მთავარი,სიახლეები

„მორიდებული ბრაზი“ – 16 აგვისტოს ბათუმში დისკუსია გაიმართება

15.08.2024
„მორიდებული ბრაზი“ – 16 აგვისტოს ბათუმში დისკუსია გაიმართება

16 აგვისტოს, ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერია“ დისკუსიას გამართავს თემაზე – „მორიდებული ბრაზი: ინფრასტრუქტურის დაპირება, ადგილის განცდა და პროტესტი აჭარაში“.

ესაა „პერიფერიის“ექსპერიმენტული მსჯელობის სივრცე, რომელიც, როგორც ღონისძიების შესახებ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იცხოვროს სამართლიანობაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში“.

დისკუსიის მომხსენებელია ანთროპოლოგი თამთა ხალვაში.

შეხვედრა დაიწყება 19 საათზე, ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის 67-ში, შშმ ქალთა ალიანსის ოფისში. დასწრება თავისუფალია. 

„პოსტ-საბჭოთა საქართველოში, განვითარების სახელით სულ უფრო მეტი ადგილი – მდინარეები, კანიონები თუ ზღვები – ექვემდებარება კომერციალიზაციისა და ფინანსური მოგების ლოგიკას.

განვითარების ეს დომინანტური ხედვა ისეთ მოქალაქეებს გულისხმობს, რომლებსაც შეუძლიათ ემოციურად ადვილად განეჯაჭვონ მათივე ხეობებსა თუ ქალაქებს და უარი თქვან საკუთარ საარსებო გარემოსთან კავშირზე. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მაშინ ასეთი მოქალაქეები „ჩამორჩენილ“, „არაპროგრესულ“ან განვითარების შემაფერხებელ მოქალაქეებად ინიშნებიან. უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა, რომელიც ცალკეული ინვესტორის ან კომპანიის ინტერესების დამცველად უფრო გვევლინება, ვიდრე ჩაგრული მოქალაქისა.

შედეგად, ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად აღმოცენდება კოლექტიური ბრაზი, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობის განსხვავებულ ფორმებში გამოიხატება, მათ შორის აჭარაშიც, სადაც საზღვაო ურბანული სივრცეები და მაღალმთიანი ხეობები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ცენტრალურ ადგილებად იქცნენ.

რა გავლენა აქვს ამ პროცესს ადგილობრივ მოსახლეობაზე და როგორია წინააღმდეგობის ფორმები და საპროტესტო მგრძნობელობები აჭარაში? ამ დისკუსიაში მიმოვიხილავთ აჭარის როგორც სასაზღვრო რეგიონის მრავალშრიან ისტორიულ გამოცდილებას და მის ზეგავლენას თანამედროვეობაზე, თუ რა გავლენა აქვს რეგიონის ოსმალურ კოლონიურ წარსულს მის შერეულ ქრისტიან თუ მუსლიმ მოსახლეობაზე და როგორ გამოიხატება ეს მათი წინააღმდეგობის ფორმებსა და მგრძნობელობებში“ – ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე ფეისბუქზე.

შეხვედრის, დისკუსიის მიზანია შექმნას არაფორმალური სივრცე მოსაზრებების, წუხილის და სურვილების გაზიარებისთვის და ხელი შეუწყოს პერიფერიებში კავშირების ჩამოყალიბებასა და ორგანიზებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: