ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა, როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო წლის მარტში, ნაგავსაყარი მზად იქნება ნარჩენების მისაღებად. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში შენდება.
ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება ფასიანი იქნება. ტარიფების დადგენაზე ბრიტანული საერთაშორისო კომპანია მუშაობს.
გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის სანდასუფთავების გადასახადი ახალი ნაგავსაყარის გახსნის შემდეგ? – ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ გვითხრეს, რომ „ამ ეტაპისთვის ეს საკითხი არ განიხილება“.
არსებული [ადლიის] ნაგავსაყარის ექსპლუატაციისთვის ფულს, ქალაქის ბიუჯეტიდან ბათუმის მერია იხდის. მაგალითად, 2020 წლისთვის „ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასა და სანიტარული მომსახურებისთვის“ მერიას ხელშეკრულება შპს CEBEP-თან 156 704 ლარზე აქვს გაფორმებული.
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის, ნოდარ კონცელიძის თქმით, ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა კონტრაქტის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„პროექტის ფარგლებში 4 უჯრედი მოეწყობა ნარჩენების მოსათავსებლად, რომლებიც მთლიანობაში დაახლოებით 600 ათას ტონა ნარჩენზეა გათვლილი. აჭარაში კი, წელიწადში 90-95 ათასი ტონა ნარჩენი გროვდება. ამ უჯრედების შევსების პარალელურად ჩვენი კომპანია მომდევნო წლებში ეტაპობრივად კიდევ 8 ახალ უჯრედს მოაწყობს. ამჯერად შესაძენია მოძრავი ტექნიკა და ნარჩენების დამხარისხებელი ხაზი. EBRD-ისგან არის თანხმობა, რომ მორიგ სესხს გამოყოფს ამ ტექნიკური საშუალებების შესაძენად. მალე შეირჩევა კომპანია, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებს. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ქობულეთის არსებული ნაგავსაყარების დახურვაც იგეგმება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნოდარ კონცელიძემ.
ბათუმისა და ქობულეთის არსებული ნაგავსაყარების დახურვას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება მას შემდეგ, რაც ცეცხლაურის ნაგავსაყარი დაიწყებს მუშაობას.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტია გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი აშენებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.
დეტალურად ამ თემაზე ნახეთ ბმულზე:
როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში