მთავარი,სიახლეები

„ოცნების კოორდინატორიც კი იძახის, არ ვუჭერ ამათ მხარსო“ – როგორ ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში

07.08.2024 •
„ოცნების კოორდინატორიც კი იძახის, არ ვუჭერ ამათ მხარსო“ – როგორ ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში

როგორი ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში არჩევნებისთვის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას.

„თუ თქვენ გადახედავთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, ნახავთ, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან არც კი გაგვიწყვეტია. „კარდაკარ“-ის პრინციპით დავდივართ ყველა ოჯახში, ყოველდღიურად ვმოძრაობთ“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ.

„წინა დღეს კაპრეშუმში ვიყავით. წყლის, გზის პრობლემა აღმოჩნდა. სადაც პრობლემებია, ჯერ, სანამ არის რუსული ოცნება ხელისუფლებაში, „ლაივებით“ ვახსენებთ მათ ამ პრობლემების შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან ახლოს ვიყოთ და მათ პრობლემებს ვიცნობდეთ. 16 წლიდან ვარ ხელვაჩაურის რეგიონულ ორგანიზაციაში (ახალგაზრდული ორგანიზაციიდან მოყოლებული) და ზეპირად ვიცი ყველა სოფელში და ყველა ოჯახში ვის რა უჭირს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნიდან არ უნდა გარბოდნენ მოქალაქეები. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ევროკავშირის დოვლათი აქ უნდა შემოვიტანოთ და შეიქმნას სამუშაო ადგილები. პირველ რიგში დასაქმების პრობლემაა.

21 საუკუნეში წყლისა და გაზიფიცირების პრობლემაცაა რამდენიმე სოფელში, ჯერ კიდევ. ასევე, გზების, გარეგანათების… ეს ყველაფერი გამოიწვია კორუფციამ, რაც არსებობს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით – აჭარის რეგიონში. კიდევ უფრო განსაკუთრებით კი – ხელვაჩაურში“, – გვეუბნება მიშა ბოლქვაძე.

ჩვენ მას იმ სამი ძირითადი პრობლემის დასახელება ვთხოვეთ, რომელიც, მისი აზრით, ხელვაჩაურის მოსახლეობას აწუხებს.

წყლის მომარაგების პრობლემა – სასმელი წყალიც კი არ აქვს მოსახლეობას, მითუმეტეს, რომ ზაფხულია. ისე ხდება პროექტების მომზადება, რომ არ საზღვრავენ – წყლის დებეტი იქნება, არ იქნება… ისე კეთდება წყლის ჭავლები და ჭაბურღილები, რომ წყალი არც კი ამოდის, ესაა პრობლემა. პროექტების მომზადების დროსაც ძალიან ბევრი ხარვეზია და ეს იწვევს იმას, რომ საბოლოოდ მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. მხოლოდ კაპრეშუმში და ორთაბათუმში არ არის ეს პრობლემა, ახალშენშიც იგივე პრობლემაა, თხილნარში, ახალსოფელში… ხელვაჩაურის სოფლების 60 პროცენტში არის სასმელი წყლის პრობლემა.

მოუწესრიგებელი შიდა სასოფლო გზები – ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი ვერ მიდის, სამწუხაროდ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე წელი გაუქმებული ჰქონდათ. აი, ამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ყოველწლიურად რომ ბეტონის საფარი შეეძინათ და დაეგოთ, დღეს არ იქნებოდა შიდა გზების პრობლემა. ბოლო წლებში გააგრძელეს ეს პროგრამა, მაგრამ არ არის საკმარისი თანხა, რომ ყველა სოფელში და ყველა ოჯახთან მივიდეს გზა.

მუნიციპალური ტრანსპორტი და სამარშრუტო ხაზები რაც იყო, თითქმის ყველა გაუქმებულია. სამება, ხეყრუ, ზედა ახალშენი, ორთაბათუმის სოფლები… ყველა სოფელი მიკროავტობუსის გარეშეა დარჩენილი, რაც არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.

მაგალითად, ისეთი პროგრამა გვქონდა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების გადაყვანას ემსახურებოდა ტრანსპორტი, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და უნაზღაურებდნენ ამ სატრანსპორტო კომპანიას. წინა წლებში ადგნენ და გააუქმეს. მერის პასუხი კი იცით რა იყო? – ყველა ოჯახში არის მანქანაო და ყველა ოჯახში თუ არაა, მეზობელი ჩამოუვლის და წაიყვანს მეზობელი ბავშვსო. აი, ეს იყო პასუხი, რაც, მგონი, დაცინვაცაა მოსახლეობის. მეზობელს რატომ და როგორ უნდა ელოდოს დილით ბავშვი ან 5-10 კილომეტრი როგორ უნდა ატარონ ხელით? ყველას არ აქვს ტაქსის დაქირავების საშუალება.

ერთი კვირის წინ ვიყავი განთიადში, „კარდაკარ“-ზე და იქაც იგივე პრობლემა იყო ზუსტად. მუნიციპალური ტრანსპორტი აუცილებელია და არის ბიუჯეტში ამის საშუალება. ათეულობით ერთეულ მანქანებს იძენენ ყოველწლიურად, ამის ნაცვლად შეიძინონ მუნიციპალური ტრანსპორტი და როგორც ქალაქშია სამარშრუტო ხაზები, შესაძლებელია, ისე მოეწყოს ხელვაჩაურის სოფლებშიც“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

როგორც მიშა ბოლქვაძემ გვითხრა, თავად იქნება ხელვაჩაურის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის შტაბის უფროსი და შტაბს უკვე დაწყებული აქვს აქტიური წინასაარჩევნო მუშაობა.

„მოსახლეობა ჩვენთან შეხვედრებისგან არ იკავებს თავს, ერთადერთი, ვინც სოციალურად ჰყავთ დასაქმებული, მიბმული ბიუჯეტზე და ეუბნებიან – „შენ ჩემი უნდა იყო და თუ დაგინახავ სადმე ოპოზიციის შეხვედრაზე, ლაივში ან ა.შ., გაგიუქმებთ დახმარებასო, ისინი ფოტოს გადაღებას ერიდებიან. გვეუბნებიან, ვიცით, ვის უნდა მივცეთ ხმა, არ ვაძლევთ მთავრობას ხმას, უბრალოდ ფოტო არ გადამიღოთ, არ მინდა, რომ გამოვჩნდეო.

შიშის ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ოღონდ იცის იმ ხალხმა, არჩევნებზე მათმა პოზიციამ ხელისუფლება რომ უნდა შეცვალოს. არა მგონია შიგნითაც ადამიანებმა შიშის ფაქტორის გამო გააფერადონ 41 ნომერი. არჩევნებს ელოდება ყველა, როგორც მე ვხვდები.

2020 წელს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის. 2021 წელს კი მერობის კანდიდატი ვიყავი და მსგავსი ერთსულოვნება, ახლა რასაც ვხედავ საზოგადოებაში და სოფლებში, არ მინახავს. „ოცნების“ კოორდინატორიც კი იძახის, რომ ავიღო უნდა ხელფასი, თუმცა არ ვუჭერ ამათ მხარსო“,- ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მისი თქმით, მალე ექნებათ საარჩევნო პროგრამა, რომელიც უშუალოდ აჭარის მოსახლეობაზე იქნება მორგებული: „ჯერ დამუშავების პროცესში ვართ. 15 აგვისტოს შემდეგ უკვე ღიად ვისაუბრებთ, ფლაერიც დამზადდება ამ დროში და აგვისტოს ბოლოდან უკვე მოსახლეობაში გასატანი და მედიებისთვის გასაცნობი საარჩევნო პროგრამაც მზად გვექნება“.

მიშა ბოლქვაძე

მიშა ბოლქვაძის თქმით, მუშაობენ კოორდინატორების აყვანაზე, რომელთანაც გამართავენ შეხვედრებს:

„გვინდა მათ ავუხსნათ, რომ ყველა მოქალაქეს, მეზობელს, ნათესავს, მეგობარს ესაუბრონ და აუხსნან, რომ გამოცხადდნენ არჩევნებზე, ეს არის მთავარი. მთავარია მოსახლეობა მივიდეს არჩევნებზე და დარწმუნებული ვართ, რომ იქ მისული ადამიანი 41 ნომერს აღარ დაუჭერს მხარს. ვეღარ დააშინებენ ამ ხალხს, გამორიცხულია.

ყველა მესამე ოჯახიდან ადამიანი წასულია სამუშაოდ ევროპაში – პოლონეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში… ევროკავშირის ქვეყნებში. თუნდაც აგერ თურქეთია ხომ ჩვენი მეზობელი, ნატოს წევრი ქვეყანა და აი, მედიკამენტიც რომ არის ელემენტარული, ეს ხალხი იქ გარბის. ან ჯანდაცვაში თუ რამე სჭირდება ადამიანს, გაჰყავთ ევროპაში სამკურნალოდ, საოპერაციოდ. ამ ხალხმა დაინახა, რას ნიშნავს ევროკავშირი.

ხალხმა დაინახა, რომ რუსეთს უნდა მხოლოდ ჩვენი დამონება, ტერიტორიების დაპყრობა, ევროკავშირი კი ფინანსურადაც, ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენს მოქალაქეებში განათლება ამაღლდეს, კარგი თავდაცვა, ჯანდაცვა გვქონდეს და ა.შ. კარგად ჩანს ეს ჩვენს სოფლებში, მოქალაქეების განწყობაში. ჩვენ დამატებით იმას ვუხსნით, რომ ხელისუფლება რომ აშინებს მათ, თითქოს ევროკავშირთან დაახლოება რუსეთთან ომს გამოიწვევს, სინამდვილეში ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული.

ვეუბნები – ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში რომელიმე კვადრატული მეტრი გადმოუწევიათ, გადაუწევიათ, რომელიმე მოქალაქე მოუტაცებიათ, ტანკი შეუგორებიათ ევროკავშირის ქვეყნებში? არა, რა თქმა უნდა. როცა გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენც დაცული ვიქნებით და სწორედ ეს არ უნდა რუსეთს, რომ დაცულები ვიყოთ-მეთქი.

კარგად ჭრის „იმედის“ დეზინფორმაცია, აშანტაჟებენ ხალხს. ასაკით შუახნის ზემოთ ვინც არის, მათ აქვთ ომის შიში ძირითადად, ახალგაზრდებში ეს ხედვა საერთოდ არ არის. შუახნის ხალხმა რუსული აგრესიაც რომ იცი და გამოვლილი აქვთ, უფრო აშინებთ ეს და ასევე, უფრო ზედა სოფლებშია ეს განწყობები, ქალაქთან მიბმული სოფლებში – ნაკლებად“, – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ ინტერვიუს დასასრულს.

სამი დღის წინ გაიხსნა პარტია „ლელოს“ ოფისი ხელვაჩაურში. როგორც ხელვაჩაურში „ლელოს“ შტაბის წევრი, ნოდარ თურმანიძე გვეუბნება, ოფისი ჯერ აქტიურ წინასაარჩევნო მუშაობის პროცესზე გადასვლისთვის მზად არ არის. „ჯერ გვინდა სრულად მოვამზადოთ ოფისი, რათა მერე შეუფერხებლად დავიწყოთ ჩვენი საქმე“ – გვეუბნება ნოდარ თურმანიძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით ისიც არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნება „ლელოს“ ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი.

„მოსახლეობასთან შეხვედრა ჯერ არ დაგვიწყია. ვინც ჩვენი ხალხია, ჯერ მათთან გვაქვს კონტაქტი. ვმუშაობთ, ვფიქრობთ, ერთი-ორი კვირა დაგვჭირდება შტაბის საბოლოო ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და ვიმუშავებთ მისი მიხედვით. დანარჩენი, პრობლემებზე ხალხს რომ ვკითხავთ, შემდეგ გვეცოდინება და ჩვენც მერე გიპასუხებთ თუ ხალხს რა პრობლემები აქვს. ჩვენ ჩვენს პროგრამას გავაცნობთ მოსახლეობას, როცა მათთან შესახვედრად გავალთ.

მოსახლეობასთან შესახვედრად ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ. „კარდაკარ“-ის პრინციპიც გვექნება და კოორდინატორებიც გვეყოლება“, – გვეუბნება ნოდარ თურმანიძე და დასძენს, რომ მოსახლეობისგან მოსმენილ პრობლემების ნუსხას აუცილებლად გააცნობენ „ლელოს“ ცენტრალურ ოფისსაც.

„ზოგიერთ თემში გვაკლია კოორდინატორები და სწორედ ამას ვაკომპლექტებთ ახლა. აგვისტოს ბოლოსთვის ეს საკითხი სრულად უნდა გვქონდეს გადაჭრილი“ – გვითხრა მან.

ნოდარ თურმანიძე

„მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დავიწყეთ და მათ „კარდაკარ“-ის პრინციპით ვხვდებით. ვეცნობით მათ პრობლემებს და ჩვენს პოლიტიკურ გეგმას ვაცნობთ მოსახლეობას. ჯერ სრულად არ დაგვიფარავს ხელვაჩაურის სოფლები, მხოლოდ ზოგიერთ მათგანში ვიყავით“, – ამბობს ნესტან დიდმანიძე, პარტიიდან – „გახარია საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, სამუშაო ბევრი აქვთ, რადგან მასშტაბური შეხვედრების დაწყებას მოსახლეობასთან ამის შემდეგ გეგმავენ.

„ბევრთან ვართ მისასვლელი. მაგალითად, მე სოფელ მარადიდში ვცხოვრობ და აქ უკვე ვიყავი რამდენიმე ოჯახთან.

ხელვაჩაურში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ სოფლებში ცხოვრობენ ისინი. მაგალითად, ჩემი თემის მოსახლეობას სულ სხვა პრობლემები აქვს და სხვა სოფლებში ცოტა განსხვავებული პრობლემებია – დავუშვათ წყლის მომარაგების, მოსაცდელები არ არის, განათება არ არის და ა.შ“, – გვითხრა ნესტან დიდმანიძემ.

მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ერთი რეგიონული შტაბი აქვს აჭარაში, რომელიც უკვე გაიხსნა და დაიწყო მუშაობა.

„გვაქვს შიდაპარტიული კონსულტაციები დავალებებთან და ჩვენს განაწესებთან დაკავშირებით“, – გვეუბნება ინტერვიუს ბოლოს ნესტან დიდმანიძე მათი წინასაარჩევნო სამზადისის შესახებ ხელვაჩაურში.

ნესტან დიდმანიძე

ამავე თემაზე:

როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: