მთავარი,სიახლეები

„გაყიდულ ბინებს ხელახლა ჰყიდდნენ“ – სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს ბრალდება წარუდგინეს

15.08.2024
„გაყიდულ ბინებს ხელახლა ჰყიდდნენ“ – სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ.

ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №63-ში და გმირ კურსანტთა ქუჩა №5ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინებს მათზე ყიდდნენ, რეალურად კი, ბრალდებულებს აღნიშნული ბინები სხვა პირებზე უკვე გაყიდული ჰქონდათ.

გარდა ამისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საცხოვრებელი კორპუსის მე-10 და მე-11 სართულებზე არსებულ ბინებს ყიდდნენ, მაშინ როცა მხოლოდ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ მოპოვებული. ამ გზით ბრალდებულები 8 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 466 491 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი 14 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 8 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: