მთავარი,სიახლეები

საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

09.08.2024 •
საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

„ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება დათმობილი და სექტემბრის ბოლომდე უფასოდ ისარგებლებენ, როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 31 ივლისს სხდომაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში პარკინგის არარსებობის საკითხი იქცა თემად, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და მთავრობის თავმჯდომარეს განცხადების გაკეთება უწევს – ქალაქში პარკინგის ადგილების ნაკლებობა ქალაქის თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებს გასცდა.

არადა, როცა ქალაქში წუხდნენ, რომ ქაოსური, წესებიდან გასული მშენებლობები ამ და სხვა მრავალ პრობლემას გამოიწვევდა, მაშინ „ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდა.“ დღეს უკვე „მანქანების ქარავანი“ აღარ მიდის და ქალაქის შემოსასვლელშია გაჭედილი, ან მიღოღავს – ხან ერთ მხარეს ქალაქის გასასვლელში, ხან მეორე მხარეს ქალაქის შემოსასვლელში.

 

 

ეს ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როცა ქალაქში ქაოსურ მშენებლობებს აქციებით აპროტესტებდნენ.

„ბათუმელებმა“ თამარის დასახლებაში, ქალაქის შემოსავლელ-გასასვლელში, ორი დღის განმავლობაში, როგორც დღისით, ასევე ღამის საათებში იმუშავა. უნდა ითქვას, რომ საცობი ქალაქის მხოლოდ ამ ნაწილის პრობლემა არ არის, უბრალოდ, ახლა ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას.

საცობი ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან, საღამოს ექვსი საათიდან იწყება და 10-11 საათამდეც გრძელდება, მეტწილად ყოროლისწყლის ხიდამდე, უარეს შემთხვევაში კი გვირაბის გავლით საცობში მოგიწევთ გაჩერება. დილის საათებში საცობი უფრო ქალაქის შემოსასვლელშია.

შაბათ-კვირას უფრო რთულადაა საქმე.

„შაბათს ურეკში წავიყვანეთ ბავშვები ზღვაზე. ქვიშით უნდოდათ გართობა. შტორმული ტალღები იყო და სანაპიროზე ძალიან ბევრი დამსვენებელი. ვერ გაერთნენ, შეწუხდნენ და დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის უკან წამოვედით ბათუმში. გვირაბთან მოსვლამდე დაიწყო საცობი, გვირაბში კი იყო უამრავი მანქანა. გამწოვების გამაყრუებელი ხმა არ დასრულდა. ტანჯვა იყო. სადღაც შუაში არ ვიყავით, რომ სასწრაფოს ხმა გაისმა, არ ვიცი რა დრო დასჭირდა, რომ გასულიყო, შეძლებისდაგვარად გაატარეს“, – გვიყვება ხათუნა გელაძე.

საცობი გვირაბის შესასვლელში

საცობი გვირაბის გასასვლელთან

„ეს არის ტანჯვა“, – ამბობენ მძღოლები, რომლებსაც დღის განმავლობაში საცობში საათების დაკარგვა და მგზავრების წუწუნის, საყვედურის, ზოგჯერ კი ბილწსიტყვაობის მოსმენა უწევთ. მათ უამრავი მიზეზი აქვთ ჩამონათვალში, რატომაც არის საცობი ბათუმის მოუგვარებელი პრობლემა:

„ყოროლისწყლის ხიდი შეავიწროვეს“, „ქალაქში ბევრია მანქანა და გასაჩერებელი ადგილი არ არის“,  „ყველგან მანქანა დგას და ქუჩებზე სავალი ნაწილი შევიწროვდა“, „შემოვლითი გზა არ გაიხსნა. გახსოვთ რამდენჯერ ითქვა, რომ უნდა დასრულებულიყო?“, „დიდმა ტრაილერებმა და სატვირთო მანქანებმა გვიან ღამით უნდა იმოძრაონ.“

შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩამონათვალს, თითოეულ მათგანს ლოგიკური ახსნა აქვს.

  • ყოროლისწყლის ხიდი შეავიწროვეს“

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტს თავისუფლად ისევ ვერ ატარებს. ეს საცობს წარმოქმნის. ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ხიდი სწორედ „რეაბილიტაციის დროს“ დაავიწროვეს, რის გამო მას „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს.

„დასაჭერები არიან, ვინც ეს გააკეთა“, – ამბობს  გაბრაზებული მოქალაქე, რომელსაც ყოროლისწყლის ხიდთან შევხვდით.

ვიდრე ბათუმის შემოვლითი გზა არ გაიხსნება, „ბენზეს ხიდი“ ერთადერთი გადასასვლელია მდინარე ყოროლისწყალზე და ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელი ქალაქში, სადაც ინტენსიური სატრანზიტო მოძრაობაა.

აღნიშნულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარდა. 2022 წლის 18 ივლისიდან კი, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ის მონაკვეთი, სადაც „ბენზეს ხიდია“ [ასევე თავად ხიდი] აღარ ირიცხება მათ ბალანსზე და მისი მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიას ევალება.

  • ქალაქში ბევრია მანქანა და გასაჩერებელი ადგილი არ არის

ბათუმის ქუჩებში, ორივე ზოლში ავტომანქანებია გაჩერებული, რაც ავიწროებს ავტომანქანის სავალ ნაწილს. ავტომანქანებია ტროტუარებზე, ზებრაზე და ყველგან, იქ, სადაც უნდა იყოს და იქაც, სადაც ავტომანქანის ადგილი არ არის. ქალაქში ამბობენ, რომ ეს პრობლემა „ციდან არ ჩამოვარდნილა“ და გამოიწვია ქაოსურმა განაშენიანებამ, რომელსაც „ჩვენი მთავრობა განვითარებას უწოდებს.“

„პარკირება“ ველობილიკზე

2024 წლის 17 ივლისს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტურისტულ სეზონზე პარკირების ზედამხედველობის განყოფილებამ 17 517 სამართალდარღვევა გამოავლინა.

მათ შორის: 

1813 – ტროტუარზე დგომა. 12 421 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა, 1414 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა, 989 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა, 291 – ველობილიკზე არასწორი პარკირება, 109 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა, 480 – პარკირების წესის სხვა დარღვევა, 375 ავტომობილი კი ევაკუაციით საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ აღრიცხა. ისე კი ინსპექციის მანქანასაც ნახავთ დარღვევით გაჩერებულს ქალაქში, იმ მიზეზით, რომ „ადგილი არ არის.“

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მანქანა ტროტუარზე

წლებია უკვე მერია გასცემს მშენებლობის ნებართვებს, პროექტებზე, რომელთა პარკინგების ადგილები საცხოვრებელი ბინების პროპორციული არ არის. ყველაზე მარტივი მაგალითი ასე გამოიყურება: მერია ნებართვას გასცემს ათსართულიანი სახლის აშენებაზე, სადაც ასამდე ბინა და კომერციული პირველი სართულია. ამ კორპუსში კი მხოლოდ 20 ავტომანქანის ადგილია გათვალისწინებული. ეს თავისთავად იწვევს იმას, რაც ახლა ბათუმში გვაქვს: თუ ამ 100-ბინიან სახლში 60 მესაკუთრეს მაინც აქვს მანქანა, 40-ს მოუწევს მანქანა სხვაგან გააჩეროს, მაგალითად ქუჩაში.

ასე იქცა ავტოსადგომად ქუჩები და ახლა უკვე სკვერებიც.

ბათუმის მერიას და საკრებულოს, ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ეზრუნა – პირიქით, ფაქტობრივად მისი ხელშემწყობიც კი გამოვიდა: წლებია მერია თვალს ხუჭავდა, როცა პარკინგისთვის განკუთვნილ, ე.წ. ნულ სართულებზე კომერციული ფართობები მოაწყვეს და მაშინაც, როცა პარკინგის ადგილები დიდი შემოსავლის წყაროდ აქციეს. არც საკრებულოში ამოუღიათ ხმა.

მიწისქვეშა სართულზე ერთი მანქანის საპარკინგე ადგილი 10-12 ათასი დოლარია გარეუბანში, ქალაქის ცენტრში კი 19 – 20 ათასი დოლარი.

იგივეა მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტების დამტკიცების შემთხვევაშიც: მშენებლები საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში კი მაქსიმუმ ოცამდე მანქანის ადგილს ტოვებენ, ზოგ შემთხვევაში ნაკლებსაც.

კომპლექსების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქში პარკინგის ადგილების პრობლემა გამწვავდა და კიდევ უფრო გამწვავდება: საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე, მინიმუმ 3-4 ისეთი პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ] ამტკიცებენ, რომელიც დიდი მასშტაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ამასთან, მშენებელი უპრობლემოდ იღებს მერიისგან თანხმობას [კ2]-ის გაზრდაზე. 

„დავავალდებულოთ, რომ პარკინგის ადგილი არ გაყიდოს, ასეთი პირობით მივცეთ თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე“, – ეს იდეა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ გააჟღერა.

მან მოითხოვა კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდის შემთხვევებში კომპანიამ მიწისქვეშა პარკინგი არ გაყიდოს. სხდომაზე ეს საკითხი სერიოზულად არ განუხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პარკინგის პრობლემებზე „ოცნების“ ფრაქციის წევრებმაც ისაუბრეს. პირიქით, საკრებულომ ერთი მეორის მიყოლებით დაამტკიცა მასშტაბური პროექტები, მინიმალური საპარკინგე ადგილებით.

საცობი

ფაქტები:

13 თებერვალს ბათუმის საკრებულომ 4 ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. აქედან ორი, ბათუმის ბულვართან ახლოს, რუსთაველის ქუჩის #20-სა და 21-ში ითვალისწინებს მშენებლობას. პროექტების მიხედვით, არც ერთ მათგანს ეზო არ ექნება და კომპანიები სამშენებლო მიწის ნაკვეთს სრულად გამოიყენებენ შენობის განსათავსებლად.

გდგ დოკუმენტის მიხედვით, 83-ბინიანი ახალი კორპუსის აშენების შემდეგ მთელ კვარტალში იქნება 397 ბინა, სადაც დაახლოებით 993 ადამიანი იცხოვრებს. ამას დაემატება კომერციული ობიექტები [350 კვ. მეტრი], ავტოსადგომის, სარდაფისა და ტექნიკური სათავსოებისთვის კომპანიამ 797 კვ. მეტრი გაითვალისწინა.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროექტი პარკინგისთვის 20 ადგილს ითვალისწინებს შენობის ნულოვან სართულზე და 6 ადგილს – გარე პერიმეტრზე. გამოდის, რომ 83-ბინიან სახლს, დამატებით კომერციული ფართობებით, პირველ სართულზე მხოლოდ 26 ავტომანქანის ადგილი ექნება. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანია შიდა პარკინგზე გათვალისწინებული 20 ადგილის გაყიდვას გეგმავს.

გდგ დოკუმენტს თან ახლავს პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია ამ პარკინგის ოცი ადგილის გაყიდვას, ჯამში 392 000 დოლარად გეგმავს – ერთი ადგილის ფასი 19 600 დოლარია. დოკუმენტში სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გეგმარებითი ტერიტორია სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში მდებარეობს და ახალი კორპუსის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო.

ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა.

სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 381 კვ. მეტრია. ნაკვეთი ვიწრო და მოგრძო ფორმისაა, ამიტომაც პროექტის ავტორს პარკინგის განსათავსებლად ადგილი არ ეყო.

„საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობისა და კონფიგურაციიდან გამომდინარე მიწისქვეშა სართულზე და უკანა ეზოში პარკინგის განთავსება შეუძლებელია. საპროექტო მიწის ნაკვეთს ორივე, სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები, რომლის სერვიტუტით დატვირთვაც შეუძლებელია, რათა გამოვიყენოთ სამანქანე გზად უკანა ეზოში მოსახვედრად.“ – ვკითხულობთ გდგ დოკუმენტში.

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ორი დეპუტატის კომპანიის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა [გდგ] საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მშენებლობის ნებართვამდე ერთი ნაბიჯი რჩება. გდგ-ს მიხედვით, პროექტი ზღვის სანაპიროზე სამი 54-სართულიანი, 180 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორია მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან მდებარეობს. ნაკვეთსა და თამარ მეფის გამზირს შორის სამი 12-სართულიანი კორპუსია, რომლებიც წლების წინ აშენდა.

12-სართულიანების გვერდით კიდევ ერთი ახალი სასტუმროს ტიპის 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ 2021 წელს გასცა. ეს კორპუსიც აშენებულია და როგორც 12-სართულიან სახლებში მცხოვრებლები ამბობენ – არც ეზო ჰყოფნით და არც პარკინგი.

„გადმოდიან და ჩვენთან აჩერებენ მანქანებს, რადგან საკმარისი ადგილი არ აქვთ“, – გვიყვება ნანული თებიძე, რომელიც აქვე ცხოვრობს.

ერთი მხრივ მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც არ ითვალისწინებს პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად. ადგილი არ არის და რა ვქნათ“, – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას, როცა მანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე თავადაც აპარკინგებენ.

საცობი, პარკინგის უკმარისობა… მხოლოდ მოქალაქეებს არ აწუხებთ. არჩევნების მოახლოებისას მთავრობაც იწყებს ამაზე ლაპარაკს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესახებ იცის.

„იცით, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, ჯეროვანი ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ საკითხს“, – განაცხადა რიჟვაძემ სხდომაზე, რომელსაც ბათუმის მერიც ესწრებოდა.

ამ დრომდე აჭარის მთავრობას მხოლოდ „ასნომრიანი სასტუმრო და კაზინო უნდოდა“ ქალაქის განვითარებისთვის – სწორედ ასეთი პირობით ასხვისებდნენ საინვესტიციო ნაკვეთებს ქალაქში და არასდროს ჩაუწერიათ საპრივატიზებო მოთხოვნაში: „პარკინგი ავტომანქანის ასი ადგილით.“

მსგავს კითხვებზე მთავრობა ყოველთვის პასუხობდა და უწყებებს შორის მიმოწერაშიც ხშირად ვხდებოდით შინაარსს, რომლითაც ირკვეოდა, რომ საინვესტიციო პირობას ინვესტორს არგებენ და არა ქალაქს. ინვესტორი კარნახობს მთავრობას, როგორ უნდა გამოუცხადონ აუქციონი – რაში ჩადებს ფულს.

საცობი ღამით

ბათუმის ყოფილი მერი, ჯემალ ანანიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე ორი ხელისუფლების პირობებში მუშაობდა, ამბობს, რომ მერი გადაწყვეტილებას ვერ იღებს და თუ მიიღებს დატოვებს თანამდებობას. შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც თვითმმართველობის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია არ უნდა განვიხილოთ ლოკალურ პრობლემებად.

„მხოლოდ მერი ან საკრებულო ვერ შეეწინააღმდეგება – ისინი იმ პარტიულ გუნდს წარმოადგენენ, რომელიც ქვეყანას მართავს. მათ კანონით უფლება აქვთ, რომ უარი უთხრან, მაგრამ პარტიული ნიშნით [არა]. ეს არცერთ კანონში არ წერია, თუმცა ჩვენ გვაქვს ისეთი პარტიული მმართველობა, როგორიც იყო კომუნისტური მმართველობის დროს“, – უთხრა „ბათუმელებს ჯემალ ანანიძემ.

ბათუმის ყოფილი მერი გვარწმუნებს, რომ მოქმედ მერს, არჩილ ჩიქოვანს არ შეუძლია ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოს: „უკეთეს შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს.“

„როგორც კი ავირჩევთ მერს, საკრებულოს წევრს, ის ფაქტობრივად მეორე დღიდან პარტიულ დაქვემდებარებაშია. თუმცა კანონში წერია, რომ ცენტრალური მთავრობა და თვითმმართველობა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით უნდა ურთიერთობდნენ და არა ისე, რომ ხელისუფლება ზემდგომია, მაგრამ პარტიული კუთხით მერს დაბალი თანამდებობა აქვს. კანონში არარსებული წესებით, კანონის გვერდის ავლით იმართება. პარტია ეტყვის – მე ჩავდე ამოდენა რესურსი შენ რომ მერი გამხდარიყავი, ამიტომ ვალდებული ხარ ჩემ წინაშე. ხალხმა რომ აირჩია და ანგარიშვალდებულია ხალხთან, ეს ავიწყდებათ, ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს გვინდა, რომ ხმა მოგვცენ… ამას უნდა დაესვას წერტილი“, – ამბობს ჯემალ ანანიძე.

ამის ერთ-ერთ ილუსტრაციას ჯემალ ანანიძე ყოროლისწყლის ხიდის დავიწროების ამბავს მიიჩნევს, როცა ეს ხიდი საქართველოს გზების დეპარტამენტმა ისე მოაწყო, რომ ბათუმის მერია ამაში არ მონაწილეობდა.

ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-და, რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ეს შედეგი არამხოლოდ კომპეტენციის ნაკლებობისა და გულგრილობის გამო მივიღეთ, არამედ საქმე გვაქვს კორუფციასთან:

„ეს არის მაგალითი თუ რეალურად როგორ აინტერესებს ხელისუფლებას მოქალაქეების ბედი. ხელისუფლება ხომ გვყავს იმისთვის, რომ მოქალაქეს შეუქმნას კომფორტი, მისცეს საშუალება, რომ ნორმალური პირობები ჰქონდეს, ნორმალურად იმგზავროს, ეს გზა იგივეა დღესაც, როგორიც იყო 90-იანი წლების დასაწყისში, მხოლოდ გამყოფი ზოლი გაკეთდა. ეს მაშინ, როცა ქალაქი გაიზარდა. ეს არის კატასტროფა, რასთანაც მიგვიყვანა არაკომპეტენტურობამ და მეორე მხრივ კორუფციის შედეგი. ეს ხიდი ისე დაავიწროვეს, რომ არავის დაუთვლია თუ რამდენი ავტომობილი შედის და გამოდის [ბათუმში]“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: