მთავარი,სიახლეები

ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო

13.08.2024 •
ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო

ბათუმში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა ჭირს. სამაგიეროდ იქვე ახლოს პარკინგს „ალიანს მენეჯმენტი“ შემოგთავაზებთ – ერთი საათის ფასი 3 ლარია. „თუ 1 საათზე მეტს, თუნდაც 10 წუთით მეტი ხნით დაყოვნდებით, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ და ასე შემდეგ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

 

„ალიანს მენეჯმენტმა“ პარკინგი სახელმწიფოს მიწაზე – 4224 კვ.მეტრზე მოაწყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი კომპანიას აღნაგობის წესით, 49 წლის ვადით, 2023 წელს გადასცეს.

ხელშეკრულების პირობები, მაგალითად, ის, თუ რა ფასად გადასცეს კომპანიას მიწის ნაკვეთი სარგებლობაში, ამ ეტაპზე „ბათუმელებისთვის“ უცნობია. თუმცა იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც მოვიპოვეთ, ერთ-ერთი პირობა აქ პარკინგის მოწყობა იყო. გარდა ამისა, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ღია ავტოსადგომზე პარკინგის  ადგილებს ფაქტობრივ მოსარგებლეს, იუსტიციის სახლს გადასცემდა.

„ალიანს მენეჯმენტს“ 2024 წლის ივნისამდე გადაცემულ ტერიტორიაზე არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი ორდონიანი, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, სრულად აღჭურვა, უსაფრთხოების ჯებირების, ავტოსადგომის ინფრასტრუქტურის, მათ შორის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში შლაგბაუმების, განათებისა და ვიდეოკონტროლის სისტემების მოწყობა ევალებოდა.

პროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული შშმ პირებზე.

პარკინგის ადგილი იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასის“ მრავალფუნქციურ კომპლექსს შორის არის მოქცეული. პროექტში წერია ისიც, რომ „მოეწყობა კიბე, რომელიც მიწისქვეშა ავტოსადგომს „ალიანს პალასის“ შენობის შესასვლელთან დააკავშირებს.

ფოტო გადაღებულია დღეს, 13 აგვისტოს – როგორც კადრში ჩანს, ღია პარკინგზე ადგილები თავისუფალია

პროექტი იუსტიციის სახლისთვის მისაღები აღმოჩნდა, ეს წერილობითაც არის დადასტურებული:

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლისთვის მისაღებია აღნიშნული პროექტი და თანახმა ვართ, მიმართოთ მისი განხორციელებისთვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ქმედებებს, მათ შორის, მოიპოვოთ შესაბამისი ნებართვები“, – წერდა სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძე შპს „ალიანს მენეჯმენტის“ დირექტორს.

საპარკინგე სივრცე უკვე ფუნქციურია.

შპს „ალიანს მენეჯმენტი“ 2020 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა, მისი მესაკუთრე და დირექტორი „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიების პარტნიორი აკაკი სონგულიაა. ის „ოცნების“ შემწირველია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: