ბათუმი,სიახლეები

რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

06.08.2024 •
რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი.

რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები.

შეღავათიანი სესხით უნდა აშენდეს ახალი ავტობანიც ჭოროხიდან სარფამდე, უცხოური სესხით დაიწყო ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაც, რომელიც მთავრობამ დღემდე ვერ დაასრულა.

შეღავათიანი სესხით და გრანტით აშენდა ბათუმის ახალი ნაგავსაყარი ცეცხლაურში და ამავე დახმარებით უნდა დაიხუროს ძველი – ადლიაში. უცხოური დაფინანსებით რეგიონში სხვა არაერთი პროექტიც დაფინანსდა.

საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებამ და ანტიდასავლურმა რიტორიკამ თუ ნაბიჯებმა საფრთხე უკვე შეუქმნა ქვეყანას უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიღების კუთხით. ეს კი მსხვილი პროექტების შეჩერების რისკს ზრდის.

კორპუსების უკან ბათუმს შემოერთებული ტერიტორია, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემა V ფაზის ფარგლებში უნდა მოეწყოს

უკვე შეჩერებული დახმარებები და გაფრთხილებები დასავლეთიდან

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას.
  •  ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.
  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება.
  • მანამდე აშშ-მ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა – „ღირსეული პარტნიორი“.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC), 2 მილიონის დახმარება შეუჩერა.

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის რუსული კანონის მიღების გამო სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც კი მოითხოვს.

და კიდევ, ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებით, გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გააუქმა ერთობლივი ფორუმი, უარი თქვა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაზე და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე.

გერმანიის დახმარება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დღეს ბათუმისთვის და მთლიანად აჭარისთვის.

სწორედ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] დახმარებით განხორციელდა და დღესაც გრძელდება ბათუმის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ქალაქის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და შენობებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტების დანერგვა, აჭარის დაბებსა და სოფლებში დაიწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები და სხვა.

წყალი და კანალიზაცია ბათუმში – V ფაზა

ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ „გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონ ევრომდე გამოყოფს, რომელიც მოხმარდება ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს – მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი. ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება.“

გერმანულმა ბანკმა მეხუთე ფაზისთვის სესხი [53 მილიონი ევრო] გამოყო, თუმცა ეს თანხა მერიის ინფორმაციით ამ ეტაპზე მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყალკანალის სისტემის მოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბათუმის მერიაში კი წინასაარჩევნოდ ამ დასახლებებში წყლის სისტემის მოწყობაზე 16 მილიონი ლარით გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც არ ითვალისწინებს წყალარინების ანუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება. თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია. აქ აღსანიშნავია ელჩის განცხადება, რომ გერმანია უარს ამბობს „ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე“ საქართველოსთან მიმართებაში.

რაც შეეხება მეხუთე ფაზას, რომელიც უკვე დაფინანსებულია, უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:

• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა
• კანალიზაციის ა და ბ სატუმბო სადგურების გაფართოება
• ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი მკვებავი ხაზის მშენებლობა
• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინება
• სასმელი წყლის მკვებავი ხაზი ინჯალოს რეზერვუარიდან
• ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის გამართვა
• ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
ამავე ფაზაში დაგეგმილია ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება, რომლის რეკონსტრუქციის საჭიროებაც უკვე დგას.

ვრცლად ამ თემაზე: როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

მერიის ინფორმაციით, პროექტისთვის სულ დაიხარჯება 53 მილიონი ევრო – შეღავათიანი სესხი KFW ბანკიდან, 25 მილიონი ევრო – თანადაფინანსება ბათუმის ბიუჯეტიდან და 2 მილიონი ევრო თანმდევი მომსახურებისთვის – გრანტი KFW ბანკიდან.

დაფინანსების შესაძლო შეჩერება ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულების რისკებს ზრდის. მით უმეტეს, სესხს და გრანტს ბათუმისთვის საქართველოს მთავრობა იღებს, თანხა კი ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ირიცხება ქალაქის ბიუჯეტში.

ამავე თემაზე: კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან

ბათუმში, მდინარე მეჯინისწყლიდან აეროპორტის მიმართულებით ადლიის ტერიტორია, სადაც კორპუსები ინტენსიურად შენდება, კანალიზაციის ერთიან სისტემაში ჩართული არ არის / ეს მეხუთე ფაზის ფარგლებში უნდა გაკეთდეს

წყალი და კანალიზაცია აჭარის სოფლებში

40 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხი KFW-სგან და 20 მილიონი ევრო გრანტი [აქედან 17 მილიონი ევრო – გრანტი KFW-გან ხოლო 3 მილიონი ევრო – გრანტი ევროკავშირისგან] – ეს არის ის უცხოური დახმარება, რომლითაც აჭარის 40 სოფელსა და დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები უნდა მოეწყოს, თავისივე გამწმენდი ნაგებობებით.

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის პროექტს სამთავრობო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტს, რაზეც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, დაფინანსების პრობლემა არ ექნება. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები არ არის და სამუშაოებიც დაწყებულია.

ამ თემაზე ვრცლად: აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები

დაწყებულია თუ არა დანარჩენ სოფლებში წყლისა და კანალიზაციის მოწყობისთვის საჭირო თანხის მოძიება? – „ალიანსში“ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არა. ყოველ შემთხვევაში ალიანსი ასეთ მოლაპარაკებებში არ ერთვება და სესხის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა.

„თუმცა, დამატებითი თანხის მიღებაზე რომ დაელაპარაკო დამფინანსებელს, ჯერ იმის შედეგი უნდა დადო, რისთვისაც თანხა უკვე მიღებული გაქვს. როცა გარკვეული სამუშაოები შესრულდება, ალბათ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები დანარჩენი სოფლებისთვის თანხის მოძიებაზეც“, – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

ახალი ნაგავსაყარი და ძველის დახურვა

7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი გამოიყო წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად. აქედან 3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი [რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა შვედეთმაც].

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. პროექტს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“] ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ააშენეს, პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი, შემდეგ კი, 2022 წლის ბოლო დაასახელეს, თუმცა მისი გახსნა აჭარის მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო კი, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ვალდებულების საკომისიოს იხდიდნენ.

ნაგავსაყარს, თავდაპირველი გათვლებით, წლის განმავლობაში 75 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები უნდა მიეღო. 2022 წელს ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს რაოდენობა 120 ათას ტონამდე იყო გაზრდილი, ამიტომ საპროექტო გათვლები კეთდებოდა ისე, რომ ნაგავსაყარს წელიწადში 150 ათას ტონამდე ნარჩენი მიეღო.

ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც. ნაგავსაყარების გაუქმებაშიც ასევე უცხოური ფული დაიხარჯება.

ამ თემაზე ვრცლად: როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ბათუმის ნაგავსაყარი ადლიაში, ჭოროხის შესართავთან / ნაგავსაყარი უკვე მრავალი წლებია არავითარ სტანდარტს არ აკმაყოფილებს

რა მდგომარეობაა დღეს ახალი ნაგავსაყარის გახსნასთან და ძველის დახურვასთან დაკავშირებით? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს ზარებს არც კომპანიაში უპასუხეს და არც სამინისტროში.

გრანტები ბათუმისთვის

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს 248 ათასი ლარის ოდენობის გრანტის ათვისებაა დაგეგმილი.

ბათუმში საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას [ენერგოეფექტიანობა, შენობის და კომფორტის გასაუმჯობესებელი ცალკეული ღონისძიებები].

ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, „პროექტს 7 522 000 ევროს ოდენობით გრანტის სახით დახმარებას უწევს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW]. საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ბათუმის თანადაფინანსება შეადგენს 10%-ს, რაც ფარავს, მაგალითად, შერჩეული საბავშვო ბაღების ეზოების რეაბილიტაციის ხარჯებს“.

ბიუჯეტის მიხედვით, „ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტის დამატებითი თანადაფინანსება მრავალწლიანი პროექტია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2025 წ.წ.] შეადგენს 29 847 296 ლარს [ამაში შედის საგრანტო თანხა, დღგ, თანადაფინანსება], მოცემული თანხა ლარში მიღებულია – 9 628 160 ევროს გამრავლებით ევროს გაცვლით კურსზე“.

ქალაქის ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გრანტით „ბათუმში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდება კვლევები ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევების კერების გამოსავლენად, მოხდება მათი ზეგავლენების გაზომვა და დოკუმენტირება, მომზადდება შესაბამისი რუკა და ანგარიში კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია-შერბილების ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებით“.

აღნიშნული გრანტის ოდენობა შეადგენს 119 073 ევროს.

კიდევ ერთი გრანტი ბათუმმა კონკურსში 2022 წლის დასაწყისში მოიპოვა. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნასა და მათ დანერგვას, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

„პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე შეირჩა ექვსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება: მუნიციპალური კადრების გაძლიერება; სტარტაპ განათლების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში დამკვიდრებული ნარატივების (სტერეოტიპების) შეცვლა; საინფორმაციო ჰაბის შექმნა; ქსელური კავშირების შექმნა; ახალგაზრდული სივრცის შექმნა… 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილია უნარების/შესაძლებლობების გაძლიერების, ქსელური კავშირების გაძლიერების და სტარტაპ ღონისძიებების გამართვა“, – აღნიშნულია ბათუმის ბიუჯეტის შესახებ კანონში.

ზემოთ აღნიშნული გრანტით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში არ მოგვაწოდეს. „ყველა პროექტი მიმდინარეა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ წერილობით“, – გვითხრეს მერიაში [მერიას სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ 2024 წლის 3 ივლისს გაგზავნილ წერილზე პასუხი დღემდე არ გაუცია].

ბათუმი

საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყანაში მარტო წელს, 266 მილიონი ლარი გრანტის და 1 მილიარდ 388 მილიონ 492 ათასი ლარი უცხოეთიდან მიღებული/მისაღები შეღავათიანი სესხის თანხა უნდა დაიხარჯოს.

„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობისგან და ფინანსთა სამინისტროსგანაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა პროექტების შეჩერდა/შეჩერდება დასავლელი პარტნიორებისგან დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში და რა ალტერნატიული წყაროები აქვს მთავრობას მათ დასაფინანსებლად – თუმცა პასუხები მთავრობისგან და სამინისტროდან ჯერ არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ მსხვილ პროექტებში საქართველოს თანადაფინანსება ძირითადად 10 პროცენტით შემოიფარგლება, 90 პროცენტი კი შეღავათიანი სესხი ან გრანტია. ფინანსების ქონის მიუხედავად ხელისუფლებამ ფაქტობრივად ვერცერთი მსხვილი პროექტი თავიდანვე გაწერილ დროში ვერ დაასრულა. დღესაც გრძელდება არაერთი პროექტი, რომელიც წლების წინ უნდა დამთავრებულიყო. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება მოჰყვეს დასავლეთიდან დახმარებების შეჩერებას.

და ბოლოს,

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს მის ქმედებებს… ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი“, — განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა.

ამავე თემაზე:

„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: