მთავარი,სიახლეები

რუსეთი კურსკში ახალ თხრილებს თხრის, მას უკრაინელების სწრაფი წინსვლის ეშინია – ISW

15.08.2024 •
რუსეთი კურსკში ახალ თხრილებს თხრის, მას უკრაინელების სწრაფი წინსვლის ეშინია – ISW

14 აგვისტოს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები უკრაინულ ძალებს კურსკში, აღმოსავლეთ ჟურავლში, საერთაშორისო საზღვრიდან 20 კმ-ში აჩვენებს. ISW-ი ძირითადად უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს და გეოლოკაციურ კადრებს ეყრდნობა ანგარიშის მომზადებისას.

ექსპერტების აზრით, ეს კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დასახლების აღმოსავლეთ ნაწილში წინ წავიდნენ.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ გეოლოკაციურ კადრებში ნაჩვენებია უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯას. ეს მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები აკონტროლებენ დასახლების ნაწილს და მის მიმდებარე ტერიტორიას.

ასევე, 14 აგვისტოს გამოქვეყნებული დამატებითი გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ წაიწიეს დასავლეთ კამიშნოიეში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით).

მიმოხილვის თანახმად, 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნებული კადრებით დასტურდება, რომ უკრაინული ძალები ასევე აგრძელებენ მოქმედებებს კურსკის ოლქის საერთაშორისო საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ 12 აგვისტოს Maxar-ის სატელიტური სურათები აჩვენებდა ახალი სიმაგრეების სერიას, მათ შორის თხრილებსა და სატრანსპორტო საშუალებებს კურსკის ქალაქ ლგოვის სამხრეთ-დასავლეთით, მაგისტრალის გასწვრივ, სუჯას ჩრდილო-დასავლეთით.

ISW-ი აღნიშნავს, რომ ახალი სიმაგრეები კურსკის ოლქში უკრაინის წინსვლის ყველაზე შორეული წერტილიდან დაახლოებით 17 კილომეტრშია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსული ძალები შეშფოთებულნი არიან კურსკში უკრაინული ძალების სწრაფი წინსვლით და, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიცვან მნიშვნელოვანი სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები უკრაინის მანევრის შესაჩერებლად.

ექსპერტების თანახმად, რუსეთის მთავრობა აგრძელებს სამხედრო ძალების რეკრუტირებას კურსკის ოლქში ოპერაციების მხარდასაჭერად. ექსპერტები მიუთითებენ რუსულ ოპოზიციურ გამოცემა Mobilization News-ზე, რომელიც წერს, რომ კურსკის ოლქში მებრძოლი რუსული ძალების დასახმარებლად მოსკოვიდან, ლენინგრადის, კალინინგრადის, სვერდლოვსკის, მურმანსკისა და სამარის ოლქებიდან წვევამდელებს გზავნიან.

რუსულმა ოპოზიციურმა გამოცემებმა 14 აგვისტოს ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ძალები აიძულებენ წვევამდელებს, რომლებიც გადაურჩნენ უკრაინის თავდაპირველ შეჭრას კურსკის ოლქში, ხელი მოაწერონ კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რათა დაბრუნდნენ კურსკის ფრონტზე.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჩეჩნურ სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურის, აპტი ალაუდინოვის განცხადებები კურსკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მცდარია და ძირითადად ეწინააღმდეგება შედარებით სანდო რუსი ბლოგერების მიერ გავრცელებულ ცნობებს. კერძოდ, ალაუდინოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიეს წარმატებებს კურსკის ოლქში, თუმცა რუსი ბლოგერების ინფორმაცია და სატელიტური კადრები ამას არ ადასტურებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: