მთავარი,სიახლეები

ახალი 100-ლარიანები თურნავას ხელმოწერით, კუპიურაზე ამოიღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“

14.08.2024
ახალი 100-ლარიანები თურნავას ხელმოწერით, კუპიურაზე ამოიღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“

დღეიდან, 14 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მიმოქცევაში გაეშვა 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

ახალი ბანკნოტები იმავე დიზაინისაა, როგორიცაა 2020 წელს გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, თუმცა, ბანკის ინფორმაციით, მასზე შეცვლილია გამოშვების წელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და საერთოდ ამოღებულია წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“.

ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის პრეზიდენტი არ ჰყავს. ნათია თურნავა კი, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

„2024 წლის 14 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით – „2024“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებითა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერის – „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ მითითების გარეშე.“ – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს ნათია თურნავა, როგორც ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

ამავე დადგენილებაში აღნიშნულია ასევე, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცეს წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტების პარალელურად და ამ ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.“.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: