ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა

03.09.2022 • 4010
„ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვა მიიღო კომპანიამ მაშინ, როცა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.

„ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხვედლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში მიიღო გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა კომპანიამ უკვე მიიღო,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა,

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამ ეტაპზე აქ მხოლოდ „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობას იწყებს. თუმცა ეს „ჯებირი“, არსებული ესკიზების მიხედვით, სამომავლოდ, პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძულის შემადგენელი ნაწილი გახდება.

პროექტის მიხედვით, აქ ორი ნახევარკუნძული და ერთი კუნძული უნდა აშენდეს.

დღეს პროექტის პრეზენტაციაზე გამართული „მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაც“  იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია „ხელოვნური კუნძულის“ აშენებას „ჯებირის“ მშენებლობით იწყებს.

მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში – სქრინი TV „იმედის“ ლაივიდან

კონკრეტულად რაზეა გაცემული ნებართვა? – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 3 სექტემბერს, უთხრეს, რომ ამას სამუშაო დღეებში ანუ მომავალ ორშაბათს დაგვიზუსტებენ. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

ამ დრომდე ვერ დავუკავშირდით ასევე კომპანია „ამბასადორის“ იურისტს.

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე], „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ასეთი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღო.

აგვისტოს დასაწყისში კი, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „ნაპირდამცავი სამუშაოები საინვესტიციო პროექტის [ხელოვნური კუნძულის“] დაწყების დაანონსება“ იყო.

„მთლიანი პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და კანონმდებლობის სრული დაცვით, შემდეგ ისევ მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს, უკვე მთლიან პროექტზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაშინ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა გოჩა კამკიამ.

„ხელოვნური კუნძულის“ პრეზენტაციას პრემიერი ღარიბაშვილიც დაესწრო. მან პროექტს უნიკალური უწოდა და თქვა: „ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტები“.

„მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა ყველა პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში.

პრემიერის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება და 2 000 ადგილობრივი დასაქმდება.

ღარიბაშვილმა კომპანია „ამბასადორს“ მადლობა გადაუხადა „უნიკალური პროექტებისთვის“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში.

შეგახსენებთ: „ამბასადორმა“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის და მიიღო კიდეც ნებართვა. სწორედ ამ ნებართვას ასაჩივრებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად.

22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის გენგეგმა საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. დოკუმენტიდან ამოიღეს ჩანაწერი „ამბასადორის“ მშენებარე ობიექტის შესახებ, როგორც „ბულვარისთვის შეუსაბამო“.

ამ თემაზე:

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: