მთავარი,სიახლეები

მეცნიერებმა მარსზე დიდი რაოდენობით თხევადი წყლის ნიშნები იპოვეს

13.08.2024
მეცნიერებმა მარსზე დიდი რაოდენობით თხევადი წყლის ნიშნები იპოვეს

NASA-ს მეცნიერებმა მარსზე, პლანეტის ზედაპირის ქვემოთ, დიდ სიღრმეზე, თხევადი წყალი აღმოაჩინეს. წყალი მეზობელ პლანეტაზე აქამდეც იპოვეს, მაგრამ არა თხევად მდგომარეობაში, არამედ პოლუსებზე ყინულის და ატმოსფეროში ორთქლის ნარჩენების სახით.

რეზერვუარი შეიცავს თხევად წყალს იმ რაოდენობით, რომ პლანეტის ზედაპირზე ოკეანეები შეავსოს, წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.

BBC წერს, რომ მეცნიერებმა, NASA-ს კოსმოსური საფრენი აპარატის, Insight-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ მარსის ქერქის სიღრმეში არის თხევადი წყალი.

„ანალიზმა აჩვენა, რომ წყალი მარსის ზედაპირის ქვეშ 10-დან 20 კილომეტრამდე სიღრმეზეა” – წერს გამოცემა.

NASA-ს კოსმოსური საფრენი აპარატი, საიდანაც მონაცემები მოვიდა, მეზობელი პლანეტის ზედაპირზე 2018 წელს დაეშვა და 2022 წლის ბოლომდე იდგა ერთ ადგილას, რა დროსაც „უსმენდა პლანეტას“ – სეისმოგრაფის გამოყენებით მარსის ქერქის რყევის ჩასაწერად.

„ეს არის რეალურად იგივე მეთოდი, რომელიც გამოიყენება დედამიწაზე წყლის, ნავთობის ან გაზის მიწისქვეშა საბადოების მოსაძებნად“ – განუმარტა BBC-ის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მანგამ, რომელიც პროექტში მონაწილეობდა.

ეს აღმოჩენა, პროფესორ მანგას თქმით, ნაწილობრივ პასუხობს მნიშვნელოვან კითხვას: „სად წავიდა წყალი მარსიდან?”

მეცნიერები, რომლებიც მარსის ზედაპირს სწავლობდნენ, დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მასზე ოდესღაც წყალი იყო: ზედაპირზე მდინარეებისა და ტბების კვალია. მაგრამ ბოლო სამი მილიარდი წელია იქ უდაბნოა. „წყლის ნაწილი აორთქლდა… მაგრამ ნაწილი, როგორც ჩანს, ზედაპირის ქვემოთ დარჩა“ – წერს BBC.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: