„უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა,“ – გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება კონკრეტული პირობით მივიდეს და დაკავებული კურსკის რუსეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება მოითხოვოს.
გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რუსეთის საზღვართან უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები დააბნიეს, თითქოს დაცვისთვის ემზადებოდნენ და უცებ შეტევა წამოიწყესო.
„ახლა რუსები ცდილობენ გარკვეული დანაყოფები, რომლებიც დასასვენებლად იყო ზურგში გაყვანილი როტაციის წესით, გაიყვანონ ამ მიმართულებაზე. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას რუსეთი, რადგან სექტემბერი მოდის თავისი სექტემბერ-ოქტომბრის წვიმებით, შესაბამისად, უკრაინელებს გაუადვილდებათ ამ ტერიტორიების დაცვა. გააჩნია, რამდენის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არა მგონია, რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში კურსკის მოვლენების შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება კურსკში, რატომ გადაწყვიტა უკრაინამ ეს შეჭრა?
ძნელია კონკრეტული მიზეზების თქმა, ვინაიდან უკრაინა საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებს.
თუმცა იკვეთება სამი მიზეზი: პოლიტიკური, ოპერატიული და ტაქტიკური. არა მგონია, ამაში სტრატეგიული მიზნები იყოს და ეს სტრატეგიული შედეგის მომტანი იყოს, თუმცა ოპერატიულ დონეზე ალბათ მიზანი იყო, რუსების ზეწოლა შეემცირებინათ დონბასის მიმართულებაზე.
ტაქტიკურ დონეზე მიზანი არის ის, რომ დაიკავონ რუსეთის გარკვეული ტერიტორიები. თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, უკრაინის მცდელობაში შეიძლება ყოფილიყო ჩადებული კურსკის ატომური ელექტროსადგურის აღება, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს შეძლონ.
ეს არის ასევე ძალების გამოწვევა ვოლჩანსკის და ბელგოროდის რაიონიდან, ვინაიდან უახლოესი რაიონია კურსკის მიმართულებასთან – რუსებს ალბათ ყველაზე უფრო გაუადვილდებათ იქიდან ძალების გადასროლა, თუმცა ეს ვოლჩანსკს ისევ უკრაინელების ხელში დააბრუნებს.
პოლიტიკური ეფექტი კი არის ის, რომ დასავლეთის რეაქცია არის ძალიან ადეკვატური, მხარდამჭერია ამ მოქმედებასთან. აღნიშნული ტერიტორიის დაკავება გარკვეული დროით მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მგონია დიდი ხნით ეს შეძლოს უკრაინამ, ვინაიდან, რაც უკრაინამ აიღო – 350 კვადრატული კილომეტრი, ეს ძალიან დიდი ფართობია. არა მგონია, უკრაინას ეყოს რესურსი ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად.
იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მოხდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა.
- რა ძალებით, რა რესურსით უტევს უკრაინა კურსკში?
თუ არ ვცდები, სამი ბრიგადაა ახლა შესული, მეოთხე ბრიგადა მეორე ეშელონშია. უკრაინას ჰყავდა 2 ბრიგადა ზაპოროჟიეში კონტრშეტევისთვის. ეს არ გამოიყენეს, ვინაიდან კონტრშეტევა ვერ განვითარდა. სამი ბრიგადა იყო ასევე მომზადებული სტრატეგიული რეზერვიდან. ეს 5 ბრიგადა უკრაინამ გადაისროლა ჩრდილოეთ მიმართულებაზე.
უკრაინამ საკმაოდ კარგი საინფორმაციო ომი ჩაატარა რუსების შეცდომაში შესაყვანად: რუსები გახარებული იყვნენ, რომ აი, ვოლჩანსკის და ბელგოროდის მიმართულებაზე შეტევის შედეგად ვაიძულეთ უკრაინელები თავისი რეზერვები გადმოესროლათ ამ მიმართულებაზეო. რუსები ფიქრობდნენ, რომ ეს რეზერვები იყო ზუსტად რუსების შეტევის შესაჩერებლად და აღმოჩნდა სხვა რამ: უკრაინელებმა ეს რეზერვი გამოიყენეს შეტევითი ამოცანების შესასრულებლად, რაც მოულოდნელობა აღმოჩნდა რუსებისთვის.
- რის შეცვლა მოუწევთ ახლა რუსებს?
გარკვეული ძალების გადაყვანა უკვე ხდება ამ მიმართულებაზე ძირითადი მიმართულებებიდან.
რა თქმა უნდა, რუსების შეტევები გრძელდება დონბასში, კუპიანსკის, ლიმანის, უგლედარის და ჩასოვ იარის მიმართულებებზე, თუმცა როგორც უკრაინული წყაროებიდან მოდის ინფორმაცია, რუსების აქტიურობა შემცირებულია.
ახლა რუსები აგროვებენ ძალებს, მოხალისეები მათ აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც მიჰყავთ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი უკრაინის მიწაზე დარჩებიან.
ასევე, რუსები ცდილობენ, გარკვეული დანაყოფები, რომელიც დასასვენებლად იყო ზურგში გაყვანილი როტაციის წესით, გაიყვანონ ამ მიმართულებაზე. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას რუსეთი, რადგან სექტემბერი მოდის თავისი სექტემბერ-ოქტომბრის წვიმებით, შესაბამისად, უკრაინელებს გაუადვილდებათ ამ ტერიტორიების დაცვა.
გააჩნია, რამდენის დაცვას გადაწყვეტენ უკრაინელები. არა მგონია, რაც დაიკავეს, მთლიანად იმ ტერიტორიის დაცვა დაიწყონ, თუმცა ის, რომ ბრძოლები იქნება და რუსებს ერთი და ორი დღე არ ეყოფათ ამ ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ეს ფაქტია.
აქცენტი ახლა გადატანილია ბელგოროდის მიმართულებაზე, ანუ უკრაინელები დაკავებული ტერიტორიების გაფართოებას ცდილობენ. სადაზვერვო და სარეიდო მოქმედებები მიმდინარეობს ახლაც, უკრაინელები არ გაჩერებულან, თუმცა მათი წინსვლა უფრო დაბალი ტემპით ხდება.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ კურსკის ამბების შემდეგ უკვე სხვა პოზიციით მივა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა. რა ჩანს ამ გადასახადიდან, რა შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საგანი?
ძნელია ამის თქმა, თუმცა თუ რუსეთის ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია იქნება უკრაინის ხელში, მოლაპარაკებების ეტაპზე შესაძლებელი იქნება ლაპარაკი ტერიტორიების გაცვლაზე. მე წინასწარ ვერ გეტყვით, ზელენსკი რას გააკეთებს, ერთ-ერთი ვარიანტს გეუბნებით, ჩემი აზრით, შეიძლება ლაპარაკი იგივე ზაპოროჟიეზე. გააჩნია, როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები, რა ფორმატი იქნება, შემდეგ წავა ვაჭრობა და ვინ რას დათმობს, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის მძლავრი მომენტით მისვლა, გამარჯვებულის კუთხიდან მისვლა.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კურსკში ამ შეტევას მორალური თვალსაზრისით. ეს არის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ზალუჟნის შემდეგ უკრაინელების მხრიდან.
ეს მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის, ისე შეიარაღებული ძალების მორალისთვის.
- კურსკის ელექტროსადგურის მნიშვნელობა როგორია რუსეთისთვის, თუ მისი ხელში ჩაგდება მოახერხეს უკრაინელებმა?
მისი კონტროლი, გამორთვა გამოიწვევს მთლიანად სამხრეთ რუსეთის დაბნელებას.
თუმცა 35 კილომეტრი აქვთ უკრაინელებს იქამდე და რუსებმა დაიწყეს გაძლიერებული დაცვის მოწყობა სადგურის გარშემო, ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის ბოძკინტებია ჩადებული უკვე, გადასროლილია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ასე შემდეგ. ეჭვი მეპარება, უკრაინამ შეძლოს მის კონტროლქვეშ აყვანა.
- თქვენი დაკვირვებით, კიდევ რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, რამდენად შეიძლება დონბასის დათმობა განიხილებოდეს?
არა მგონია, დონბასი განიხილებოდეს. ჩემი აზრით, განხილული იქნება ზაპოროჟიე, ან ხერსონი. ლოგიკურია, რომ უკრაინელებმა მოითხოვონ 2022 წლამდე ტერიტორიების დაბრუნება და ამათ დაუთმოს კურსკი და ასევე, ბელგოროდის ნაწილი, რაც დაიკავეს.
თავის მხრივ, რუსეთი ითხოვს მთლიანად დონბასის ჩაბარებას, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, მაგრამ რუსეთი რომ ამას ითხოვდა, მას არ ჰქონდა მაშინ დაკარგული კურსკი და ბელგოროდის ნაწილი.
- ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, დროებითი ინიციატივა მოიპოვეს უკრაინელებმა. რას ნიშნავს ინიციატივის მოპოვება?
ინიციატივა არის ის, რომ უკრაინელები უტევენ და მიდიან წინ. უკრაინელები უტევენ და რუსები იძულებული არიან, რომ რეაგირება მოახდინონ უკრაინელების მოქმედებაზე.
- მინდა გკითხოთ ყირიმზეც. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმშიც უკრაინული საზღვაო დრონით გაანადგურეს რუსული სადესანტო კატერი. ეს შემთხვევა რას აჩვენებს თქვენთვის?
აჩვენებს იმას, რომ საერთოდ უუნაროა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, საერთოდ ვერ იყენებს მას რუსეთი და გადამალული აქვს.
უკრაინელებისთვის უკვე ჩვეულებად იქცა რუსული სამხედრო ხომალდების პერიოდულად დაზიანება, ან ჩაძირვა. ეს აჩვენებს რუსების უუნარობას შავ ზღვაზე აქტიური მოქმედებებისთვის და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უუნარობას, წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყანას, რომელსაც ფლოტი არ აქვს საერთოდ.
- რა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ხანძრის გაჩენის გამო? ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს.
ხანძარი ლიკვიდირებულია ამ მომენტისთვის. რუსები იძახიან, რომ ეს იყო უკრაინელების დრონებით შეტევა, უკრაინელები კი ამბობენ, რუსებმა თვითონ გაჩინეს თითქოს ხანძარი, საბურავები დაწვესო. ხანძარი გამაცივებელ რეაქტორებთან გაჩნდა… გაგრძელება ამ ამბავს ჯერ არ მოჰყოლია.
- ბოლოს ისევ კურსკზე მინდა გკითხოთ: საითკენ წაიყვანა რუსეთ-უკრაინის ომი კურსკის ამბავმა?
სტრატეგიულად ამას არაფერი შეუცვლია, თუმცა ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთის იმიჯზე, პუტინის იმიჯზე, რომელსაც აქვს ქვეყნის დამცველის და გამათავისუფლებლის იმიჯი. ეს ასევე მოითხოვს ძალების გადანაწილებას.
დიდი ალბათობით, წესით, უნდა შეიცვალოს სამხედრო ხელმძღვანელობა ამხელა ჩავარდნების შემდეგ რუსეთში. მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს იყო დაცვითი მოქმედებები. მათ ვერ გამოიცნეს უკრაინელების ჩანაფიქრი.
- პასუხი გვექნებაო, რუსმა პროპაგანდისტებმა თქვეს.
იქნება ალბათ სადამსჯელო დარტყმები, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე რუსები. კიევში არ გამორიცხავენ, რომ იყოს დარტყმები და დაარტყან უშუალოდ პარლამენტის შენობას.