ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა.
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები ორივე პროექტის შემთხვევაში შეჩერებული აქვს.
გარემოს სააგენტომ შპს „ტერმინალი1“-ის პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცედურა შეაჩერა. კომპანია, რომელიც თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, ნავთობპროდუქტების საცავის მოცულობის გაზრდას და ზღვაში უნაპირო ნავმისადგომის მოწყობას გეგმავს – დიდი წყალწყვის მქონე ტანკერების მისაღებად.
ამ თემაზე ვრცლად: სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ
რამდენიმე დღით ადრე, შპს „ტერმინალი1“-ის წერილების გამო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურაც შეაჩერა.
„ტერმინალი1“ ხელოვნური კუნძულის „ქაოსურ მშენებლობას“ აპროტესტებს და ტერმინალის მიმართულებით კუნძულის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
ამ თემაზე ვრცლად: კუნძულის ქაოსური მშენებლობა სახიფათოა და უნდა შეჩერდეს – „ტერმინალი 1“-ის მიმართვა მთავრობას
გარემოს ეროვნული სააგენტო „ტერმინალ1“-ს წერს, რომ სააგენტოში 2024 წლის 8 და 9 აგვისტოს შევიდა ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს წერილები, რომელთა თანახმად „ტერმინალ 1“-ის პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია/საპროექტო არეალი განეკუთვნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კონტინენტურ შელფს, რომელიც კანონმდებლობით არ ექვემდებარება პრივატიზებას.
ამასთან, „ტერმინალ1“-ის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა ან/და თანხმობა.
„შესაბამისად გაცნობებთ, რომ სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს ზემოაღნიშნული საკითხის გათვალისწინებით, სრულყოფილი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოდგენის შემდეგ“, – მიწერეს გარემოს ეროვნული სააგენტოდან „ტერმინალი1“-ს 2024 წლის 9 აგვისტოს.
ამ წერილიდან ირკვევა, რომ „ტერმინალი1“-ის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება იმავე დღეს შეწყვიტა, როცა სამინისტროსგან მიიღო წერილი, ანუ 2024 წლის 9 აგვისტოს.
„რაც შეეხება შპს ,,ტერმინალ 1“-ის 31 ივლისის წერილს, რომლითაც წარმოდგენილია საპროექტო კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ განსახორციელებელი მშენებლობის შესახებ, მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ წერილში დასმული საკითხების განსახილველად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. დეტალური შეფასებისთვის, გეგზავნებათ სააგენტოს მ/წლის 14 აგვისტოს წერილი შეხვედრის ოქმთან ერთად“, – წერს ეკონომიკის სამინისტრო წერილში, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოსთვის 9 აგვისტოს მიუწერია [14 აგვისტო არის ხვალ].
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს 7 აგვისტოს წერს, რომ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“-ს პროექტით გათვალისწინებულ საზღვრებთან მიმართებაში, იმ ნავმისადგომზე გემების შემოსვლა გასვლის ოპერაციები, რომლითაც სარგებლობს შპს „ტერმინალი 1“.
საზღვაო სააგენტო აცხადებს, რომ ხელოვნური კუნძულის პროექტით გათვალისწინებული მანძილი „ტერმინალ 1“-სა და „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს შორის, „არ შეზღუდავს იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლას, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1“.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 7 აგვისტოს გამართულ შეხვედრას, შესაბამისი ოქმის მიხედვით, ესწრებოდნენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე არჩილ ინასარიძე; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ ქვარიანი; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მ/შ – ნავსადგურის კაპიტანი ნოდარ გორგაძე; შპს „ბლექ სი პაილოტ სერვისი“-ს ლოცმანი მურთაზ დევაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების და უშიშროების სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ქუთათელაძე.
რაზე შეჯერდნენ ამ შეხვედრის მონაწილეები, გთავაზობთ სრულად [ამონაწერი ოქმიდან]:
- შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდს“ და შემომავალი არხის გასწვრივ, შემომავალი არხის ვირტუალ ღერძიდან სამხრეთით, რჩება საკმარისი სივრცე, რომ შემომავალი გემის საკურსო ხაზმა გადაიწიოს და გაზარდოს უსაფრთხო მანძილი, რათა გემის მაქსიმალური ზომებით 141X16 იყოს უფრო უსაფრთხო შემოსვლა „ტერმინალ-1“-ის ნავმისადგომზე.
- გემების მოსაბრუნებელი წრე გადატანას არ საჭიროებს. გემის შემოსაბრუნებელი ადგილი საკმარისია მაქსიმალური სიგრძის 141 მ. გემებისათვის, იმ მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით და ბუქსირების დახმარებით, რაც მოცემულია ნავსადგურის წესებში. რადგან შემოსაბრუნებელი აუზის დიამეტრი არის 282 მ. ხოლო შემოსაბრუნებელი წრის უახლოეს კიდიდან, ბათუმი აილენდის მოლამდე, მინიმალური მანძილი რჩება 90 მ.
- როგორც გაწერილია კომპანია „ანკორ ინჟინერიგ“-ის რეკომენდაციებში, რომელიც დამტკიცებულია ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის მიერ და როგორც მუშაობს დღეს-დღეობით სალოცმანო კომპანია, გემი შემოსაბრუნებელ აუზში შემობრუნების შემდეგ, აგდებს მარცხენა ღუზას და 2 ბუქსირის დახმარებით, დაბალი სიჩქარით გადის მარჯვენა ღუზის ჩაგდების ადგილზე. მარჯვენა ღუზის ჩაგდების შემდეგ, გემი უკუსვლით, მინიმალური სიჩქარით მიემართება ნავმისადგომისაკენ, სადაც შედის ნავმისადგომის გასწვრივ მარჯვენა ბორტით 30 მ. პირსის დაბოლოებიდან და ებმება კიჩოს მისაბმელი ბაგირებით ნავმისადგომთან.
- კომპანია ანკორ ინჟინერინგის რეკომენდაციით გემმა უნდა ჩააგდოს ღუზების ჯაჭვის 7 ბმული [სმიჩკა] რაოდენობით. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა და როგორც მუშაობს სალოცმანო კომპანია, მარჯვენა ღუზის 4 ბმულის [სმიჩკის] ჩაგდება, საკმარისია გემის უსაფრთხო დგომისთვის. „ტერმინალ 1“-ში გემის შემოსვლის და დგომის, დასაშვებ მეტეოროლოგიურ პირობებში ქარი მაქსიმალური სიჩქარე 5 მ/წმ. ზღვის ღელვა 2 ბალი, [ტალღა 0,5 მ].
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს პროექტით გათვალისწინებული მანძილი „ტერმინალ 1“-სა და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს შორის, არ შეზღუდავს შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომზე მომავალი ტანკერების შემოსვლა-გასვლას.“
ქვემოთ ნახაზზე მოცემულია ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორზე“ თავდაპირველად გადაცემული ტერიტორია [89 ჰექტარი ზღვაში მონიშნულია ყვითელი ხაზით]. რაც შეეხება ლურჯი ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, ეს არი „ამბასადორზე“ ადრე და შემდეგ დამატებით გადაცემული ტერიტორია მთლიანად.
როგორც ამ ნახაზიდან ჩანს, „ტერმინალი1“-ის ნავმისადგომიდან[პირსიდან] მონიშნული გემების შემოსასვლელ-გასასვლელი [აღნიშნულია წითელი ხაზებით] ემიჯნება და კვეთს „ამბასადორზე“ გადაცემულ საპროექტო ტერიტორიას:
„ტერმინალ1“ თვლის, რომ კუნძულის საპროექტო პარამეტრებში განხორციელების შემთხვევაში ნავსადგურის აკვატორია ირღვევა.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ „დაუშვებლად მიაჩნია განიხილებოდეს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი იმ პარამეტრებში, რომელიც დღეის მდგომარეობითაა წარმოდგენილი. აბსურდულია ნავთობტანკერის დგომის და გადატვირთვის ტერიტორიაზე, სადაც არის გაფრქვევის ადგილი, მომეტებული საფრთხის ზონა, სადაც ყველა მოქმედება გაწერილია ნავსადგურის წესებით/ინსტრუქციებით და რეგულირდება უსაფრთხოების და უშიშროების გეგმით, მოხდეს მრავალფუნქციური ტურისტული ზონის მოწყობა“.
„დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობ-ტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-სთვის ქონების გადაცემის პირობები.“ – აცხადებს „ტერმინალი1“.
თავის მხრივ ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს 8 აგვისტოს წერს, რომ „დასახელებულ ტერიტორიაზე „ტერმინალი1“-ის მიერ შემოთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა ან/და თანხმობა.“
გარემოს ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს წერდა, რომ „ტერმინალ 1“-ის მიერ 2024 წლის 17 ივლისს სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციას თან ახლდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2024 წლის 19 აპრილის წერილი, რომლის თანახმად „ტივტივა დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულთან ახლო მანძილით იქნება დაშორებული და კუნძულის მშენებლობა სავარაუდოდ გავლენას იქონიებს დღეს არსებულ სანავიგაციო პირობებზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია.“
„ვინაიდან, შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დაგეგმილია ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია] და შპს ,,ტერმინალ 1“-ის წერილებში დასმული საკითხები სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოთ დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში გათვალისწინებული დოკუმენტაციით აღნიშნული საქმიანობების თავსებადობის შესახებ;
მათ შორის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი პროექტის ზემოქმედების თაობაზე შპს „ტერმინალ 1“-ის არსებულ და დაგეგმილ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრისა და დგომის მარშრუტზე, ნავმისადგომების ფუნქციონირების შედეგად, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ინფრასტრუქტურაზე უარყოფით ზემოქმედებასა და აღნიშნული პროექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში, „ტერმინალ 1“-ის მიერ წერილში მითითებულ შესაძლო რისკებზე.“ – მიწერეს გარემოს სააგენტოდან ეკონომიკის სამინისტროს.
ეკონომიკის სამინისტრო, როგორც აღვნიშნეთ, აცხადებს, რომ „ტერმინალი1“-ის მიერ დაგეგმილი საქმიანობა შეთანხმებული არ აქვს, ხოლო „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია „არ შეუქმნის საფრთხეს „ტერმინალ 1“-ის ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.“
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა რომ განაახლოს, დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოუწევს როგორც „ტერმინალ1“-ს, ასევე „ამბასადორი ბათუმი აილენდს“.
შეგახსენებთ, რომ
- „ტერმინალ1“-ს ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოება სურს – რეზერვუარების მოცულობის გაზრდითა და ზღვაში უნაპირო ნავმისადგომის მოწყობით – დიდი ტანკერების მისაღებად.
- „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ კი ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა, რომელიც დღემდე არ აქვს [კომპანია ამჯერად ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს, რაზეც ნებართვა თავის დროზე დღგ-ს გარეშე გაიცა, როგორც დამცავი ნაგებობის მოწყობაზე].