მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ აჭარაში მომხრეების სხვა რეგიონებიდან გადმოწერას გეგმავს – ოპოზიცია „თაღლითურ სქემაზე“

13.08.2024
„ოცნება“ აჭარაში მომხრეების სხვა რეგიონებიდან გადმოწერას გეგმავს – ოპოზიცია „თაღლითურ სქემაზე“

პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის შესახებ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ ინფორმაციას ითხოვს.

ამის შესახებ პოლიტიკურმა პლატფორმამ დღეს, 13 აგვისტოს, განაცხადა ბათუმში.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრისაგან ვითხოვთ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის თაობაზე.

რატომ ვითხოვთ კონკრეტულად ამ ინფორმაციას – მოგეხსენებათ, რომ 26 ოქტომბერს, აჭარის მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

„ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან იმ განწყობების შესახებ, რომელიც არის საზოგადოებაში, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ არჩევნებს იგებს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ხელისუფლებამ განიზრახა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან თავისი მხარდამჭერების აჭარის მუნიციპალიტეტებში გადმოწერის გზით შეამციროს სხვაობა მხარდაჭერის ნაწილში და აღმოფხვრას ჩამორჩენა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ – განაცხადა კახა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ესაა „თაღლითური სქემა“, რომლის გამოყენებითაც ხელისუფლება გეგმავს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას.

„მიუხედავად ამ თაღლითური სქემის განზრახვისა, ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არაფერი არ გამოუვა, რადგან ჩვენ გვაქვს ქმედითი პასუხები, ამ პროცესის ყველა შესაძლო სცენართან დაკავშირებით, რის შესახებაც საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში. ეს არ გამოუვათ“ – განაცხადა მან.

მმართველი პარტია რომ რეგიონებიდან აჭარაში შეეცდება ამომრჩევლების გადმოწერას უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, ამის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა – „გახარია – საქართველოსთვის“. 17 ივლისს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე პარტიამ განაცხადა, რომ „მომხრეების აჭარაში ჩაწერით „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე არაფერს კარგავს, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მობილიზებას უკეთებს მომხრეებს სხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან“.

ამავე თემაზე: 

“ოცნება აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის“ – გახარიას პარტიის ბრიფინგი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: