მთავარი,სიახლეები

რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“

30.06.2021 • 11777
რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“

„თვითონ მიგვიყვანა ოცნების  ქალაქის მიტოვებულ ქოხში, ფანჯრის მინებიც ჩამტვრეული იყო, ქოხი მიწაზე იდგა, წითელი თუნუქები ჰქონდა გარედან, ადრე დილას მივედით იქ, თენდებოდა… დანა მართლაც იმ ქოხში დაგვხვდა. დიდი ზომის შავტარიანი დანა იყო, ჩონჩხი იყო ზედ გამოსახული,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა გია ბახტაძემ მკვლელობის ამბავზე, რომელიც 3 იანვარს ღამით მოხდა „ოცნების ქალაქში“. გამომძიებელმა იმის საჩვენებლად, რომ დანა ძალიან დიდი იყო, ხელები ფართოდ გაშალა.

საქმის მასალების მიხედვით, 44 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 27 წლის კაცი დაჭრეს. გარდაცვლილი და დაჭრილი ბრალდებულის მეზობლები იყვნენ. ისინი ახლაც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ.

მკვლელობაში ბრალდებული ჯამბულ მ. 24 წლისაა. ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, ის ბრალს აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავს იცავდა და ეს იყო აუცილებელი მოგერიება ფარგლებს გადაცილებით.

გამომძიებელმა გია ბახტაძემ ბრალდებული ჯამბულ მ. მოწმის სახით გამოკითხა მკვლელობის ღამეს და შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაუტარებია.

„ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა ჯამბული პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მოვიდა,“ – მკვლელობის ღამე გაიხსენა გამომძიებელმა გია ბახტაძემ და მშვიდად განაგრძო თხრობა. – „მან გვითხრა, რომ შემთხვევის მერე დანა გადამალა…

მაშინვე დაგვთანხმდა ექსპერიმენტზე, მე გაჩვენებთ დანასო.

ჯერ თავისი ძმის სახლში მიგვიყვანა, სადაც ეს ამბავი მოხდა, სუფრა იყო აულაგებელი… ახალი წლის დღეები იყო და, როგორც ჩანს, წინა ღამით საახალწლო სუფრას ამზადებდნენ.

ქვების სროლა ატყდა, როცა სუფრას ვამზადებდითო, ასე გვითხრა ჯამბულმა. ისინი მოვიდნენ და ჩხუბი დაგვიწყესო… მე დანა ავიღეო და…

მერე წაგვიყვანა მიტოვებულ ქოხში, იქვე იყო, სადღაც ორას მეტრში.

დანა პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. მართლა დიდი ზომის დანა იყო, ხორცის საჭრელი, ცხოველების დასაკლავადაც გამოდგებოდა, ხანჯალივით იყო,” – ისევ დანის ზომას გაუსვა ხაზი გამომძიებელმა.

„კი, მანამდე ხორცს ვჭრიდი, მერე აღარ მახსოვს არაფერი,“ – მოწმეს ჩაერთო ბრალდებული ჯამბულ მ. ის დისტანციურად, პენიტენციური დაწესებულებიდან დაესწრო სასამართლო სხდომას.

„ეს დეტალები შემდეგ გაიხსენეთ, როცა ჩვენებას მისცემთ სასამართლოს,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, კონფლიქტი მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ბრალდებულ ჯამბულ მ.-ს რძალმა სასიყვარულო სმს-ები მიიღო – უცნობი კაცი მას შეხვედრას სთხოვდა.

„ქალმა ეს უთხრა ქმარს. შემდეგ ძმები შეხვდნენ იმ კაცს და ბოდიში მოახდევინეს. როგორც ვიცი, ამ დროს დაუმტვრიეს ფეხით იმ კაცს ტელეფონი, საიდანაც ქალს სმს-ებს წერდა… ეს კაცები, ვინც მოკლეს და დაჭრეს, არ ვიცი რა კავშირში არიან იმასთან, ვინც ქალს სმს-ებს წერდა, მაგრამ ითხოვდნენ ახალ ტელეფონს. ამის გამო იყო ჩხუბი,” – გვითხრა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის ღამეს 44 წლის გია ბოლქვაძე, რომელიც მოკლეს, კიდევ 6 კაცთან ერთად მივიდა ბრალდებულის ძმის ოჯახში.

„იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ, დაუშინეს ქვები სახლს, არმატურები ეჭირათ ხელში… ბრალდებულმა თავი დაიცვა, მას ჰქონდა დაზიანებები,“ – ამბობს ადვოკატი.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ექსპერტების ჩვენებებიც მოისმინა.

ექსპერტებმა დაადასტურეს პროკურორის ვერსია, რომ გარდაცვალება დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დადგა და რომ არა დროული სამედიცინო ჩარევა, 27 წლის კაციც დაიღუპებოდა.

„სახიფათო იყო მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა. მას კიდევ ორი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა,“ – აღნიშნა ექსპერტმა ლევან ფუტკარაძემ.

ექსპერტ გივი ჩხარტიშვილის თქმით კი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა ბრალდებულსაც, რაც ექსპერტის ვარაუდით „განვითარდა მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად“.

„ჩხუბის დროს თავში მომხვდა გაურკვეველი საგანიო, ეს განმარტა,“ – ექსპერტმა ბრალდებულის ნათქვამიც გაიხსენა.

ამ შემთხვევის დროს ორივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 44 წლის გია ბოლქვაძე „მედინაში“ მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემდეგ პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ.

ადვოკატის თქმით, ე.წ. ნეიტრალური მოწმე, რომელიც ფაქტს შეესწრო, არ არსებობს.

მოსამართლე შემდეგ პროცესზე 24 წლის ბრალდებულის დედას მოუსმენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: