მთავარი,სიახლეები

დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის კარიერა „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ და ეჭვები კორუფციაზე

15.08.2024 •
დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის კარიერა „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ და ეჭვები კორუფციაზე

64 წლის პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე მეხუთედ ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს, 2024 წლის 15 აგვისტოს, „ოცნებამ“ ანზორ ბოლქვაძე მმართველი პარტიის დელეგატად დაასახელა ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.

ანზორ ბოლქვაძე მეხუთედ გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი მაღალმთიანი აჭარიდან, თუ მას გამსვლელ სიაში ჩასვამს მმართველი პარტია.

მისი, როგორც დეპუტატის კარიერა, 2008 წელს დაიწყო, როცა ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წარდგენით.

ოთხწლიანი პარლამენტარობის შემდეგ, 2012 წელს ანზორ ბოლქვაძე კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით გახდა ხულოს მაჟორიტარი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ იყო მმართველი პარტია და დეპუტატმა პოლიტიკური ორიენტაცია მალე შეიცვალა. 2013 წელს მან „ნაციონალები“ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა.

2016 წლის არჩევნებზე ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში მესამედ შევიდა „ოცნების“ წარდგინებით, 2020 წელს კი მეოთხედ გახდა მაჟორიტარი დეპუტატი, კვლავ „ოცნების“ მხარდაჭერით.

ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. მას შემდეგ, რაც ბოლქვაძემ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ხულოში ადგილობრივმა აქტივისტებმა მისი სახლის ჭიშკარზე პროტესტის ნიშნად გააკრეს წარწერები – „მოღალატე!“

ანზორ ბოლქვაძე არაერთხელ მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, როგორც სავარაუდოდ კორუფციასთან დაკავშირებული პირი. მაგალითად, 2021 წელს „გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა – „მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს“.

ამ კვლევაში ვკითხულობთ:

„ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან.

აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან“.

„გამჭვირვალობამ“ მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მიმართა, თუმცა ორგანიზაციის მიმართვას უწყება არ გამოხმაურებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: