მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„გლეხი შრომობს და მოსავლის გასაღებაც უჭირს“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქედაში არჩევნების წინ

31.07.2024 •
„გლეხი შრომობს და მოსავლის გასაღებაც უჭირს“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქედაში არჩევნების წინ

როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის ქედაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქედის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ჩვენ მათ ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნებამდე.

წინასაარჩევნო კამპანია დაახლოებით 3 თვის წინ დავიწყეთო, გვითხრა რამინ ბერიძემ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ქედაში.

„მოსახლეობასთან გავდივართ, ვსაუბრობთ, ერთმანეთში ვცვლით ჩვენს ხედვებს. ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში. ძალიან კარგადაა მოსახლეობა ინფორმირებული. ქვეყნის კურსი არ უნდა წავიდეს ჩრდილოეთისკენ.

ვიყავით დაბაში, მახუნცეთის, პირველი მაისის, დანდალოს თემებში. ნაწილობრივ დავფარეთ ცხმორისისა და მერისის თემები. მოსახლეობას „კარდაკარის“ პრინციპით ვხვდებით. ყველა ოჯახში შევდივართ. არ ვარჩევთ არავის, ვისი მომხრეა, როგორი მომხრეა… ყველას ვეცნობით, ახლოს მივდივართ, ხელს ვართმევთ და ვსაუბრობთ”, – გვეუბნება რამინ ბერიძე.

მისი თქმით, ქედაში მოსახლეობის პრობლემები შიდა გზების მოუწესრიგებლობა და წყალია:

„ადგილობრივებმა იციან, რომ მათი შვილების, შვილიშვილების მომავალი დამოკიდებულია ევროპაზე. მათ განვითარებულ ქვეყნებთან უნდათ ურთიერთობა და სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტად ამ საკითხზეა გადართული მოსახლეობა. იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს და როგორი კურსით უნდა წავიდეს ქვეყანა. აღელვებთ, თუ საითკენ მივდივართ.

დიდი პრობლემაა ისიც, რომ, ქედის რაიონში ყველაზე კარგად მოდის ვაზი, თხილი, ბოსტნეული, ბაზარი კი პრობლემურია. გლეხი ამდენს შრომობს და საბოლოდ მოსავლის გასაღება უჭირს, რაშიც ითხოვს დახმარებასა და ხელშეწყობას.

ჩვენ აუცილებლად გვექნება ჩვენი პარტიის პროგრამაში, თუ როგორი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის ამბავი. ერთად ვმსჯელობთ და ვმუშაობთ ამ თემაზე [პარტიაში], წინასაარჩევნოდ ჩვენს პროგრამას აუცილებლად გავაცნობთ მოსახლეობას და მივიტანთ მათთან ბუკლეტების სახით. სულ მალე იქნება ეს.

აუცილებელია კონკურენცია, იმიტომ, რომ ქედაში ერთი ღვინის ქარხანა გაკეთდა, რომელიც ყურძენს ძალიან დაბალ ფასად იბარებს. კიდევ ერთი ქარხანა რომ გაკეთდეს, მათი ერთმანეთთან კონკურენციით მოსახლეობა მოიგებს. ამაზე გვაქვს ძირითადად საუბარი. ასევე, ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან ბევრი ადგილია, რომელსაც ათვისება სჭირდება და ამისთვის მერიის, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებაა საჭირო.

გზა და შუქი უნდა მიიყვანო აუცილებლად ჯერ ისევ აუთვისებელ ადგილებში, რათა ტურიზმიც განვითარდეს… არის ხალხი, ვინც დაინტერესებულია. ინვესტიცია ჩაიდება, სოფელი დასაქმდება და ბევრი რამ გაკეთდება ქედისთვის. ტურიზმი კარგად წავიდა ჩვენთან და ამას ბოლომდე მიყვანა სჭირდება”.

რამინ ბერიძე

რამინ ბერიძე ამბობს, რომ იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი აღმოჩნდა ქედაში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, ვიდრე მას ეგონა:

„ერთ ობიექტზე ალბათ 10 ადამიანია გაფორმებული თანამშრომლად. მაგალითად, წონიარისის ტანკზე ოთხი კაცია დამლაგებლად მითითებული და თქვენ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა მოსახლეობაში. მარტო რომ ვართ, მეუბნებიან და მესაუბრებიან, რომ არ გვინდა ეს 300 ლარი დავკარგოთო, რადგან ამ ფულით ყიდულობენ ფქვილია თუ შაქარი, სხვა შემოსავალი სხვა რამეში გამოიყენა, შვილებს ტანსაცმელი უყიდა… ეს ამბავია. პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ ვიცით, ეს წინასაარჩევნო ამბავია, ყოველთვის არ გვექნება ეს სამუშაოო და ა.შ. ცოტა ამ ხალხს შიში აქვს, როცა სოფლებში შევდივართ ჩვენთან გამოვიდნენ ასე ოფიციალურად და გვესაუბრონ. სამსახურის დაკარგვის ეშინიათ”.

რამინ ბერიძის თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ოჯახში მივიდნენ და მათთან ერთად იმსჯელონ, თუ რა უნდა გააკეთონ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში – „მოსახლეობასთან ერთად უნდა გადაწყდეს საერთო საქმე, რომ მათთვისაც კარგი იყოს და ჩვენთვისაც”.

რამინ ბერიძემ ჩვენთან საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას ქედაში ახალი სახეები, ახალგაზრდები უერთდებიან:

„დიდ ბრძოლაში შევდივართ. ძალიან დიდი ზეწოლა წავა მოსახლეობაზე და ვიცით ეს. გამარჯვების იმედი ყოველთვის გვაქვს”, – გვითხრა მან.

მამუკა ჭაღალიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შტაბის ხელმძღვანელია ქედაში. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ოფიციალურად ჯერ არ დაუწყიათ წინასაარჩევნო აქტივობა და შესაბამისად, მოსახლეობასთან შეხვედრები.

მამუკა ჭაღალიძე

„სხვადასხვა სოფელში საარჩევნო უბნებზე აგვყავს ხალხი, ვინც დახმარებას გაგვიწევს საარჩევნოდ. ჩვენთვის მეორე არჩევნებია და თითქმის ყველა უბანზე გვყავს ხალხი.

გიორგი გახარია იყო ჩამობრძანებული და შეხვედრა გვქონდა ოფიციალურად ზვარეს თემსა და სოფელ ვაიოში. გვყავდა პარლამენტის წევრი, შალვა კერესელიძეც“, – ამბობს მამუკა ჭაღალიძე. მისი თქმით, შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყონ ოფიციალური შეხვედრები მოსახლეობასთან: „არაოფიციალური შეხვედრები უკვე გვაქვს. მაქსიმალურად ვიხარჯებით. ჩემი პირდაპირი საქმიანობაა ხალხში აგიტაცია და მსგავსი საკითხები, კანონის და ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა“.

მამუკა ჭაღალიძე ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებისგან ძირითადად თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზის გამო.

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქედაში, ჯამბულ შარაბიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე შტაბისთვის კომისიის წევრებისა და უბანზე წარმომადგენლების ძიების პროცესში არიან:

„რახან ზაფხულია, ცოტა გვიჭირს. ზოგი საზღვარგარეთაა სამუშაოდ გასული, თუმცა აუცილებლად ჩამოვლენ ჩვენი ბიჭები და დაგვიბრუნდებიან. ახალგაზრდები აქტიურობენ.

ჯამბულ შარაბიძე

ჩვენი ოფისიც სულ მალე გაიხსნება და ვფიქრობთ, 5-6 აგვისტოდან აქტიურ მუშაობაზე გადავალთ. ქედის ცენტრში უკვე დავიწყეთ გაზეთების დარიგება და მოსახლეობასთან საუბარი. ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული როგორი ფორმით შევხდებით მოსახლეობას სოფლებში, მაგრამ აუცილებლად ყველა ჩვენს ამომრჩეველთან მივიტანთ ჩვენს ხმას”, – ამბობს ჯამბულ შარაბიძე და მოსახლეობის პრობლემებზე აგრძელებს საუბარს:

„პრობლემებს რა დალევს. საწვავია გაძვირებული, რაც მოსახლეობაზე აისახება. მთაში გადაადგილება უჭირს ხალხს. უმუშევრობა პირველ რიგში. მიტოვებულია აქაურობა. გასული არიან მთლიანად საზღვარგარეთ სამუშაოდ. ახალგაზრდობისგან პრაქტიკულად დაცლილია ქედა. ვინც დარჩენილია, მათი 50 პროცენტი, პრაქტიკულად, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.

ჩვენ მოსახლეობას საპენსიო ფონდის 1000 ლარამდე გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებას ვთავაზობთ”, – გვითხრა შარაბიძემ.

მისი თქმით, ქედაში ახლა საარჩევნო სპეკულაციები მიდის.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. მე რაიონში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ხალხის განწყობაა ცვლილებებისკენ. სიახლეებს ელის მოსახლეობა. ერთად, გუნდური მუშაობით უნდა მოვიტანოთ ეს სიახლეები”, – ამბობს ჯამბულ შარაბიძე.

ამავე თემაზე: 

როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: