მთავარი,სიახლეები

ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

15.08.2022 • 2600
ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების საქმიანობასა და მილიობით ლარის სარგებლის სახით მიღებაზე ახალ კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ  ხელშეკრულებებით,  რომლებიც  ხულოს მუნიციპალიტეტმა ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანია „როდასთან“ გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა.

„ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე“ – წერს „გამჭვირვალობა“. 

კვლევის თანახმად, შპს „როდამ“ დაფუძნებიდან – 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 5 მილიონამდე ლარი მიიღო. ჯამური თანხის ნახევარზე მეტი, 2 მილიონ 611 087 ლარი გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.

101 მოგებული ტენდერიდან 99 შემთხვევაში ხელშეკრულებები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაფორმდა, მხოლოდ ორჯერაა შემსყიდველი წალკის მუნიციპალიტეტი.

მხოლოდ წელს, პირველ აგვისტომდე, შპს „როდამ“ მიიღო 1 მილიონ 73 ათას 537 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაც ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის 22%-ს შეადგენს.

„როდა“ ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის, ავთანდილ ბოლქვაძის შვილის, დავით ბოლქვაძის კომპანიაა. დავით ბოლქვაძე კომპანიის დაფუძნების დღიდან – 2013 წლის 16 მაისიდან ფლობს 100% წილს და მისი დირექტორია.

გამოუცდელმა კომპანიამ 117 610 ლარის ღირებულების პირველი სახელმწიფო შესყიდვა რეგისტრაციიდან 2 კვირაში, 2013 წლის 29 მაისს, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისგან მიიღო. ასეთივე დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გაიმარჯვა „როდამ“ ამავე დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ მეორე, მრავალათასიან შესყიდვაში.

„როდამ“  სულ ამ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამურად 510 173 ლარი მიიღო. ამ პერიოდში დეპარტამენტის ლოჯისტიკა-ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრი ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე იყო. დღეს როლანდ ბოლქვაძე აჭარის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და ისევ არის დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ  ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში შპს „როდას“ მონაწილეობა კორუფციულ რისკებს წარმოაჩენს.

კომპანიამ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში 52-ჯერ გაიმარჯვა, მათ შორის, 14 შემთხვევაში – უკონკურენტოდ და 4-ჯერ – კონკურენტების დისკვალიფიკაციით. ხულოს მუნიციპალიტეტმა „როდას“ 31-ჯერ ხელშეკრულება იმაზე მეტ თანხაზე გაუფორმა, ვიდრე კომპანიამ თავიდან შესთავაზა.

„როდას“ გაზრდილი ფასით ხელშეკრულებას უფორმებენ მაშინაც, როცა ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე დაბალი ფასით და მაშინაც, როცა „როდას“ კონკურენტი კომპანია შემსყიდველს მეტოქეზე დაბალ ფასს სთავაზობს, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიცირდება, „როდასთან” კი ხელშეკრულებას რამდენიმე ათასი ლარით გაზრდილ თანხაზე აფორმებენ.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სხვაობა თანხებს შორის დიდი მოცულობის არ არის, შემთხვევათა რაოდენობა და ერთნაირი მიდგომა ეჭვებს იწვევს მუნიციპალური საბიუჯეტო თანხის სახელმწიფო შესყიდვების გზით „უკუგორებასთან” დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ოქმებში არ ასაბუთებენ, თუ რატომ უფორმებენ „როდას” ხელშეკრულებებს არათუ მის მიერ შეთავაზებულ ფასად, არამედ ტენდერების სავარაუდო ღირებულებაზე ძვირადაც.

  • „როდას“ კავშირები ანზორ ბოლქვაძის სხვა ბიზნესმენ ნათესავებთან

კომპანია „როდა“ უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვა სამეწარმეო ჯგუფს, რომელიც ასევე ანზორ ბოლქვაძის ნათესავებმა შექმნეს: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცხადებულ ერთ-ერთ შესყიდვაში გამარჯვებულმა „როდამ“ ბეტონის მიწოდების სამუშაოების გარანტიად რომან ბოლქვაძესთან სატვირთო თვითმცლელის იჯარის ხელშეკრულება წარადგინა. რომან ბოლქვაძე შპს „გიგა 2015“-ის დირექტორია და სახელმწიფო შესყიდვებიდან მას 4 მილიონზე  მეტი ლარი აქვს მიღებული. ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ რეგისტრაციაში შპს „როდას“ ელექტრონული ფოსტის მისამართად r.ananidze@mail.ru აქვს მითითებული. ამ მისამართით არის რეგისტრირებული ანზორ ბოლქვაძის ცოლის საკუთრებაში არსებული კომპანია „ჰორიზონტი“ – მისამართი რეზო ანანიძეს ეკუთვნის, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია.

საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს კომპანიის დამფუძნებელმა, მეწილემ და დირექტორმა დავით ბოლქვაძემ კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მიუთითა bolqvadze-rolandi@mail.ru. როლანდ ბოლქვაძე კი, როგორც ზევით ვახსენეთ, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის შვილი და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: