მთავარი,სიახლეები

როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ

23.07.2024 •
როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ

როგორი ემზადება ოპოზიცია ხულოში არჩევნებისთვის და რას მოიცავს მათი აქტივობა? – „ბათუმელები” ხულოს მუნიციპალიტეტში იმ ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში.

„ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები ხულოში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების წინ.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება გვაქვს და ჩვენთვის კარგად ნაცნობია, თუ რა განწყობები და საარჩევნო მოლოდინები აქვს მოსახლეობასო – გვეუბნება ბესო შაინიძე, პარტია „ლელოს“ ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ხულოს საკრებულოს წევრი „ლელოდან“. მისი თქმით, მომდევნო დღეებიდან მიეცემა ოფიციალური სახე მათ შეხვედრებს მოსახლეობასთან.

„შტაბი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ოფისის გახსნის პროცესში ვართ, თუმცა არსებული გუნდი, რომელიც ხულოში „ლელოს“ ჰყავს, ყოველდღიურ რეჟიმში, შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ გავიდეს მოსახლეობასთან, მოისმინოს მათი პრობლემები, ეს ყველაფერი სხვადასხვა საშუალებით გააჟღეროს და მათ მოგვარებას ეცადოს.

ვფიქრობ, „ლელოს“ ოფისს ხულოში თვის ბოლომდე აუცილებლად გავხსნით“, – ამბობს ბესო შაინიძე ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, მოსახლეობას კარდაკარ-ის ფორმატით შეხვდებიან:

„ვცდილობთ ხალხს დავანახოთ, რას და რას შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

ხულოს მუნიციპალიტეტი პერიფერიაა და აქ გლობალურ პოლიტიკაზე ვერ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ აქ პროპაგანდა მუშაობს. ამიტომ, ადამიანებს ვესაუბრებით იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ. ეს არის უგზოობა, უშუქობა, უწყლობა და გადაჭრის გზებს მათთან ერთად ვგეგმავთ.

ამ ბოლოს, ცოტა უცნაურია, მაგრამ ჭექა-ქუხილმა იმატა და ამის შედეგად მოსახლეობას, გარკვეული სოფლების დიდ ნაწილს, დაუზიანდა ტექნიკა, რომლის ანაზღაურება არ მოხდა არავის მხრიდან. რამდენიმე დღეა ამ პრობლემამ იჩინა თავი.

არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა მოსახლეობას სახლთან მისასვლელი გზაც არ აქვს და ამის მოწესრიგებას ითხოვს.

ხალხს, რა თქმა უნდა, ის ამბავიც აწუხებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და ქვეყნის კურსი ჩრდილოეთისკენ შეცვალა, მაგრამ მათი ისეთი ყოველდღიური პრობლემებიც რჩება, როგორიცაა: არაჯეროვნად შესრულებული ტენდერები, კორუფცია და ა.შ.

იმაზე ვფოკუსირდებით, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის არაფერ სახეიროს არ აკეთებს და მხოლოდ კორუფციული საქმეებია, რითაც მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში მყოფი პირები ხეირობენ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

კონკრეტულად „ლელო“ რასაც სთავაზობს მოსახლეობას და რასაც მე ვუხსნი ადამიანებს, ის არის, რომ მთაში უნდა იყოს სოფლის მეურნეობა წინ წამოწეული, პენსიონერებს უნდა გაეზარდოთ პენსია 1 000 ლარამდე. ასევე, სტუდენტები, რომლებიც განათლებას მიიღებენ, უნდა დავაბრუნოთ რეგიონებში და ასე შემდეგ. ის ყოველდღიურობა, რაც მათ აწუხებთ უნდა შეიცვალოს რაღაც იმედით, რასაც ახალი, კოალიციური მთავრობა შექმნის. მოსახლეობას კოალიციური მთავრობის მნიშვნელობასა და ევროპულ მომავალზე ვესაუბრები“ – გვითხრა ბესო შაინიძემ.

მისი თქმით, „ლელო“ ცდილობს ადამიანებს რეალურად დაანახონ ცვლილებების აუცილებლობა, „იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ ხვალ, თუ ეს მთავრობა არჩევნების გზით არ შეიცვლება“.

ბესო შაინიძე

ირაკლი ჯორბენაძის, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ამავე პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტი 13 თემადაა დაყოფილი და ყველგან ინდივიდუალური შეხვედრები აქვთ.

„ხულოში სულ 54 საუბნო საარჩევნო კომისიისაა, სადაც გვეყოლება ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, უბნის ხელმძღვანელები და კოორდინატორები.

აპრილში დაწყებულ მოვლენებამდე ჩვენ გვქონდა ჩვენი პროგრამა ყოფილ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად. ეს იყო სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. ისეთი მიმართულებით ისმებოდა საკითხები მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, როგორიცაა, მაგალითად: პენსიების გაზრდა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით შეწუხებული მოსახლეობის პრობლემების მოსმენა…

დავდიოდით და ჯანდაცვის, კულტურის, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებს ვეძებდით, მოსახლეობის ხედვებს ვისმენდით, მაგრამ აპრილის ბოლოს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსული კანონის შემოტანის შემდეგ აბსოლუტურად ყირაზე დააყენა, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური მდგომარეობა საქართველოში, ამიტომ გადავერთეთ.

ახლა ამ მიმართულებით ვურიგებთ მოსახლეობას ჟურნალ-გაზეთებს და ვაცნობთ ევროპის გაწეულ დახმარებას არასამთავრობოებზე, რომლებიც შემდეგ მოსახლეობაზე აისახებოდა. აქ საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები – თუ რა პაკეტები მოდიოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ამას ვაცნობდით მოსახლეობას ცნობიერების ამაღლებისთვის, რათა ის დეზინფორმაციული ტალღა, რომელიც მოდის „ქართული ოცნებიდან“, რომ თითქოს ევროპა ჩვენი მტერია და ამერიკა გლობალური ომის პარტია, რომ იცოდეს მოსახლეობამ, თუ რა მზაკვრულ გეგმას უმზადებს საქართველოს მოსახლეობას „ოცნება“ – გვეუბნება ირაკლი ჯორბენაძე.

მისი თქმით, ხულოში მათი ოფისი ყოველთვის ღიაა მოქალაქეებისთვის.

იგი აქვე დასძენს, რომ ენმ-ის ოფისი „განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ ჰყავს მმართველ გუნდს: „აკვირდებიან, ვინ გაბედავს, რომ მოვიდეს ოფისში და ჩვენს გვერდით იყოს, მხარდაჭერა გამოგვიცხადოს, ან მისი პრობლემის შესახებ მოგვიყვეს, მაშინ, როცა უმეტეს შემთხვევაში, ეს პრობლემები მერიაშიც მიტანილია და უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის გამო ვერ იქნა განხილული და მოსახლეობა ბოლო გზას ეძებს ჩვენთან.

მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ოფისში მოსახლეობის მოსვლა ძალიან ხშირია, მაგრამ დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც მაინც არ მოვიდეს თავისი პრობლემის გასაზიარებლად. დღესაც გვყავდა მოქალაქე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხი აწუხებდა“.

ირაკლი ჯორბენაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმება წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების „მზაკვრული გეგმაა“.

„ფაქტობრივად, ეს არის თანხა – ნაყიდი ხმა. ასე შემიძლია ვუწოდო ამ თანხას, რომელსაც დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში თითქმის 800-მდე მოქალაქე იღებს. ეს თავისებური მარწუხია, რომ საარჩევნოდ ხალხი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მობილიზდეს. მინდა გითხრათ და მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ვერაფერი ვეღარ უშველის, ვერც ეს 300-ლარიანი დახმარება და ვერც მოსახლეობის შიში, იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრის, დასავლეთის ჩამოშორებისკენ წავიდნენ“.

ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ აქტიური მოლაპარაკებები აქვთ ახალგაზრდებთან, რათა ისინიც ჩართონ დამკვირვებლებად ხულოს საარჩევნო უბნებზე:

„ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივს აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში. მათი დახმარება მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, ეს ბრძოლა სწორედ მათი ბრძოლაა პირველ რიგში, ამიტომ, ისინი უნდა იყვნენ ბრძოლის სათავეში“.

ირაკლი ჯორბენაძის თქმით, ხულოს სოფლებში ძირითადად საპენსიო ასაკის ხალხი და/ან სოციალურად დაუცველი ოჯახები არიან დარჩენილი.

„4 აგვისტოს ჩვენი აქტივი აუცილებლად იქნება შუამთობის ღონისძიებაზე. შევეცდებით, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ იქ მყოფ მოსახლეობას. წინა შემთხვევებს თუ გადავხედავთ, ალბათ, აუცილებლად იქნება ხელისშემშლელი პირობები. ვგულისხმობ, პროვოკაციებს. ვთქვათ, საინფორმაციო გაჟღერების უფლების შეზღუდვა.

შუამთობის ღონისძიება არ არის ხელისუფლების ღონისძიება, ესაა სახალხო და ამიტომ, ჩვენც, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, უფლება გვაქვს ვისარგებლოთ მიკროფონით და მივმართოთ მოსახლეობას“.

ირაკლი ჯორბენაძე

„ბათუმელები“ კიდევ ერთი პოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ირაკლი ბოლქვაძეს ესაუბრა.

ირაკლი ბოლქვაძე ხულოში პარტიის თავმჯდომარე, ხულოს საკრებულოს წევრი და დაბის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი თქმით, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს და აქტიურად აცნობენ პროგრამას.

„მოსახლეობას ვაცნობთ კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს, უმუშევრობის დაზღვევას და ა. შ. ვუხსნით მათ, რომ ქვეყანა მიდის უკან. რეალურად ჩანს და მოსახლეობაც ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კამათმა ჩვენი ქვეყანა უკან წაიყვანა. ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში, ჩვენს რაიონში განსაკუთრებით.

მართალია, ხულოს კლინიკა კერძოა, მაგრამ რამდენიმე ექიმმა განცხადებაც კი დაწერა. უკვე მოხდა ექიმების რაიონებიდან გადინება ხელფასების სიმცირის გამო. ისინი იძულებული არიან გაიხიზნონ ქალაქისკენ. პანტნარში და კიდევ რამდენიმე სოფელში დაიხურა სკოლები.

განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდები თავისი ცოდნის რეალიზაციას რაიონებში ვერ ახდენენ. ცნობილია და არსად დასამალი არ არის, რომ ანზორ ბოლქვაძე კომუნისტური პარტიიდან მოდის და მისი სახით რაიონს შავი ლაქაა გადაფარებული, რომელიც ახალგაზრდებს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

ახალგაზრდები უნდა დავაბრუნოთ და მივცეთ საშუალება, რომ მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ერთი აგური დადონ. ახალი ენერგია, თანამედროვე ხედვები სჭირდება ჩვენს რაიონს – მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ახალგაზრდა და მეტი ქალი გვჭირდება პოლიტიკაში“, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე და დასძენს, რომ მისი აზრით, დიდი პრობლემაა რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრების არ არსებობა, სადაც ისინი ისწავლიდნენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, უცხო ენას, პროექტების წერას და ა.შ.

„ჩვენი ოფისი 2021 წლის შემდეგ არ დახურულა და ჩვეულებრივად ვმუშაობთ. მოსახლეობას შევხდით დეკანაშვილების, ღორჯომის, დიდაჭარის, სხალთის ხეობაში და ა.შ.

რამდენიმე ლოკაცია დაგვრჩა: რიყეთი, დანისპარაული და თხილვანა-ხიხაძირის მხარე. სოფლებში რომ შევდივართ, მოსახლეობის 90-95 პროცენტი გვხვდება უხუცესები.

რა თქმა უნდა, იკვეთება ზეწოლის და დაშინების ფაქტები. მოქალაქეები დასაქმებული ჰყავთ სოციალური პროგრამით, 300-ლარიან ხელფასზე. ემუქრებიან სოციალური დახმარების შეწყვეტით. ადამიანი რომელიც 80-85 წლის მოხუცს დაემუქრება პენსიის მოხსნით, უკვე ამაზრზენი და სამარცხვინოა. ყველას ემუქრებიან: სოციალურად დაუცველებს, სოციალურად დასაქმებულებს. ეს დასაქმება საარჩევნოდ გამოიგონეს და ემუქრებიან, თითქოსდა მოუხსნიან, ასე გააკეთებენ, ისე გააკეთებენ…

2012 წელი მე კარგად მახსოვს. 2012 წელს როგორც იქცეოდა წინა ხელისუფლება, იმაზე უარესად იქცევა ეს. სადაც შევდივარ, ეს პრობლემა აქვთ. არიან უხუცესები, რომელთაც არ უნდათ რუსეთი და ეს კანონი მიუღებელია მათთვის.

ხულოში მოსახლეობის 90 პროცენტი მუსლიმია. მე შევხვდი მეჩეთის წინამძღვრებს, რომელთათვისაც მიუღებელია ეს კანონი, რადგან იციან, რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოსთვის კეთილმოსურნე და არ უნდათ წარსულში დაბრუნება.

აშინებენ, მაგრამ მოსახლეობამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს არჩევნების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახლა ბევრი ვერ აფიქსირებდეს თავის აზრს საჯაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო“ – გვითხრა ირაკლი ბოლქვაძემ.

ამავე თემაზე: 

როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: