ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი.
მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს.
პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის ლითონის ღობით შემოიღობება.
ღობე დაიწყება ჭოროხის ნაპირას [ძველ ხიდთან], შემდეგ გაუყვება გზას ნაგავსაყარის შესასვლელამდე, აქედან კი, შიდა გზის გაყოლებით მივა ადლიის გამწმენდ ნაგებობასთან და დასრულდება გზასთან, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოდან მდინარე ჭოროხამდე მიდის.
აქედან ჭოროხამდე არის არხი [ასევე დაჭაობებული ადგილები], რის გამოც ნაგავსაყარის ტერიტორიაზე ვერ მოხვდები, დანარჩენი მხრიდან კი ნაგავსაყარის ბუნებრივ „ღობედ“ მდინარე ჭოროხი დარჩება.
ნაგავსაყართან მდებარე დასახლება [მცხოვრებლები ნაგავსაყარით ირჩენენ თავს] ღობის აქეთ დარჩება.
ღობის ორ ადგილზე მოეწყობა ჭიშკარი და დაცვის სენდვიჩპანელის კონსტრუქციის ჯიხურები, ელექტროგანათება, ლითონის ღობის დაბოლებაში კი მოთუთიებული ორმაგი ეკლიანი მავთული გაიჭიმება.
ქალაქის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის ნაპირთან და ზღვასთან ახლოსაა, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
—
ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო წლებია სახელმწიფოს ვალდებულების საკომისიოს გადახდაც უწევდა.
პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. ახალი ნაგავსაყარი ცეცხლაურში დღემდე არ არის გახსნილი.
ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:
როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში