ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ტერმინალი 1“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და „შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით [რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს კატასტროფული], დაუყოვნებლივ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს ქაოსური მშენებლობის შესაჩერებლად შპს „ტერმინალ1“-ის ტერიტორიის მიმართულებით.“
„ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს.
„ტერმინალი 1“ აცხადებს, რომ ის წარმოადგენს განსაკუთრებული დანიშნულების საწარმოო ობიექტს და ტერმინალის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, თითოეული მათი ქმედება დარეგულირებულია ნავსადგურის წესებითა და ინსტრუქციებით.
„ამასთან, შპს „ტერმინალ1“-ის საქმიანობის უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების გეგმის შემადგენელი ნაწილია… „ტერმინალ 1“-ს დაუშვებლად მიაჩნია განიხილებოდეს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი იმ პარამეტრებში, რომელიც დღეის მდგომარეობითაა წარმოდგენილი. აბსურდულია ნავთობტანკერის დგომის და გადატვირთვის ტერიტორიაზე, სადაც არის გაფრქვევის ადგილი, მომეტებული საფრთხის ზონა, სადაც ყველა მოქმედება გაწერილია ნავსადგურის წესებით/ინსტრუქციებით და რეგულირდება უსაფრთხოების და უშიშროების გეგმით, მოხდეს მრავალფუნქციური ტურისტული ზონის მოწყობა“, – აცხადებს კომპანია.
„ტერმინალ 1“ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ყველა შესაბამის უწყებასთან კომუნიკაციის პროცესში, კერძოდ –
„დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობ-ტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-სთვის ქონების გადაცემის პირობები.“
ამავე წერილში კომპანია წერს, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად ყრის ინერტულ მასალებს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე.“
„ტერმინალ1“ აცხადებს, რომ 2022 წელს გასცეს რეკომენდაცია ტერმინალის საზღვრებთან იმ უსაფრთხო მანძილთან დაკავშირებით, რომლის კუნძულის მიერ გადმოლახვის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა ნავიგაციის უსაფრთხოებას. „ეს წერტილი დღეის მდგომარეობით გადმოლახვის საფრთხის ზონაშია“, – წერს კომპანია.
2024 წლის 22 ივლისს „ტერმინალი1“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ასევე წერდა, რომ ხელოვნური კუნძულის გზშ-სთან დაკავშირებით „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიერ შპს „ტერმინალ1“-ის თაობაზე მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „გარემოს ეროვნული სააგენტოს შენიშვნებზე, „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის რეაგირების თაობაზე დოკუმენტში მოცემული განმარტება არ შეესაბამება სიმართლეს; შპს „ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-თან, ამასთან, შპს „ტერმინალ 1“-ს არ შეუტანია ცვლილება მის მიერვე დაგეგმილ პროექტში.“ [ამ პროექტით ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება – ავტ.].
„ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცრუ/ფალსიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება მეტყველებს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საკუთარი საქმის მიმართ, რომელსაც ისინი აწარმოებენ შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის მიმდებარედ, რაც ჯერადობით ზრდის უსაფრთხოების რისკებს.“ – აღნიშნულია „ტერმინალ1“-ის 2024 წლის 22 ივლისის წერილში.
„ტერმინალ1“-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2024 წლის 31 ივლისს კიდევ ერთი წერილი გააგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ
- „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ საპროექტო პარამეტრებში კუნძულის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხო ნავმისადგომის უსაფრთხო ფუნქციონირებას;
- საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ და ფუნდამენტურ შესწავლას კომისიურად, ნავსადგურის უსაფრთხო, შეუფერხებელ ფუნქციონირებაში ჩართული ყველა რგოლის მონაწილეობით და შპს „ტერმინალ1“-ის ჩართულობით;
- საკითხის შესწავლამდე გთხოვთ შეაჩეროთ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის პროცესი შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის მიმართულებით, მომავალი მოსალოდნელი რისკების დაზღვევის მიზნით.“
„ტერმინალ1“ სახელმწიფო უწყებებს წერს, რომ მათი შეშფოთება ეყრდნობა მათ მრავალწლიან გამოცდილებას და საერთაშორისო საპროექტო კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“-ის შეფასებას.
„კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“ წარმოადგენს მსოფლიო წამყვანი ნავსადგურების კონტრაქტორ საპროექტო კომპანიას, მისი პროფესიონალიზმი და ცნობადობა მაღალია, მისი შემუშავებულია შპს „ტერმინალ1“-ის – ნავმისადგომის ტექ.პასპორტი და საზღვაო ხომალდის შემოსვლის, მანევრისა და დგომის მარშრუტი შესაბამის კლიმატურ პირობებში, რომელიც შემდგომ ნავსადგურის წესებშია გაწერილი.
ნავსადგურის წესები ავალდებულებს შპს „ტერმინალ1“-ის ადმინისტრაციას შეასრულოს ნავსადგურის კაპიტნის სავალდებულო მითითებები, რომლის სავალდებულო მითითებით, ფუნქციონირების დაწყებისას 2017 წელს უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით განისაზღვრა, რომ საზღვაო ხომალდმა უსაფრთხო შემოსვლა-დგომის უზრუნველსაყოფად არანაკლებ 7 საღუზე ჯაჭვის რგოლების მონაკვეთი [ე.წ. „სმიჩკა] უნდა ჩაუშვას [მიახლოებით 190 მეტრი] ღუზების მიცემისას ღია ზღვაში სხვადასხვა მიმართულებით.“ – წერს „ტერმინალ1“.
კომპანიამ სამინისტროებს და სააგენტოს ასევე გადაუგზავნა „ანკორ ინჟინერინგ“-ის წინასწარი შეფასების ქართულად ნათარგმნი ვერსია [აქვე გთავაზობთ ამ ვერსიას სრულად],
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში ტერიტორიის შექმნის და ნავმისადგომის აკვატორიასთან მოსვლისას შპს „ტერმინალ1“ წააწყდება შემდეგ სირთულეებს:
- „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ნაგებობა დაპროექტებულია შპს „ტერმინალ1“ -ის შემომავალი არხის გასწვრივ, მოახლოებით 40მ. მანძილზე შემომავალი არხის ღერძიდან, რის გამოც შპს „ტერმინალ1“ -ის შემომავალი არხის ფუნქციონირება უსაფრთხო არ იქნება. შემომავალი არხის მიმართულების შეცვლა საჭიროებს ახალ გაანგარიშებებს, სახმელეთო მანიშნებელი ნიშნების გადატანას, ახალი არხის დაღრმავებით სამუშაოებს.
- იქმნება სივიწროვე გემის მოსაბრუნებელ წრესთან, ღუზის მიცემისა და გემის დასაყენებელ ადგილთან, აქედან გამომდინარე განსაზღვრული გემის მოსაბრუნებელი წრე უსაფრთხო არ იქნება. მოსაბრუნებელი წრის გადატანა საჭიროებს ახალ გაანგარიშებებს.
- გემის უსაფრთხო დგომა სატვირთო სამუშაოების დროს უზრუნველყოფილია ღუზის შეჭიდულობით ზღვის ფსკერის გრუნტთან. რაც უფრო შორს დევს ღუზა, მით უფრო მყარად დგას გემი. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, ღუზის ჩაშვების ადგილას გემის კაპიტნებისთვის იქმნება საშიშროება ჩაუშვას ღუზა იქ, სადაც უნდა იყოს ჩაშვებული, ვინაიდან კაპიტნების მოქმედება ეყრდნობა წინაღობების ვიზუალურ გამოვლენას და არსებულ ამინდის პირობებს [დინება, ტალღა, ქარი] აიძულებს ვიზუალურად გაზარდოს უსაფრთხო მანძილი წინაღობამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღუზის მოწყვეტა ადგილიდან და შემდგომში ავარია.
- შპს „ ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის განვითარება გულისხმობს სიღრმეების გაზრდას. შემომავალ არხში ნავმისადგომთან და უსაფრთხო ნაპირგამაგრების ექსპლუატაციისათვის სიღრმეების გაზრდა გამოიწვევს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს ნაპირგამაგრების ქანობის დაზიანებას და ჩამოშლას.
- „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს ნაპირგამაგრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქანობი იყოს ციცაბო, ღუზის მუდმივი მდგომარეობა და მოწყვეტა ფსკერის გრუნტიდან გამოიწვევს ნაპირგამაგრების დაზიანებას.“
„როგორც კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“-ის პირველადი შეფასებიდან ჩანს, რისკის შემცველი ხდება საზღვაო ხომალდის შემოსვლის არეალი. ასევე რისკის შემცველი ხდება ხომალდის მობრუნება განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილზე და ნავსადგურის წესებით განსაზღვრული სავალდებულო მითითების შესრულება…
ცვლილება ხომალდის შემოსვლის მარშრუტზე, ცვლილება ხომალდის მობრუნების ადგილზე, ცვლილება ხომალდის დგომის და მისი დაბმის მექანიზმზე საჭიროებს შესაბამის გაანგარიშებებს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებას. ასეთი გაანგარიშებების არსებობის შესახებ ჩვენთვის უცნობია. უცნობია საზღვაო ხომალდის შემოყვანის და დაყენების პროცესში ჩართული სალოცმანო კომპანიის პროფესიული ხედვა.
აღვნიშნავთ, რომ ნავმისადგომის უსაფრთხო ფუნქციონირება მრავალი მიმართულებისგან შედგება.
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს საპროექტო პარამეტრების განხორციელების შემთხვევაში ხმელეთი უახლოვდება ნავთობის გადატვირთვის ადგილს, ადგილს, სადაც არის გაფრქვევის ზონა, აირების მოძრაობის არეალი, რომელ არეალშიც საერთაშორისო ნორმებით ტელეფონით გადაადგილებაც კი აკრძალულია.
მოახლოებულ ხმელეთზე უნდა განთავსდეს მულტიფუნქციური გასართობი ზონა, სადაც უკვე შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, გასათვალისწინებელია ღია ტერიტორიის მოახლოებით დივერსიების შესაძლებლობის მომეტებული რისკებისაგან დაცვა, რეგიონში მომეტებული რისკების გათვალისწინებით.“ – წერს „ტერმინალი1“.
გარემოს ეროვნული სააგენტო „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 2024 წლის 2 აგვისტოს წერს, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ წარმოდგენილია წერილი, რომლის მიხედვით „შპს „ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“. ამასთან, შპს „ტერმინალ1“-ს არ შეუტანია ცვლილება დაგეგმილ პროექტში“.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „შპს „ტერმინალ 1“-ს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება, სადაც მოცემულია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში შპს „ტერმინალ 1“-ის ფუნქციონირების სირთულეები და რისკები.
ზემოაღნიშნულ წერილებში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის [მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ] წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“.
„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სააგენტოში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი.
ამ თემაზე: ხელოვნური კუნძული ბათუმში – რას პასუხობს კომპანია გზშ-ს ხარვეზებზე სააგენტოს
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა უშუალოდ კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემაზე მსჯელობა, თუმცა, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ზღვაში ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობას აგრძელებს. ნავთობტერმინალთან ახლოს კი სწორედ ნახევარკუნძული იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში სააგენტო „ტერმინალ1“-გან, მის მიერ დაგეგმილი საქმიანობის [ანუ ნავთობტერმინალის გაფართოების] „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეთანხმებას ითხოვდა.
ამ თემაზე ვრცლად:
სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ