მთავარი,სიახლეები

უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ კურსკში – ISW

08.08.2024
უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ კურსკში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ადასტურებს უკრაინული ჯარების წინსვლას 10 კილომეტრამდე სიღრმეში რუსეთში, კურსკის რეგიონში.

„დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქში მექანიზებული შეტევითი ოპერაციების ფონზე“ – წერენ ISW-ის ექსპერტები.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ჯავშანმანქანებმა სავარაუდოდ მიაღწიეს პოზიციებს 38K-030 გზატკეცილის გასწვრივ, საერთაშორისო საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში.

კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ უკრაინელმა ჯარებმა სავარაუდოდ შეაღწიეს რუსეთის მინიმუმ ორ თავდაცვით ხაზში.

„კრემლის რეაქცია უკრაინის თავდასხმებზე კურსკის რეგიონში ამ დრომდე წინააღმდეგობრივი იყო, რადგან რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ძალისხმევის ესკალაციად წარმოჩენას, პოტენციური შედეგების გაზვიადების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის.

ISW-ი წერს, რომ ზოგიერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა მკვეთრად გააკრიტიკა რუსული სამხედრო სარდლობა კურსკის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარებმა გამოიყენეს FPV დრონი კურსკში რუსული ვერტმფრენის, Mi-28ის ჩამოსაგდებად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ამ დრონის წარმატებით ადაპტაციას.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები პიკს მიაღწევს დაახლოებით ორ თვეში, რაც ემთხვევა ISW-ის შეფასებას რუსეთის ამჟამინდელი შეტევითი შესაძლებლობების შესახებ.

უკვე მესამე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილით იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.

მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგერიებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაშალეს.

ამავე თემაზე: ათეულობით ტყვე და პუტინის თათბირი – ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან

_____________

ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: