მთავარი,სიახლეები

„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

15.08.2024 •
„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასებას“.

„საქართველოს მმართველი პარტია, „ქართულმა ოცნება“ აგრძელებს ნარატივის გავრცელებას, რომელიც ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანია რუსეთის ძალადობის გამართლება საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის მიერ ადრე კოლონიზებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„ქართულმა ოცნებამ“ 13 აგვისტოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, დაუზუსტებელი „გარე აქტორების“ ბრძანებით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის პროვოცირებაში და შედეგად კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ უნდა გამართოს „სამართლებრივი პროცესი“ ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თითქოსდა „მოღალატური ქმედებების“ შესახებ.

„ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის ომსა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში სააკაშვილს ადანაშაულებს და არა რუსეთს; სამაგიეროდ ამართლებს რუსეთის ქმედებებს, რომელიც დაგმობილ იქნა საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

„ქართული ოცნების“ ნარატივი მჭიდროდ ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციებს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომისა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთის მხრიდან მზარდი მუქარების გასამართლებლად.

რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნების პროდასავლური და პროდემოკრატიული ლიდერები რუსეთის ინტერესების საზიანოდ „გარე აქტორებთან“ თანამშრომლობაში…

კრემლთან დაკავშირებულმა ცნობილმა რუსმა ბლოგერმა გაითვალისწინა „ქართული ოცნების“ განცხადებები და გააძლიერა კრემლის მანამდელი ბრალდებები სააკაშვილისა და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ, მოლოდინით, რომ ეს ნარატივი, შესაძლოა, ფართო საინფორმაციო სივრცეში გავრცელდეს“ – წერს ISW.

რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს, 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო.

რუსი პროპაგანდისტები „ოცნების“ განცხადებას „აღიარებად“ აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.

ამ განცხადებას რუსულ მედიაში სხვადასხვა სახის სიუჟეტები და სტატიები მიეძღვნა – „როსია 24“-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამთავრობო ტელეარხმა, „ოცნების“ 8 აგვისტოს განცხადებაზე ხუთწუთიანი სიუჟეტი უჩვენა რუსეთის მცხოვრებლებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: „ახლა საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულით გადაურჩა ტყვიებს“.

ამავე თემაზე: გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების“ განცხადება „დაიმოწმა“ კრემლის პოზიციის გასამართლებლად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: