მთავარი,სიახლეები

2 უკანონო მშენებლობის ამბავი, ერთი „მიწასთან გაასწორეს“, მეორემ ნებართვა მიიღო – რა ხდება მერიებში

15.08.2024 •
2 უკანონო მშენებლობის ამბავი, ერთი „მიწასთან გაასწორეს“, მეორემ ნებართვა მიიღო – რა ხდება მერიებში

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობა აპატიეს და ნებართვაც მისცეს. ქობულეთის პარკში კი, საკუთარ ნაკვეთზე შპს „გრინ პარკ ქობულეთს“ სამსართულიანი კარკასის უნებართვოდ წამოჭიმვა აცალეს, შემდეგ კი დაუშალეს – „მიწასთან გაასწორეს“.

ამ ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. რა ხდება? – იმისთვის, რომ დასკვნა თავად გააკეთოთ, ორივე ამბავს დეტალურად გიამბობთ.

  • შპს „გრინ პარკ ქობულეთის“ უკანონო მშენებლობა საკუთარ ნაკვეთზე

2024 წლის 26 ივლისს ქობულეთის მერიამ თავად გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ქობულეთის პარკში, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული კარკასი დაანგრია. უკანონო მშენებლობის აღკვეთის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება „არ არის ურიგო საქმე“. თუმცა კითხვები მაინც დარჩა. როგორ შეძლო მერიამ ამ შემთხვევაში ის, რისი „თავიც სხვა დროს არ აქვს?“. მაგალითად, მერია ვერ შეეხო უკანონო კაფეს პლაჟზე, რომელმაც გასულ წელს, საკურორტო სეზონზე აქტიურად იმუშავა.

ქობულეთის პლაჟზე, თამარ მეფის #52-ის გასწვრივ, ბეტონის ხიმინჯები ჩამოასხეს, შემდეგ ერთსართულიანი ღია ვერანდა მოაწყვეს და შუშით შეფუთეს.

2016 წლის 26 ივლისს მერია წერდა:

„2024 წლის 9 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის გამზირზე 287 ნომერში უნებართვო მშენებლობისთვის შპს ,,გრინ პარკ ქობულეთი“ მუნიციპალიტეტის მიერ გაფრთხილებული იქნა უნებართვო მშენებლობის შეჩერების თაობაზე. 2024 წლის 11 ივლისს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევისთვის 20 000 ლარით დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ. ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულია დადგენილება უნებართვო მშენებლობის იძულების წესით დემონტაჟის თაობაზე.“
მერიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მშენებელს 3-სართულიანი ბეტონის კარკასი აქვს აშენებული, რასაც რამდენიმე თვეს მოანდომებდა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი მშენებლობის დაწყებამდე მან აქ ძველი შენობა დაანგრია. რატომ არ დაინახა ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობა 2024 წლის მარტამდე, რატომ აცალა მშენებელს ვიდრე 3 სართულიან კარკასს არ ააშენებდა? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. 

ქობულეთის მერია თავისივე განცხადებაში არსად წერს, რომ კომპანია გაფრთხილებას არ დაემორჩილა და არ გააჩერა უკანონო მშენებლობა. თუმცა წერს, რომ გამოსცა დადგენილება უნებართვო მშენებლობის იძულების წესით დემონტაჟის თაობაზე, რაც თავადვე განახორციელა. სხვა შემთხვევაში მერია აღსრულებას გადასცემს ხოლმე საქმეს, აღსრულება კი, როგორც წესი, არ ჩქარობს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა – ზედამხედველობის სამსახურმა თავად აღასრულა თავისივე ბრძანება.

სამსართულიანი უკანონო შენობა ქობულეთში, რომელიც ქობულეთის მერიამ დაანგრია

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ კანონის შესაბამისად განახორციელეს პროცედურები და კომპანიას ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ შეუტანია. ადმინისტრაციული საჩივარი არც „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შეუტანია, არ დასჭირდა. კომპანიამ სახელმწიფოს მიწაზე, რომელიც მთავრობის, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, საიჯარო წესით 1 ლარად აქვს მისცეს, უკანონო მშენებლობა დაიწყო, ნებართვა კი მოგვიანებით მიიღო.

  • „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აპატიეს და ნებართვაც მისცეს

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მშენებლობა უკანონოდ დაიწყო.

ეს ნაკვეთი აჭარის მთავრობამ კომპანიას ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. განკარგულების მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ.

1 ლარად მიღებულ მიწის ნაკვეთზე კომპანია მოგრძო ფორმის ერთსართულიან შენობას აშენებს. „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მშენებლობა უკანონოდ, ნებართვის გარეშე დაიწყო, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ პირველად 2024 წლის 13 ივლისს გამოაქვეყნა. 

მიმდინარეობს შესწავლა – გვიპასუხეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში 20 ივლისს, როცა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე ვიკითხეთ. ინსპექციას ვკითხეთ, რა რეაგირება ჰქონდა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მერის ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობის გამო.

2024 წლის 30 ივლისს ბათუმის მერმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც კომპანიას უკვე დაწყებული მშენებლობის ნებართვა მისცა.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 82 პროცენტი ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის. ამ კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობისას სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის სარგებლობდა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით: ნებართვის გამცემი ორგანო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ყოველთვის ითანხმებდა ახალ პროექტს, რაც უკანონობას ამართლებდა. ელგუჯა ქებურიას კიდევ ერთ კომპანიას – „ამბასდადორი ბათუმი აილენდს“ კი ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი სივრცე, საქართველოს მთავრობამ, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და  65-წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.

ამჯერად, 1 ლარად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე კომპანიას ერთსართულიანი მოგრძო ფორმის შუშებით შეფუთული შენობა აქვს შეთანხმებული მერიასთან.თუმცა არ ვიცით მშენებლობის პროცესში რას მოიფიქრებს, გასაკვირი არავისთვის იქნება თუ ისევ დაარღვევს, ეს მისი სტილია.

  • ისევ ქობულეთი

2023 წლის თებერვალში ქობულეთის მერიას უკანონო მშენებლობებზე ვკითხეთ, მივწერეთ ორი ოფიციალური წერილი, რომლითაც უკანონ მშენებლობებსა და სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენაზე ვკითხეთ. მერმა, ლევან ზოიძემ უკანონო მშენებლობებზე დასმულ კითხვას არ უპასუხა. მან მხოლოდ ის გვაცნობა, რომ 2022 წელს ქობულეთის მერიას არ გამოუვლენია ისეთი მშენებლობები, რომლებიც შენობის სიმაღლის გაზრდას გამოიწვევდა:

ჩვენ ასევე ოფიციალურად ვითხოვდით 2022 წელს შედგენილი ოქმების ასლებს, რომლებიც ითვალისწინებდა ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას უნებართვო მშენებლობის გამო. ასევე, ამასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლებს, მერიამ არც ამ კითხვას უპასუხა.

დარღვევები, რომლებიც მერიამ ვერ დაინახა, გამოავლინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 2023 წლის დეკემბერში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც სხვა ბევრ დარღვევასთან ერთად მაკონტროლებელი უკანონო მშენებლობებს განიხილავდა.

აუდიტი წერდა: „მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს“.

აუდიტის ინფორმაციით, შემოწმების პერიოდში, რომელიც მოიცავდა მერიის და მისი სტრუქტურების 2021-2022 წლების საქმიანობის შეფასებას ქობულეთის მერიას გაცემული ჰქონდა 242 სამშენებლო ნებართვა, მათ შორის, 214 შემთხვევაში ნებართვა გაცემული იყო ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში – მშენებლობის ცვლილებაზე და 17 შემთხვევაში – შენობის
დემონტაჟზე.

აუდიტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021-2023 წლებში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იყო უნებართვო მშენებლობის 30 შემთხვევა, რის გამოც მშენებლობის მწარმოებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაჯარიმდნენ 93 000 ლარით, საიდანაც 2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით გადახდილი იყო მხოლოდ  53 590 ლარი, ანუ ჯარიმის 57,6%.

აუდიტის ჯგუფმა შერჩევითი წესით შეისწავლა ქობულეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება და 4 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა, რომელთან დაკავშირებით ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული იყო დადგენილებები, მშენებელი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა დადგენილებებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრაქტიკულად არ განხორციელებულა, მაგალითად:

თამარ მეფის სანაპირო №52-ისა და №54-ის და დავით აღმაშენებლის გამზირის №279-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფე-ბარების უნებართვო მშენებლობები. სამივე შემთხვევაში მშენებლობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაიწყეს და დაასრულეს. მათ მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული მერიასთან, მშენებლობის ნებართვები კი არა.

აუდიტის ინფორმაციით, ამ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა დათვალიერების თარიღისათვის შენობების დემონტაჟი არ იყო განხორციელებული.

ამ შემთხვევაში მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ გამოყენება. აუდიტის შეფასებით, ეს ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

აუდიტი თავის დასკვნაში ასახელებს 3 კანონდამრღვევს, რომლებმაც სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ ააშენეს. ესენი არიან – ალბერტ ხინიკაძე, ილია მეგრელიძე და შპს HAVANA. აუდიტმა ეს დასკვნა 2023 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. ამ შემთხვევებზე „ბათუმელებიც“ წერდა:

უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: