გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 აგვისტოს ბათუმსა და მთელს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 588 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
ტანკი – 8 434 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 16 341 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 16 536 ერთეული [+49]
MLRS – 1 142 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 916 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 327 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 325 ერთეული [+32]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 424 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 371 ერთეული [+86]
სპეცტექნიკა – 2 769 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
637 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 507 უპილოტო საფრენი აპარატი
563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 004 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 399 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
13 050 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 562 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თუ ევროკავშირს დავკარგავთ, თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგს მოიტანს, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობთ არ შევეგუებით ამ რეალობას“, – ამბობენ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები. „ბათუმელები“ მოსახლეობას მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე ესაუბრა.
„რომ გაიძახიან „ომი, ომი“, ვინ აწარმოებს ომს? ისევ რუსეთი აწარმოებს ხომ? არ აწარმოოს და თავისთავად არ იქნება ომი.
იძახონ ახლა, „გადაგარჩინეთ, გადაგარჩინეთ“, ხალხს გვინდა ევროპული კურსი, ევროკავშირში შესვლა გვინდა, რადგან უკეთესი ცხოვრება ვნახეთ და არ გვინდა უარესობაში დაბრუნება“, – ამბობს შაქრო ნაგერვაძე.
მისი აზრით, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ფაქტობრივად ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის.
„ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია გაიმარჯვებს. მთავარია, ქვეყნის კურსი არ შეიცვალოს. ვფიქრობ, ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ ევროპის მნიშვნელობა. ჩემი მეუღლეც მათ შორის მიიჩნევს, რომ ევროპის გარეშე უკეთესი ცხოვრება შეუძლებელია.
შაქრო ნაგერვაძე
ადრე, როცა არ გვქონდა ევროპული პროგრამები, ძალიან რთული იყო ცხოვრება. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას სჭირდება ევროპული სწავლა-განათლება, ევროპული მედიცინა, ევროპული სასამართლო, ხელფასი იქნება თუ პენსია – ყველაფერი.
აქამდეც ვიქნებოდით ევროკავშირში, მაგრამ ისე წაიყვანეს საქმე…
ერთ კაცზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო, ერთი კაცი მართავს ქვეყანას. ივანიშვილს დიდძალი ფული აქვს რუსეთში ნაშოვნი და უნდა შეინარჩუნოს ქონება. ევროკავშირში კი, სადაც სამართლიანი სასამართლოა, ვერ შეინარჩუნებდა, რადგან კორუფცია და ევროკავშირი თავსებადი არ არის.
ამ მთავრობას ევროპის კურსი რომ დაეჭირა, დიდი მხარდამჭერი ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ვუყურებ რომ ვიღუპებით, უკან მივდივართ, უფსკრულისკენ“, – ამბობს შაქრო.
მისი თქმით, რუსეთი სადაც შევიდა, ყველგან ნგრევა შეიტანა. „არ ქნა ხეირი. ამერიკას, საფრანგეთს, გერმანიას – ამხელა ქვეყნებს უარს ეუბნები და დგები ტერორისტული ქვეყნების გვერდით? რა ვიცი რა…
ან ანაკლიის პორტი ავიღოთ, კი ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ როცა შეიძლებოდა მეგობარ ქვეყნებს აეშენებინათ ეს პორტი, რატომ უნდა ააშენოს ჩინეთმა?
აშენებენ აგერ მაგისტრალს და ინგრევა მათი გაკეთებული. ასეთი იქნება ეგ პორტიც.
თუ ამ არჩევნებშიც გაიმარჯვეს, ვიქნებით დაჩაჩანაკებული სახელმწიფო, სიტყვის ამომღები არავინ დარჩება. რუსეთის გარეუბნების მსგავსად ვიქნებით ჩვენც.
ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, არ დავსხდეთ სახლში და უნდა გადავწყვიტოთ საქართველოს ბედი. ხმა მივცეთ დემოკრატიას, ევროპას და როცა დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, ვეღარც გაყალბება უშველით. კაი მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში“, – ამბობს შაქრო ნაგერვაძე.
მაგული კახიძე
მაგული კახიძის აზრით, ხელისუფლების არასწორმა ქცევამ, ხალხი დააშინა და დააბნია.
„ეს ხალხი დაბეჩავებულია, შეშინებულია იმით, რომ ხვალ შვილი მშიერი არ დარჩეს.
თუ ხალხს ნასწავლი კაცი არ წარუძღვა წინ, მარტო ხალხიც რაიმეს ვერ გახდება. ცხვრის ფარასაც წინ ყოჩი მიჰყვება.
ნამდვილად უნდა შეიცვალოს ისეთი ხელისუფლება, ვინც ხალხის გვერდით არ დგას. ხალხის ჭირი-ლხინი არ აინტერესებს და მარტო ფიქრობს თავის სკამსა და ჯიბეზე“, – ამბობს მაგული.
საუბარში გვერთვება ნათელა კახიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა „ქართულ ოცნებასაც“ მოსწონს, თუმცა „არც რუსეთის გაბრაზება უნდა“.
„მე რუსეთი ასი წელი არ მინდა, მაგრამ ჩემი თქმით რა გამოვა?
არცერთი არ მომწონს, ვინ ავირჩიო?
გინდა ოპოზიციონერი იყოს, გინდ მთავრობის წევრი, მინისტრი ან პოლიციელი, ადამიანი, რომელიც ბინძურ სიტყვებს იძახის საზოგადოების წინ, იგინება და უცენზურო სიტყვებს ამბობს, ყველა გასაყრელია“, – ამბობს ციალა კახიძე.
ციალა კახიძე
საუბარს ისევ მაგული აგრძელებს. მისი თქმით, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, მას შემდეგ, რაც სოფლის ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარდა, მიგრაცია შედარებით შემცირდა, რადგან მოსახლეობის ნაწილმა საოჯახო სასტუმროები გახსნა, სოფელში სამი რესტორანიც ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ასე თუ ისე, შემოსავალი გაუჩნდათ, მაგრამ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, მაინც ქალაქში ან უცხოეთში ცხოვრებას არჩევს.
„ხალხი საზღვარგარეთ გროშებზე მუშაობს, საქართველოში კი მიწებს და ბინებს უცხოელებზე ყიდიან. ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი. ქართველი წავიდეს და უცხოეთში მონად იმუშაოს?
ამ სოფლიდან ოჯახის ქალები არიან წასული, ზოგი გერმანიაში, ზოგი თურქეთში. ძალიან მენანებოდა, რომ სოფელი იცლებოდა. ახალგაზრდებს უფრო მეტად უნდა ამოვუდგეთ მხარში, რადგან სოფელს ახალგაზრდა სჭირდება.
თუ მთავრობამ ხელი არ შეგვიწყო და ახალგაზრდებს არ უბიძგა, მარტო სოფლის შემოსავლით ვერ იცხოვრებ“, – ამბობს ის.
მაგულის თქმით, სოფელში დღემდე მოუგვარებელია წყლის პრობლემა.
„წყალი ძალიან შორიდან გვყავს მოყვანილი და გვიჭირს. ნადირია ტყეში და წყლის მილებს აზიანებს… სოფელში ვიყო და წყალი გრაფიკით მქონდეს, რატომ?
ყველაზე მადლიერი ვართ, წყლის გამათბობლები და მზის პანელები რომ დაგვიდგეს. იაპონიის მთავრობამ აჩუქა ჩვენს სოფელს და ძალიან დიდი შეღავათია გლეხისთვის.
ეს რა გვეღირსა მოხუცებს, სულ ცხელი წყალი გვაქვს. დავზოგეთ შეშა, ნაჭუჭი, აღარ შევა ადამიანი ტყეში, რომ შეშა მოჭრას“, – ამბობს მაგული კახიძე.
ზედა ჩხუტუნეთში სოფლის მასწავლებელს, მალვინა სირბილაძესაც ვესაუბრეთ. ის წლებია სკოლაში ისტორიას ასწავლის და წელსაც USAID-ის გრანტი მოიპოვა კვლევებისთვის.
მისი აზრით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამ მიზნისთვის საზოგადოებამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
მალვინა სირბილაძე
„ვერ წარმომიდგენია, საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ უნდა ევროპა და განვითარება. რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, მით უფრო მაღალი იქნება განათლების დონე, განვითარება.
ახლა ჩვენ მოგვეცა ამის რეალური შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ვფიქრობ, რუსეთი ისევ აფერხებს ჩვენს ურთიერთობას ევროპასთან. აგენტების კანონიც იმიტომ გაიტანა „ოცნებამ“, რომ მათ ხელისუფლებას აძლიერებს. ამით მან ოპოზიცია ჩამოიშორა.
როცა ოპოზიცია არსებობს, ხელისუფლების და ოპოზიციის ჭიდილში იბადება საღი აზრი და თუკი მთავრობამ მოინდობა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ამას ოპოზიცია აფერხებს.
თუკი ქვეყანაში არ იქნება კრიტიკული მედია, მაშინ მთავრობა იქნება თავისუფლად და არხეინად. ეს ხელს უშლის უკვე განსხვავებული აზრის განვითარებას და არ არის კარგი“, – მიაჩნია მალვინა სირბილაძე.
ის შიშობს, რომ თუ ახლა ევროპასთან დაახლოების შანსი ხელიდან გავუშვით, გავხდებით რუსეთის ნაწილი. „ისე ვიქნებით, როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს“, – ამბობს მალვინა, თუმცა დარწმუნებულია, რომ თუ ხალხმა მოინდომა, ხალხის წინააღმდეგ ვერცერთი მთავრობა ვერ წავა.
„იმპერატორებიც კი, ხალხის გარეშე ვერავითარ ძალაუფლებას ვერ ფლობდნენ და მით უმეტეს დღეს, დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება ვერ იქნება ხალხის გარეშე“, – ამბობს მალვინა.
მის თქმით, საზოგადოების ნაწილს სჯერა საკუთარი ძალის, თუმცა არსებობს ნაწილი, ვისთვისაც მთავარი პირადი კომფორტია.
„ზოგი ფიქრობს, – მე რას უნდა გავხდე, ჩემი ერთი ხმა რას შეცვლის. ნაწილი ფიქრობს, – მე ვიყო კარგად და დანარჩენი რა ჩემი საქმეა. მაგრამ მთავარი სახელმწიფოებრივი აზროვნებაა, რადგან თუ შენი ქვეყანა არ არის კარგად და არ დგას სწორ გზაზე, მაშინ ყველა ადამიანისთვის ცუდია ეს.
მეც სხვებთან ერთად ვიბრძოლებ ასეთი მთავრობის წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო და საკუთარი თავის მოგებისთვის ქვეყანას გაწირავს.
ხალხი, საზოგადოება ისეთი რამეა, არ დათმობს თავისუფლებას. რაც მის ცხოვრებას წინ წაიყვანს, იმას არ დათმობს. სულ ხომ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება… ვერავინ დააზიანებს ქვეყანას და ხალხს წინ ვერავინ დაუდგება.
არჩევნებმა უნდა მოიტანოს სიახლე. ჩემი აზრით, ის არის მნიშვნელოვანი, ვინ რა სიახლეს მოიტანს. ბევრი რამეა შესაცვლელი, თუნდაც ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ბიზნეს კეთების საშუალება.
ადამიანები ქალაქში იმიტომ ცდილობენ გადასვლას, რომ აქ, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, ვერც სახლს აიშენებს, ვერც შვილებს ასწავლის. წელს მაგალითად პირველკლასელი არ გვყავს“, – ამბობს მალვინა.
მარინე ნაგერვაძე
ევროპული კურსის მომხრეა მარინე ნაგერვაძეც. მისი თქმით, ევროპული სტანდარტები გააუმჯობესებს ყველა სფეროში ხარისხს და ცხოვრების დონეს.
„ვიყავით საბჭოთა კავშირში, მაგრამ ვერ განვითარდა ქვეყანა. დაიშალა თავისით, რადგან იძულებით შექმნილი და ასეთი ჩაკეტილობით ვერაფერს მიაღწევ.
მაგაზე ძლიერი იმპერიები იყო, ბიზანტიის იმპერია დღემდე გაოცებას იწვევს, მაგრამ დაიშალა, რადგან იმპერიის პოლიტიკამ არ გაამართლა.
არჩევნებზე საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს. მე მაქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს. ხალხს ვეღარ მოატყუებენ, სისულელეა ის, რასაც აკეთებენ. ჩვენ ევროპის გარეშე არაფერი გამოგვივა და ეს გვაჩვენა წლებმა და დაკვირვებამ.
ბევრი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ვიღაც აკეთებს. ვიღაც არა, ევროკავშირი აგებს გზებს, მოჰყავს წყალი, აფინანსებს სხვადასხვა პროექტს. ბევრი რამ არ მოდის ხალხამდე, თორემ უფრო მეტი იქნებოდა. ამიტომ საღად მოაზროვნე, პატრიოტი პოლიტიკოსები გვჭირდება, რომ ბოლოს და ბოლოს, 30 წელი ციყვივით ერთ ადგილზე არ ვიბრუნოთ.
ხელების გადაგრეხის და ძალის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ასე არც დემოკრატია გვექნება, არც ეკონომიკა, ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ამას მხოლოდ ევროკავშირში შესვლით მოვახერხებთ“, – ამბობს მარინე ნაგერვაძე.
ალიოშა კახიძეც მიიჩნევს, რომ ხალხს სურს ევროკავშირში ცხოვრება და მის ნებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადავა.
„ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, რომელია უკეთესი. ხედვა ერთია, ერი წყვეტს მომავლის ბედს. დრონი მეფობენ და არა მეფენი. მთავრობა ხალხის მსახურია. მეფეები დროს აჩერებენ დროებით, მაგრამ ისტორიას წერს დრო.
ჩუსტებით მოსული ხალხი, რომ რეზიდენციებს აიშენებს, ჭკვიანი ჯდება კუთხეში და სათავეში იქნება მგელი“, – ამბობს ალიოშა კახიძე.
ალიოშა კახიძე
მისი თქმით, დღეს აგიტაცია-პროპაგანდა არავის სჭირდება, რადგან არ არის ინფორმაციის ნაკლებობა. „ხალხი მსოფლიოს იკვლევს ტელეფონით და დღესაც თუ არჩევანი ვერ უნდა გააკეთო, ის ქვეყანა იმ დღიდან ჩაძირულია.
ბოლო წლებმა მაინც დაგვანახა, რომ ევროპული კურსი უკეთესია. რა ვიყავით 20 წლის წინ და რა ვართ ახლა. რუსეთს კი აქვს მცდელობა, მაგრამ ჩვენ გონება სად გვაქვს?
ყველაფერი ვაკეთეთ ჩვენ, ვჭარით ის ტოტი, რომელზეც ვიჯექით. ამიტომ, თუ ევროპული სვლით არ ვიარეთ, ეს ქვეყანას ცუდად წაადგება, შეიძლება რუკიდანაც კი გავქრეთ“, – ამბობს ალიოშა კახიძე.
რევაზ კახიძე
რევაზ კახიძის აზრით კი, „ოცნება“ ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, თუმცა ეს არ გამოვა.
„როგორც ფიქრობენ, ისე არ აკეთებენ. ევროპაში მივდივართო ამბობენ და აზიისკენ მიდიან. შეიძლება ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეს პროცესი დაამუხრუჭოს, თორემ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, სხვა გზა არ გვაქვს.
კი, მეზობელ ქვეყნებთან კარგად უნდა ვიყოთ, მაგრამ ის, რაც კარგია და რაც ყველას უნდა, ჩვენც იმის მომხრე ვართ. ძალა არის ხალხი, რასაც იტყვის, ისე იქნება“, – ამბობს რევაზ კახიძე.
მისი აზრით, ხელისუფლება შეეცდება მოისყიდოს ადამიანები, თუნდაც 300-ლარიანი „სამსახურებით“, მაგრამ ალბათ ვერც ამით მიაღწევს მიზანს.
„ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – ამბობს ის.
ლელა გვიანიძე
„ჩემი შვილი მოგზაურობს, მიდის-მოდის, ამიტომ ევროპის კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ჩვენს ეკონომიკაზეც ცუდად აისახება.
აგერ იაპონიის მთავრობის დახმარებით მზის პანელები დაგვიმონტაჟეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სოფელში ასეთი პირობები გვექნებოდა. ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვაქვს, რომლითაც გლეხი სარგებლობს და მადლიერი ვართ ნამდვილად.
თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება გაგვიჩერდეს. ჩვენ ვიყავით რუსეთთან და ვიცით, რაც არის. ამიტომ ევროკავშირთან გვირჩევნია ყოფნა“, – ამბობს ლელა გვიანიძე.
მელანო ქობულაძე ცხრა წელია გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, თუმცა ახლახან სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანები ნაკლებად ტოვებენ სოფელს და ტურისტების ნაკადიც იზრდება.
თუმცა მელანო მიიჩნევს, რომ საჭიროა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რომ ახალგაზრდები ემიგრაციიდან დაბრუნდნენ.
„ვფიქრობ, რაღაც ოქროს შუალედი მაინც გამოინახება იმისთვის, რომ სწორი კურსით განვვითარდეთ. თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგებს მოიტანს, რასაც ველოდებით კიდეც, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობ არ შევურიგდებით ამ რეალობას.
ჩემი, როგორც მოქალაქის მოვალეობაა, მივიდე არჩევნებზე და მივალ აუცილებლად, დავაფიქსირებ ჩემს ხმას, ამიტომ ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე“, – ამბობს მელანო.
მელანო ქობულაძე
არჩევნებზე წასვლას ზურაბ პაპუნიძეც აპირებს. მისი აზრით, კარგია ის, რომ ბოლო წლებში ე.წ „ჩადებები“ აღარ არის და ადამიანების დაკავებაზე აღარ სმენია, თუმცა ტერორისტის გვერდით დგომას არავის უსურვებს.
ზურაბ პაპუნიძე
„ტერორისტის გვერდით არასდროს ვისურვებდი დგომას, თუნდაც ჩემი მტერი იყოს. საერთოდ კი, ევროკავშირი კი არა, ყველასთან უნდა ვიყოთ კარგად“, – ამბობს პაპუნიძე.
განსხვავებული აზრი აქვს მერაბ ძნელაძეს, რომელიც ფიქრობ, რომ მთავარია „რუსეთი არ გაღიზიანდეს“.
მერაბ ძნალაძე
„ჩვენი განვითარებით რუსეთს ხელი ეშლება. რომელი ქვეყნებიც დაკარგა, ყველგან შევიდა ნატოს ჯარი. ამიტომ რუსეთი ღიზიანდება“, – გვეუბნება ის.
მას ვკითხეთ, რა არის მთავარი, რა უნდა ქართველ ხალხს, თუ რა სურს რუსეთს?
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ნატო, მაგრამ სიკვდილს სიღარიბე ვარჩიეო, ხომ გსმენიათ? მაშინ ომი გარდაუვალია. „მე ვამბობ, რომ ნეიტრალური ვიყოთ“, – ამბობს მერაბ ძნელაძე.
მერაბ ძნელაძის აზრით, „რადგან რუსეთი ძლიერია, ამიტომ ასე სჯობს.“
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, აგვისტოს ომს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათი ხალხისა და ქვეყნის „ინტერესები იმ მახინჯი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ“ დაიცვეს.
მედვედევმა უკრაინაში მიმდინარე ომი 2008 წლის საქართველოს ომს შეადარა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი – ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.
მოსკოვის პოზიციით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც „ოსი ხალხის დასაცავად დადგა“, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა იზიარებს რუსეთის ამ ნარატივს, რომ აგვისტოს ომი საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის „ავანტიურის“ შედეგია და ახლახან დააანონსა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომს „სამართლებრივად შეაფასებს“.
„2008 წელს ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები იმ შეშლილი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ. მიმდინარე საომარი კამპანია ასევე დასრულდება რუსეთის უპირობო გამარჯვებით“, – დაწერა მედვედევმა.
7 აგვისტოს, 16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის „აგვისტოს ომის“ დაწყებიდან. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.
კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.
„შუამთობის“ დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 310 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, 2024 წლის 4 აგვისტოს გაიმართა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეშუმში პოლიციელთა მობილიზებით შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა დეპარტამენტის თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფაზე“, რისთვისაც დაიხარჯა 4 247 ლარი.
„შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პატაკის საფუძველზე დაგვევალა აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მობილიზებული სულ 310 თანამშრომლის საკვებით [საკვები პროდუქტის ნაკრებით] უზრუნველყოფა ერთი დღით, 2024 წლის 04 აგვისტოს.
გამომდინარე აქედან საჭირო იყო უმოკლეს ვადაში მომხდარიყო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება“, – წერს დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობით დახარჯული თანხის შეთანხმებას სთხოვს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით:
„საკვები პროდუქტის 1 ნაკრების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა – 13 ლარი და 70 თეთრი.
საკვები პროდუქტის ნაკრებში შევიდა: 1 ცალი ფენოვანი ხაჭაპური ყველით – 3,80 ლარი; 1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით – 4,50 ლარი; 1 ცალი ღვეზელი საქონლის ხორცით ფენოვან ცომში – 2,50 ლარი; 1 ცალი კოკა-კოლა (0,5 ლ) – 1,70 ლარი; 2 ბოთლი წყალი „მთის“ 0.5ლ – ერთეულის ფასი 0,60 ლარი, ჯამში – 1.20 ლარი.“
„თუ კი ვერ მოხდებოდა 2024 წლის „შუამთობა“-ს დღესასწაულთან დაკავშირებით, მობილიზებული თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს. ასევე, პოლიციელებს ხელი შეეშლებოდათ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულფასოვან შესრულებაში“, – წერენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან შესყიდვების სააგენტოს.
შუამთობაზე ბეშუმში იმყოფებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოსა და აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მთავარი ფოტო: „შუამთობა 2024“, ბეშუმი / ხულოს მერიის ფოტო
ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, გუშინ, 7 აგვისტოს ფოთიდან ჩამოვიდა ბათუმში.
„ბათუმელები“ ესაუბრა დაჩის დედას, რომელმაც გვითხრა, რომ მოზარდი პატარა ზურგჩანთით წამოვიდა ბათუმში, აცვია ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და თეთრი ბოტასი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ადასტურებს უკრაინული ჯარების წინსვლას 10 კილომეტრამდე სიღრმეში რუსეთში, კურსკის რეგიონში.
„დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქში მექანიზებული შეტევითი ოპერაციების ფონზე“ – წერენ ISW-ის ექსპერტები.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ჯავშანმანქანებმა სავარაუდოდ მიაღწიეს პოზიციებს 38K-030 გზატკეცილის გასწვრივ, საერთაშორისო საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში.
კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ უკრაინელმა ჯარებმა სავარაუდოდ შეაღწიეს რუსეთის მინიმუმ ორ თავდაცვით ხაზში.
„კრემლის რეაქცია უკრაინის თავდასხმებზე კურსკის რეგიონში ამ დრომდე წინააღმდეგობრივი იყო, რადგან რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ძალისხმევის ესკალაციად წარმოჩენას, პოტენციური შედეგების გაზვიადების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის.
ISW-ი წერს, რომ ზოგიერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა მკვეთრად გააკრიტიკა რუსული სამხედრო სარდლობა კურსკის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარებმა გამოიყენეს FPV დრონი კურსკში რუსული ვერტმფრენის, Mi-28ის ჩამოსაგდებად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ამ დრონის წარმატებით ადაპტაციას.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები პიკს მიაღწევს დაახლოებით ორ თვეში, რაც ემთხვევა ISW-ის შეფასებას რუსეთის ამჟამინდელი შეტევითი შესაძლებლობების შესახებ.
უკვე მესამე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილით იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგერიებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაშალეს.
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] საავტომობილო ახალი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის განხილვა ბათუმსა და ჭარნალშია დაგეგმილი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება:
2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25]
2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
„პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 131 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 112 კერძოა – აქედან 63 რეგისტრირებული, 49 ლეგალიზებული. აღნიშნული კერძო ნაკვეთებიდან 64 სასოფლო-სამეურნეოა. პროექტი შეეხება 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს, 1 კორპუსს 9 ბინით. აღწერის შედეგად გამოვლინდა 50 ზემოქმედების ქვეშ მოქცეული შინამეურნეობა, აქედან 18 შინამეურნეობა საჭიროებს ფიზიკურ განსახლებას“, – აღნიშნულია გზშ-ში.
გზშ-სთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს [ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა:
ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ].
გზშ-ს ანგარიშის განხილვის შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ახალი ავტობანი დაიწყება ბათუმის სამრეწველო ზონაში [სადაც სპეციალური კვანძით დაუკავშირდება დღეს მშენებარე ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ] და დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].
ბათუმი-სარფის ახალი გზის ის საპროექტო მარშრუტი, რომლითაც იგეგმება გზის მშენებლობა, თავის დროზე გააპროტესტეს სარფში. მოსახლეობა შიშობს, რომ ეს ვარიანტი საფრთხეს უქმნის სარფის პლაჟს და ითხოვდა გზა სხვა, ალტერნატიული მარშრუტით დაპროექტებულიყო.
საპროექტო გზის მარშრუტი უცვლელი დარჩა, გზების დეპარტამენტი კი, უკვე მომზადებულ გზშ-ს ანგარიშში პასუხად წერს, რომ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს. სარფის სანაპიროს ტერიტორიაზე გზის გაყვანა არ ხდება“.
გარემოს სააგენტოს მოთხოვნით, გზშ-ის ანგარიშში გზების დეპარტამენტს უნდა წარმოედგინა ასევე „ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“
„მიწის ნაკვეთების მფლობელების, კომპენსაციის და შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სცილდება გზშ-ს ფორმატის მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხები განსახლების/მიწის შესყიდვის გეგმის და მისი შესრულების ნაწილია. გზშ-ში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული საკუთრებების, პირების/ბიზნესების რაოდენობის შესახებ“, – აღნიშნულია გზშ-ში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 587 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
ტანკი – 8 431 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 16 332 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 16 487 ერთეული [+36]
MLRS – 1 142 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 914 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 366 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 327 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 293 ერთეული [+81]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 424 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 285 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 2 767 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
636 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 402 უპილოტო საფრენი აპარატი
563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 937 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 398 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 976 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 528 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 10 წლის ვადით გაასხვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. მყიდველი შპს „ალმაა“.
ინფორმაცია აუქციონში გამარჯვების თაობაზე კომპანიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ეს ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ ვებგვერდზეცაა განთავსებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს.
კომპანიის დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა.
რეკლამის განთავსების უფლების საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარი იყო, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი. რეკლამის განთავსების უფლება კონკურენციის პირობებში 22-ე ბიჯით 29 მილიონ 558 604 ლარად გაიყიდა. ციფრები სოლიდურად გამოიყურება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სარეკლამო ბაზრის ექსკლუზიური უფლების მოპოვება მომავალში კომპანიას დიდ მოგებას მოუტანს: მხოლოდ ერთ საარჩევნო წელს კომპანია რამდენიმე მილიონის ამოღებას შეძლებს, რადგან არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის გამოჭიმვა ბილბორდზე თითქმის ყველა პარტიას სურს. ამ დროს კი სარეკლამო ბილბორდების ფასი ძალიან ძვირია.
პარტიების დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია იმის თქმაც, რომ თავად მმართველი პარტია არჩევნებზე რეკლამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს. თვითმმართველობის არჩევნებზე განხილვის საგანი იყო ისიც, რომ ბათუმში ბილბორდების უმეტესობა „ოცნების“ კანდიდატებმა დაიკავეს. ოპოზიციამ კი მათი დაქირავება ვერ შეძლო.
ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლება შპს „აჯადს“ ჰქონდა გადაცემული, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. „ბათუმელებმა“ ადრეც დაწერა, რომ ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანია შპს „ალმას“ სურდა.
ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.
აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის მფლობელს რჩება ასევე ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად.
აუქციონში გამარჯვებულმა ნებართვის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სანებართვო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, ბათუმის მერია ნებართვის მფლობელს აძლევს გონივრულ ვადას [არანაკლებ 90 დღე] დარღვევის აღმოსაფხვრელად.
დამატებით ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობას მერია განიხილავს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად.
მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა და ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უქმდება. ამასთან, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
როგორი ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში არჩევნებისთვის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას.
„თუ თქვენ გადახედავთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, ნახავთ, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან არც კი გაგვიწყვეტია. „კარდაკარ“-ის პრინციპით დავდივართ ყველა ოჯახში, ყოველდღიურად ვმოძრაობთ“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ.
„წინა დღეს კაპრეშუმში ვიყავით. წყლის, გზის პრობლემა აღმოჩნდა. სადაც პრობლემებია, ჯერ, სანამ არის რუსული ოცნება ხელისუფლებაში, „ლაივებით“ ვახსენებთ მათ ამ პრობლემების შესახებ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან ახლოს ვიყოთ და მათ პრობლემებს ვიცნობდეთ. 16 წლიდან ვარ ხელვაჩაურის რეგიონულ ორგანიზაციაში (ახალგაზრდული ორგანიზაციიდან მოყოლებული) და ზეპირად ვიცი ყველა სოფელში და ყველა ოჯახში ვის რა უჭირს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნიდან არ უნდა გარბოდნენ მოქალაქეები. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ევროკავშირის დოვლათი აქ უნდა შემოვიტანოთ და შეიქმნას სამუშაო ადგილები. პირველ რიგში დასაქმების პრობლემაა.
21 საუკუნეში წყლისა და გაზიფიცირების პრობლემაცაა რამდენიმე სოფელში, ჯერ კიდევ. ასევე, გზების, გარეგანათების… ეს ყველაფერი გამოიწვია კორუფციამ, რაც არსებობს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით – აჭარის რეგიონში. კიდევ უფრო განსაკუთრებით კი – ხელვაჩაურში“, – გვეუბნება მიშა ბოლქვაძე.
ჩვენ მას იმ სამი ძირითადი პრობლემის დასახელება ვთხოვეთ, რომელიც, მისი აზრით, ხელვაჩაურის მოსახლეობას აწუხებს.
„წყლის მომარაგების პრობლემა – სასმელი წყალიც კი არ აქვს მოსახლეობას, მითუმეტეს, რომ ზაფხულია. ისე ხდება პროექტების მომზადება, რომ არ საზღვრავენ – წყლის დებეტი იქნება, არ იქნება… ისე კეთდება წყლის ჭავლები და ჭაბურღილები, რომ წყალი არც კი ამოდის, ესაა პრობლემა. პროექტების მომზადების დროსაც ძალიან ბევრი ხარვეზია და ეს იწვევს იმას, რომ საბოლოოდ მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. მხოლოდ კაპრეშუმში და ორთაბათუმში არ არის ეს პრობლემა, ახალშენშიც იგივე პრობლემაა, თხილნარში, ახალსოფელში… ხელვაჩაურის სოფლების 60 პროცენტში არის სასმელი წყლის პრობლემა.
მოუწესრიგებელი შიდა სასოფლო გზები – ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი ვერ მიდის, სამწუხაროდ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე წელი გაუქმებული ჰქონდათ. აი, ამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ყოველწლიურად რომ ბეტონის საფარი შეეძინათ და დაეგოთ, დღეს არ იქნებოდა შიდა გზების პრობლემა. ბოლო წლებში გააგრძელეს ეს პროგრამა, მაგრამ არ არის საკმარისი თანხა, რომ ყველა სოფელში და ყველა ოჯახთან მივიდეს გზა.
მუნიციპალური ტრანსპორტი და სამარშრუტო ხაზები რაც იყო, თითქმის ყველა გაუქმებულია. სამება, ხეყრუ, ზედა ახალშენი, ორთაბათუმის სოფლები… ყველა სოფელი მიკროავტობუსის გარეშეა დარჩენილი, რაც არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.
მაგალითად, ისეთი პროგრამა გვქონდა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების გადაყვანას ემსახურებოდა ტრანსპორტი, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და უნაზღაურებდნენ ამ სატრანსპორტო კომპანიას. წინა წლებში ადგნენ და გააუქმეს. მერის პასუხი კი იცით რა იყო? – ყველა ოჯახში არის მანქანაო და ყველა ოჯახში თუ არაა, მეზობელი ჩამოუვლის და წაიყვანს მეზობელი ბავშვსო. აი, ეს იყო პასუხი, რაც, მგონი, დაცინვაცაა მოსახლეობის. მეზობელს რატომ და როგორ უნდა ელოდოს დილით ბავშვი ან 5-10 კილომეტრი როგორ უნდა ატარონ ხელით? ყველას არ აქვს ტაქსის დაქირავების საშუალება.
ერთი კვირის წინ ვიყავი განთიადში, „კარდაკარ“-ზე და იქაც იგივე პრობლემა იყო ზუსტად. მუნიციპალური ტრანსპორტი აუცილებელია და არის ბიუჯეტში ამის საშუალება. ათეულობით ერთეულ მანქანებს იძენენ ყოველწლიურად, ამის ნაცვლად შეიძინონ მუნიციპალური ტრანსპორტი და როგორც ქალაქშია სამარშრუტო ხაზები, შესაძლებელია, ისე მოეწყოს ხელვაჩაურის სოფლებშიც“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
როგორც მიშა ბოლქვაძემ გვითხრა, თავად იქნება ხელვაჩაურის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის შტაბის უფროსი და შტაბს უკვე დაწყებული აქვს აქტიური წინასაარჩევნო მუშაობა.
„მოსახლეობა ჩვენთან შეხვედრებისგან არ იკავებს თავს, ერთადერთი, ვინც სოციალურად ჰყავთ დასაქმებული, მიბმული ბიუჯეტზე და ეუბნებიან – „შენ ჩემი უნდა იყო და თუ დაგინახავ სადმე ოპოზიციის შეხვედრაზე, ლაივში ან ა.შ., გაგიუქმებთ დახმარებასო, ისინი ფოტოს გადაღებას ერიდებიან. გვეუბნებიან, ვიცით, ვის უნდა მივცეთ ხმა, არ ვაძლევთ მთავრობას ხმას, უბრალოდ ფოტო არ გადამიღოთ, არ მინდა, რომ გამოვჩნდეო.
შიშის ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ოღონდ იცის იმ ხალხმა, არჩევნებზე მათმა პოზიციამ ხელისუფლება რომ უნდა შეცვალოს. არა მგონია შიგნითაც ადამიანებმა შიშის ფაქტორის გამო გააფერადონ 41 ნომერი. არჩევნებს ელოდება ყველა, როგორც მე ვხვდები.
2020 წელს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის. 2021 წელს კი მერობის კანდიდატი ვიყავი და მსგავსი ერთსულოვნება, ახლა რასაც ვხედავ საზოგადოებაში და სოფლებში, არ მინახავს. „ოცნების“ კოორდინატორიც კი იძახის, რომ ავიღო უნდა ხელფასი, თუმცა არ ვუჭერ ამათ მხარსო“,- ამბობს მიშა ბოლქვაძე.
მისი თქმით, მალე ექნებათ საარჩევნო პროგრამა, რომელიც უშუალოდ აჭარის მოსახლეობაზე იქნება მორგებული: „ჯერ დამუშავების პროცესში ვართ. 15 აგვისტოს შემდეგ უკვე ღიად ვისაუბრებთ, ფლაერიც დამზადდება ამ დროში და აგვისტოს ბოლოდან უკვე მოსახლეობაში გასატანი და მედიებისთვის გასაცნობი საარჩევნო პროგრამაც მზად გვექნება“.
მიშა ბოლქვაძე
მიშა ბოლქვაძის თქმით, მუშაობენ კოორდინატორების აყვანაზე, რომელთანაც გამართავენ შეხვედრებს:
„გვინდა მათ ავუხსნათ, რომ ყველა მოქალაქეს, მეზობელს, ნათესავს, მეგობარს ესაუბრონ და აუხსნან, რომ გამოცხადდნენ არჩევნებზე, ეს არის მთავარი. მთავარია მოსახლეობა მივიდეს არჩევნებზე და დარწმუნებული ვართ, რომ იქ მისული ადამიანი 41 ნომერს აღარ დაუჭერს მხარს. ვეღარ დააშინებენ ამ ხალხს, გამორიცხულია.
ყველა მესამე ოჯახიდან ადამიანი წასულია სამუშაოდ ევროპაში – პოლონეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში… ევროკავშირის ქვეყნებში. თუნდაც აგერ თურქეთია ხომ ჩვენი მეზობელი, ნატოს წევრი ქვეყანა და აი, მედიკამენტიც რომ არის ელემენტარული, ეს ხალხი იქ გარბის. ან ჯანდაცვაში თუ რამე სჭირდება ადამიანს, გაჰყავთ ევროპაში სამკურნალოდ, საოპერაციოდ. ამ ხალხმა დაინახა, რას ნიშნავს ევროკავშირი.
ხალხმა დაინახა, რომ რუსეთს უნდა მხოლოდ ჩვენი დამონება, ტერიტორიების დაპყრობა, ევროკავშირი კი ფინანსურადაც, ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენს მოქალაქეებში განათლება ამაღლდეს, კარგი თავდაცვა, ჯანდაცვა გვქონდეს და ა.შ. კარგად ჩანს ეს ჩვენს სოფლებში, მოქალაქეების განწყობაში. ჩვენ დამატებით იმას ვუხსნით, რომ ხელისუფლება რომ აშინებს მათ, თითქოს ევროკავშირთან დაახლოება რუსეთთან ომს გამოიწვევს, სინამდვილეში ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული.
ვეუბნები – ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში რომელიმე კვადრატული მეტრი გადმოუწევიათ, გადაუწევიათ, რომელიმე მოქალაქე მოუტაცებიათ, ტანკი შეუგორებიათ ევროკავშირის ქვეყნებში? არა, რა თქმა უნდა. როცა გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენც დაცული ვიქნებით და სწორედ ეს არ უნდა რუსეთს, რომ დაცულები ვიყოთ-მეთქი.
კარგად ჭრის „იმედის“ დეზინფორმაცია, აშანტაჟებენ ხალხს. ასაკით შუახნის ზემოთ ვინც არის, მათ აქვთ ომის შიში ძირითადად, ახალგაზრდებში ეს ხედვა საერთოდ არ არის. შუახნის ხალხმა რუსული აგრესიაც რომ იცი და გამოვლილი აქვთ, უფრო აშინებთ ეს და ასევე, უფრო ზედა სოფლებშია ეს განწყობები, ქალაქთან მიბმული სოფლებში – ნაკლებად“, – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ ინტერვიუს დასასრულს.
სამი დღის წინ გაიხსნა პარტია „ლელოს“ ოფისი ხელვაჩაურში. როგორც ხელვაჩაურში „ლელოს“ შტაბის წევრი, ნოდარ თურმანიძე გვეუბნება, ოფისი ჯერ აქტიურ წინასაარჩევნო მუშაობის პროცესზე გადასვლისთვის მზად არ არის. „ჯერ გვინდა სრულად მოვამზადოთ ოფისი, რათა მერე შეუფერხებლად დავიწყოთ ჩვენი საქმე“ – გვეუბნება ნოდარ თურმანიძე.
მისი თქმით, ჯერჯერობით ისიც არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნება „ლელოს“ ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი.
„მოსახლეობასთან შეხვედრა ჯერ არ დაგვიწყია. ვინც ჩვენი ხალხია, ჯერ მათთან გვაქვს კონტაქტი. ვმუშაობთ, ვფიქრობთ, ერთი-ორი კვირა დაგვჭირდება შტაბის საბოლოო ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და ვიმუშავებთ მისი მიხედვით. დანარჩენი, პრობლემებზე ხალხს რომ ვკითხავთ, შემდეგ გვეცოდინება და ჩვენც მერე გიპასუხებთ თუ ხალხს რა პრობლემები აქვს. ჩვენ ჩვენს პროგრამას გავაცნობთ მოსახლეობას, როცა მათთან შესახვედრად გავალთ.
მოსახლეობასთან შესახვედრად ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ. „კარდაკარ“-ის პრინციპიც გვექნება და კოორდინატორებიც გვეყოლება“, – გვეუბნება ნოდარ თურმანიძე და დასძენს, რომ მოსახლეობისგან მოსმენილ პრობლემების ნუსხას აუცილებლად გააცნობენ „ლელოს“ ცენტრალურ ოფისსაც.
„ზოგიერთ თემში გვაკლია კოორდინატორები და სწორედ ამას ვაკომპლექტებთ ახლა. აგვისტოს ბოლოსთვის ეს საკითხი სრულად უნდა გვქონდეს გადაჭრილი“ – გვითხრა მან.
ნოდარ თურმანიძე
„მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დავიწყეთ და მათ „კარდაკარ“-ის პრინციპით ვხვდებით. ვეცნობით მათ პრობლემებს და ჩვენს პოლიტიკურ გეგმას ვაცნობთ მოსახლეობას. ჯერ სრულად არ დაგვიფარავს ხელვაჩაურის სოფლები, მხოლოდ ზოგიერთ მათგანში ვიყავით“, – ამბობს ნესტან დიდმანიძე, პარტიიდან – „გახარია საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი.
მისი თქმით, სამუშაო ბევრი აქვთ, რადგან მასშტაბური შეხვედრების დაწყებას მოსახლეობასთან ამის შემდეგ გეგმავენ.
„ბევრთან ვართ მისასვლელი. მაგალითად, მე სოფელ მარადიდში ვცხოვრობ და აქ უკვე ვიყავი რამდენიმე ოჯახთან.
ხელვაჩაურში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ სოფლებში ცხოვრობენ ისინი. მაგალითად, ჩემი თემის მოსახლეობას სულ სხვა პრობლემები აქვს და სხვა სოფლებში ცოტა განსხვავებული პრობლემებია – დავუშვათ წყლის მომარაგების, მოსაცდელები არ არის, განათება არ არის და ა.შ“, – გვითხრა ნესტან დიდმანიძემ.
მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ერთი რეგიონული შტაბი აქვს აჭარაში, რომელიც უკვე გაიხსნა და დაიწყო მუშაობა.
„გვაქვს შიდაპარტიული კონსულტაციები დავალებებთან და ჩვენს განაწესებთან დაკავშირებით“, – გვეუბნება ინტერვიუს ბოლოს ნესტან დიდმანიძე მათი წინასაარჩევნო სამზადისის შესახებ ხელვაჩაურში.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნოდ აჭარის ჯანდაცვის პროგრამებს ახალი ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ დაემატა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 88 ათასი ლარია.
პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან ოჯახები, რომელთა შემადგენლობაში არის 16 წლამდე ასაკის ერთი წევრი მაინც და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 120 001 და მეტი, მაგრამ ნაკლები 150 001- ზე.
მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 5 კვირით ადრე შეიტანა. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად.
კოდექსის ამ ჩანაწერს „ქართული ოცნება“ ფორმალურად არ არღვევს, თუმცა ოფიციალური საარჩევნო კამპანიისა და შესაბამისად, შეზღუდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც, იურისტების შეფასებით, „მოტივირებულია საარჩევნოდ“. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა, მაგალითად, სტუდენტთა სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამა.
აჭარის 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 19 ივლისს შესული ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 59 მილიონით გაზარდეს, შედეგად ეს მაჩვენებელი ახლა 708 მილიონ 750 ათასი ლარია.
შემოსავლები კი, როგორც აჭარის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა – ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით, 40 ათასი ლარით გაიზარდა და 575 ათასი ლარია.
სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის ცვლილება ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელი ახალი და მოქმედი პროექტების მოცულობის ცვლილებით არის გამოწვეული და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებითა და სხვა გარემოებებით.
მთლიანობაში გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა 62 მილიონ 892 400 ლარით გაიზარდა.
ყველაზე მეტი, 10 მილიონი ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუმატეს. ნამატი თანხა ასე გადანაწილდა: 2 მილიონ 088 000 ლარი ახალი ქვეპროგრამისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ გაითვალისწინეს. ასეთი გადაწყვეტილებების პარალელურად სხდომებზე დებატების დროს, ასევე, მედიასთან საუბრისას, მმართველი პარტია უარყოფს, რომ ქვეყანაში სოციალური დახმარების მიღების მთხოვნელმა იმატა.
3 მილიონი ლარით გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. ამ მიმართულებით დაფინანასება რომ არ არის საკმარისი და სახელმწიფოს დახმარება საჭიროებებთან შედარებით „ზღვაში წვეთია“ ამაზე პაციენტები დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა უშედეგოდ.
ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ„კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავაონლაინ პეტიცია– „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. პეტიციის ხელმომწერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.
აქცია
1 მილიონი ლარი ემატება ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის დაფინანსებას; 40 000 ლარით გაზარდეს სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი; 485 700 ლარით იზრდება სოციალური პროგრამები; 264 000 ლარი დაემატა სახსრების ენდოპროტეზირების პროგრამას; 100 ათასი ლარი კი – უშვილობის დიაგნოსტირებას.
2 მილიონი ლარით იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება. 244 000 ლარით გაიზარდა – თავშესაფრით უზრუნველყოფა.
4 მილიონ ლარზე მეტი დაამატეს ინფრატრუქტურული პროექტების დაფინანსებას
3 მილიონ 744 000 ლარით გაზარდეს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაფინანსება, 613 900 ლარით – საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა.
7 მილიონით გაიზარდა აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. აქ 700 000 ლარზე მეტი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მატერიალური უზრუნველყოფისთვის დაამატეს, 2 მილიონ 500 ათასი ლარი დაემატა საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის დაფინანსებას, 300 000 ლარი კი საზღვაო აკადემიისთვის გაითვალისწინეს.
560 000 ლარით გაიზარდა პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
100 000 ლარით გაზარდეს აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა სტიპენდიების დაფინანსება. ჯამში 400 000 ლარზე მეტით გაზარდეს ფოლკლორის პოპულარიზაციის და კულტურის წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხოლოდ 1 მილიონ 209 000 ლარი შეხვდა, აქედან 927 000 ლარი ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს.
არჩევნების წინ 2 მილიონით გაზარდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი – ამ ფონდიდან ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ან სამედიცინო ცნობის საფუძველზე საჭირო სერვისის დასაფინანსებლად გასცემენ ერთჯერად დახმარებებს.
26 აგვისტომდე 2 კვირაზე ცოტა მეტი რჩება, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებას, დიდი ალბათობით, აღარ გეგმავენ, აჭარის უმაღლესი საბჭო კი მუშაობის მიწურულს ალბათ ბოლო სიმბოლურ სხდომას სექტემბერში გამართავს.
რაც შეეხება ბათუმის ბიუჯეტს, ქალაქის საკრებულოს სხდომა 9 აგვისტოს აქვს დაანონსებული. ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში ბიუჯეტში ცვლილება არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული ის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანონ, როგორც დამატებითი საკითხი.
საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაედინება სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევები მოწმობს, რომ ასეთი ძლიერი ემიგრაციული ნაკადები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია – დაბალანაზღაურებადი სამსახურები, უმუშევრობა. შშმ პირებისთვის ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს მათი საჭიროებების სისტემური გაუთვალისწინებლობა და ამის შედეგად სხვადასხვა აუცილებელ სერვისებზე ხელმიუწვდომლობა.
საქართველოდან 2022 წელს 54 509 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის იყო ალექსი წეველიძე, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებელი. ის გერმანიაში წასვლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, საქართველოში სოციალური და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას ასახელებს: „როდესაც არ არის სხვა გამოსავალი, არ არსებობს გარანტიები, არ არსებობს კანონი – სხვა გზა არ არის“.
„ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ვიმყოფები მესამე წელია, 2022 წლის იანვარი რომ დადგა, მაშინ წამოვედი… საქართველოში, ინფრასტრუქტურულად, ჩემთვის გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო. არ მყავდა პერსონალური ასისტენტი, მე კი არა, ზოგადად, არ არსებობდა ასეთი ინსტიტუტი, ახლა დაიწყეს საპილოტე რეჟიმში [პროგრამა]… და ახლაც არ არის გამართული; ასევე, მიზეზი იყო საკანონმდებლო ხარვეზები და ჯანდაცვისა და განათლების სერვისების არარსებობა, რომლებიც ადამიანის განვითარებისა და ცხოვრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ჰყვება ის.
ბათუმი, თაყაიშვილის ქუჩაუსინათლოთა ბილიკი ჯავახიშვილის ქუჩა
ალექსი წეველიძე ამბობს, რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბრისა და მათ მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირების საჯარო მხილების გამო, ის ირიბად არაერთხელ გამხდარა დევნის ობიექტი: „ვმუშაობდი შშმ პირთა საკითხებზე, TV12-ზე მიმყავდა გადაცემა „შენ შეგიძლია მეტი“, – შშმ აბრევიატურით, რომელიც ორიენტირებული იყო სწორედ იმ პრობლემების გაშუქებაზე, რომელიც ეხებოდა შშმ პირებს…
როდესაც მე ვსვამდი ლეგიტიმურ კითხვებს, ეს აღიზიანებდა სხვადასხვა ინსტიტუტში მოკალათებულ იმ პირებს, ვისი კომპეტენციაც ეს იყო და ვისაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამის გამო, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბი გზებით იყო მითითებები, რომ გავჩუმებულიყავი, თორემ განსხვავებული აზრის გამო შესაძლებელი იყო შემქმნოდა რაიმე ტიპის პრობლემები. არ ვიცი რას გულისხმობდნენ. ჩემთვის ნებისმიერი ტიპის პრობლემის შექმნა საფრთხისშემცველია”.
ალექსი ამბობს, რომ შშმ პირთა უფლებებზე საუბარი თავიდან უსინათლოთა კავშირიდან დაიწყო, რომლის წევრობიდანაც იგი საბოლოოდ გარიცხეს კიდევაც; დღეის მდგომარეობით, ამ ორგანიზაციაში არსებულ კორუფციულ სქემებზე სასამართლო მსჯელობს, ამ საქმეზე პროკურატურამ მოკვლევა 2023 წელს დაიწყო. უსინათლოთა კავშირის წევრები მანამდე 10 წელზე მეტი უშედეგოდ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას.
„უსინათლოთა კავშირიდან გამრიცხეს, ააგორეს შავი პიარი, ორგანიზაციის დელეგატებმა და გამგეობის სხდომამ შეიმუშავა აქტი, რომ გავირიცხე და არანაირი აპელაციის საშუალება მე შიგნით არ მომეცა. ეს გარიცხვის დოკუმენტი მე შევიტანე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც უარი მითხრეს სარჩელის განხილვაზე. მაშინ გადავწყვიტე, რომ საქართველოში არ იყო გარემო, სადაც მე შემეძლო მეპოვა სიმართლე“, – ჰყვება ის.
ალექსი ამბობს, რომ შშმ ადამიანებისთვის საქართველოში არაადაპტირებული გარემო, ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები პრობლემაა, რომელიც სერიოზულად ართულებს ცხოვრებას, როგორც სხვადასხვა სერვისებსა თუ სოციალურ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ, ისე პირდაპირ უსაფრთხოების თვალსაზრისით:
„საქართველოში ყველგან საფრთხის შემცველია შშმ პირებისთვის გადაადგილება, უსაფრთხოს ნუ დაარქმევს ნურავინ, თუ სადმე 100-მეტრიანი ბილიკი გააკეთეს რელიეფის სისწორიდან გამომდინარე, მაგრამ იქ მდგარ ხეს, ან საკანალიზაციო ჭას ვერ აუარეს გვერდი. ეს არის [სახელმწიფო] ინსტიტუტებში მოკალათებული არაკომპეტენტური პირების ბრალი…”
მინდა მივმართო ჩვენს სახელმწიფოში იმ ხალხს, ვისაც პირდაპირ ევალება ადამიანის უფლებების დაცვა… ეს [გერმანიაში] არის გარემო ყველასთვის და ყველაზე მორგებული, აქ ადამიანები თავად კი არ ერგებიან გარემოს, აქ გარემო ერგება ყველას ინდივიდუალურად, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და შესაძლებლობისა.
ნახეთ, როგორ მოძრაობს უსინათლო გერმანიის ერთ ჩვეულებრივ სოფელში და თქვენ გააკეთეთ შედარება ჩვენს პრემიუმ ქალაქებთან, ე.წ. მეგაპოლისი რომ არის აშენებული და ამით თავს იწონებენ დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. ყველა მათგანი ან ცხოვრობდა ან ერთხელ მაინც არის ნამყოფი – ბერლინში, მიუნჰენში, ევროპის პატარა ქალაქებსა, თუ სოფლებში“, – ამბობს ალექსი წეველიძე, „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ვიდეოში, რომელიც გერმანიაში მატარებლით მგზავრობისას, შვილის დახმარებით ჩაწერა.
ბათუმში უსინათლოთა ბილიკი პირველად 2015 წელს, 855 გრძივ მეტრზე დაიგო. მომდევნო წლებში, ყოველი ახალი დაქტილური ბილიკის სიგრძე რამდენიმე ათას მეტრამდე დაგრძელდა. დღეს ქუჩებისა და ტროტუარების მოწყობის პროექტებში გათვალისწინებულია ადაპტირებული ბილიკების ჩაშენება, თუმცა უსინათლო და მცირედმხედველი მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ბილიკები დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მაინც არ იძლევა – ბევრგან ადაპტირებული ბილიკი დაზიანებულია, მოულოდნელად წყდება, ზედ მანქანებია პარკირებული ან/და სხვა სახის ხელოვნური ბარიერია შექმნილი.
ალექსი ემიგრაციაში მეუღლესთან და 11 წლის შვილთან ერთად იმყოფება. ლუკას მხედველობის დაქვეითება აქვს და იმისთვის, რომ წერა-კითხვა გამართულად შეძლოს, დამხმარე ხელსაწყოები ესაჭიროება.
ალექსი ამბობს, რომ სხვადასხვა დამხმარე საშუალება ლუკას ოჩხამურის საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდშიც მიუტანეს, თუმცა ზოგი მათგანი გაუმართავი აღმოჩნდა, ზოგი კი არასწორად იყო შერჩეული და ლუკას საჭიროებას არ ერგება.ამის შესახებ “ბათუმელები”, 2021 წელსაც წერდა, ლუკა მეორე კლასში იყო.
„ჩემი შვილის საკითხი, რასაც მე ვებრძოდი, არის ის, რომ კომპეტენცია აკლია იმ პირებს [სახელმწიფო] ინსტიტუტებში, ვინც ამას უნდა აკეთებდეს. მშობელს უწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ იყოს სკოლა ადაპტირებული და მორგებული თავის შვილზე. ხუთჯერ მოუტანეს ჩემ შვილს წიგნის წამკითხველი აპარატი, ზოგი გაუმართავი იყო, ზოგი შეუსაბამო ლუკას საჭიროებისთვის.”
სოფელში, რეგიონის ნებისმიერ პერიფერიაში დაბადებული ბავშვი იმიტომ უნდა ჩავიდეს დედაქალაქში, რომ მას ადგილზე არ აქვს ზოგადი განათლების მიღების საშუალება. ეს მარაზმია. 21-ე საუკუნეში ისეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც პრეტენზიებია მაღალ იდეალებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და იმ სერვისებზე, რაც ჩვენ ფურცელზე გვაქვს დაწერილი (რომელიც რეალობაში როგორც საჭიროა ისე არ ფუნქციონირებს).
ზოგადად შშმ თემში არსებული პრობლემები აქ არ იგრძნობა. როდესაც ლუკა სკოლაში დარეგისტრირდა იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და გაიარა ინტეგრაციის კურსი, განათლების სამინისტრომ პირველი შემოწმების შემდეგ, შეაფასა მისი საჭიროებები, გვითხრა, რომ ლუკას შესთავაზებდნენ საუკეთესო სერვისს და ასეცაა.
დღეს ლუკა იმ სკოლაში, სადაც უნდა დადიოდეს. დადის მანქანით, მას არავინ ეუბნება, რომ საიდანღაც არის ჩამოსული, მიღებულია ისე როგორც იქნება ადგილობრივი პიროვნება… სკოლაშიც სერვისები ისეთია, არ მაქვს შიში, რომ ლუკაზე ან მერხი ვერ იქნება მორგებული, ან წიგნი ვერ ექნება სწორად დაჭერილი… განათლების მიღების რომელიმე ეტაპზე, რაიმე პრობლემა შეექმნება. ფაქტობრივად, მე ამ საკითხზე ფიქრი არ დამჭირვებია”, – ამბობს ალექსი წეველიძე.
ალექსი ამბობს, რომ საქართველოს, ევროპის ქვეყნების მსგავსად, გამართული სოციალური პოლიტიკა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას განვითარებაზე პრეტენზია ვერ ექნება.
„ნახონ ევროპის ქვეყნებში როგორ არის დაცული ადამიანების ღირსება… ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის და და პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, შესაბამისი პირობები არის შექმნილი“.
სწორედ ამ მიზეზით, ალექსი წეველიძე გერმანიიდან აქტიურად აპროტესტებდა საქართველოში მიღებულ რუსულ კანონს: „საქართველოსთვის იზოლაცია არის დამღუპველი და აქედან გამომდინარე უნდა ვიდგეთ იმ მხარეს, სადაც არის სიმართლე, დემოკრატია, სადაც არის თავისუფლება, რათა ვუთხრათ უარი მონობას, უარი რუსეთს და კი ევროპას“, – თქვა ალექსიმ დრეზდენში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ყოველთვის ვფიქრობ ჩემ ქვეყანაში დაბრუნებაზე და არც აქიდან შემიჩერებია ბრძოლა”.
დღეს, 7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერგნეთში ჩავიდა, 2008 წლის აგვისტოს მუზეუმში. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოფელი ერგნეთი აღდგენილია დასავლური ქვეყნების დახმარებით.
„ძალიან მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა, ამ მუზეუმის დათვალიერება. ეს არის კერძო ინიციატივა სრულიად, ეს არის ის მეხსიერება, რისი დაკარგვის უფლება არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს და ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ გაკეთდა ასეთი მუზეუმი.
ეს მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება, ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.
არა იმისთვის, თუ ომით თუ ძალით როგორ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორედ გაერთიანება მოსახლეობას, იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდებს ადგილზე დარჩენა, იქით მცხოვრებ ადამიანებს, ეს არიან ქართველები თუ ოსები, არ აქვს მნიშვნელობა, მათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები, მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი, არის ევროპაში და ეს იქნება საბოლოო გამაერთიანებელი.
მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, იმისთვის, რომ აქედან მარტივი რამ, მაგალითად ტრანსპორტი დაინიშნოს. ეს ხომ არ არის ძნელი. სად არის შერიგების მინისტრი?! რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი?
არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია „უცხო აგენტების“ ფულით. მადლობა მათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები – წერს გერმანიის საელჩო საქართველოში დღეს, 7 აგვისტოს, ფეისბუქზე.
„დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 586 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
ტანკი – 8 429 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 16 323 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 16 451 ერთეული [+67]
MLRS – 1 138 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 910 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 365 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 212 ერთეული [+54]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 421 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 226 ერთეული [+78]
სპეცტექნიკა – 2 759 ერთეული [+21]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
635 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 322 უპილოტო საფრენი აპარატი
563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 798 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 396 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 926 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 469 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ტერმინალი 1“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და „შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით [რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს კატასტროფული], დაუყოვნებლივ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს ქაოსური მშენებლობის შესაჩერებლად შპს „ტერმინალ1“-ის ტერიტორიის მიმართულებით.“
„ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს.
„ტერმინალი1“-ის სარგებლობაში არსებულ პირსსა და ხელოვნური კუნძულის აკვატორიას შორის მანძილი დაახლოებით 130 მეტრია
„ტერმინალი 1“ აცხადებს, რომ ის წარმოადგენს განსაკუთრებული დანიშნულების საწარმოო ობიექტს და ტერმინალის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, თითოეული მათი ქმედება დარეგულირებულია ნავსადგურის წესებითა და ინსტრუქციებით.
„ამასთან, შპს „ტერმინალ1“-ის საქმიანობის უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების გეგმის შემადგენელი ნაწილია… „ტერმინალ 1“-ს დაუშვებლად მიაჩნია განიხილებოდეს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი იმ პარამეტრებში, რომელიც დღეის მდგომარეობითაა წარმოდგენილი. აბსურდულია ნავთობტანკერის დგომის და გადატვირთვის ტერიტორიაზე, სადაც არის გაფრქვევის ადგილი, მომეტებული საფრთხის ზონა, სადაც ყველა მოქმედება გაწერილია ნავსადგურის წესებით/ინსტრუქციებით და რეგულირდება უსაფრთხოების და უშიშროების გეგმით, მოხდეს მრავალფუნქციური ტურისტული ზონის მოწყობა“, – აცხადებს კომპანია.
„ტერმინალ 1“ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ყველა შესაბამის უწყებასთან კომუნიკაციის პროცესში, კერძოდ –
„დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობ-ტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-სთვის ქონების გადაცემის პირობები.“
ამავე წერილში კომპანია წერს, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად ყრის ინერტულ მასალებს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე.“
„ტერმინალ1“ აცხადებს, რომ 2022 წელს გასცეს რეკომენდაცია ტერმინალის საზღვრებთან იმ უსაფრთხო მანძილთან დაკავშირებით, რომლის კუნძულის მიერ გადმოლახვის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა ნავიგაციის უსაფრთხოებას. „ეს წერტილი დღეის მდგომარეობით გადმოლახვის საფრთხის ზონაშია“, – წერს კომპანია.
2024 წლის 22 ივლისს „ტერმინალი1“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ასევე წერდა, რომ ხელოვნური კუნძულის გზშ-სთან დაკავშირებით „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიერ შპს „ტერმინალ1“-ის თაობაზე მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „გარემოს ეროვნული სააგენტოს შენიშვნებზე, „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის რეაგირების თაობაზე დოკუმენტში მოცემული განმარტება არ შეესაბამება სიმართლეს; შპს „ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-თან, ამასთან, შპს „ტერმინალ 1“-ს არ შეუტანია ცვლილება მის მიერვე დაგეგმილ პროექტში.“ [ამ პროექტით ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება – ავტ.].
„ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცრუ/ფალსიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება მეტყველებს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საკუთარი საქმის მიმართ, რომელსაც ისინი აწარმოებენ შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის მიმდებარედ, რაც ჯერადობით ზრდის უსაფრთხოების რისკებს.“ – აღნიშნულია „ტერმინალ1“-ის 2024 წლის 22 ივლისის წერილში.
„ტერმინალ1“-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2024 წლის 31 ივლისს კიდევ ერთი წერილი გააგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ საპროექტო პარამეტრებში კუნძულის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხო ნავმისადგომის უსაფრთხო ფუნქციონირებას;
საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ და ფუნდამენტურ შესწავლას კომისიურად, ნავსადგურის უსაფრთხო, შეუფერხებელ ფუნქციონირებაში ჩართული ყველა რგოლის მონაწილეობით და შპს „ტერმინალ1“-ის ჩართულობით;
საკითხის შესწავლამდე გთხოვთ შეაჩეროთ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის პროცესი შპს „ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის მიმართულებით, მომავალი მოსალოდნელი რისკების დაზღვევის მიზნით.“
„ტერმინალ1“ სახელმწიფო უწყებებს წერს, რომ მათი შეშფოთება ეყრდნობა მათ მრავალწლიან გამოცდილებას და საერთაშორისო საპროექტო კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“-ის შეფასებას.
„კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“ წარმოადგენს მსოფლიო წამყვანი ნავსადგურების კონტრაქტორ საპროექტო კომპანიას, მისი პროფესიონალიზმი და ცნობადობა მაღალია, მისი შემუშავებულია შპს „ტერმინალ1“-ის – ნავმისადგომის ტექ.პასპორტი და საზღვაო ხომალდის შემოსვლის, მანევრისა და დგომის მარშრუტი შესაბამის კლიმატურ პირობებში, რომელიც შემდგომ ნავსადგურის წესებშია გაწერილი.
ნავსადგურის წესები ავალდებულებს შპს „ტერმინალ1“-ის ადმინისტრაციას შეასრულოს ნავსადგურის კაპიტნის სავალდებულო მითითებები, რომლის სავალდებულო მითითებით, ფუნქციონირების დაწყებისას 2017 წელს უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით განისაზღვრა, რომ საზღვაო ხომალდმა უსაფრთხო შემოსვლა-დგომის უზრუნველსაყოფად არანაკლებ 7 საღუზე ჯაჭვის რგოლების მონაკვეთი [ე.წ. „სმიჩკა] უნდა ჩაუშვას [მიახლოებით 190 მეტრი] ღუზების მიცემისას ღია ზღვაში სხვადასხვა მიმართულებით.“ – წერს „ტერმინალ1“.
კომპანიამ სამინისტროებს და სააგენტოს ასევე გადაუგზავნა „ანკორ ინჟინერინგ“-ის წინასწარი შეფასების ქართულად ნათარგმნი ვერსია [აქვე გთავაზობთ ამ ვერსიას სრულად],
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში ტერიტორიის შექმნის და ნავმისადგომის აკვატორიასთან მოსვლისას შპს „ტერმინალ1“ წააწყდება შემდეგ სირთულეებს:
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ნაგებობა დაპროექტებულია შპს „ტერმინალ1“ -ის შემომავალი არხის გასწვრივ, მოახლოებით 40მ. მანძილზე შემომავალი არხის ღერძიდან, რის გამოც შპს „ტერმინალ1“ -ის შემომავალი არხის ფუნქციონირება უსაფრთხო არ იქნება. შემომავალი არხის მიმართულების შეცვლა საჭიროებს ახალ გაანგარიშებებს, სახმელეთო მანიშნებელი ნიშნების გადატანას, ახალი არხის დაღრმავებით სამუშაოებს.
იქმნება სივიწროვე გემის მოსაბრუნებელ წრესთან, ღუზის მიცემისა და გემის დასაყენებელ ადგილთან, აქედან გამომდინარე განსაზღვრული გემის მოსაბრუნებელი წრე უსაფრთხო არ იქნება. მოსაბრუნებელი წრის გადატანა საჭიროებს ახალ გაანგარიშებებს.
გემის უსაფრთხო დგომა სატვირთო სამუშაოების დროს უზრუნველყოფილია ღუზის შეჭიდულობით ზღვის ფსკერის გრუნტთან. რაც უფრო შორს დევს ღუზა, მით უფრო მყარად დგას გემი. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, ღუზის ჩაშვების ადგილას გემის კაპიტნებისთვის იქმნება საშიშროება ჩაუშვას ღუზა იქ, სადაც უნდა იყოს ჩაშვებული, ვინაიდან კაპიტნების მოქმედება ეყრდნობა წინაღობების ვიზუალურ გამოვლენას და არსებულ ამინდის პირობებს [დინება, ტალღა, ქარი] აიძულებს ვიზუალურად გაზარდოს უსაფრთხო მანძილი წინაღობამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღუზის მოწყვეტა ადგილიდან და შემდგომში ავარია.
შპს „ ტერმინალ1“-ის ნავმისადგომის განვითარება გულისხმობს სიღრმეების გაზრდას. შემომავალ არხში ნავმისადგომთან და უსაფრთხო ნაპირგამაგრების ექსპლუატაციისათვის სიღრმეების გაზრდა გამოიწვევს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს ნაპირგამაგრების ქანობის დაზიანებას და ჩამოშლას.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს ნაპირგამაგრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქანობი იყოს ციცაბო, ღუზის მუდმივი მდგომარეობა და მოწყვეტა ფსკერის გრუნტიდან გამოიწვევს ნაპირგამაგრების დაზიანებას.“
მშენებარე ნახევარკუნძული და „ტერმინალი1“-ის ნავთობტერმინალი და პირსი / ფოტო: ბათუმი, 21.05.2024
„როგორც კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“-ის პირველადი შეფასებიდან ჩანს, რისკის შემცველი ხდება საზღვაო ხომალდის შემოსვლის არეალი. ასევე რისკის შემცველი ხდება ხომალდის მობრუნება განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილზე და ნავსადგურის წესებით განსაზღვრული სავალდებულო მითითების შესრულება…
ცვლილება ხომალდის შემოსვლის მარშრუტზე, ცვლილება ხომალდის მობრუნების ადგილზე, ცვლილება ხომალდის დგომის და მისი დაბმის მექანიზმზე საჭიროებს შესაბამის გაანგარიშებებს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებას. ასეთი გაანგარიშებების არსებობის შესახებ ჩვენთვის უცნობია. უცნობია საზღვაო ხომალდის შემოყვანის და დაყენების პროცესში ჩართული სალოცმანო კომპანიის პროფესიული ხედვა.
აღვნიშნავთ, რომ ნავმისადგომის უსაფრთხო ფუნქციონირება მრავალი მიმართულებისგან შედგება.
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს საპროექტო პარამეტრების განხორციელების შემთხვევაში ხმელეთი უახლოვდება ნავთობის გადატვირთვის ადგილს, ადგილს, სადაც არის გაფრქვევის ზონა, აირების მოძრაობის არეალი, რომელ არეალშიც საერთაშორისო ნორმებით ტელეფონით გადაადგილებაც კი აკრძალულია.
მოახლოებულ ხმელეთზე უნდა განთავსდეს მულტიფუნქციური გასართობი ზონა, სადაც უკვე შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, გასათვალისწინებელია ღია ტერიტორიის მოახლოებით დივერსიების შესაძლებლობის მომეტებული რისკებისაგან დაცვა, რეგიონში მომეტებული რისკების გათვალისწინებით.“ – წერს „ტერმინალი1“.
გარემოს ეროვნული სააგენტო „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 2024 წლის 2 აგვისტოს წერს, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ წარმოდგენილია წერილი, რომლის მიხედვით „შპს „ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“. ამასთან, შპს „ტერმინალ1“-ს არ შეუტანია ცვლილება დაგეგმილ პროექტში“.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „შპს „ტერმინალ 1“-ს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება, სადაც მოცემულია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში შპს „ტერმინალ 1“-ის ფუნქციონირების სირთულეები და რისკები.
ზემოაღნიშნულ წერილებში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის [მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ] წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“.
„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სააგენტოში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა უშუალოდ კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემაზე მსჯელობა, თუმცა, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ზღვაში ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობას აგრძელებს. ნავთობტერმინალთან ახლოს კი სწორედ ნახევარკუნძული იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში სააგენტო „ტერმინალ1“-გან, მის მიერ დაგეგმილი საქმიანობის [ანუ ნავთობტერმინალის გაფართოების] „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეთანხმებას ითხოვდა.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი.
რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები.
შეღავათიანი სესხით უნდა აშენდეს ახალი ავტობანიც ჭოროხიდან სარფამდე, უცხოური სესხით დაიწყო ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაც, რომელიც მთავრობამ დღემდე ვერ დაასრულა.
შეღავათიანი სესხით და გრანტით აშენდა ბათუმის ახალი ნაგავსაყარი ცეცხლაურში და ამავე დახმარებით უნდა დაიხუროს ძველი – ადლიაში. უცხოური დაფინანსებით რეგიონში სხვა არაერთი პროექტიც დაფინანსდა.
საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებამ და ანტიდასავლურმა რიტორიკამ თუ ნაბიჯებმა საფრთხე უკვე შეუქმნა ქვეყანას უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიღების კუთხით. ეს კი მსხვილი პროექტების შეჩერების რისკს ზრდის.
კორპუსების უკან ბათუმს შემოერთებული ტერიტორია, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემა V ფაზის ფარგლებში უნდა მოეწყოს
უკვე შეჩერებული დახმარებები და გაფრთხილებები დასავლეთიდან
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას.
ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება.
მანამდე აშშ-მ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა – „ღირსეული პარტნიორი“.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC), 2 მილიონის დახმარება შეუჩერა.
ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის რუსული კანონის მიღების გამო სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც კი მოითხოვს.
და კიდევ, ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებით, გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გააუქმა ერთობლივი ფორუმი, უარი თქვა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაზე და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე.
გერმანიის დახმარება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დღეს ბათუმისთვის და მთლიანად აჭარისთვის.
სწორედ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] დახმარებით განხორციელდა და დღესაც გრძელდება ბათუმის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ქალაქის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და შენობებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტების დანერგვა, აჭარის დაბებსა და სოფლებში დაიწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები და სხვა.
წყალი და კანალიზაცია ბათუმში – V ფაზა
ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ „გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონ ევრომდე გამოყოფს, რომელიც მოხმარდება ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს – მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი. ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება.“
გერმანულმა ბანკმა მეხუთე ფაზისთვის სესხი [53 მილიონი ევრო] გამოყო, თუმცა ეს თანხა მერიის ინფორმაციით ამ ეტაპზე მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყალკანალის სისტემის მოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბათუმის მერიაში კი წინასაარჩევნოდ ამ დასახლებებში წყლის სისტემის მოწყობაზე 16 მილიონი ლარით გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც არ ითვალისწინებს წყალარინების ანუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება. თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია. აქ აღსანიშნავია ელჩის განცხადება, რომ გერმანია უარს ამბობს „ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე“ საქართველოსთან მიმართებაში.
რაც შეეხება მეხუთე ფაზას, რომელიც უკვე დაფინანსებულია, უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:
მერიის ინფორმაციით, პროექტისთვის სულ დაიხარჯება 53 მილიონი ევრო – შეღავათიანი სესხი KFW ბანკიდან, 25 მილიონი ევრო – თანადაფინანსება ბათუმის ბიუჯეტიდან და 2 მილიონი ევრო თანმდევი მომსახურებისთვის – გრანტი KFW ბანკიდან.
დაფინანსების შესაძლო შეჩერება ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულების რისკებს ზრდის. მით უმეტეს, სესხს და გრანტს ბათუმისთვის საქართველოს მთავრობა იღებს, თანხა კი ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ირიცხება ქალაქის ბიუჯეტში.
ბათუმში, მდინარე მეჯინისწყლიდან აეროპორტის მიმართულებით ადლიის ტერიტორია, სადაც კორპუსები ინტენსიურად შენდება, კანალიზაციის ერთიან სისტემაში ჩართული არ არის / ეს მეხუთე ფაზის ფარგლებში უნდა გაკეთდეს
წყალი და კანალიზაცია აჭარის სოფლებში
40 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხი KFW-სგან და 20 მილიონი ევრო გრანტი [აქედან 17 მილიონი ევრო – გრანტი KFW-გან ხოლო 3 მილიონი ევრო – გრანტი ევროკავშირისგან] – ეს არის ის უცხოური დახმარება, რომლითაც აჭარის 40 სოფელსა და დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები უნდა მოეწყოს, თავისივე გამწმენდი ნაგებობებით.
აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის პროექტს სამთავრობო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.
კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტს, რაზეც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, დაფინანსების პრობლემა არ ექნება. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები არ არის და სამუშაოებიც დაწყებულია.
დაწყებულია თუ არა დანარჩენ სოფლებში წყლისა და კანალიზაციის მოწყობისთვის საჭირო თანხის მოძიება? – „ალიანსში“ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არა. ყოველ შემთხვევაში ალიანსი ასეთ მოლაპარაკებებში არ ერთვება და სესხის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა.
„თუმცა, დამატებითი თანხის მიღებაზე რომ დაელაპარაკო დამფინანსებელს, ჯერ იმის შედეგი უნდა დადო, რისთვისაც თანხა უკვე მიღებული გაქვს. როცა გარკვეული სამუშაოები შესრულდება, ალბათ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები დანარჩენი სოფლებისთვის თანხის მოძიებაზეც“, – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.
ახალი ნაგავსაყარი და ძველის დახურვა
7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი გამოიყო წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად. აქედან 3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი [რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა შვედეთმაც].
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. პროექტს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“] ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ააშენეს, პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი, შემდეგ კი, 2022 წლის ბოლო დაასახელეს, თუმცა მისი გახსნა აჭარის მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო კი, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ვალდებულების საკომისიოს იხდიდნენ.
ნაგავსაყარს, თავდაპირველი გათვლებით, წლის განმავლობაში 75 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები უნდა მიეღო. 2022 წელს ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს რაოდენობა 120 ათას ტონამდე იყო გაზრდილი, ამიტომ საპროექტო გათვლები კეთდებოდა ისე, რომ ნაგავსაყარს წელიწადში 150 ათას ტონამდე ნარჩენი მიეღო.
ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც. ნაგავსაყარების გაუქმებაშიც ასევე უცხოური ფული დაიხარჯება.
ბათუმის ნაგავსაყარი ადლიაში, ჭოროხის შესართავთან / ნაგავსაყარი უკვე მრავალი წლებია არავითარ სტანდარტს არ აკმაყოფილებს
რა მდგომარეობაა დღეს ახალი ნაგავსაყარის გახსნასთან და ძველის დახურვასთან დაკავშირებით? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს ზარებს არც კომპანიაში უპასუხეს და არც სამინისტროში.
გრანტები ბათუმისთვის
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს 248 ათასი ლარის ოდენობის გრანტის ათვისებაა დაგეგმილი.
ბათუმში საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას [ენერგოეფექტიანობა, შენობის და კომფორტის გასაუმჯობესებელი ცალკეული ღონისძიებები].
ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, „პროექტს 7 522 000 ევროს ოდენობით გრანტის სახით დახმარებას უწევს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW]. საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ბათუმის თანადაფინანსება შეადგენს 10%-ს, რაც ფარავს, მაგალითად, შერჩეული საბავშვო ბაღების ეზოების რეაბილიტაციის ხარჯებს“.
ბიუჯეტის მიხედვით, „ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტის დამატებითი თანადაფინანსება მრავალწლიანი პროექტია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2025 წ.წ.] შეადგენს 29 847 296 ლარს [ამაში შედის საგრანტო თანხა, დღგ, თანადაფინანსება], მოცემული თანხა ლარში მიღებულია – 9 628 160 ევროს გამრავლებით ევროს გაცვლით კურსზე“.
ქალაქის ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გრანტით „ბათუმში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდება კვლევები ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევების კერების გამოსავლენად, მოხდება მათი ზეგავლენების გაზომვა და დოკუმენტირება, მომზადდება შესაბამისი რუკა და ანგარიში კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია-შერბილების ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებით“.
აღნიშნული გრანტის ოდენობა შეადგენს 119 073 ევროს.
კიდევ ერთი გრანტი ბათუმმა კონკურსში 2022 წლის დასაწყისში მოიპოვა. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნასა და მათ დანერგვას, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.
„პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე შეირჩა ექვსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება: მუნიციპალური კადრების გაძლიერება; სტარტაპ განათლების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში დამკვიდრებული ნარატივების (სტერეოტიპების) შეცვლა; საინფორმაციო ჰაბის შექმნა; ქსელური კავშირების შექმნა; ახალგაზრდული სივრცის შექმნა… 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილია უნარების/შესაძლებლობების გაძლიერების, ქსელური კავშირების გაძლიერების და სტარტაპ ღონისძიებების გამართვა“, – აღნიშნულია ბათუმის ბიუჯეტის შესახებ კანონში.
ზემოთ აღნიშნული გრანტით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში არ მოგვაწოდეს. „ყველა პროექტი მიმდინარეა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ წერილობით“, – გვითხრეს მერიაში [მერიას სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ 2024 წლის 3 ივლისს გაგზავნილ წერილზე პასუხი დღემდე არ გაუცია].
ბათუმი
საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყანაში მარტო წელს, 266 მილიონი ლარი გრანტის და 1 მილიარდ 388 მილიონ 492 ათასი ლარი უცხოეთიდან მიღებული/მისაღები შეღავათიანი სესხის თანხა უნდა დაიხარჯოს.
„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობისგან და ფინანსთა სამინისტროსგანაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა პროექტების შეჩერდა/შეჩერდება დასავლელი პარტნიორებისგან დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში და რა ალტერნატიული წყაროები აქვს მთავრობას მათ დასაფინანსებლად – თუმცა პასუხები მთავრობისგან და სამინისტროდან ჯერ არ მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ მსხვილ პროექტებში საქართველოს თანადაფინანსება ძირითადად 10 პროცენტით შემოიფარგლება, 90 პროცენტი კი შეღავათიანი სესხი ან გრანტია. ფინანსების ქონის მიუხედავად ხელისუფლებამ ფაქტობრივად ვერცერთი მსხვილი პროექტი თავიდანვე გაწერილ დროში ვერ დაასრულა. დღესაც გრძელდება არაერთი პროექტი, რომელიც წლების წინ უნდა დამთავრებულიყო. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება მოჰყვეს დასავლეთიდან დახმარებების შეჩერებას.
და ბოლოს,
„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს მის ქმედებებს… ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი“, — განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა.
ბათუმის ინკლუზიური დასი ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს.
საქმე ეხება ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის დაფინანსებას, რომელიც, დასის ინფორმაციით, უშუალოდ მათთვის იყო განკუთვნილი, მერიამ კი ტენდერზე გაიტანა და სხვა ჯგუფს მოაგებინა.
ბათუმის ინკლუზიური დასის კოლექტივი ირწმუნება, რომ ტენდერში გამარჯვებულ ჯგუფს შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია.
ბათუმის ინკლუზიური დასი 2019 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე დადგმული აქვს 10-მდე წარმოდგენა. დასის წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდვის არ მქონე ახალგაზრდები, რაც დასის ინკლუზიურობის განმაპირობებელია. დასს ამჟამად 90-ზე მეტი წევრი ჰყავს.
„როცა მივხვდით, რომ ამ დასს უბრალოდ სჭირდებოდა განვითარება და ეს არ იყო ერთჯერადი პროექტი, 2023 წელს ჩვენ შევედით მერიაში და უშუალოდ ჩვენი დასისთვის ვთხოვეთ დაფინანსება ბათუმის მერს. ამაზე თანხმობა განაცხადა, არამარტო ბათუმის მერმა, არამედ კომისიამ და საბჭოს გადაწყვეტილებით ჩვენ მოგვაკუთვნეს დაფინანსება.
ეს დაფინანსება არ გვითხოვია ჩვენ პირადი განკარგვისთვის. ვთხოვეთ, რომ რომელიმე აიპ-ისთვის დაემატებინათ, თუნდაც კულტურის ცენტრისთვის – საზაფხულო თეატრისთვის, რომლის შენობაც ნაწილობრივ ადაპტირებულია, რაც ჩვენთვის აუცილებელია. მაგრამ დაფინანსება იმ წელს ვერ მოხერხდა, რადგან დებულება ვერ შეიცვალა საზაფხულო თეატრის და ვერც ერთ სხვა ორგანიზაციას ვერ მიგვაკუთვნეს“, – ჰყვება დასის ხელმძღვანელი, ნატალია გალოგრე.
მისივე განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ, ბიუროკრატიის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყდა, რომ დაფინანსების საკითხი ტენდერზე გაეტანათ.
„ღია წერილის დაწერის აუცილებლობამდე მოვედით, რადგან დასის არსებობა საერთოდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა: საფრთხეს წარმოადგენს დასის დაფინანსებაზე გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც დაინტერესებულია სრულიად არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კომპანია“, – ვკითხულობთ დასის მიმართვაში.
ნატალია გალოგრე ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯგუფის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.
ბათუმის მუდმივ მოქმედი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ოქმი დასმა დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა [პრეტენდენტის მიერ წარდგენილი კოლექტივის რამდენიმე წევრის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილში]. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება.
ნატალია გალოგრე ამბობს, რომ დასი ამ საკითხზე სასამართლოში აპირებს დავას.
„ვაცნობიერებთ, რომ სატენდერო პროცესი კონკურენციისა და მუნიციპალური/სახელმწიფო ხარჯების ეკონომიკურად გახარჯვის შესაძლებლობაა, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან, გამოუცდელობასთან და სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების მცდელობასთან: წლებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენეთ ბათუმის ინკლუზიური დასი…“ – წერია მიმართვაში.
ბათუმის ინკლუზიური დასის ხელმძღვანელი ნატალია გალოგრე არ გამორიცხავს, რომ მერიის მიერ მათი კოლექტივის კომპეტენციის გაუთვალისწინებლობა და მათთვის გამოყოფილი დაფინანსების სხვა ჯგუფისთვის გადაცემა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მის აქტივობას უკავშირდებოდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ცესკოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობაზეც, რომელიც ამომრჩევლებისთვის ტექნოლოგიების გაცნობას ემსახურება.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესია. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვის პირველი ნაბიჯი კი სწორედ საარჩევნო უფლების გამოყენებაა.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიბლიოთეკაც დაათვალიერეს.
საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ეს დიდი საქმე, აფხაზეთის ომში უგო-უკვლოდ დაკარგული პირების გადმოსვენება, კეთდება უცხოური ორგანიზაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით – განაცხადა დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობის დახმარების შეჩერებას.
„ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, იმ ადამიანების გადმოსვენება, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე არ იყვნენ დაბრუნებულნი თავიანთი ოჯახებისთვის და არ იცოდნენ სად მისულიყვნენ, რომელ საფლავზე ელოცათ. ეს არის ძალიან დიდი საქმე და ეს ძალიან დიდი საქმე კეთდება სწორედ უცხო ორგანიზაციის მიერ, მათი დახმარებით, მხარდაჭერით, დაფინანსებით. ეს „უცხო აგენტები“ ასეთ საქმეებსაც აკეთებენ“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს, 6 აგვისტოს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს გაიმართა. 16 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს საქართველოში.
ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პარასკევს, 9 აგვისტოს, ნიდერლანდელი რეჟისორის, ჯესიკა გორტერის დოკუმენტური ფილმის – „დმიტრიევის საქმის“ ჩვენება გაიმართება.
ფილმის ჩვენება 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
გორტერის 2023 წლის ნამუშევარი მოგვითხრობს რუსი ისტორიკოსის, იური დმიტრიევის შრომაზე, ეპოვა 1937-1938 წლებში სტალინური სიებით დახვრეტილი ათასობით ადამიანის ცხედარი კარელიის ტყეებში, რომელთა ბიოგრაფიულ და განაჩენის ცნობებს მკვლევარმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მიაკვლია.
საბჭოთა წარსულის გადასააზრებლად და დიდი ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დაუღალავი ბრძოლა ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენელ იური დმიტრიევს რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში ჩაუთვალა, შემდეგ – უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში, საბოლოოდ კი აბსურდული ბრალდებით დააპატიმრა.
ჯესიკა გორტერის ფილმი არის სისტემაზე, რომელიც არავის პატიობს კეთილსინდისიერებას და მის წინააღმდეგ მოქმედებას; აქტიურად იყენებს ტელევიზიებს პროპაგანდისთვის, ძველ და ახალ დრაკონულ კანონებს – მისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რეპრესიებისთვის.
ფილმი ქართული სუბტიტრებით რუსულ ენაზე იქნება ნაჩვენები.
კინოჩვენების ორგანიზატორები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „DOCA – დოკუმენტური კინოს ასოციაცია“, KineDok საქართველო” და „ბათუმელები“.
დისკუსიას ფილმის დასრულების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა გაუძღვება.
დღეს, 6 აგვისტოს, გამთენიისას, რუსულმა ჯარებმა დაარტყეს ხარკოვის ცენტრალურ უბანს, რის შედეგადაც კლინიკის შენობა დაზიანდა – წერს ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე.
წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ისკანდერის“ ტიპის რაკეტაზე.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ნანგრევებ ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს.
დარტყმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო შენობები და ინფრასტრუქტურა, ჩამსხვრეულია მინები. მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხარკოვის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაბომბვა შესაძლოა განმეორდეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე“.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ეწეოდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს 8 810 751 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს 21 საათიდან 7 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან – დროგამოშვებით წვიმა.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 28 – 31 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 8 ივლისს ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
„საზოგადოებამ, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს. უნდა შეიგნოს, რომ რუსი მტერია და შეუქმნას მას დისკომფორტი“, – ამბობს უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. მას „ბათუმელები“ აგვისტოს ომსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.
ბატონო ვანო, როგორც ვიცით, თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობდით. რუსეთი ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო შემოგვაჩეჩოს, ამიტომ მინდა გკითხოთ, რა ხდებოდა, მაგალითად, 7 აგვისტოს და რეალურად როდის დაიწყო ომი, თქვენი შეფასებით?
ომი არც 8 აგვისტოს დაწყებულა და არც 7 აგვისტოს. ომი უფრო ადრე დაიწყო, როცა რუსებმა ჩვენი ჯარისკაცების მანქანა დაცხრილეს და მსხვერპლი იყო, როცა სოფლებს პროვოკაციულად ესროდნენ, ეს უკვე ომის დაწყების ნიშანი იყო.
მაინცადამაინც 7-8 აგვისტოზე რომ აქვთ გამახვილებული ყურადღება, ეს მაღიზიანებს.
რა ხდებოდა, მაგალითად, 7 აგვისტოს და სად იყავით თქვენ იმ დროს?
ზემო ნიქოზზე გადავდიოდით და იქ უკვე შეინიშნებოდა რუსების მოძრაობები. ბატალიონი „ვასტოკი“ იყო, რომელიც ჩეჩნებით იყო ძირითადად დაკომპლექტებული, კადიროვის ბატალიონი იყო, პირველი ვინც შემოვიდა. მანამდე იყო რამდენიმე დივერსიული სპეცრაზმი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა გაანადგურეს.
ამიტომ 8 აგვისტოს ომის დაწყების ნარატივი, რა თქმა უნდა, რუსებს აწყობდა, შემდეგ ეს აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელ პრეზიდენტს ვიღაც კი აქებს, მაგრამ მე არასდროს არ შევაქებ, რომელიც წლების განმავლობაში გაიძახოდა, რომ საქართველომ დაიწყო ომიო.
საქართველოს არ დაუწყია ომი, ეს იყო წინასწარ გათვლილი ოპერაცია და არა ერთი და ორი დღის. რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის.
16 წელი გავიდა ამ ომიდან, ამიტომ გვაინტერესებს თქვენი, როგორც სამხედრო პირის შეფასება, რა იყო ეს ომი და ფიქრობდით თუ არა, რომ წლების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა უკრაინაში მოგიწევდათ?
რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი, რომ უკრაინაში ვიბრძოლებდი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მაგრამ თავის დროზე, როცა უკრაინელები იბრძოდნენ საქართველოში, მაშინ ამბობდნენ უკრაინელები, რომ თუ აქ დღეს ჩვენს ინტერესებს არ დავიცავთ, ხვალ მოგვიწევს ჩვენი თავის დაცვაო.
სამწუხაროდ, ასეც მოხდა.
ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დღეს უკრაინაში ვინც ვიბრძვით და ის ბიჭები, ვინც დაგვეღუპნენ, სხვა რაღაცის გამო იბრძოდნენ, ძალიან ცდებიან, რადგან აქ არის ჩვენი სამშობლოს ინტერესი.
წარმოიდგინეთ, დღეს რომ უკრაინისთვის გადაევლო რუსეთს, რა იქნებოდა ჩვენს პატარა საქართველოში, რომელიც ოდესის ოლქისხელაც არ არის.
ალბათ იცით, რომ საქართველოში, თქვენს თანამებრძოლებს სუს-ში იბარებენ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. რაზე მეტყველებს ეს, თქვენი შეფასებით?
ჩემი აზრით, ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო პოპულიზმია. ტრამპი რომ ვიღაცამ დაჭრა და დაიწყეს ლაპარაკი, რეიტინგი აეწიაო, ალბათ ამათაც იფიქრეს, რომ რეიტინგი აეწეოდათ და ჯერ კობახიძეზე დაიწყეს, ვიღაც ემუქრებაო, მერე ივანიშვილზე, უფრო რეიტინგული იქნებაო…
ეს იყო გათვლა თავიანთ ამომრჩეველზე, რომ უკრაინაში მებრძოლებისგან მტრის ხატი შეექმნათ და მეორე. იმ პერიოდში, როცა ჩვენი ბიჭების დაბარება დაიწყეს სუს-ში, რუსული მედია აწიოკდა, რომ აი, უკრაინაში მებრძოლებს საქართველოს მთავრობა რეპრესიებს უწყობს და აქებდა ამის გამო.
თქვენ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც პრორუსია და მას მოეწონება ქართველი მებრძოლების დასჯა?
როცა ქვეყანაში მიღებულია რუსული კანონი, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დადის ირანში და ჰამასის ლიდერის გვერდით დგას, რომელიც მოკლეს და აი, ამ პარტიას და ამ ხელისუფლებას ადამიანი მხარს დაუჭერს არჩევნებში, რა თქმა უნდა, არის პრორუსი.
თუმცა საქართველოში ყოველთვის არსებობდა საზოგადოების ნაწილი, რომელიც იბრძოდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ და იბრძვის დღესაც.
მახსოვს, 78 წელს, გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროსაც, რამდენი სტუდენტი იბრძოდა ენის დასაცავად. ყოველთვის იყო საქართველოში დისიდენტური მოძრაობა, ანტირუსული განწყობა და რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა მიდის 200 წელია.
სამწუხაროდ, რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩნდებიან ორჯონიკიძეები, ფილიპე მახარაძეები, ივანიშვილები, რომლებიც აღმოჩნდებიან ხოლმე ხელისუფლების სათავეში და ამ რუსიფიკაციის დამარცხებას ყოველთვის აფერხებენ.
როცა უყურებთ ანწუხელიძის წამების კადრებს, იმ გმირების სახელებს, ვინც შეეწირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, შემდეგ კი გესმით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების შეფასებები „მშვიდობაზე“, რა განცდა გიჩნდებათ, როგორ გამოიყურება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ამ პოლიტიკის ფონზე?
ქართული ჯარი არ ჩანს საერთოდ საზოგადოებაში. გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, ქართველ ჯარისკაცს რომ გაევლო ქუჩაში, როგორი სიამაყით ხვდებოდნენ. დღეს კი ჩანს მხოლოდ პოლიტიკური პოლიცია, რომელიც ივანიშვილს ემსახურება.
მე ისიც არ ვიცი, ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაც რომ დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ, რა შესაძლებლობა აქვს ქართულ ჯარს, მტერი რომ მოიგერიოს. 2012 წლის შემდეგ ქართულ ჯარზე საერთოდ აღარაფერი არ ისმის.
ამერიკელებთან წვრთნებს რომ ჩაშლი, დახმარების პროექტებს რომ ჩაშლი, იქ უკვე დამთავრებულია ჩვენი ჯარის განვითარების საკითხი.
რა გვასწავლა თქვენი აზრით აგვისტოს ომმა?
დიდი ვერაფერი, სამწუხაროდ.
ერთი პერიოდი იყო განწყობა, რომ რუსი ჩვენი მტერია, მაგრამ როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება და ღიად რუსული ხელისუფლება მოვიდა საქართველოში, საზოგადოების აზრიც შეიცვალა, რადგან ამ ყველაფრის ფონზე, როცა ჯერ კიდევ ვუწელავთ რუს „ტურისტებს“ ელარჯს ბათუმში თუ სხვა რეგიონებში, ამით სულში ვაფურთხებთ იმ გმირებს, ანწუხელიძეს და სხვებს, აი. მაშინ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრებულია.
ამ ხელისუფლებამ ისეთ მარწუხებში მოაქცია ხალხის ნაწილი, რომ დეგრადირდა. როცა შენი წარსული აღარ გახსოვს, შენი მომავალი აღარ გახსოვს და მტერს ელოლიავები.
გასაგებია, რომ ხელისუფლება რუსულია, მაგრამ როცა საზოგადოება ამას ეგუება, ის დეგრადირებულია. ვერ ვხედავ, რომ დღეს რუსებს დისკომფორტი ექმნებათ საქართველოში.
ვერ ვიტყვით, რომ ბევრი ეგუება. თვეები იდგა ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში…
გავრილოვის ღამე ხომ იყო, ხომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში? დამთავრდა ის პროცესი. რუსულ კანონზე ხომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ახლა სად არის ეს ხალხი? დამთავრდა ეს პროცესიც.
ოპოზიციას კი არ აქვს ბრძოლის უნარი. ჩაახშეს ახალგაზრდული მოძრაობაც, რადგან ბრძოლა არ უნდოდათ ქუჩაში.
რუსულმა ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამომავლო პერსპექტივა შეეჩერებინა. ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და ყველაზე მთავარი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დაესუსტებინა.
გამოსავალი არის რუსეთის დასუსტება. იმიტომ იღვრება აქ ქართველი მებრძოლების სისხლი. მათ ესმით, რომ ეს ყველაფერი კეთდება სამშობლოსთვის. ამიტომ უკრაინის გამარჯვების ფაქტორი არის ძალიან დიდი.
შეიძლება ვიღაცას ოქტომბერში არჩევნების იმედი აქვს, მაგრამ მე, პირადად, არ მჯერა ამ არჩევნების და საერთოდ არ მჯერა, რომ სამართლიანი არჩევები ჩატარდება.
ჩემი აზრით, გამოსავალი არის რუსეთის დასუსტება, უკრაინის გამარჯვება და ის, რომ საზოგადოების, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს.
მოსახლეობამ უნდა შეიგნოს, რომ რუსი არის მტერი, შეუქმნას მას დისკომფორტი და რუსები თვითონ წავლენ. მაგრამ ხელგაშლილი ხვდება საზოგადოება და რომელ გამარჯვებაზე გინდა ილაპარაკო.
რადგან უკრაინაში ხართ, მინდა გკითხოთ ბრძოლის პროცესზე. როგორც ვიცით, უკრაინამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო, რას შეცვლის ეს, რა მოლოდინები გაქვთ?
სახარბიელო არაფერია. სამწუხაროდ, მაგრამ ეს ახალი დახმარება, ვფიქრობ პროცესებს წინ წასწევს. 72 თვითმფრინავი უნდა მივიღოთ კიდევ და ალბათ შემოვა ეტაპობრივად.
მას შემდეგ, რაც ტრამპი გააქტიურდა აშშ-ში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ომი მალე დასრულდება უკრაინაში. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კი, შესაძლოა იანვარშიც კი დასრულდეს ომიო, თქვენ რა განცდა გაქვთ?
მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ მოვა აშშ-ში, დემოკრატები თუ რესპუბლიკელები, მეც მაქვს განცდა, რომ ახალ წლამდე მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა.
ეს მოლაპარაკება რას გულისხმობს თავის არსში, რაზე უნდა მოილაპარაკონ?
დონეცკის და ლუგანსკის ოლქები იქნება ალბათ მოლაპარაკების საგანი. ეს ტერიტორიები უკრაინის მიწაა, მაგრამ მოსახლეობა უფრო რუსულია და ყოველთვის იყო პრორუსულად განწყობილი. ვფიქრობ, დათმობენ კიდევაც.
ამ ტერიტორიების გარდა რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს უკრაინა ან რუსეთი?
ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქს უკრაინა არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს.
პუტინი ცდილობს ისეთი ტერიტორიები აიღოს, სავაჭრო თემა რომ ჰქონდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
თუ ასეთი შედეგით დასრულდება ომი, ნიშნავს ეს უკრაინის დამარცხებას?
ვფიქრობ, კი.
ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები. ამდენი ხალხი დაიხოცა და არა მგონია მოსახლეობამ ეს მოლაპარაკებები მიიღოს.
თუმცა, მე პოლიტიკოსი არ ვარ და რა მოხდება შემდეგ, ვერ შევაფასებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 585 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
ტანკი – 8 421 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 16 294 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 16 384 ერთეული [+39]
MLRS – 1 138 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 910 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 365 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 158 ერთეული [+36]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 420 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 22 148 ერთეული [+54]
სპეცტექნიკა – 2 738 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
635 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
29 235 უპილოტო საფრენი აპარატი
561 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 396 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 904 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 419 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 26 აგვისტოს იწყება და ამას კანონდარღვევად ვერ შევაფასებთ, გარკვეული პროექტები და პროგრამები, რომლებსაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს ამომრჩეველს, საარჩევნოდ მოტივირებული და პრობლემურია: მათ შორის უნდა განვიხილოთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაც – ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ოცნების“ ახალ პროგრამას, რომელიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების შემოდგომაზე დაწყების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, 2024 წლის მარტში განაცხადა. სხდომის შემდეგ კი განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ პროგრამის სამზადისის პროცესში საჯარო უწყებებიდან სტატისტიკა გამოითხოვეს და „კარგი ციფრები მიიღეს“: გამოარკვიეს, რომ საჯარო უწყებებს, ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე სტუდენტის მიღება შეუძლიათ.
საჯარო უწყებებმა ანაზღაურებადი სტაჟირების დაწყების შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნეს. სტაჟიორებს ეძებენ, როგორც სამინისტროები, მერიები და საკრებულოები, ასევე მათზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები.
მათ შორის ზოგი ძალიან მონდომებულია და ერთ სამსახურში 7 სტაჟიორის აყვანასაც კი გეგმავს. მითითებულ ვადებს თუ დავაკვირდებით, სტაჟიორების უმეტესობა, რომლებსაც შეარჩევენ, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შერჩეულია, არჩევნების წინ მიიღებს. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს კი, სამთავრობო უწყების მოქმედი სტაჟიორი იქნება.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული კონკურსის ფარგლებში განცხადებების მიღება 8 აგვისტოს უნდა დასრულდეს. შემდეგ, კონკურსი განცხადებების გადარჩევას და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებს. უწყებებმა ძალიანაც რომ მოინდომონ და უჩვეულო ოპერატიულობა გამოიჩინონ, ეს პროცესი დიდი ალბათობით ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კონკურის მიხედვით, რეგიონულ უწყებებში სტაჟირება 4 თვიანია, ხოლო ანაზღაურება 399 ლარი. ცენტრალურ უწყებებში კი სტაჟიორობის მსურველს 598 ლარს შესთავაზებენ. საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით რეგიონულ უწყებაში სტაჟიორი ხელზე 306 ლარს მიღებს თვეში, ცენტრალურ უწყებაში კი – 459 ლარს.
შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებს 1500 სტუდენტის 4 თვიანი სტაჟირების დასაფინანსებლად რეგიონში 2 მილიონ ლარზე მეტი დასჭირდებათ. ცენტრალურ უწყებაში 1500 სტაჟიორის 4 თვიანი სტაჟირების ასანაზღაურებლად კი 3 მილიონ 570 000 ლარი იქნება საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ 3000-მდე სტაჟიორი ანაზღაურებად სტაჟირებას წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყებს და არჩევნების დღისთვის უკვე მოქმედი სტაჟიორი იქნება, იურისტები მაინც ერიდებიან ამ პროცესის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასებას, რადგან საარჩევნო კოდექსი შეზღუდვას არჩევნებამდე 2 თვით – ამ შემთხვევაში 26 აგვისტოდან აწესებს.
„არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, არაოფიციალური კამპანია უკვე დაწყებულია, რადგან მთავრობისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მოხდა არაერთი პროექტის ინიციირება. სტაჟირების პროგრამა კი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ კუთხით, რომ არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება გარკვეული ჯგუფებისთვის მისი შეთავაზება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტაჟირება ანაზღაურებადია.
სამართლებრივი კუთხით რომ შევაფასოთ, კამპანია ოფიციალურად არ არის დაწყებული. შესაბამისად, არ არის ამოქმედებული შეზღუდვები, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას, როდესაც სახელმწიფო ცდილობს იმგვარი პროექტებისა და პროგრამების მიღებას, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე გავლენას მოახდენს“, – განმარტავს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი თათია ქინქლაძე.
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული „წამმზომი ჯერ ჩართული არ არის“, თუმცა ამომრჩევლის გულის მოსაგები პროექტები დაანონსებული და დაფინანსებულია. იურისტი ამ პროექტებს „საარჩევნოდ მოტივირებულს და პრობლემურს უწოდებს“.
„არაოფიციალურად კამპანია მიმდინარეობს და ეს გარკვეული ფორმით წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას. ჩვენ ანგარიშშიც გვქონდა არაერთი პროექტისა თუ პროგრამის შესახებ, რომელიც საარჩევნოდ იყო მოტივირებული. რაც შეეხება ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, ეს დაიწყება 26 აგვისტოდან და მაშინ უკვე პასუხისმგებლობის ზომებიც გათვალისწინებულია.
აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სისტემური პოლიტიკა, როგორ განხორციელდეს სოციალური პროგრამები – სოციალური დახმარების გაცემა. მაგრამ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი ახლოვდება და ვუყურებთ, რომ მსგავსი პროგრამები, პროექტები აქტიურდება და იზრდება, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს საარჩევნოდ მოტივირებული და პრობლემურია. ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, თუმცა ეს პროექტები არის საარჩევნოდ მოტივირებული“, – ამბობს თათია ქინქლაძე.
საქართველოს იურისტთა ასოციაციაც [საია] წლებია აკვირდება, როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასვე საარჩევნო პროცესს. საიას იურისტის, ნიკა ოდიკაძის შეფასებით, ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ცუდ პრაქტიკას, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა ზრდის ალბათობას, რომ ახლად დასაქმებულმა პირმა, სტაჟიორმა მადლიერება დამსაქმებლის მიმართ საარჩევნო ურნასთან გამოხატოს:
„ჩვენ ჯერ ვერ ვისაუბრებთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე, თავისთავად არც სტაჟირების წინააღმდეგი ვართ – თავი რომ დავანებოთ საარჩევნო კონტექსტს, ამაში შეიძლება ცუდი არაფერია. თუმცა, ზოგადი ტენდენციის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის მიერ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების დაინიიცირება-განხორციელებას ჩვენ მივაკუთვნებთ ცუდი პრაქტიკის მაგალითს.
არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება ხელისუფლების მხრიდან ზრდის იმის ალბათობას, რომ ახლად დასაქმებულმა პირმა მმართველი პარტიის მიმართ მადლიერება გამოხატოს საარჩევნო ურნასთან. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი საერთო კონტექსტი გათვალისწინებით.
ამგვარი ინიციატივები ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაიცვან ზღვარი სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს უნდა იყოს გამიჯნული. ცხადია, სახელმწიფო ვერ შეაჩერებს ფუნქციონირებას და რაღაც ტიპის სოციალური პროექტები იქნება, თუმცა ჩვენ ახლა ნამდვილად თვალს ვადევნებთ ტენდენციას, როდესაც საარჩევნო წლის და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვიხილეთ არაერთი პროექტი, რომელიც პირდაპირ გათვლილია ამომრჩევლის გულის მოგებაზე – ეს იქნება ამნისტიის საკითხები, ვალების ჩამოწერა და ასე შემდეგ. სტაჟირების ამ პროგრამასაც ჩვენ ამ კონტექსტში განიხილება და ვთვლით, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ამ ტიპის გადაწყვეტილებებისგან.“
11 მარტს, როცა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ დააანონსა, თქვა ისიც, რომ მთავრობა მოლაპარაკებებს კერძო სექტორთანაც აწარმოებს ახალგაზრდების დასაქმების მიზნით. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა ბიზნესმენებმა გამოთქვა პროგრამაში ჩართვის სურვილი.
ეს ბათუმის, ქობულეთის და ციხისძირის პლაჟების სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებია.
ცნობილია, რომ ძველ ბათუმში ცალკე იყო შემოღობილი პლაჟი ქალებისათვის და ქალები და კაცები ცალ-ცალკე ბანაობდნენ ზღვაში.
ბათუმის პლაჟი, 1920-იანი წლებიპლაჟი ძველ ბათუმში. ღია ბარათიპლაჟი ძველ ბათუმშიბათუმი, 1920 წელიმწვანე კონცხის პლაჟიქობულეთის პლაჟი, 1930 წელიპლაჟი ბათუმში, 1940 წელიციხისძირი, 1959 წელი
კაცმა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, პროკურატურას სასამართლო დავა იქეთ მოუგო.
შემთხვევა ასეთია: მოქალაქე ი. გ. ავარიაში მოყვა, იგი „მერსედესით“ პირუტყვს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ავარიაში მოყოლილი „მერსედესი“ კი, გამომძიებლებს ავტოსადგომზე გადაუყვანიათ.
მაგრამ ი. გ. გამართლდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის უდანაშაულოდ მიიჩნია და მას ავტომანქანაც დაუბრუნეს, თუმცა უკვე დაზიანებული. ი.გ.-მ გადაწყვიტა ზიანის ანაზღაურების მოტივით პროკურატურისთვის იქეთ ედავა სასამართლოში.
მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო, საქართველოს და აჭარის პროკურატურებმა ერთობლივად მოქალაქეს ქონებრივი ზიანისთვის 10 651 ლარი, ხოლო მორალური ზიანისთვის 2 000 ლარი უნდა გადაუხადონ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავ ორგანოს ბიუჯეტის ხარჯზე ზიანის ანაზღაურება უწევს უკანონოდ დაწყებული დევნის გამო. უფლებადამცველები შეფასებით კი, როცა სამართალდამცველების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევები დგინდება, სასამართლო, ხელისუფლების საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციების მონაწილეებისგან განსხვავებით, მსუბუქად სჯის შსს-ს და პროკურატურას, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გენერალურ პროკურატურას ბათუმელი გოჩა ბ.-ს სასარგებლოდ, რომელიც 7 თვე უკანონოდ იყო წინასწარ პატიმრობაში, იგი მორალური ზიანისთვის 10 ათას ლარს ითხოვდა.
ი.გ. გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებიათ. ამ საქმეში მთავარი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც:
„ავტომობილს აღენიშნება უკანასკნელ პერიოდში ღია ცის ქვეშ დგომისთვის დამახასიათებელი კვალი, დაზიანებულია ოთხივე საბურავი [საბურავის დაზიანება გამოიწვია სავარაუდოდ ავტომობილის დიდ ხნით უმოძრაოდ დგომამ], ღია ცის ქვეშ, მზის სხივებზე დიდი ხნით ყოფნის შედეგად გახუნებულია ავტომობილის ძარის საღებავი, ბზარები შეინიშნება უკანა მარჯვენა და მარცხენა უკანა მაშუქ ფარებზე, ავტომობილის ხანგრძლივად დგომის გამო გაჭედილია ძრავის ამძრავი მოწყობილობა [ე.წ. „სტარტერი“].
ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტებში [სატრანსპორტო საშუალების მიღებისას გარეგნული დაზიანებების შესაბამის გრაფაში] მითითებული არაა ისეთი გარეგნული დაზიანებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად საბურავები და უკანა მაშუქი ფარები,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნებში.
„ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომობილი, რომელსაც ი. გ-ი მართავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას, წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ბრალი წარედგინა მოსარჩელეს სსკ-ის 276.3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. შესაბამისად, სპეციალურ ავტოსადგომზე ავტომობილი მთელი პერიოდის განმავლობაში განთავსებული იყო უკანონო ბრალდების გამო, რასაც საბოლოოდ ბრალდებულის გამართლება და მესაკუთრისთვის ნივთიერი მტკიცებულების [ავტომობილის] დაბრუნება მოჰყვა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეებს ნუგზარ სხირტლაძეს [თავმჯდომარე], ქეთევან ცინცაძეს და ბიძინა სტურუას მიუღიათ.
ი.გ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი პროკურატურის წინააღმდეგ 2022 წელს ნაწილობრივ დაუკმაყოფილებელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს – საქართველოს და აჭარის პროკურატურებს ი.გ.-ს სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრათ 6068 ლარი, წარმომადგენლის ხარჯისთვის – 2 000 ლარი, მორალური ზიანისთვის კი – 1000 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წელს ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხის ოდენობა გაიზარდა.
„სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რეაბილიტირებული პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ი. გ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, ანუ იწვევს მის რეაბილიტაციას. სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესს აღარ შეუცვლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპელაციისთვის თავდაპირველად ისევ მოქალაქეს მიუმართავს და არა პროკურატურას. მას შემდეგ, რაც აპელაციამ პროკურატურას ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა გაუზარდა, პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა.
„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის მიმართ ბრალდების წარდგენას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„ჩვენთვის „ლადა“ უნდათ, მათთვის კი „მერსედესი“ – ასე შეგვიჯამა სალომე გორგილაძემ თავისი შეფასება ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ წინასაარჩევნო ნარატივზე. სალომე პედაგოგია, ზაფხულობით გიდად მუშაობს და ინგლისურში ამეცადინებს სტუდენტებს.
ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან აქვს შეხება და ამიტომაც მოსაზრებებს ყოველთვის არგუმენტებით ასაბუთებს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროზე საუბრისას სალომე ამბობს, რომ საქმე ძალიან ცუდად არის.
„ოცნების“ 12-წლიანი მმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ნარატივზე საუბრისას სალომეს „ლადა“ შემთხვევით არ უხსენებია, ის რუსული წარმოების ავტომანქანაა. ამომრჩევლები, რომლებსაც საკუთარი ნება მკაფიოდ აქვთ გამოხატული, რომ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ, აცხადებენ, რომ „ოცნებას“ რუსეთისკენ მივყავართ, მაგრამ „თავად თავით არ ეშვება“ და „საკუთარი თავისთვის მერსედესი“ სურს.
სალომე გორგილაძე
ამიტომაც ირჩევენ ევროპულ სკოლებს თავიანთი შვილებისთვის, ყიდულობენ სახლებს, ბინებს ევროპაში, მიდიან სამკურნალოდ, სამოგზაუროდ, ევროპულ ბანკებში ინახავენ დანაზოგებს. თუნდაც ქონებრივ დეკლარაციებზე თვალის გადავლებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ფულს ევროპაში ხარჯავს, ევროპაში მიდის დასასვენებლად, ევროპაში მკურნალობს, ევროპულად იცვამს, ევროპულ განათლებას ირჩევს შვილებისთვის.
სალომე „ოცნების“ 12-წლიან მმართველობას უკუსვლის პერიოდს უწოდებს „დემოკრატიასა და განათლებაში“. ასევე ამბობს, რომ მიუხედავად დაპირებისა, არც უსაფრთხოების განცდა აქვს: „გვეუბნება მე აქ ვიქნები და იქნება მშვიდობაო, რომლის გარანტიც ვერაფრით ვერ არის თავად, არც თავდაცვა გვივარგა, არაფერი არ გვივარგა“.
„ოცნების“ დამფუძნებელი, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექს-პრემიერი ბიძია ივანიშვილი „ოცნების“ ხელისუფლების მეთორმეტე წლისთავზე ამომრჩეველს მშვიდობას ჰპირდება და ისევ 41-ის არჩევას სთხოვს. თან გვეუბნება, რომ ომი გვექნება, მას თუ არ ავირჩევთ. გარდა ამისა, ივანიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები კი მართლმადიდებლობის, როგორც „ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისიის მკაფიოდ ასახვაა კონსტიტუციაში“, ოპოზიციის გაუქმება და ლგბტ თემის შეზღუდვაა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარება „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში – ესწრება ამომრჩეველთან შეხვედრებს რეგიონებში, მართალია შუშის მიღმა, თუმცა სიტყვითაც გამოდის ამ შეხვედრებზე და პარტიული სიის პირველ ნომრადაც ჩაეწერა.
მმართველი პარტიის ლიდერები ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე არაფერს ამბობენ დასაქმებაზე, ხელფასების ზრდაზე, ეკონომიკის გაძლიერებაზე, ასაგუგუნებელ ქარხნებზე.
ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა რუსული კანონი, რაც მომავალში „ოცნების“ ხელისუფლების „ოცნების“ ახდენას შეუწყობს ხელს და გააჩუმებს ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ ქუჩაში გამოვკითხეთ, უკან გვიბრუნებს რიტორიკულ კითხვებს:
„როგორ გამდიდრდა ჩვენი ხელისუფლება ამომრჩევლის გაღარიბების ფონზე, როგორ აიშენეს „ოცნების“ მაღალჩინოსნებმა მილიონიანი სახლები, როგორ დაირეგისტრირეს სახელმწიფო მიწის ნაკვეთები და ტყეები საკუთრებაში. არ უნდა შევიმჩნიოთ მოგზაურობები, ძვირადღირებული უნივერსიტეტები ევროპაში მათი შვილებისთვის, ჩარტერული რეისები, აქსესუარები, სამკაულები. ბოლოს და ბოლოს ბევრი მათგანი ერთი რიგითი ამომრჩევლის მთელი წლის ხელფასზე გაცილებით მეტს ერთ აქსესუარში იხდის“.
არადა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი უხვად გასცემდა დაპირებებს, მკაფიოდ ამბობდა: „ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ მიიღებს განცხრომას ხელისუფლებაში ყოფნით. ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს უფრო კარგად, ვიდრე იცხოვრებს საშუალო მოსახლე საქართველოსი… მათ ექნებათ დიდი განცდა, რომ საქართველოს მოსახლეობა უხდის ფულს და ვალდებული არიან თქვენს წინაშე.“
არჩევნებიდან 12 წლის თავზე კი ყველაფერი პირიქით მოხდა – დაიწყო „ოცნების“ ჩინოვნიკების გამდიდრების, მილიონიანი სახლების, ძვირადღირებული ავტომანქანების, ნახევარ მილიონად ღირებული საათების შეძენის, ჩარტერული რეისების, ტყეების და სხვა სივრცეების საკუთრებაში დარეგისტრირების ისტორიები.
ასევე „ხეირი ნახა“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმა. რომელიც ხან „ოცნების“ დამფინანსებელია და ხან „ოცნების“ კანდიდატი, თანამშრომლობა და სარგებელი ორმხრივია. ხშირად, იმითაც აღარავინ ინტერესდება, რა პირობებში უწევთ ამ ბიზნესთან მუშაობა რიგით დასაქმებულებს.
თუმცა ამომრჩევლის გამოკითხვისას მეტწილად, სოციალური ფონი უკანა პლანზე ინაცვლებს, როცა საუბარი რუსეთთან დაახლოებას ეხება.
„სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა გვთავაზობს მხოლოდ ერთს და ეს ერთი არის რუსკი მირი“, – ამბობს რომა დოლაბერიძე. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელია და უკვე წლებია მთავრობის სტრუქტურების მუშაობას აკვირდება, ესწრება სხდომებს, სწავლობს ბიუჯეტის ხარჯვას, იკვლევს რამდენად ასრულებენ თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
რომა დოლაბერიძე
„როგორც ივანიშვილი, ასევე ოცნება ამ მიმართულებით ხედავენ საკუთარ თავს – არა ევროპა, დემოკრატიული სამყარო, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, არამედ ოლიგარქები, საქმეების ჩაწყობის სამყარო. ასეთია რუსკი მირი… „ოცნება“ ივანიშვილის დიქტატით ირჩევს რუსკი მირს და ჩვენ ისეთივე სიცრუეში აღმოვჩნდებით და ქართული საზოგადოებაც იქნება იმ სიცრუის, სიღარიბის, კორუფციის, ჩაწყობების, მაფიის და ასე შემდეგ საზოგადოება.
რუსკი მირი მცირე ჯგუფისთვის არის კარგი, „ოცნების“ ჩვეულებრივი ბაბლისთვისაც კი რუსკი მირი ძალიან ცუდია. ისევ რუსკი მირის შემქმნელები მათი შვილებისთვის არჩევენ დასავლურ სივრცეში ყოფნას, უნივერსიტეტები, სკოლები, სახლები და ასე შემდეგ. ჩვენმა პრორუსულმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ რუსეთი არის სიბნელე. ამ ნაწილში უნდათ ბიზნესის კეთება, შავი ფულის მოძრაობა, რაც უფრო ადვილია.“
მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს პირველად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სერტიფიცირების გამოცდა მათთვის გასაგებ ენაზე, 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ საგამოცდო ცენტრებში ჩაებარებინათ. აღნიშნული გამოცდების ორგანიზების მიზნით, ცესკომ ტესტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა უზრუნველყო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საინფორმაციო მასალები. ისაუბრეს იმ სერვისებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო აქტივობების ერთობლივად განხორციელების საკითხები. საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი მაია ზარიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი/ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, ხოლო საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მხრიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი გულიაშვილი და ჯული გიორგაძე ესწრებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციას და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს. აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრიცაა.
პროკრემლისტურიპოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, 4 აგვისტოს, ქალაქ თელავიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსულ ენაზე, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთთან ბრძოლაში, რომელსაც, მისი თქმით, „რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს“.
ამ მიმართვაში ფიფია იმეორებს საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციასაც, რომ დასავლეთი „ცდილობს ომის უფსკრულში გადაჩეხოს საქართველო“.
ფიფია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან არამხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფად აღდგენის მიზნით, არამედ სამხედრო-პოლიტიკური სივრცის შესაქმნელადაც. „სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით. საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე“, – თქვა ფიფიამ მიმართვაში.
ფიფიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მიმართვას ავრცელებენ გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავზე, ერეკლე II-ის მშობლიურ ქალაქ თელავიდან:
„პატივცემულო რუსეთის პრეზიდენტო და პატივცემულო საქართველოს პრემიერ-მინისტრო, დღეს, 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავზე, ჩვენ პოლიტიკური პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის” მოგმართავთ ქართული ქალაქი თელავიდან, ერეკლე მეორეს მშობლიური ქალაქიდან”.
ფიფიამ თქვა, რომ საქართველომ „საიმედო დაცვა დესტრუქციული გარე აგრესიისგან“ რუსეთისგან უნდა მიიღოს.
„რუსეთს აიძულეს გადამწყვეტი დაპირისპირება გაერთიანებულ დასავლეთთან, რომელმაც გადაწყვიტა რუსული ცივილიზაციის განადგურება. დასავლეთი ცდილობს ომის უფსკრულში გადააგდოს საქართველოც.
…საქართველომ და რუსეთმა უნდა დაძლიონ უთანხმოება და გაერთიანდნენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე… სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევქმნათ საერთო სივრცე ყველა გაგებით – საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცე. ამის გარეშე შეუძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის პირობების უზრუნველყოფა“, – თქვა ფიფიამ.
ფიფიას არ გამორჩენია საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები და რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი, გარე ძალების მიერ დაგეგმილი გადატრიალების შესახებ.
„მივმართავთ ორი ქვეყნის ხელისუფლებას, დაიწყონ პირობების მომზადება კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის, მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული ალიანსის სწრაფად აღდგენის პერსპექტივით. დროა აღვადგინოთ უსაფრთხოების საერთო სივრცე“, – თქვა მან მიმართვის ბოლოს.
ფიფიას არ უხსენებია აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ზუსტად ორ დღეში, 2024 წლის 7 აგვისტოს, 16 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან.