2024 წელს პირველ ივლისამდე საქართველოს წყლებში (ზღვა, მდინარე, ტბა) 26 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 4 დაღუპული არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მაშველებმა წყალში 40 ადამიანი გადაარჩინეს.
გუშინ, 13 აგვისტოს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
დახრჩობა პრევენციული ტრაგედიაა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 236 000 ადამიანი იღუპება წყალში – მათი უმეტესობა [82 000] მცირეწლოვანი 1-დან 14 წლამდე ბავშვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს წყლებში სულ 61 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 არასრულწლოვანი; გადარჩენილია 177 ადამიანი.
2022 წელს ზღვაში, მდინარებსა თუ ტბებში საქართველოში 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 არასრულწლოვანია; ამავე პერიოდში მაშველებმა გადაარჩინეს 139 ადამიანი.
ჯანმო წერს, რომ ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი ასაკი – ეს კორელაცია ხშირად ასოცირდება ზრდასრულთა კონტროლის ნაკლებობასთან. „გლობალურად, დახრჩობის ყველაზე მაღალი წილი 1-4 წლის ბავშვებში ხდება, შემდეგ მოდის 5-9 წლის ბავშვები“, – წერს ჯანმო.
ჯანმო ბავშვებთან მიმართებაში, დახრჩობის შემთხვევების პრევენციისთვის აუცილებელ ინტერვენციად მიიჩნევს სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ცურვისა და წყლის უსაფრთხოების ძირითადი უნარების სწავლებას. ინვესტიციებმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დღის მოვლის პროგრამებსა და ბავშვებს ცურვის საბაზისო უნარების სწავლებაში, შეიძლება დახრჩობისგან გადაარჩინოს 774 000 ბავშვი 2050 წლამდე“, – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.
ჯანმო: ეფექტური პოლიტიკა და კანონმდებლობა ასევე მნიშვნელოვანია წყალში დახრჩობის შემთხვევების პრევენციისთვის. ნავითა და ბორნით გადაადგილებისთვის უსაფრთხოების წესების დაწესება და უზრუნველყოფა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია; მნიშვნელოვანია წყალდიდობისადმი მდგრადობის გაზრდა და წყალდიდობის რისკების მართვა, კატასტროფებისთვის მზადყოფნის უკეთესი დაგეგმვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების მეშვეობით; … წყლის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებამ შეიძლება გაზარდოს ცნობიერება წყლის ირგვლივ უსაფრთხოების შესახებ.
ჯანმო წერს, რომ დახრჩობის გლობალური ტვირთი და სიკვდილიანობა გავლენას ახდენს ყველა ქვეყანასა და რეგიონზე, მაგრამ ჯანმოს სტატისტიკის თანახმად, უნებლიე დახრჩობით სიკვდილიანობის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხდება.
გარდა ამისა, კაცები დახრჩობის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან: დახრჩობის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. კვლევები ვარაუდობს, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია კაცების უფრო ხშირი კონტაქტით ცურვასთან/წყალთან და სარისკო ქცევებთან, როგორიცაა მარტო ცურვა და ალკოჰოლის დალევა მარტო ცურვამდე ან ნავით გასეირნებამდე.
ჯანმოს რეკომენდაციით:
- მოერიდეთ ალკოჰოლის დალევას და დარჩით ფხიზლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეთვალყურეობთ ბავშვებს წყლის გარშემო.
- ცურვის წინ, ყოველთვის შეამოწმეთ ამინდი და წყლის მდგომარეობა.
- საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებამდე დარწმუნდით, რომ სამაშველო რგოლები და ჟილეტები ხელმისაწვდომია და გამოიყენება სწორად. უსაფრთხოების აღჭურვილობას შეუძლია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.