მთავარი,სიახლეები

როცა 2 ბავშვი ხანძარში იღუპება, სახელმწიფო და საზოგადოება კი ჩუმადაა

14.08.2024 •
როცა 2 ბავშვი ხანძარში იღუპება, სახელმწიფო და საზოგადოება კი ჩუმადაა

13 აგვისტოს ღამეს, ზუგდიდში, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ორი ბავშვი, ტყუპი ძმები იმსხვერპლა, მარტოხელა დედა ამ დროს სამსახურში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ბავშვებს სანთლის შუქზე ეძინათ.

პოლიტიკური კომუნიკაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი [კოალიცია „ძლიერი საქართველო“] ირინე კურტანიძე ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიების დროს, გლოვის გარდა, აუცილებელია მოსახლეობამ კონკრეტული მოთხოვნები წაუყენოს სახელმწიფოს.


ირინე კურტანიძე

„ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია. არც ის იყო ერთი ადამიანის ტრაგედია, როდესაც ორი წლის წინ ზამთარში, დეზერტირების ბაზრის წინ ადამიანი გაიყინა და გარდაიცვალა. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ასეთ ტრაგედიებს, არ უნდა იქცეს ნორმად და არ უნდა დავივიწყოთ მანამ, სანამ კიდე უფრო დიდი უბედურება არ მოხდება“.

„2019 წელს ყაზახეთში ზუსტად ისეთივე ტრაგედია დატრიალდა, როგორც ზუგდიდში. მაშინ, როცა მშობლები ღამის ცვლაში იყვნენ სამუშაოდ წასულები, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. იცით რა მოხდა შემდეგ? დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, პროტესტი მთელ ქვეყანას მოედო. ქალები და დედები გამოდიოდნენ ყველგან და ითხოვდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას, მათ შორის ადეკვატურ საცხოვრებელს და მრავალშვილიანი დედებისთვის სოციალური შეღავათების გაზრდას. ეს ხდება ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლებამ ვერაფერი ქნა – მოთხოვნები დაკმაყოფილდა“, – დაწერა ირინე კურტანიძე სოციალურ ქსელში.

  • ირინე, თქვენი შეფასებით რამდენად ცხადად ხედავს საზოგადოება ასეთი ტრაგედიების წარმოქმნაში სახელმწიფოს ბრალს. ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ამ თემაზე დისკუსია და ბრაზის დაფიქსირება სოციალური ქსელიდან არ გასულა?

პოლიტიკურ კომუნიკაციაში არსებობს ასეთი ცნება – ფლექციურობა, როცა ადამიანები ემოციებს, ბრაზს გამოხატავენ ონლაინ და არა ფიზიკურ სივრცეებში. აი, მაგალითად, წერ პოსტს და გაქვს ქვეცნობიერი განცდა, რომ შენი სამოქალაქო მოვალეობა შეასრულე… ამიტომ არსებობს დებატები: სოცმედიამ გაზარდა თუ შეამცირა პროტესტის გამოხატვა და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება… ამ მხრივ საქართველო არ არის უნიკალური, მთელი მსოფლიო დგას ამ პრობლემის წინაშე.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, კავშირშია თუ არა ეს იმასთან, რომ ზოგადად გვიჭირს სახელმწიფოს ბრალეულობის დანახვა ასეთ ტრაგედიებში – ამას ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს. რთულია პირდაპირი კავშირი დაინახო, ერთი შეხედვით ინდივიდუალურ ტრაგედიასა და იმასთან, თუ რა ბრალეულობა შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს. პატარ-პატარა დეტალებია, მაგრამ მოქალაქეები ვერ ხედავენ კავშირს სახელმწიფოსთან – მაგალითად, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რამდენს იხდის ყოველთვიურად გადასახადებს, რითაც არსებობს ბიუჯეტი.

ასევე, ჩვენ, ერი, შევეჩვიეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ. რომ არც ერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს სწორად. არავინ არ ფიქრობს ადამიანის უსაფრთხოებაზე.

ტრაგედიებისგან დავიღალეთ და თითქოს მივიღეთ, მაგრამ ასევე ნორმალიზდა ისიც, რომ აღარ მოვითხოვოთ ამაზე პასუხი. არადა თუ დავფიქრდებით, ყველაფერი ჩვენს გარშემო რაც ხდება, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ნორმალური სახელმწიფო. 

  • რომ განგვიმარტოთ – როგორ იკვეთება ამ ტრაგედიაში სახელმწიფოს ბრალეულობა და რა უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნები?

სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვოთ ენერგეტიკული დახმარების პროგრამები – არ შეიძლება დენისა და გაზის გარეშე რჩებოდნენ ოჯახები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ან მოხუცები ცხოვრობენ;

ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის საყოველთაო დახმარება, უნდა გაიზარდოს ფინანსური დახმარება თითოეული ბავშვისთვის;

ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ინიციატივები – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოციალური საცხოვრებლის პროგრამები, რომლებიც გვთავაზობენ საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ქირაობას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მოხუცებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გარდა სოციალური საცხოვრებლისა, ზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს საბინაო შემწეობას ან ქირავნობის სუბსიდიებს, რათა დაეხმაროს დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარანტირებულ მინიმალურ შემოსავალი, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკმარისი რესურსი ცხოვრების ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მიუხედავად მათი დასაქმების სტატუსისა.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას განსაკუთრებული მიდგომები აქვთ მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით. ასეთი რაღაცების გამოც გვინდა ევროკავშირი.

ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილებაა დენის და გაზის, ასევე წყლის მიწოდების შეწყვეტა და მანამდე არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი: თუ გადაუხდელობა გარდაუვალია შემოსავლების სიმცირის გამო, არსებობს სოციალური სისტემა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს ოჯახის კომუნალურ გადასახადებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში ზამთარში მოქალაქეების დატოვება ელექტროენერგიის და გაზის გარეშე აკრძალულია.

უკითხავთ ჩემთვის, როგორ უნდა გაიმართოს ყველაფერი, როცა სახელმწიფოს არ აქვს რესურსები? მაგრამ რომ დავთვალოთ, მაგალითად ფლანგვის დეტექტორის საშუალებით, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, რამდენი ფინანსები იფლანგება ბიუჯეტიდან, რეალურად მივხვდებით, რომ ამისთვის ბიუჯეტი არსებობს:

არსებობს იმისთვისაც, რომ ბავშვები გამოვკვებოთ სკოლაში, იმისთვისაც, რომ საწვავი იყოს და სამაშველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, როცა დასჭირდება აფრინდეს – მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ინსტიტუტებმა იმუშაონ გამართულად, იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში.

თორემ ბიუჯეტი არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: