მთავარი,სიახლეები

როგორ ემზადება ბათუმში ოპოზიცია არჩევნებისთვის

14.08.2024 •
როგორ ემზადება ბათუმში ოპოზიცია არჩევნებისთვის

როგორ მუშაობს ოპოზიცია ბათუმში არჩევნებამდე ორი თვით ადრე? როგორია წინასაარჩევნო გარემო, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან მაისიდან დაიწყეს.

„ივნისის თვეში დაახლოებით 60 შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან „კარდაკარის“ პრინციპით, სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ქუჩაზე. შეხვედრებს ვაგრძელებთ დღემდე… ჩვენ გვაქვს გაწერილი გრაფიკი და ამის მიხედვით საკრებულოს წევრები, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია თუ უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ბათუმზე არიან მიმართული, ვხვდებით მოსახლეობას“ – გვეუბნება რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ ბათუმის მოსახლეობის ძირითადი ინტერესის საგანი რუსული კანონი და რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობებია. შემდეგ მოდის სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები:

„მეორე საკითხია მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ბათუმში გვყავს 145 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც სოციალური დაცვის ბაზაშია და მომლოდინეა სოციალური დახმარების. შემდეგ მოდის ინფრასტრუქტურული საკითხები… შეხვედრების შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ წერილობით მოხსენებას და ვაგზავნით სხვადასხვა მუნიციპალურ თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ ეს დოკუმენტურად იყოს დადასტურებული და არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდეს მზა ინფორმაცია, თუ რომელ მოსახლეს, სად, რომელ ქუჩაზე, რა პრობლემა აქვს“.

ხარაზი ამბობს, რომ პარტიას პრაქტიკულად დასრულებული აქვს შტაბის საორგანიზაციო საკითხები და სრულად დაკომპლექტებულია.

„ბათუმის შტაბს უხელმძღვანელებს ლევან ანთაძე.

ადამიანებს, ვინც დაინტერესდებიან ჩვენი პარტიით, ვინც პოლიტიკურ პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, შეუძლიათ მოვიდნენ, გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ ნებისმიერ სამუშაოში, რომელიც გვაქვს გასაკეთებელი.

მინდა ვთქვა, რომ გაოცებასაც ვერ ვმალავ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყოველდღიურ რეჟიმში ერთვება ამ პროცესში“ – ამბობს ის.

რეზო ხარაზი

მისი თქმით, მოსახლეობას ხშირად არ აქვს საჭირო ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებზე, ქალაქის ბიუჯეტზე და იმაზე, თუ როგორ იხარჯება ფული ქალაქის ბიუჯეტიდან.

„ბათუმის ბიუჯეტი, მაგალითად, რომელიც იხარჯება სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ქუჩის, სკოლებისა თუ პარკების გასაკეთებლად – როგორ იხარჯება? უნდოდათ [მოქალაქეებს] ეს თუ არა? ბევრ ადგილას გაკეთდა სკვერი. მოსახლეობა იძახის, რომ სკვერი კი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დამატებით საპარკინგე ადგილი, ჩვენ გვჭირდება ახალი ლიფტი… სჯობდა, რომ პრიორიტეტები განგვესაზღვრა სხვანაირადო. მოსახლეობას არ ეკითხებიან“.

რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ ბათუმში „ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლების დაშინება ვერ იმუშავებს.

„მინდა იცოდნენ, რომ არავის არაფრის არ ეშინია. ეს გამოჩნდა ჩვენს შეხვედრებზე… მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ არჩევნებზე ქართული ოცნება ვერ მოიგებს“ – გვითხრა რეზო ხარაზმა.

ნინო ჩხეტია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიამ საარჩევნო კამპანია ივნისში დაიწყო. მისი თქმით, ივნის-ივლისში უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს პარტიის თავმჯდომარესთან, გიორგი გახარიასთან ერთად მოსახლეობასთან:

„მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან… ვცდილობთ, რომ დავარიგოთ ჩვენი სააგიტაციო მასალა, გავესაუბროთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ.

დავფარეთ ჭაობის ერთი ნაწილი, ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ბათუმის ცენტრის ნაწილი და ბუნებრივია, აუცილებლად დავფარავთ სხვა ნაწილებსაც. ეს იქნება: ბონის, ბენზეს, ბარცხანის მიმართულებები, ასევე, აღმაშენებლის ადმინისტრაცია. აგვისტოს შუა პერიოდიდან გვექნება კიდევ უფრო ფართო შეხვედრები.

შევეცდებით, რომ აბსოლუტურად ყველგან მივიდეთ. დრო არის, სავსებით საკმარისია, ასე ვფიქრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და შესაბამისად, ქალაქის არც ერთი ნაწილი არ დაგვრჩება უყურადღებოდ“.

ნინო ჩხეტია ამბობს, რომ მოქალაქეებთან შეხვედრებისას არიგებენ სააგიტაციო მასალას, სადაც ქვეყნის მასშტაბით პარტიის გემებზეა საუბარი:

„რაც შეეხება ბათუმსა და ჩვენს რეგიონს, მოგეხსენებათ, რომ ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება საბოლოოდ დამუშავებული ადგილობრივი პროგრამა, რომელიც გაწერილი იქნება კონკრეტულად [აჭარის] მუნიციპალიტეტებზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბათუმზე“.

ნინო ჩხეტია ამბობს, რომ პარტიის შტაბის დაკომპლექტებისა და ადამიანური რესურსით შევსების პროცესი დასრულებულია.

„გვყავს საარჩევნო მენეჯერი პარტიაში, რომელიც ყველა ამ საარჩევნო მიმართულებას გარკვეულწილად კურირებს. ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრები შტაბის წევრებთან. ვხვდებით მე, პარტიის სხვა წარმომადგენლობა. შეხვედრები იმართება აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ჯემალ ანანიძესთან ერთად და მისი აქტიური ჩართულობით… გავდივართ ყველა იმ საკითხს, რაც საარჩევნო თვალსაზრისით პარტიისთვის მნიშვნელოვანია.

საარჩევნო პროცესი, ბუნებრივია, რაღაც აუცილებლობებს გამოიწვევს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ინოვაციაც გვქონდეს ამ საარჩევნო კამპანიისას. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შემთხვევაში გვაქვს, ძალიან გვინდა აქტიურად გამოვიყენოთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმა. თვე-ნახევარია, რაც ძალიან გავააქტიურეთ „ბათუმი საქართველოსთვის“ – ფეისბუქის გვერდი, მათ შორის ინსტაგრამიც და ვეცდებით, რომ სხვა პლატფორმებზეც ვიაქტიუროთ და გვქონდეს ე.წ. პოდკასტები, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას“.

ჩხეტია იხსენებს მათ ბოლო შეხვედრას მოსახლეობასთან ინასარიძის ქუჩაზე და ამბობს, რომ უკვე გამოიკვეთა მცდელობა და სამომავლოდაც ეცდება „ქართული ოცნება“, ხელი შეუშალოს ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოებაში.

„იქ იყვნენ ადამიანები ხელის შეშლის მიზნით, ვინც მჭიდროდ არიან დაკავშირებული პარტია „ქართული ოცნებასთან“. ზონის უფროსები, სხვა დასაქმებული პირები – გარემოს დაცვის სამმართველოში, ბაღების გაერთიანებაში და ა.შ…

ეს იყო კლასიკური გამოვლინება იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანებმა თავი შეიკავონ ასეთ შეხვედრებზე მოსვლისგან. როცა ჯგუფია მოსული, რომელიც აღწერითაა დაკავებულები შეხვედრებზე, ბუნებრივია, ადამიანები ხედავენ, რომ მათი სოციალური უსაფრთხოება გარანტირებული შეიძლება არ იყოს“ – ამბობს ნინო ჩხეტია.

ნინო ჩხეტია

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო“, ვაჟა დარჩია გვეუბნება, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს, ჰქონდათ ლიდერების ვიზიტებიც, ბოლო შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილი იყო ჩამოსული და ასევე, მართავენ თემატურ შეხვედრებსაც.

„მაგალითად, ანას ვიზიტისას ჩვენ შევხვდით სტუდენტებს, შევხვდით ქალებს და მათთან თემატურ წარვადგინეთ ჩვენი გეგმა.

გარდა ამისა, ყოველდღიურად გავდივართ მოსახლეობაში და ვარიგებთ ჩვენს საარჩევნო მასალას… სხვადასხვა ფორმით, მათ შორის „კარდაკარის“ პრინციპითაც. მაქსიმალურად გაშლილი ვართ ველზე.

დღეს გვქონდა ჩვენი საარჩევნო კამპანიის, გეგმის დეტალური წარდგენა და რამდენიმე დღეში, ლიდერებთან ერთად ვაპირებთ, რომ ადგილობრივ დონეზე, აჭარის მოსახლეობას გავაცნოთ ის დეტალურად“, – ამბობს ვაჟა დარჩია და დასძენს, რომ „ლელო“ უკვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ეგიდით დაიწყებს მუშაობას და მოსახლეობასაც საერთო სააგიტაციო მასალას მიაწვდიან.

ვაჟა დარჩია ბათუმელების პრობლემებზე საუბრისას ამბობს, რომ მოქალაქეები ძირითადად მუნიციპალურ პრობლემებს ასახელებენ:

„იქნება ეს საცობები თუ სხვა. გვქონდა შეხვედრა გარემოვაჭრეებთან და ეს პრობლემაც დასახელდა, სივრცეები არ არსებობს, მოსახლეობას მუნიციპალური ინსპექცია არ აძლევს ვაჭრობის შესაძლებლობას და ა.შ. დღეს მქონდა შეხვედრა უსახლკარო ადამიანებთან, რომლებიც თავის პრობლემაზე საუბრობენ და მოგვარების გზებიც წარმოუდგენიათ… ხშირად, უფრო შემოერთებულ და ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ურბანული განაშენიანება უფრო მკვეთრად ჩანს, ვიდრე ცენტრალურ ნაწილში, დგას რუსული მიგრაციის პრობლემა. მაგალითად, სტუდენტები საუბრობენ, რომ ვერ ახერხებენ ბინა იქირაონ იმავე ფასში, რასაც რუსების შემოდინებამდე ახერხებდნენ…

პრობლემებზე საუბრისას გამოყოფენ ბათუმის ურბანული პოლიტიკის საკითხსაც“.

ვაჟა დარჩიას საარჩევნო შტაბის შესახებაც ვკითხეთ.

„ის სტაფი, რაც იყო აქამდე, მუშაობს. გვაქვს კომუნიკაცია ჩვენთან გაერთიანებულ პარტიებთან… ჩვენ უკვე ვკოორდინირდით ერთმანეთში, ერთმანეთის რესურსს ვაიდენტიფიცირებთ და ვცვლით ინფორმაციას. ეს ხდება მთელი რეგიონის მასშტაბით.

მაქსიმუმ ორ კვირაში, ჩვენ გვექნება ოფისების გახსნა რეგიონში ლიდერების ვიზიტით და უკვე ოფიციალურად, ფორმალურ ნაწილშიც დავასახელებთ [აჭარის] ყველა მუნიციპალიტეტში შტაბის ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელ პირებს და ა.შ.“, – გვითხრა ვაჟა დარჩიამ.

როგორც ის ამბობს, მათ წინასაარჩევნო შეხვედრებში ბათუმში მაქსიმალურად ჩაერთვებიან უშუალოდ კოალიციის ლიდერები.

„ხშირად ვიღებთ ხოლმე შეხვედრებს და არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები უარს გვეუბნებიან გადაღებაზე, რადგან ვიღაც საჯარო მოხელეა, ვიღაცის შვილი მუშაობს სიპში, აიპში… „ქართული ოცნება“ ჩვენს აქტივობებს ადევნებს თვალს და ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენი წევრები გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან. მოქმედი დავა გვაქვს ბაღების გაერთიანებასთან, რადგან ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩვენთან აპელირების მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენს გვერდით არიან, თუმცა საჯაროდ ერიდებიან კამპანიებში ჩართვას“, – ამბობს ვაჟა დარჩია.

მისი ხედვით, აჭარის მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ხელისუფლება ქვეყნის მთავარ გზასაა გადახვეული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“.

ვაჟა დარჩია

როგორც პარტია „ახალის“ წევრი ბათუმში, ნოდარ დუმბაძე გვეუბნება, წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში „ახალმაც“ დაიწყო. „ახალი“ ამ არჩევნებზე, ბევრი სხვა პარტიის მსგავსად, კოალიციით იქნება წარმოდგენილი პარტიებთან: „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთად.

„ფლაერების დარიგება ქუჩაში, ადამიანებთან შეხვედრები ოფისში, კარდაკარ, ქუჩაში… დაწყებული გვაქვს [მხარდამჭერების] კონტაქტების მოძიება, საარჩევნო უბნებზე ზონების წარმომადგენლობის, უბანზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები გაყალბებისგან.

სექტემბრის ბოლოს კიდევ უფრო გავააქტიურებთ მოქალაქეებთან შეხვედრებს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, აგვისტოს თვე ბათუმში როგორია – გასული არიან მთაში დასასვენებლად, თურქეთში სამუშაოდ და ა.შ.“.

დუმბაძის თქმით, კონკრეტულად აჭარაში რა შეთავაზებები აქვთ, ამას პროგრამის სახით ამუშავებს შესაბამისი ჯგუფი:

„ბათუმისთვის ცალკე დაიბეჭდება ფლაერები, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჩვენს გეგმებს გაეცნოს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ პროგრამაზე მუშაობა აგვისტოს 20-თვის უნდა იყოს დასრულებული და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ“.

ნოდარ დუმბაძე

როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს, აჭარაში უკვე ასრულებენ პარტიული სტრუქტურის აწყობას:

„ძალიან ცოტა დაგვრჩა. მთლიანად აჭარა დაკომპლექტდება და პარტია „ახალი“უკვე იქნება მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე დავიცვათ არა მარტო ჩვენი ხმები, არამედ სრულიად ოპოზიციური ხმები და არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რაიმე თაღლითობით შეცვალოს ის მონაცემები, რასაც ხალხი დააფიქსირებს“.

ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ბათუმელები ბევრს საუბრობენ საერთო და ყველაზე დიდ პრობლემაზე – ქვეყანაში მიღებულ რუსულ კანონსა და „ქართული ოცნების“ მცდელობაზე, დააახლოოს ქვეყანა რუსეთს.

„არიან ადამიანები, რომლებიც საჯაროდ [პოზიციის დაფიქსირებისგან] თავს იკავებენ… ისინი არიან საჯარო მოხელეები, პატარა ბიზნესმენები… თავს იკავებენ, რადგან ეშინიათ ზეწოლის.

შევეცდებით შევცვალოთ ხელისუფლება. მოსახლეობა მივიყვანოთ არჩევნებზე და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია 2024 წლის 26 ოქტომბერს“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

 

ნახეთ „ბათუმელების“ სტატიები ამ სერიიდან: 

„აპირებენ ქობულეთი ბეტონის ჯუნგლებს დაამსგავსონ“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქობულეთში

„გლეხი შრომობს და მოსავლის გასაღებაც უჭირს“ – როგორ მუშაობს ოპოზიცია ქედაში არჩევნების წინ 

როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ 

„ოცნების კოორდინატორიც კი იძახის, არ ვუჭერ ამათ მხარსო“ – როგორ ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში

როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: