აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნოდ აჭარის ჯანდაცვის პროგრამებს ახალი ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ დაემატა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 88 ათასი ლარია.
პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან ოჯახები, რომელთა შემადგენლობაში არის 16 წლამდე ასაკის ერთი წევრი მაინც და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 120 001 და მეტი, მაგრამ ნაკლები 150 001- ზე.
მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 5 კვირით ადრე შეიტანა. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად.
კოდექსის ამ ჩანაწერს „ქართული ოცნება“ ფორმალურად არ არღვევს, თუმცა ოფიციალური საარჩევნო კამპანიისა და შესაბამისად, შეზღუდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც, იურისტების შეფასებით, „მოტივირებულია საარჩევნოდ“. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა, მაგალითად, სტუდენტთა სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამა.
აჭარის 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 19 ივლისს შესული ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 59 მილიონით გაზარდეს, შედეგად ეს მაჩვენებელი ახლა 708 მილიონ 750 ათასი ლარია.
შემოსავლები კი, როგორც აჭარის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა – ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით, 40 ათასი ლარით გაიზარდა და 575 ათასი ლარია.
სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის ცვლილება ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელი ახალი და მოქმედი პროექტების მოცულობის ცვლილებით არის გამოწვეული და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებითა და სხვა გარემოებებით.
მთლიანობაში გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა 62 მილიონ 892 400 ლარით გაიზარდა.
ყველაზე მეტი, 10 მილიონი ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუმატეს. ნამატი თანხა ასე გადანაწილდა: 2 მილიონ 088 000 ლარი ახალი ქვეპროგრამისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ გაითვალისწინეს. ასეთი გადაწყვეტილებების პარალელურად სხდომებზე დებატების დროს, ასევე, მედიასთან საუბრისას, მმართველი პარტია უარყოფს, რომ ქვეყანაში სოციალური დახმარების მიღების მთხოვნელმა იმატა.
3 მილიონი ლარით გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. ამ მიმართულებით დაფინანასება რომ არ არის საკმარისი და სახელმწიფოს დახმარება საჭიროებებთან შედარებით „ზღვაში წვეთია“ ამაზე პაციენტები დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა უშედეგოდ.
ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. პეტიციის ხელმომწერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.
1 მილიონი ლარი ემატება ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის დაფინანსებას; 40 000 ლარით გაზარდეს სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი; 485 700 ლარით იზრდება სოციალური პროგრამები; 264 000 ლარი დაემატა სახსრების ენდოპროტეზირების პროგრამას; 100 ათასი ლარი კი – უშვილობის დიაგნოსტირებას.
2 მილიონი ლარით იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება. 244 000 ლარით გაიზარდა – თავშესაფრით უზრუნველყოფა.
4 მილიონ ლარზე მეტი დაამატეს ინფრატრუქტურული პროექტების დაფინანსებას
3 მილიონ 744 000 ლარით გაზარდეს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაფინანსება, 613 900 ლარით – საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა.
7 მილიონით გაიზარდა აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. აქ 700 000 ლარზე მეტი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მატერიალური უზრუნველყოფისთვის დაამატეს, 2 მილიონ 500 ათასი ლარი დაემატა საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის დაფინანსებას, 300 000 ლარი კი საზღვაო აკადემიისთვის გაითვალისწინეს.
560 000 ლარით გაიზარდა პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
100 000 ლარით გაზარდეს აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა სტიპენდიების დაფინანსება. ჯამში 400 000 ლარზე მეტით გაზარდეს ფოლკლორის პოპულარიზაციის და კულტურის წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხოლოდ 1 მილიონ 209 000 ლარი შეხვდა, აქედან 927 000 ლარი ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს.
არჩევნების წინ 2 მილიონით გაზარდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი – ამ ფონდიდან ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ან სამედიცინო ცნობის საფუძველზე საჭირო სერვისის დასაფინანსებლად გასცემენ ერთჯერად დახმარებებს.
26 აგვისტომდე 2 კვირაზე ცოტა მეტი რჩება, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებას, დიდი ალბათობით, აღარ გეგმავენ, აჭარის უმაღლესი საბჭო კი მუშაობის მიწურულს ალბათ ბოლო სიმბოლურ სხდომას სექტემბერში გამართავს.
რაც შეეხება ბათუმის ბიუჯეტს, ქალაქის საკრებულოს სხდომა 9 აგვისტოს აქვს დაანონსებული. ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში ბიუჯეტში ცვლილება არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული ის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანონ, როგორც დამატებითი საკითხი.