მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

21.07.2024 •
როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე დაახლოებით 14 კვირით ადრე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში? – „ბათუმელები“ ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში ესაუბრა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში.

ოპოზიციონერებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები შუახევში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

ზვიად დიასამიძე შუახევის საკრებულოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კოორდინატორების, მხარდამჭერებისა და კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს და მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში შეხვედრებს პირველი აგვისტოდან გეგმავენ.

„ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები იკვეთება მოსახლეობაში. სოფელში ვინც დარჩა, სოციალური შემწეობის იმედადაა დარჩენილი და ფაქტობრივად, ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება – სკოლა და ბაგა-ბაღია, სადაც მუშაობენ.

ძალიან დიდი მიგრაციაა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. იცლება მაღალმთიანი სოფლები და რთულია ამ პროცესის შეჩერება… ხშირად, შეხვედრებზე ადამიანები ამბობენ, რომ ამხელა ზემო აჭარაში ისეთი წარმოება არ არის, 200 კაცი რომ მაინც იყოს დასაქმებული. ისეთი მიმართულებაა საჭირო, ადამიანები რომ გაჩერდნენ…

ასევე, მეწყრული პროცესებია პრობლემა, რაც ამ ბოლოს ძალიან გააქტიურდა და უამრავი დაზარალებული გამოჩნდა.

ფაქტობრივად, მაისიდან არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში ვართ. გვქონდა პატარა შეხვედრები, მომხრეებთან კომუნიკაცია. ჩვენი შტაბი მალე ოფიციალურად შეუდგება ფუნქციონირებას. პირველი აგვისტოდან კარდაკარ დავიწყებთ შეხვედრებს. ყველასთან უნდა მივიდეთ და დაველაპარაკოთ, რომ ეს არჩევნები არ არის, ეს რეფერენდუმია და მათ თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის.

ეს არ არის ჩემთვის, ჩვენთვის, პირველი არჩევნები. ყველა არჩევნებს ახლავს საზოგადოებაში შიშის განწყობა. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, ნაკლებად ან სხვანაირი კონტაქტი ჰქონდეს. მაგალითად, 2021-ში ოჯახი არ დარჩენილა, ჩვენ რომ არ მივსულიყავით და მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბევრმა პირდაპირ თუ ირიბად აღიარა – იყო ზეწოლები. წელსაც ველოდებით ამის მცდელობებს, რასაც ემატება ისიც, რომ სოციალური დასაქმების პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ კონტაქტიც კი [ოპოზიციასთან] საფრთხის შემცველია მათთვის და დაკარგავენ სამსახურს. აღარ ვსაუბრობ ღიად გამოსვლასა და აზრის დაფიქსირებაზე.

რთული საარჩევნო წელი გვექნება.

პირველი და მთავარი დღეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალია, იმიტომ, რომ ამ არჩევნებით არ წყდება მხოლოდ, ვთქვათ, რომელიმე პარტიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება. ეს რეფერენდუმია საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით საპენსიო საკითხში. ასევე, განახლებულია „ლელოს“ მარშლის გეგმა. ყველა ამ რესურსით მივალთ მოსახლეობასთან, ავუხსნით და შევეცდებით დავარწმუნოთ ისინი დაგვიჭირონ მხარი, რათა შევცვალოთ ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ“, – გვეუბნება ზვიად დიასამიძე.

მისი თქმით, „ლელომ“ შუახევში გააკეთა კვლევა ადგილობრივი საჭიროებების გამოსაკვეთად, სადაც გამოჩნდა, რომ ასევე საჭიროა „ადგილზე წარმოების განვითარების პროგრამის ხელშეწყობისა და ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები“.

„მუნიციპალიტეტში რთულია რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ იცით თქვენ, თვითმმართველობაში ოპოზიციური პარტია უმცირესობაშია და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ვცდილობთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები დავაყენოთ და მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლოთ“, – გვეუბნება ზვიად დიასამიძე.

ზვიად დიასამიძე

„თითქმის გაშლილია ჩვენი წინასაარჩევნო მარათონი. ზოგადად, წინასაარჩევნო აქტივობა რასაც ჰქვია, მოსახლეობასთან შეხვედრა და კომუნიკაცია, აბსოლუტურად ყოველთვის გვაქვს, თუმცა წინასაარჩევნოდ, უმეტესად, კარდაკარ-ის პრინციპით ვხვდებით მოსახლეობას”, – გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე შუახევში, ნუგზარ ამაღლობელი.

მისი თქმით, მოსახლეობა შეზღუდულია პოზიციის გამოხატვაში სხვადასხვა მიზეზის გამო:

„სოციალური დახმარება იქნება, სოციალურად დაუცველების დასაქმება თუ რაღაც სახის ჩართულობა… სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ასეთ მცირერიცხოვან სოფლებში გადასწვდეს ყველას – ემუქრებიან  სამსახურიდან გათავისუფლებით, სოციალურის შეწყვეტით და სხვა მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომელიც მოსახლეობაზე, რა თქმა უნდა, აისახება და ერთგვარ შიშის ფაქტორსაც ქმნის, რომ მოვიდეს, ხელი ჩამოგართვას, შენთან ერთად გამოჩნდეს და შენთან იყოს, რადგან, ფიქრობს, რომ ხვალ და ზეგ ეს მას პრობლემას შეუქმნის.

ყველა მოქალაქეს ვხვდებით და ვუხსნით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაა, ჩვენი განვითარების გზა ევროპისკენაა და ა.შ.

კონკრეტული მესიჯბოქსი, გაწერილი პროგრამა, ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ პროგრამაა ის, რასაც დღევანდელი რეალობა იძლევა სათქმელად. როცა სოფელში შედიხარ და ცარიელ სოფელს ხედავ, პირდაპირ აქედან უნდა დაიწყო ლაპარაკი – ისეთი პირობები უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომ სოფლიდან წასული ახალგაზრდები დაბრუნდნენ. ნორმალური ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების საშუალება უნდა მიეცეს მოსახლეობას და ამ ყველაფრის წინა პირობაა ქვეყნის განვითარება, ჩვენი ევროპული გზა, ევროპული მიმართულება და არა ასეთი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში.

სახელმწიფო მოხელეებისთვის მთავარია, როგორ მოიპარონ ფული ბიუჯეტიდან. ფაქტობრივად, მოსახლეობა მიტოვებული და უყურადღებო რჩება.

ჯერჯერობით ამ ფორმატში ვართ და როცა კიდევ უფრო მოახლოვდება არჩევნების პერიოდი, შეხვედრებს უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა, ჩვენ ჩვენი პროგრამა გვექნება, შავით თეთრზე დაწერილი, კონკრეტულად რა დაპირებები გვაქვს მოქალაქეებისთვის, რას გავაკეთებთ მთიანი აჭარისთვის… როგორ ვაპირებთ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებას… თანმიმდევრულად, ისე, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება გაიგოს, რისი გამკეთებელი ვართ, საითკენ მიგვყავს ეს ქვეყანა“ – ამბობს ნუგზარ ამაღლობელი.

ჩვენთან საუბრის დროს, იგი აღნიშნავს, რომ აგვისტოში აქტიურად გეგმავენ იალაღებზე ასვლას:

„ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სახალხო ზეიმში – „შუამთობა“ და ეს შანსიც გამოვიყენოთ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის“.

ნუგზარ ამაღლობელი

მერაბ დავითაძე შუახევის საკრებულოს წევრია პარტიიდან – „გახარია საქართველოსთვის“. იგი ამბობს, რომ ცდილობენ მოსახლეობას ესაუბრონ მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიებზე:

„ჩვენ ხალხს ვაცნობთ, რომ „ომის პარტია“ არ არსებობს; როგორ ცვლის ევროკავშირთან ჩვენს დამოკიდებულებას რუსული კანონი მაშინ, როცა ევროკავშირს მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს ჩვენთვის, დღემდე რა შედეგები მოუტანა მაღალმთიან რეგიონს ევროკავშირმა და რა შედეგები გვექნება მომავალში.

უკვე 2-3 თვეა, რაც შტაბია ჩამოყალიბებული. შტაბის თანამშრომლები თითქმის ყველა სოფელში გავდივართ. ეს გასვლები 15-20 დღის წინ დავიწყეთ. მაგალითად, ჭვანის ხეობას თითქმის მოვრჩით და ახლა სხვა ხეობებში ვიწყებთ მუშაობას“.

შუახეველი მოსახლეობის პრობლემების ჩამოთვლისას, პირველად მერაბ დავითაძეც მიგრაციასა და სოციალურ საკითხებს ასახელებს:

„სოფელში ახალგაზრდას ვერ იპოვი, ყველა გასულია. დღემდე მოუგვარებელია თამბაქოს საკითხი. მოჰყავთ თამბაქო, მაგრამ ვერ აბარებენ. არაოფიციალურად აბარებენ მაღაზიებში, ქუჩებში, მაგრამ ავტონომიის იქეთ ვერ გააქვთ, რაც დიდი პრობლემაა.

მიდიხარ სოფელში, გვხვდება მოსახლეობა და ყველაფერზე გელაპარაკება, მაგრამ როცა მიდის საუბარი, ვთქვათ, ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთო პრობლემაა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ზოგი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ზოგი სად მუშაობს, ზოგი სად. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და ასე შემდეგ”.

მერაბ დავითაძე

როგორც მერაბ დავითაძე გვეუბნება, აპირებენ გაფართოებული, ყოველდღიური შეხვედრების დაწყებას მოსახლეობასთან.

„ჩვენი ხსნა არის დღეს ევროკავშირი და უფრო მეტი ცნობადობა უნდა იყოს მოსახლეობაში ევროკავშირზე. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რუსეთი რად გვინდა? მე 62 წლის კაცი ვარ და რუსეთი ჩემზე კარგად არავინ იცი. რუსეთი არის ქაოსი და ბიუროკრატია. ხალხმა უნდა გაიგოს ეს.

აგვისტოდან უკვე მთებში გავალთ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ვისაც შრომა შეუძლია, გასულია სოფლიდან – დიდი ნაწილი თურქეთში ან ბათუმში მუშაობს. ძირითადად მოხუცებული ხალხია დარჩენილი“, – გვითხრა მერაბ დავითაძემ.

„ბათუმელები“ შუახევის საკრებულოს უპარტიო წევრს, თედო თავდგირიძესაც ესაუბრა წინასაარჩევნო სამზადისზე.

„პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოში, სადაც ცენტრალიზებულად ხდება მართვა და ძალაუფლება მთლიანად არის ცენტრის ხელში, ამ შემთხვევაში, მითუმეტეს ოპოზიციას, საერთოდ არ აქვს ბერკეტები. არაკომპაქტურადაა დასახლებული შუახევი და შესაძლოა ყველა სოფელში შესვლაც ვერ მოახერხოს ოპოზიციამ. მე, მაგალითად, მქონია ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები, რომ ყველა სოფელში შევსულიყავი.

მუნიციპალიტეტების საკრებულოები და შუახევი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ის პრაქტიკულად წარმოადგენს ბუტაფორიას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხარ სახელისუფლებო გუნდში. არის რაღაცები, რისი ადგილზეც გადაწყვეტა ხდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დიდწილად, საკრებულო არის უფუნქციო. წარმომადგენლობითი დანიშნულება, რაც მას უნდა ჰქონდეს, არ აქვს. საკრებულოს წევრები, განსაკუთრებით სახელისუფლებო წევრები, პრაქტიკულად საჯარო მოხელეები არიან და არა პოლიტიკურ არჩევნებში ჩართული პირები.

როდესაც საკრებულოში შევედი, პირველ ეტაპზე ძალიან აქტიური ვიყავი და მინდოდა რაღაცები გამეკეთებინა, აქტიურ რეჟიმში ვყოფილიყავით ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლებამ ჩანასახშივე მოკლა ეს იდეა.

ჩვენს იდეებს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს მხარდაჭერა. ასეთი მიდგომა აქვს ხელისუფლებას, რომ თუ რაიმეს პოზიცია აკეთებს და „იწერს ქულებს“, დაუშვებელია. ოპოზიცია ერთი სამთან თანაფარდობაშია წარმოდგენილი შუახევში. მინდოდა, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია ჩაჰბარებოდა ოპოზიციას შუახევში, რათა, პირობითად, გამოჩენილიყო კონტრასტი, თუ ვინ უკეთ მუშაობს. ყველა კომისიას აკონტროლებს, ყველა თანამდებობას ფლობს სახელისუფლებო გუნდი და ხომ შეიძლება ერთი კაცი იყოს ოპოზიციიდან?!

მედიაც უნდა დაინტერესდეს თუ რას აკეთებს ოპოზიცია [მუნიციპალიტეტებში]. მართალია, მიზერული ანაზღაურება გვაქვს, წარმომადგენლობით ხარჯს ვიღებ მეც – 500 ლარი იყო და ახლა 700 ლარია, მაგრამ ხომ ბიუჯეტიდან ვიღებ? მე ეს ფული არ წამდგომია და შეხვედრა იქნებოდა ეს, შუახევში მისვლა თუ ა.შ. ამაში მეხარჯება. არც მყოფნის“ – ამბობს თედო თავდგირიძე.

თედო თავდგირიძე

იგი, შუახევის საკრებულოს ოპოზიციის მსგავსად, იმავე პრობლემებზე საუბრობს:

„პრობლემებზე ღიად საუბარი პირველი ეტაპია ამ პრობლემების მოგვარების. მე ვცდილობ მოქალაქეებთან საუბრისას არ შევქმნა გადაჭარბებული მოლოდინები.

[შუახევში] ადამიანები პრაქტიკულად ვერ ქმნიან დოვლათს. არ აქვთ შემოსავალი. ამის აღმოფხვრა საკრებულოს ერთი წევრისთვის შეუძლებელია. მთლიანად პოლიტიკა უნდა იყოს ამის გადაჭრისკენ მიმართული. ან ტურიზმის მიმართულებით უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ძვრები.

ისეთი მუნიციპალიტეტების დაშიფვრა, სადაც მცირეა მოსახლეობა, პრობლემას არ წარმოდგენას. ვინ დასაქმებულია, ვის სოციალური დახმარება აქვს… საარჩევნო პროექტი იყო ისიც, რომ მოსახლეობა დაასაქმეს არარსებულ რაღაცებზე. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ექნებათ წნეხი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან. მათთან კომუნიკაციაა მნიშვნელოვანი და არა გვერდიდან იმის თქმა, რომ – „300 ლარმა როგორ უნდა მოახდინოს ამომრჩეველზე გავლენა“. მოახდენს, თუ თვის განმავლობაში ცხოვრობს ადამიანი 300 ლარით, რაც ვიღაცისთვის რესტორანში ერთი ქეიფის ფული შეიძლება იყოს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: