ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს.
როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, ახალი ნაგავსაყარისთვის სოფელ ცეცხლაურში 33 ჰექტარი ტერიტორიაა გამოყოფილი, საიდანაც 6 ჰექტარზე ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოხსნილია და იქვეა დასაწყობებული. ტერიტორია მთლიანად შემოიღობება. გაკეთდება მისასვლელი გზა. ტერიტორიის შიგნითა ნაწილი და გარეთ – 50 მეტრი სიგანის ბუფერული ზოლი გამწვანდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა 4 ღია უჯრედი [ორმო], რომლის ფსკერი და კედლები რამდენიმე სპეციალური შრისგან შედგება. ეს უჯრედები, ნარჩენების განთავსების შემდეგ დაიფარება მიწით. ნაგავსაყარის ტერიტორიაზე გამოყოფილია კარიერი, საიდანაც ამ მიწას აიღებენ. შემდეგ კი, უჯრედები, რეკულტივაციის მიზნით, დასაწყობებული ნიადაგით დაიფარება და ამით უჯრედი საბოლოოდ დაიხურება.
ახალ პოლიგონზე აჭარაში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენები დახარისხდება სპეციალურ უბანზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დამხარისხებელი უბანი – შენობა, სადაც ნახევრად ავტომატურად დამხარისხებელი ხაზი უნდა დამონტაჟდეს და ნარჩენებს ხელით გადაარჩევენ.
აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი ხაზის შეძენა მომავალი წლისთვის აჭარის ბიუჯეტიდან იგეგმება, ან შესაძლოა მოძიებული იქნას დონორი ორგანიზაცია. დამხარისხებელი უბნისთვის პოლიგონზე 15 000 კვ/მ-ია გათვალისწინებული.
„იმ ნარჩენებს, რაც არ გადამუშავდება [ძირითადად ორგანული ნარჩენები] ღიაძარიანი ავტომობილებით გადავიტანთ უჯრედებში. აქ ყოველდღიურად მოხდება ბულდოზერით გასწორება/დატკეპნვა და მიწის საიზოლაციო ფენით დაფარვა. ამ პროცესზე იქნება ასევე ყოველდღიური მონიტორინგი და ნარჩენების გაბნევას, გაფანტვას ადგილი არ ექნება. რაც შეეხება გადარჩეულ ნარჩენებს, პირველ ეტაპზე დასაწყობდება ადგილზე, შეიფუთება და შემდგომ მივაწვდით გადამამუშავებელ საწარმოებს. ასეთი საწარმოები არის აჭარის რეგიონშიც [7-8 ობიექტია, რომლებიც ამუშავებენ პლასტმასს, პოლიეთილენს, ქაღალდს, მინის ტარას]“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის გარემოს დაცვის ექსპერტი.
რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ნოდარ კონცელიძის თქმით, თუ იქნება ასეთი ნარჩენები, მას გადაარჩევენ, ცალკე კონტეინერში განათავსებენ და შემდეგ სახიფათო ნარჩენების გადამუშავების ნებართვის მქონე კომპანიებს მიაწვდიან: „ასე, რომ მისი აქ ხანგრძლივად შენახვა, განთავსება, დამარხვა არ მოხდება. შესაძლებელია 2-3 დღე, ერთი კვირა განთავსდეს, რისთვისაც ეწყობა უბანი მკაცრი დაცვის ქვეშ.“
პოლიგონის ტერიტორიიდან წვიმის წყალი სანიაღვრე არხებით გაედინება, ხოლო სამეურნეო დანიშნულებით მოხმარებული წყლები შეგროვდება გამწმენდ ნაგებობაში.
პოლიგონზე სუნის გასანეიტრალებლად პროექტი ითვალისწინებს თვით უჯრედებში, სადაც ნარჩენები უნდა განთავსდეს, გაზის შემკრები სისტემის დამონტაჟებას. ამ სისტემით მოხდება მეთანის შეგროვება და მისი მიწოდება გენერატორისთვის. ამ გზით, შემდგომში, ნაგავსაყარზე დაახლოებით 2 მეგავატი ელექტროენერგიის მიღებას ვარაუდობენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მშენებლობაზე 100 ადამიანი მუშაობს, ნაგავსაყარის ექსპლუატაციის პროცესში კი, მინიმუმ 50 ადამიანი დასაქმდება.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტია გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი აშენებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა, ეს კომპანია აშენებს ნარჩენების განსათავსებელ მხოლოდ 4 უჯრედს, პროექტი კი სულ 12 ასეთი უჯრედის მოწყობას ითვალისწინებს. შემდგომში 8 უჯრედს უკვე ნარჩენების მართვის კომპანია ააშენებს, რომელიც პოლიგონს ოპერირებას გაუწევს. რა თანხით ააშენებს დამატებითი უჯრედებს სახელმწიფო კომპანია, ამ ეტაპზე უცნობია.
„როგორც კი პირველი ორი უჯრედი შეივსება, მოხდება მათი დახურვა, შემდგომ გამოვიყენებთ მესამე-მეოთხე უჯრედს, რა დროსაც მოეწყობა მეხუთე-მეექვსე უჯრედი და პროცესი გაგრძელდება… 12-ივე უჯრედის შემთხვევაში ნაგავსაყარს 16-დან 22 წლის ფარგლებში აქვს ექსპლუატაციის ვადა. მაგრამ, თუ იქნება დამხარისხებელი ხაზი, ასევე, თუ ნარჩენებს თავად მოსახლეობა დაახარისხებს, შესაძლოა ამ ნაგავსაყარმა 35 წლის განმავლობაში იმუშაოს“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე.
ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება მუნიციპალიტეტებისთვის ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვასთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კომპანიაში გვითხრეს, რომ „საკითხზე მუშაობს ბრიტანული კომპანია და დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს“.
რა ელის ბათუმის ნაგავსაყარს
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის მიტოვებული და ბათუმის მოქმედი ნაგავსაყარების დახურვას. ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, EBRD-ი ამ ეტაპისთვის დამატებით ინვესტირებას ახდენს, რათა შეირჩეს საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. მხოლოდ ამის შემდგომ დაიგეგმება, თუ როგორ დაიხურება ეს ნაგავსაყარები: „თუმცა, წინასწარი შეთანხმებით, ეს ევროსტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს“.
„თუ კვლევებმა აჩვენა, რომ ბათუმის ნაგავსაყარზე იქნება იმ რაოდენობის მეთანი, რომ გადავამუშავოთ, მოეწყობა ანალოგიური სისტემა, რაც ახალ ნაგავსაყარზე. შესაბამისად, ამ გაზს გამოვიყენებთ და მივიღებთ ელექტროენერგიას. თუ არ აღმოჩნდება საკმარისი მეთანი, მას მემბრანული სისტემით შევაგროვებთ, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაბნევა. ვიდრე ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მიმდინარეობს, ეს პროცესიც პარალელურად დაიწყება“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე.
მისივე თქმით, „პირველი 20 წელი, როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდანაა ცნობილი, ნაგავსაყარზე მიმდინარეობს მეთანის გაზის წარმოქმნა, შესაბამისად, ამ ტერიტორიის სხვა დანიშნულებით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. თუ ეს სისტემა მოეწყობა, პოლიგონი დაიფარება მიწით და დაწესდება ჩვენი კომპანიის მიერ მონიტორინგი. რეკრეაციული თუ მშენებლობის კუთხით გამოყენება მინიმუმ 20 წელი ვერ ექნება მაგ ადგილს. გარკვეული დროის შემდეგ კი, ტყეპარკის გაშენება თუ სხვა სამუშაოები, შესაძლებელია“.
ბათუმის ნაგავსაყარი დღეს
ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შეგროვებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება დღეს ადლიაში, ზღვასთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელ პოლიგონზე ხდება, რომელსაც ოპერირებას უწევს ერთ-ერთი კერძო კომპანია. ამ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება 1965 წლიდან დაიწყო. ტერიტორია 19.2 ჰექტარია.
„ნაგავსაყარი განლაგებულია მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს უშუალოდ მდინარის წყალდაცვით ზოლში, საიდანაც აქტიურად ხდება მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება. ნაგავსაყარის ტერიტორია არ არის შეღობილი, შესაბამისად გარეშე პირები (მათი რაოდენობა 20 კაცამდეა) დაუბრკოლებლად შედიან ნაგავსაყარზე და აგროვებენ ჯართს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. ასევე, ნაგავსაყარზე დაუბრკოლებლად შედის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იკვებება ნარჩენებით“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში [2018-2022 წწ].
ასეთი ვითარება ბათუმის ნაგავსაყარზე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი პოლიგონი არ დაიწყებს ნარჩენების მიღებას [გეგმით, მინიმუმ ერთი წელი] და არ დაიწყება მოქმედი პოლიგონის დახურვა. ახალი პოლიგონი ზღვიდან 7 კილომეტრით, ბათუმიდან კი 30-32 კილომეტრითაა დაშორებული.
ბათუმის მერიის მონაცემებით, საკურორტო სეზონის პერიოდში ქალაქ ბათუმში 300-მდე ტონა მუნიციპალური ნარჩენი გროვდება დღეში. სხვა პერიოდებში – 200-დან 250-მდე ტონა დღეში. 2016 წელს დაგროვილმა მუნიციპალური ნარჩენების საერთო რაოდენობამ 74 800 ტონა შეადგინა. 2020 წლისთვის კი პოლიგონზე 83 000 ტონა ნარჩენის განთავსება იგეგმება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, ბათუმის ტერიტორიაზე, მერიის შპს „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, 3 500 კონტეინერია განთავსებული. ნარჩენები ბათუმის ნაგავსაყარზე „სანდასუფთავებას“ გააქვს, რასაც 20-მდე სპეციალური ავტომანქანა ემსახურება. მიუხედავად ამისა, ბათუმის ტერიტორიაზე, მარტო 2019 წელს, 80-მდე ადგილზე დაფიქსირდა ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტი.
მერიის მონაცემებით, ბათუმში ნარჩენების დახარისხებული შეგროვება არ ხდება (სახიფათო – სამედიცინო ნარჩენების გარდა). ძირითადად, ნარჩენების შეგროვება ხდება შერეული ტიპის კონტეინერებში, საიდანაც ნარჩენები ერთიანად, როგორც დასახლებული პუნქტებიდან, ისე სხვადასხვა ობიექტიდან გააქვთ ბათუმის ნაგავსაყარზე.
„გამონაკლისს წარმოადგენს სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები, რომელთა დასაწყობება ხდება თვით საწარმოებში და შემდგომში გადაეცემა სათანადო გადამუშავებაზე ნებართვის მქონე ორგანიზაციებს… ბათუმში არ არსებობს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყარი. 2009 წლიდან ბათუმის ნაგავსაყარის შესასვლელთან აშენებული და ექსპლოატაციაში გაშვებულია თერმული დამუშავების ინსინერატორი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 400 კგ-მდე სამედიცინო ნარჩენების ინსინერაცია ხდება. შესაბამისად, ბათუმში წლის განმავლობაში გროვდება დაახლოებით 100-მდე ტონა სამედიცინო ნარჩენი. რაც შეეხება სპეციფიკურ ნარჩენებს, მათი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგანაც მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად ხდება სპეციფიკური ნარჩენების შერევა. ასეთი სახის ნარჩენები ხშირ შემთხვევაში ხვდება არსებულ ნაგავსაყარზე, ვინაიდან იქ ყოველგვარი კონტროლოს გარეშე ხდება ნარჩენების მიღება და დასაწყობება“, – აღნიშნულია მერიის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში.
ნარჩენების დახარისხება არ ხდება არც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ნარჩენების შეგროვება-გატანა პრობლემაა.
ბათუმის პოლიგონზე შეტანილი ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევის შედეგი [მერიის გეგმიდან]:
2020 წლის განმავლობაში ბათუმის ნაგავსაყარის ოპერატორ კომპანიას, მერიის მიერ განსაზღვრული პირობების მიხედვით, ევალება:
[checklist]
- შეტანილი ნარჩენების ყოველდღიურად მოსწორება და დატკეპნა მექანიკური საშუალებით (ბულდოზერით); პოლიგონის მოწყობა ქვაღორღოვანი ნარევის (ბალასტის) მინიმუმ 30 სმ სისქის ფენით; ნაგავსაყარის მისასვლელი გზისა და პოლიგონზე ასასვლელის შენარჩუნება ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში (გზაზე არ უნდა იყოს გუბურები და ორმოები); ობიექტზე ყოველთვიურად შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 200 კუბური მეტრი ბალასტი (ქვაღორღი).
[/checklist]
ამ მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 159 642 ლარია გამოყოფილი. მომსახურებას მერია ტენდერით შეისყიდის.
„მნიშვნელოვანია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ნარჩენების შერგოვების სველი და მშრალი სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ორი ტიპის კონტეინერის დადგმას ნარჩენების შეგროვების ადგილებზე. ერთ კონტეინერში განთავსდება გადამუშავებადი მასალები (მაგ. პლასტიკი, ქაღალდი, ა.შ.), ხოლო მეორე კონტეინერში – ის მასალა, რომელიც არ ექვემდებარება გადამუშავებას (ორგანული ნარჩენები) და რომლის განთავსება მოხდება ნაგავსაყარზე. ასევე, რეკომენდებულია მერიის ტერიტორიაზე დამატებით მოეწყოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პუნქტები (პილოტური პროექტების სახით). ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს ქაღალდი/კარდონსა და პლასტიკზე“, – აღნიშნულია მერიის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში.
აღიარებულია, რომ საუკეთესო ვარიანტი ყოველთვის ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებაა, რასაც მოსდევს რაოდენობისა და საფრთხის მინიმიზაცია; ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება; გადამუშავება და ნარჩენებისგან ენერგიის აღდგენა. ნარჩენების ნაგავსაყარზე განთავსება კი უკანასკნელი გამოსავალია:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ჩართულია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“, რომელსაც ახორციელებს ICMA CENN-თან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემის დანერგვას ქალაქ ბათუმში ბათუმთან დამეგობრებული აშშ-ის ქალაქ გოლდენის გამოცდილების გაზიარების გზით, ქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და ბათუმისთვის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებაში დახმარებას“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის გეგმაში. მერიაში გვითხრეს, რომ ეს პროექტი გრძელდება.
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ ძველი ნაგავსაყარის დახურვასა და ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კომპანიის განცხადებით, ვიდეორგოლის დამზადების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებაა.
აჭარის მთავრობამ 2020 წლისთვის შეიმუშავა ნახევარმილიონიანი პროგრამა – „ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“, რომლის მიზანი, „ნარჩენების გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა, წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაცია, გამოშვებული პროდუქციის მოცულობისა და ასორტიმენტის ზრდაა“.
პროგრამის ფარგლებში „ბენეფიციარებს საკუთრებაში გადაეცემათ მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ძირითადი საშუალებები. თითოეული ბენეფიციარის თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 100 000 ლარისა, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა იქნება არანაკლებ 50%-ისა“.
აჭარის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამით მოხდება „რეგიონის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების გადამუშავებისა და ფუნქციურად გამოყენების უზრუნველყოფა; ასევე, ნარჩენების გადამამუშავებელი ადგილობრივი საწარმოების განვითარება“. პროგრამას სახელმწიფო ა(ა)იპ ბათუმის ბიზნესინკუბატორი განახორციელებს.
„განხორციელების ვადა 1 წელია, რადგან ის წარმოადგენს საგრანტო პროგრამას. მიღებული შედეგების ანალიზის და სამომავლოდ არსებული მოთხოვნის შესწავლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება პროგრამის გაგრძელება. ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა ზოგადად უკავშირდება ახალი მყარი ნარჩენების სანიტარული პოლიგონის მშენებლობას და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო სიმძლავრეების გაზრდის გზით რეგიონში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას“, – აცხადებს მთავრობა.
ამ დროისთვის ღიად რჩება სამშენებლო ნარჩენებისა და ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენების განთავსების საკითხი. ასეთი ნარჩენების განთავსება ახალ პოლიგონზე პროექტით გათვალისწინებული არ არის.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, „ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენები [ცხოველის სხეული, ცხოველის სხეულის ნაწილი, ნაკელი, ხორცის წარმოების ნარჩენები, ცხოველზე ცდის ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვა] გაიტანება ნაგავსაყარზე არსებულ „ბეიკერის“ ორმოში ინდივიდუალურად, საჭიროებიდან გამომდინარე“.
რაც შეეხება სამშენებლო ნაგავს, „ბათუმის არსებულ ნაგავსაყარზე ნარჩენების შეტანა ხდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე [მათ შორის, არ ხდება ნარჩენების ტოქსიკურობის დადგენა]. საშუალოდ წელიწადში ნაგავსაყარზე შედის 30 000 კუბ/მ-მდე ინერტული ნარჩენი. ძირითადად, ქუჩებისა და გზების რეაბილიტაციისას და ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე დაგროვილი სამშენებლო ნარჩენები“.
აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ არის საუბარი ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენების განთავსებისთვის მოეწყოს სპეციალური ადგილი ახალი ნაგავსაყარის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. თუმცა ამ დროისთვის საკითხი არ არის გადაწყვეტილი. სამშენებლო ნარჩენების განთავსება კი, ახალ პოლიგონზე მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ძველი ნაგავსაყარის გაუქმებამდე ეს საკითხიც გადასაწყვეტია.
მთავარი ფოტო: ბათუმის მოქმედი და ცეცხლაურის მშენებარე ნაგავსაყარი
https://www.facebook.com/batumelebi/videos/555070388375246/
______
სტატია/ვიდეო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ პარტნიორობით, პროექტის ფარგლებში – “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში”. პროექტი მიმდინარეობს USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN -ი USAID -ის მხარდაჭერით. არ არის აუცილებელი სტატიაში/ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.