდივი. თბილისში ვცხოვრობ, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დამიფინანსა წამალი. ამაზე მადლობა.

მაგრამ  გადასხმაა ფასიანი, ასევე ანალიზები მჭირდება გადასხმამდე. სახლში ვერ გადაისხამ, კლინიკაში უნდა მიხვიდე, პროტოკოლითაა განსაზღვრული. წამალი მიდევს და არ მაქვს ასი ლარი, თოდუაში რომ გადავისხა,“ – ამბობს ნინო ალავიძე.

ნინო ითხოვს, რომ ონკოპაციენტებს უფინანსდებოდეს როგორც სადიაგნოსტიკო, ისე გეგმიური საკონტროლო კვლევები და ყოველ ექვს თვეში სესხის აღება არ უწევდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ ფინანსდება სადიაგნოსტიკო კვლევები – როგორც ლაბორატორიული, ისე მაღალ ტექნოლოგიური.

კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში ის მასალაში აისახება ან ცალკე სტატიად გამოქვეყნდება.

ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება მოქალაქეს მძიმე ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს, არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართო. ამ შემთხვევაში სქემა ასეთია: პაციენტს სამედიცინო ფორმა 100 და ანგარიშფაქტურა კლინიკიდან მიაქვს მერიაში, მერია განიხილავს, აძლევს საგარანტიო წერილს, რომ კვლევებისთვის საჭირო თანხის ნახევარს დააფინანსებს, შემდეგ ეს წერილი პაციენტს მიაქვს უკან კლინიკაში და იტარებს სადიაგნოსტიკო კვლევებს.

ეს სქემა დიდ დროს და ლოჯისტიკურ უნარებს მოითხოვს. რაიონულ ცენტრებში მდებარე კლინიკებში მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება შეუძლებელია. პაციენტები, როგორც წესი, დიდ ქალაქებს – თბილისს, ქუთაისს, ბათუმს ან ზუგდიდს ირჩევენ. შესაბამისად, კვლევებისთვის საჭირო თანხის ნახევრის მისაღებად საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება უწევთ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სქემა პრობლემურია და მისი ოპტიმიზაციაა საჭირო. ვახო კალოიანის თქმით, მისი პარტიის ხედვაა მოქალაქეს მიეცეს ვაუჩერი, რომლითაც ის შეძლებს კარგი სადაზღვევო პოლისის ყიდვას, რომელიც შემდგომ მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.

ვახტანგ კალოიანი

ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას ხაზს უსვამს სკრინინგის ფორმალურობას და იმას, რომ სასკრინინგო ცენტრები მცირე ოდენობითაა, ასევე გეოგრაფიულად ვერ ფარავს მთელ ქვეყანას. დაფინანსების სქემაში კი ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს.

„პირველი – არ არის მკვეთრად განსაზღვრული კლინიკური პროტოკოლი, როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის და შემდგომი მეთვალყურეობის. არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ამისი დოკუმენტაცია, რითაც უნდა იხელმძღვანელონ პროფესიონალებმა. ან რაც არის არასრულყოფილია.

როცა ჩვენ გვექნება რეალური კლინიკური პროტოკოლი, რომელიც მოიცავს პრევენციას და დიაგნოსტიკას, უფრო ზუსტად შევძლებთ იმ ფინანსების გათვლას, რას სჭირდება ამ ძალიან მძიმე პაციენტების ჯგუფს.

მეორე – არ ფინანსდება ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა. მაგალითად, არ ფინანსდება, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT). ეს ძალიან დიდი [ფინანსური] ტვირთია მოქალაქისთვის და, შესაბამისად, ხელს უშლის მკურნალობის სტრატეგიის სწორად დაგეგმვას. ხშირად გვიანდება მკურნალობის დაწყება, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ დროულ დიაგნოსტიკას.

იგივე ხდება იმუნოთერაპიაზე. იმუნოთერაპიას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომლის გაკეთებასაც ბევრი ვერ ახერხებს. შესაბამისად, შემდგომ ეჭვქვეშ დგება მკურნალობის ეფექტურობა,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი დაფინანსების სქემის შეცვლაა, სკრინინგის მასშტაბის გაზრდა და  მოქალაქისთვის საკუთარი ფულის განკარგვის უფლების მიცემა.

„ასევე კლინიკური მართვის პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება, მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს და უსაფრთხოს გახდის პაციენტისთვის მკურნალობის პროცესს,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

Exit mobile version