მთავარი,სიახლეები

ვინ იქნებიან „ოცნების“ დელეგატები აჭარიდან 2024 წლის არჩევნებზე

15.08.2024
ვინ იქნებიან „ოცნების“ დელეგატები აჭარიდან 2024 წლის არჩევნებზე

დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის, „ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა დელეგატების სია, რომლებიც რეგიონებში „ოცნების“ დელეგატები იქნებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

კობახიძემ აჭარაში სამი დელეგატი დაასახელა, ბათუმში, ქობულეთში და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში:

„ბათუმში იქნება არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“.

ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.

ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი – ბატონო ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი. ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.

ყველა დელეგატი პროპორციულ სიაში წარმოდგენილი იქნება გამსვლელ ადგილზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში, უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

არჩილ ბერიძე ჯგუფ „ალილოს“ ტენორია. იგი პოლიტიკაში ახალი სახეა.

გია ჭყონია, რომელიც ქობულეთის დელეგატობის კანდიდატი იქნება, მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა.

ეს ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ შემწირველია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შესწირეს 1 394 000 ლარი.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. „ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო 335 638 719 ლარი“, – წერს „გამჭვირვალობა“.

რაც შეეხება ანზორ ბოლქვაძეს, იგი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია და წელს მეხუთედ იქნება სიაში. ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. „გამჭვირვალობის“ ცნობით, მისი ნათესავების კომპანიების მილიონობით ლარის სარგებელს იღებენ სახელმწიფო შესყიდვებიდან.

ამავე თემაზე: ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

შემდეგი მოწვევის საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მხოლოდ მისთვის სასურველ პარტიას აირჩევს, პარტიას კი, უფლება აქვს, საარჩევნო სიაში კონკრეტული სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითოს კონკრეტული ოლქის დელეგატობის კანდიდატი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: